რა ცნობილი აფერა ჩაატარა ქართველმა თაღლითმა „მელამ“ თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავში
2000 წელს მოსკოვში ცნობილი ქართველი თაღლითი კაკო მელია, მეტსახელად „მელა“, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მელა რვაჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობისთვის და დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული ბოროტმოქმედის მდიდარი კრიმინალური ბიოგრაფიიდან.
სტალინის პორტრეტი
1916 წელს დაბადებული აკაკი (კაკო) იასონის ძე მელია ინტელიგენტური ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამამისი იასონი მრავალმხრივ განათლებული პიროვნება გახლდათ. ექვს ენას ფლობდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. დედა – ეკატერინე მხეიძე კი საქართველოს „ცეკას“ განყოფილების უფროსის მოადგილე იყო და განათლების სისტემას კურირებდა. პატარა კაკო განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა და კარგად სწავლობდა. 14 წლის ასაკიდან კი სწავლასაც მოუკლო, დისციპლინასაც ხშირად არღვევდა და მასწავლებლების გულისწყრომას იწვევდა. თუმცა, მისი მშობლების გამო, მკაცრად არ სჯიდნენ და მხოლოდ ტუქსავდნენ. სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, კაკო მელიას არაფერს აპატიებდა ხოლმე გერმანულის მასწავლებელი, წარმოშობით გერმანელი, 29 წლის ფრანც ვაისი. მიუხედავად იმისა, რომ კაკომ წყალივით იცოდა გერმანული და ბავარიული აქცენტითაც კი შეეძლო ლაპარაკი, ვაისი მცირე დარღვევისთვისაც კი, დირექტორთან უჩიოდა თავის მოსწავლეს და მის გარიცხვას ითხოვდა. ვაისი გადაკიდებული იყო კაკოზე. მასწავლებელს ის ვერ ეპატიებინა მელიასთვის, რომ პატარა კაკომ მას ჰაინეს ლექსის სტროფი გაუსწორა, რომელიც მასწავლებელმა ზეპირად და შეცდომით წაიკითხა.
– მელია ხარ თუ ღორი?! – მიახალა ერთხელ წყობიდან გამოსულმა ვაისმა კაკოს მთელი კლასის წინ. პატარა კაკომ პაუზა გააკეთა. გაეცინა და ვაისს მიუგო:
– მელია ვარ, ჰერ. აი, თქვენ კი უცოდინარი ღორი ხართ და ჰაინე რომ აქ იყოს, დამეთანხმებოდა.
კაკომ ათიანში მოარტყა. ახალგაზრდა მასწავლებელი კლასიდან გავარდა და თავისი მოსწავლე დირექტორთან დააბეზღა. თუმცა, კაკო მხოლოდ მსუბუქად დატუქსეს. მიუხედავად ამისა, კაკო მელიამ ვაისის გაპამპულავება გადაწყვიტა. ერთ დღეს, გერმანული ენის კაბინეტში შესულმა ვაისმა კაკოს მოჰკრა თვალი, რომელიც ერთმანეთზე დაწყობილ ტაბურეტებზე იდგა და სტალინის, ბრინჯაოს ჩარჩოში ჩასმული სურათისთვის ქვემოდან ჰქონდა ხელები შემოხვეული.
– რას აკეთებთ, მელია? – მკაცრად იკითხა ვაისმა.
– ბელადის სურათი მიჭირავს, რომ არ ჩამოვარდეს. ცარცისთვის შემოვედი. რომ დავინახე, სურათი ვარდებოდა, ავძვერი და მიჭირავს, – მიუგო კაკომ.
სტალინის სურათის ჩამოვარდნისთვის ვაისი შეიძლება, ციხეშიც კი გაეშვათ, რადგან ის გერმანულის კაბინეტში ეკიდა. ამიტომ, მასწავლებელმა სამი ტაბურეტი ერთმანეთზე დააწყო. აძვრა, სურათს ქვემოდან შემოაჭდო ხელები და კაკოს უთხრა:
– ჩქარა „ზავხოზი“ მოიყვანე და ფოლადის მავთული წამოიღოს, რომ სურათი გავამაგროთ.
სტალინის პორტრეტს არაფერი სჭირდა და ფოლადის მავთულით საიმედოდ იყო ჩამოკიდებული. კაკომ ჯიბიდან „კუსაჩკა“ ამოიღო. ფოლადის მავთული გადაჭრა და 70-კილოგრამიანი ჩარჩო ხელში შეატოვა ვაისს. თავად კი იატაკზე ჩახტა. კაბინეტის კარი გამოიკეტა და წავიდა.
ვაისმა მხოლოდ ოცი წუთი გაძლო. შემდეგ ძალები გამოელია. ჩამოვარდა და სურათი თავზე ჩამოემხო.... მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, იჩივლა. თუმცა, კაკოს ვერაფერი დაუმტკიცა და 17 წლის მელიამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ვაისი კი სკოლიდან წავიდა და უკრაინაში გაემგზავრა.
„პოლნი“ წილი
ვაისის და კაკო მელიას გზები მეორედ 1942 წელს გადაიკვეთა. ფრონტზე გაწვეული კაკო უკრაინაში, ჩერკასკის ოლქში მოქმედ სიდორ კოვპაკის პარტიზანულ რაზმში იბრძოდა. გერმანული ენის უზადოდ ცოდნის გამო, მას ხშირად უწევდა ოკუპირებულ ქალაქში ჩასვლა და სიტუაციის დაზვერვა. ფაშისტური არმიის კაპიტნის ფორმაში გამოწყობილი მელია, მანფრედ ვერნერის საბუთებით სარგებლობდა. ერთ დღეს ქალაქ ჩერკასკში მას პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ფრანც ვაისი შეეჩეხა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს ემსახურებოდა. ვაისმა თავისი ყოფილი მოსწავლე იცნო და ყველაფერს მიხვდა. მისი დაბეზღება გადაწყვიტა, მაგრამ კაკომ მას „პარაბელუმი” მიუშვირა, მანქანაში ძალით ჩასვა და გაიტაცა.
ომის დამთავრების შემდეგ, 29 წლის კაკო მელია მცირე ხნით გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისში. შემდეგ ის ყალბი ტალონების დამზადებისთვის დააპატიმრეს და სამი წლით ციხეში ჩასვეს. ამის მერე მას პატიოსანი ცხოვრება აღარ უცდია და კიდევ შვიდჯერ მოუწია ნასამართლეობა. საერთო ჯამში კი, 16 წელი დაჰყო პატიმრობაში.
თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფერა „მელამ“ 1966 წელს განახორციელა. 50 წლის კაკო მელია თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა. იმავე რეისით მგზავრობდა ცნობილი საქმოსანი გოლა მანაშეროვიც. მას 200 ათასი მანეთი მიჰქონდა საბჭოეთის დედაქალაქში. კაკომ ეს კარგად იცოდა და მანაშეროვს „კუდზე“ დააჯდა. შუა ფრენის დროს კაკო მელია ფეხზე წამოხტა და მთელი სალონის გასაგებად სტიუარდესას განუცხადა, რომ ათასი მანეთი დაეკარგა. მოსთხოვა პილოტისთვის ეთქვა, რომ მას ეს ინფორმაცია ხმელეთზე გადაეცა, რათა იქ მილიცია დახვედროდათ და თვითმფრინავის მგზავრები გაეჩხრიკათ. სტიუარდესა წავიდა მალევე უკან დაბრუნდა და კაკოს თანხმობა მოუტანა. ორიოდე წუთის შემდეგ კაკოს მანაშეროვი მიუჯდა და უთხრა:
– ათჯერ მეტს, ათი ათასს მოგცემ. ოღონდ თქვი, რომ ფული იპოვე.
– რაშია საქმე, ამხანაგო? – თავი გაიშტერა თაღლითმა.
– „სუმკაში“ დიდი „მაყუთი“ მაქვს და რომ გამჩხრიკონ, ყველაფერს ჩამომართმევენ, – მიუგო შეშინებულმა საქმოსანმა.
– მაინც, რამდენი გაქვს?
– ორასი ათასი.
– „პოლნი“ წილი მინდა. ასი ათასი.
– შენ რა, გაგიჟდი? – აღშფოთდა მანაშეროვი.
– მაშინ თავიდან მომწყდი, – უთხრა მელამ.
მთელი ფულის დაკარგვას მანაშეროვმა ასი ათასის მიცემა ამჯობინა და კაკოს იქვე გაუყო ფული. მელამ კი კვლავ სტიუარდესა იხმო. მოუბოდიშა და მოთხოვნა გააუქმებინა. მოსკოვში რომ ჩაფრინდნენ, სასწრაფოდ დატოვა თვითმფრინავი და იქაურობას გაეცალა. საქმე კი იმაში იყო, რომ სტიუარდესა მელას პარტნიორი გახლდათ და ქალმა მხოლოდ გაითამაშა ყველაფერი, პილოტებისთვის არაფერი შეუტყობინებია.
კაკო მელიას კარგა ხანს ეძებდა მანაშეროვი. მან ქურდებიც კი ჩარია ამ ამბავში, მაგრამ ქართველი თაღლითი მშრალად გამოძვრა ამ საქმიდან და ფულიც შერჩა.