კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ დაქორწინდა სტალინი ლაზარ კაგანოვიჩის დაზე

სტალინი, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ათასობით ადამიანი დააწინაურა და უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნა, ყოველთვის პირადად აკონტროლებდა მათ მუშაობას და თითოეულ მათგანს ამოსუნთქვისა და გვერდით გახედვის საშუალებას არ აძლევდა. მხოლოდ და მხოლოდ პირადი, პერმანენტული კონტროლი იყო სტალინის სახელმწიფო აპარატის წარმატებული მუშაობის საიდუმლო და სტალინისეულ ამ კონტროლს, ნებისმიერი საბჭოთა ჩინოვნიკი პირადად გრძნობდა. საგულისხმოა ისიც, რომ მას პოლიტიკური მემკვიდრე არ ჰყოლია. მის გარემოცვაში არ არსებობდა ადამიანი – ნომერი ორი, რომელიც მას შეცვლიდა და ბელადის შემდეგ ნომერი პირველი იქნებოდა. ამგვარად, სტალინის შემოკრებილი ერთგული, ენერგიული და შემსრულებელი ადამიანები, მუდმივ მოძრაობაში იყვნენ, რათა საუკეთესო (ვიმეორებ, საუკეთესო და არა მეორე) ადგილი დაეკავებინათ ბელადის მზის ქვეშ. 1935 წლის დასაწყისში სტალინმა ლაზარ კაგანოვიჩი მოსკოვის ქალაქკომის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა და რკინიგზის ტრანსპორტის სახალხო კომისრად დანიშნა, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვი კაგანოვიჩის ადგილზე გადაიყვანა. ამ გადაადგილებებმა პარტიულ ელიტაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრს მიაჩნდა, რომ ლაზარ კაგანოვიჩი განწირული იყო, რადგან ყველაზე ჩამორჩენილი დარგი, რკინიგზა ჩააბარეს და მისი ხელმძღვანელობა ლამის სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა, თუმცა, სულ მალე, საპირისპირო მოხდა – კაგანოვიჩის მარჯვე მუშაობის შედეგად, საბჭოთა რკინიგზამ მოწინავე პოზიციები დაიკავა მსოფლიო მასშტაბით. მიუხედავად სტალინისადმი უზომო სიყვარულისა და შიშისა, ადამიანებს ჭორაობას ვერ მოაშლევინებ და არც უმაღლესი პარტიული ელიტა იყო გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მშვენივრად უწყოდნენ საბჭოთა უშიშროების ყოვლისმომცველი თვალყურის შესახებ, მრავალი ჩინოვნიკი მაინც ვერ აჭერდა ენაზე კბილს. მაგალითად, კაგანოვიჩის „დაქვეითებას“ (რატომღაც ასე მიიღეს მისი ახალი დანიშვნა უმაღლესმა ჩინოვნიკებმა), სტალინისა და მისი დის პირადი ურთიერთობების გაციებას უკავშირებდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ნადეჟდა სერგეევნას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სტალინმა ხანმოკლე ურთიერთობა დაამყარა კაგანოვიჩის დასთან – ლუდმილასთან, რომელიც დიდი ბელადის სამდივნოში მუშაობდა. ლუდმილა 27 წლის მომხიბვლელი ქალიშვილი იყო და სტალინს ეკონომიკის საკითხებზე რეფერატებს უმზადებდა. მათი ურთიერთობები ზუბალოვოში, სტალინთან მოულოდნელი გამოძახების შემდეგ დაიწყო. ლუდმილა კაგანოვიჩს სასწრაფოდ რეფერატების მომზადება დაავალეს. ბელადს ის უცხოეთის დელეგაციასთან შეხვედრისთვის დასჭირდა. ამ შეხვედრას ლუდმილაც დაესწრო და საკითხის ღრმა ცოდნა გამოავლინა. დიდმა ბელადმა შეაქო და ვახშამზე მიიპატიჟა. ღამით კი ქალი ბელადთან შევიდა და მხოლოდ მეორე დღეს დატოვა მისი საძინებელი. მათი ურთიერთობა, დაახლოებით, 6 თვე გაგრძელდა, მაგრამ ისევე უეცრად შეწყდა, როგორც დაიწყო. სხვათა შორის, ბერიას უწყება, რომელიც ყველანაირ საბუთსა და კომპრომატს აგროვებდა სტალინის გარემოცვის წევრებზე, თვით სტალინისა და ლუდმილა კაგანოვიჩის ურთიერთობებზეც ფლობდა ინფორმაციას. ომის შემდეგ, პოლიტბიუროს საგანგებო კომისიის დადგენილებით, ლაზარ კაგანოვიჩის უფროსი ძმა – მიხეილ კაგანოვიჩი საავიაცო მრეწველობის კომისრობიდან მოხსნეს. თუმცა, არ დაუპატიმრებიათ, მის საქმეს ბერიას უწყება იძიებდა. სწორედ ამ დაკითხვების დროს შეეხნენ სტალინისა და კაგანოვიჩების დის, ლუდმილას ურთიერთობებს, რაზეც მიხეილ კაგანოვიჩმა განაცხადა: „ჯერ კიდევ ნადეჟდა ალილუევას სიცოცხლეში ვამჩნევდით მე და ლაზარი ლუდას სტალინის წინაშე კეკლუცობას. არაერთხელ გვითქვამს მისთვის: ჩემო დაიკო, ცეცხლს ეთამაშები, სტალინი საშენო არაა, ფეხი არ ჩაგივა მაგ ჩექმაში და კეკლუცობას მოეშვიო, – მაგრამ ვინ დაგიჯერა. ალილუევას გარდაცვალების შემდეგ, სტალინი დადარდიანებული იყო და ლუდამაც დრო იხელთა. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რით მოხიბლა მან სტალინი და როდესაც ვეკითხებოდი, გვპასუხობდა: მე ისეთი რამ მაქვს და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, რაც სხვას არ ხელეწიფებაო. და ამ დროს გადაიკისკისებდა ხოლმე. ერთი სიტყვით, მან თავისას მიაღწია, სტალინს ლოგინში ჩაუწვა და მადაც გაეხსნა. მოგვიანებით, როცა მათი ურთიერთობის შესახებ თითქმის ყველამ გაიგო და ამას არც ლუდა მალავდა, მან სტალინის ცოლობა განიზრახა. აქ კი უკვე ვეღარ მოვითმინეთ მე და ლაზარმა და ლუდას სახლში მივადექით, ეს საშიში ავანტიურა რომ გადაგვეთქმევინებინა. ლაზარი ოთახში ცოფიანივით დარბოდა და გაჰყვიროდა: თუ იცი, რა დღეში გვაყენებ, სად შენ და სად ის... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ შეიძლება, მან ჩვენზე მიიტანოს ეჭვი და იფიქროს, ეს კომბინაცია ჩვენ, ძმებმა მოვიფიქრეთ და საკუთარი და სტალინს შევუგდეთ. ლუდა, ისიც იკმარე, რაც გაქვს. იცოდე, თავში არ აგივარდეს და შენთან ერთად ჩვენც არ დაგვღუპო. მაგრამ ლუდა აინუნშიც არ აგდებდა ჩვენს გაფრთხილებას და დღითი დღე უფრო გამომწვევად იქცეოდა. ლაზარი უფრო დაახლოებული იყო სტალინთან, მშვენივრად იცნობდა მას და არაერთხელ გაუმხელია ჩემთვის: სტალინი რომ ლუდას სურვილს გაიგებს, მაშინვე მოიშორებს და შესაძლოა, არც ჩვენ დაგვინდოსო.

მაისის შუა რიცხვებში მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი რიგი გაიხსნა. იქ მრავალი მაღალჩინოსანი იყო მიწვეული. სტალინმა უბრალო ადამიანებთან ერთად იმგზავრა და ყველასაგან მოულოდნელად, სტალინის ვაგონში ლუდა კაგანოვიჩიც აღმოჩნდა. იმ დროისთვის ის არც სტალინის სამდივნოში მუშაობდა და აღარც მასთან მეგობრობდა. ჩემი დის გამოჩენამ შემაცბუნა, გული ამიკანკალდა და ავის მოლოდინში გავირინდე. ლუდა სტალინს მიუახლოვდა და მასლაათი გაუბა, რაზეც მან ორიოდე სიტყვით უპასუხა. შემდეგ ვოროშილოვსა და კალინინს მიუბრუნდა, ლუდას ზურგი შეაქცია და აღარც კი შეუხედავს მისთვის. ამ ინციდენტს სტალინის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი შეეწირა. როგორც მე ვიცი (ამის გამო, ვლასიკმა სტალინის საყვედური მიიღო და მან დაშვების სამსახურის უფროსი, მაიორი ეროფეევი გაათავისუფლა). მოგვიანებით, ლუდა სახლში მეწვია და სტალინთან დაშორების ისტორია ასე მიამბო: „იმ საღამოს მე მას (სტალინს) რეფერატი შევუტანე. ქაღალდი ბოლომდე რომ ჩაიკითხა, ვუთხარი: მე შენ მიყვარხარ, შენი ცოლობა და შენგან ბავშვები მინდა-მეთქი. სტალინმა თავი ასწია და გაოცებული მზერა მესროლა. შემდეგ წამოდგა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა და მითხრა: „ყველა ძუკნა რომ ცოლად მომყავდეს, აგარაკი ძაღლებით ამევსებოდა. ვინ დაგავალა ჩემი ცოლობა, თუ გგონია, რომ მარტო შენ ხარ ქალი-საყვარელი და სხვამ არაფერი იცის? ასე იოლი გეგონა არა, სტალინის მოხიბვლა? ერთი-ორი გაიშრიალე და იფიქრე, ჩემიაო, არა?“ მან ჩიბუხი გააბოლა, კვლავ გაიარ-გამოიარა და შედარებით მშვიდად დააბოლოვა: „მე ქვრივი ვარ და აღარასდროს დავქორწინდები, შენ კი ოჯახის შექმნა არ გაგიჭირდება“. შემდეგ გვერდზე ოთახში გავიდა, მე კი კაბინეტი დავტოვე. საღამოს პოსკრებიშევმა მაცნობა, რომ სამდივნოდან გათავისუფლებული ვარ და საგარეო საქმეთა კომისარიატში დამაწინაურეს“. ლუდას რომ ვკითხე, მეტროს ვაგონში რა უთხარი-მეთქი, მიპასუხა: „სტალინს ვუთხარი, მართლა მიყვარხარ, თუ გინდა, ცოლად ნუ მომიყვან, ოღონდ არ მიმატოვო-მეთქი, მაგრამ მან ჩემთან საუბრის გაგრძელება არ ისურვა“. ლუდას ნაამბობი რომ მოვისმინე, ჟრუანტელმა დამიარა. ლაზარს დავუკავშირდი. შევხვდი, ყველაფერი მოვუყევი და რამდენიმე თვე ორთავენი ყოველდღიურად დაპატიმრებას ველოდით, მაგრამ არავის შევუწუხებივართ. მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე თვის შემდეგ უთქვამს სტალინს ლაზარისთვის გადაკრულად: ახალგაზრდა და გყავს, მომხიბვლელი, გაუთხოვარი და შენი ვალია, ბედნიერად დააბინაოო.“ მათ ეს ბრძანებად მიიღეს და ლუდა ორ კვირაში, ერთ-ერთ თანამშრომელზე დააქორწინეს, რომელიც ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა.

ამ ისტორიიდან ნათელია, რომ სტალინის საკადრო პოლიტიკა არანაირად არ იყო დამოკიდებული მის ინტიმურ გრძნობებზე და უპირველესად, დიდი ბელადი ყველა კადრს, საჭიროებისამებრ გადააადგილებდა ხოლმე.

скачать dle 11.3