როგორ მოკლა შვილმა მამა გერი ძმის დახმარებით და როგორ შეიქმნეს მათ მკვლელობის ღამეს ალიბი
58 წლის მურად მ-შვილის ცხედარი საწარმოს დაცვის ჯიხურში მისმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. მას სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თვითმხილველთა განცხადებით, მოკლული მამამაკაცი ჯიხურის კართან იყო ნაპოვნი. შემთხვევის ადგილზე დატოვებული სისხლის კვალი მიანიშნებდა, რომ მამაკაცი ჯიხურიდან გასვლას ხოხვით ცდილობდა, თუმცა, მიყენებული დაზიანებების გამო ის ჯიხურის შესასვლელს ვერ გასცდა. საწარმოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მამაკაცი მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოში დარაჯად მუშაობდა. მას სოფელში შრომისმოყვარე ადამიანის სახელი ჰქონდა, არ ჰყავდა მტრები. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდაცვლილს ორი ქორწინებიდან ჰყავდა სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად მამასთან ცხოვრობდა. უმცროსი ვაჟი მურად მ-შვილის მეორე მეუღლის შვილი იყო, რომელიც მამინაცვალმა გაზარდა.
შემთხვევის ადგილზე – როგორც დარაჯის ოთახში, ასევე საწარმოს ხელმძღვანელის კაბინეტში – ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. ერთი შეხედვით, დამნაშავე, რომელმაც მამაკაცი მოკლა, საწარმოში ძარცვის მიზნით უნდა ყოფილიყო შესული, მაგრამ შენობიდან არაფერი არ იყო მოპარული; უფრო მეტიც, საწარმოს დირექტორის კაბინეტში იქნა აღმოჩენილი რეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლისთვისაც დამნაშავეს ხელი არ ჰქონდა ნახლები. შემთხვევის ადგილზე შექმნილი სურათის მიხედვით, დანაშაული მოხდა ძარცვის მიზეზით, მაგრამ, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იმიტაცია იყო. ამ ვერსიას ამყარებდა ის მოსაზრებაც, რომ საწარმოს მცირე ნაგებობა მხოლოდ ტერიტორიის სათვალთვალო ფუნქციას ასრულებდა და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ იქ მატერიალურად ღირებული არაფერი ინახებოდა.
გარდაცვლილის ახლობლების დაკითხვის შემდეგ სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოკლულს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, 35 წლის ვახტანგ და 30 წლის ზურაბ მ-შვილებთან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მურად მ-შვილმა საკუთარ ბინაში საცხოვრებლად ჩაიწერა ქალიშვილი და მისი მეუღლე, რასაც მისი ვაჟების აღშფოთება მოჰყვა. ისინი მამისგან მოითხოვდნენ, რომ ბინა, რომელიც სოფელში ჰქონდათ და, ასევე, სოფელთან ახლოს მდებარე აგარაკი, სამივე შვილისთვის თანაბრად გაეყო. სამართალადმცველებმა დაკითხეს გარდაცვლილის ვაჟები. მათ აღიარეს, რომ მამასთან ქონებრივი დავის გამო ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ, განაცხადეს, რომ იმ ღამეს, როცა მკვლელობა მოხდა, ისინი სახლში, ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდნენ – ეს იყო მათი ალიბი, რასაც ძმების ცოლებიც ადასტურებდნენ. გამოძიებამ დაკითხა გარდაცვლილის ქალიშვილიც, რომელმაც დეტალურად აღწერა მამისა და ძმების დაპირისპირების შესახებ და ისიც განაცხადა, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, უფროსი შვილი, ვახტანგი, მამას მისი თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით. იგივე ინფორმაცია დაადასტურეს გარდაცვლილის მეზობლებმაც. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მკვლელობამდე ორი თვით ადრე, სოფლის დღესასწაულზე, დანა ხელიდან წაართვა ვახტანგ მ-შვილს, რომელიც მამას მოკვლას უპირებდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი მოწმის არსებობა, რომელიც აცხადებდა, რომ გამთენიისას სოფლის გზაზე ერთად ნახა ვახტანგ და ზურაბ მ-შვილები, რომლებიც მისი დანახვის შემდეგ ჯერ გზიდან გადასვლას შეეცადნენ, შემდეგ კი გაჩერდნენ და უთხრეს, გავიგეთ, ჩვენი თივა მოიპარეს და ნაკვეთში ვიყავით ჩასულებიო.
ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „გამთენიისას ნაკვეთში მომიწია წასვლა, ალბათ, დილის ხუთი საათი იყო. სოფლის გზაზე ორი მამაკაცი დავინახე, ორივე ვიცანი – მურადის ბიჭები იყვნენ. დავინახე, როგორ შეეცადნენ გზიდან გადასვლასა და თავის არიდებას, მაგრამ, იქ ისეთი ადგილია, ვერსად დაიმალებოდნენ. იმ ღამეს ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. როცა მურადის მკვლელობა გავიგე, ეს შეხვედრა მაშინ ამომიტივტივდა გონებაში. ძალიან გამიკვირდა, როცა ბიჭებმა მითხრეს – გავიგეთ, ჩვენი თივა მოუპარავთ და ნაკვეთში ადრიანად ჩავედითო. მურადი ძალიან ყოჩაღი და მშრომელი კაცი იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა „კამაზის” მძღოლად, ბოლოს, უსაქმოდ რომ ვეღარ გაჩერდა, ჩვენებური ბიზნესმენის ნაკვეთში დაიწყო მუშაობა დარაჯად. სახლში ძილს რას გამოვრჩები, ხელფასს ავიღებო, – რამდენჯერმე მითხრა. ამას ვერ ვიტყვი მურადის შვილებზე – არცერთი არ მინახავს, ნაკვეთში მომუშავე ერთი სიდედრის ხარჯზე ცხოვრობდა, რომელიც უცხოეთში მუშაობდა; მეორე კი, უმცროსი, ძალიან ავარდნილი და უსაქმური ბიჭი იყო, დღედაღამ ან ბირჟაზე იდგა, ან დასალევ და საქეიფო მიზეზს ეძებდა.”
მოპოვებული მტკიცებულებებით, შემთხვვის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდებისა და ექსპერტიზის შემდეგ სამართალდამცევლებმა ძმები დააკავეს. ისინი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდენ, თუმცა მოგვიანებით უფროსმა შვილმა აღიარა მამის მკვლელობა. მისი ჩვენების მიხედვით, მამასთან სასაუბროდ წასვლა უმცროსმა ძმამ სთხოვა, ისინი საყარაულო ჯიხურში მამას გვიან ღამით დაადგნენ თავზე. დაპირისპირება მამასა და უმცროს შვილს შორის დაიწყო, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ვახტანგ მ-შვილმა მამას გულ-მკერდის არეში სამი ჭრილობა მიაყენა. გამოძიების მასალების მიხედვით, შვილებმა მომაკვდავი მამა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და გაიქცნენ, თუმცა დაახლოებით ერთ საათში ისინი კვლავ დაბრუნდნენ საყარაულო ჯიხურში და ყველაფერი ისე აურიეს, რომ ძარცვის იმიტაცია შეექმნათ. ამ იდეის ავტორი უფროსი ძმა – ვახტანგი იყო, რომლის ჩვენების მიხედვით, როდესაც ერთ საათში უკან, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ, მამა უკვე გარდაცვლილი იყო. მას ხოხვით მოეხერხებინა ჯიხურიდან გამოსვლა და იქვე, ჯიხურის კართან დაელია სული. სასამართლომ ორივე ძმა დამნაშვედ ცნო მამის მკვლელობაში და ვახტანგ მ-შვილს 12 წლით, ზურაბ მ-შვილს კი 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.