ჭეშმარიტი სარწმუნოება
ამქვეყნიური ცხოვრების მიღმა
(წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის ქადაგებიდან)
ერთი ილირიელი ბერ-მონაზონი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა მონასტერში, იმ ამბების შესახებ მომითხრობდა, რაც ერთ ბერს, სახელად პეტრეს, შეემთხვა. იგი წარმოშობით იბერიელი იყო... პეტრე საკუთარი თავის შესახებ ასეთ რამეს ყვებოდა: უდაბნოში გასვლამდე ავადმყოფობის გამო გარდაცვლილა, მაგრამ სიცოცხლე მალევე დაჰბრუნებია. პეტრემ იმქვეყნად საკუთარი თვალით იხილა ჯოჯოხეთისეული ტანჯვა-წამება და უამრავი ალმოდებული ადგილი, რომელშიც ზოგიერთი, ამსოფლად წარჩინებული ადამიანი იწვოდა. როდესაც თავადაც კოცონში ჩაგდება დაუპირეს, უეცრად ბრწყინვალე სამოსით შემოსილი ანგელოზი გამოჩნდა, რომელმაც შეაჩერა იგი და ასე მიმართა: „დაბრუნდი და დაფიქრდი, ამის შემდეგ როგორ იცხოვრო“. ამ სიტყვების გაგონებისთანავე სხეულის ნაწილები ნელ-ნელა გაუთბა, მარადიული სიკვდილის ძილიდან გამოფხიზლდა და, რაც თავს გადახდა, ყველას მოუთხრო. საშინელი ამბით შეგონებულმა ისეთი მარხვა და მღვიძარება დაიწყო, რომ აშკარა იყო, საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ჯოჯოხეთური ვნებანი. უფლის გულმოწყალებამ იმქვეყნად დროებით გასვლის მეშვეობით არ დაუშვა, რომ პეტრე მარადიული სიკვდილით მომკვდარიყო.
მაგრამ ვინაიდან ადამიანის გული ზოგჯერ ძალიან უხეშია, ტანჯვა-წამების ხილვა ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. ერთი ცნობილი კაცი, სახელად სტეფანე, ხშირად ყვებოდა საკუთარი თავის შესახებ: რაღაც საქმეზე კონსტანტინეპოლში შემორჩენილი, ავად გამხდარა და გარდაცვლილა. სიკვდილის დღეს ექიმი და ნელსაცხებელთა გამყიდველი ვერ ნახეს, რომ ცხედრისთვის ბალზამირება გაეკეთებინათ, ამიტომ სხეული მომდევნო ღამესაც დაუმარხავი დარჩა. სტეფანეს სული ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, სადაც მრავალი ისეთი რამ ნახა, რისიც ადრე არ სჯეროდა. იქ მსაჯულის წინაშე წარდგა, მაგრამ მან არ მიიღო იგი და წარმოთქვა: „მისი მოყვანა კი არ ვბრძანე, არამედ სტეპანესი, რომელიც რკინის მკვეთელია“.
სტეფანე დაუყოვნებლივ დაბრუნდა სხეულში, სტეპანე კი, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, იმავე წუთს გარდაიცვალა. ამგვარად, თვით სტეპანეს სიკვდილმაც კი დაამოწმა, რომ, ის სიტყვები, რაც სტეფანემ საიქიოში მოისმინა, სრული ჭეშმარიტება იყო.