რა სურვილი აუხდინა შორეულ ქვეყანაში სოსო პავლიაშვილმა ვლად არამოვს და რა შეიცვლება მისი ქართულ პოლიტიკაში მოსვლით
მომღერალი და პაროდისტი ვლად არამოვი, უკვე წლებია, ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ცდილობს ამერიკულ ტემპს ფეხი აუწყოს, არ ჩამორჩეს და თავისი შემოქმედებით მაყურებლის გულიც მოიგოს. მას ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებსა და კონცერტებზე. ყოველთვის უხარია სამშობლოდან შორს, ქართველის შეხვედრა. სად მიიქცია მან სოსო პავლიაშვილის ყურადღება და რატომ მიდის ცხოვრება მისთვის ჩქარი ტემპით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვლად არამოვი: ამერიკაში ცხოვრება ჩქარი ტემპით მიდის, ისე გავიდა ოთხი წელი, რაც აქ ვარ, როგორც ოთხი დღე. თავიდან მეშინოდა, აწყობილი ცხოვრება როგორ დავტოვო თბილისში და უცხო მხარეში, როგორ დავიწყო ყველაფერი ნულიდან-მეთქი, მაგრამ, გამიმართლა. რასაკვირველია, ვიცოდი, ადვილი არ იქნებოდა ამერიკაში ცხოვრების დაწყება, მაგრამ პრობლემების არ მეშინია. რისკზე წავედი და დღეს კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, ისე ვცოვრობ, როგორც რიგითი ამერიკელი-მეთქი, „კარენოობაზე” არ მაქვს პრეტენზია, ვერც ვერასდროს გავხდები, მაგრამ მაინც ამ ქვეყნის რიტმზე ვარ გადართული. ერთ წელიწადში მოქალაქე ვიქნები, ესეც საკმარისია და სულაც არ მინდა, ვიყო „კარენოი” (იცინის).
– სულ ახლახან, სოსო პავლიაშვილი იყო ამერიკაში და როგორც მითხრეს, გაგიოცებია. რა მოხდა, იქნებ მოგვიყვე?
– (იცინის). მე სოსოს ბავშვობიდან ვუსმენ და სულ მინდოდა, მიმებაძა და მის გვერდით, დიდ სცენაზე მემღერა. თან, სულ ცოცხლად მღერის და ეს მხიბლავს მასში. ახლახან კონცერტი ჰქონდა ბრუკლინში, ერთ-ერთ „შიკარნი” რესტორანში და მის მოსასმენად, რასაკვირველია, წავედი. გამოგიტყდებით, როცა მომღერალი სცენაზე დგას და მღერის, მე ვერ დავიწყებ სუფრასთან სმა-ჭამას. მის სიახლოვეს ვდგები და ისე ვუსმენ, თან ვცეკვავ. მოკლედ, სოსო რომ მღეროდა, ვცეკვავდი და თან, ვყვებოდი. არ გამორჩენია მის თვალს ჩემი ეს აქტიურობა და ერთ-ერთი სიმღერის დროს, მითხრა, ამოდი სცენაზე და ამყევიო. მეც მეტი რა მინდოდა? ავედი და მიკროფონი რომ მომაწოდა, მისი ხმით გავაგრძელე სიმღერა. არ ელოდებოდა, მისი ხმით თუ ავმღერდებოდი და გაშტერდა (იცინის). ისეთი ტაში ატყდა, გეგონებოდათ, ჩემი კონცერტი იყო. მე რომ ვმღეროდი, სოსო საფეხურზე ჩამოჯდა და ტაშს მიკრავდა. მერე ჩამეხუტა და მითხრა, ხომ არ ჯობია, შენ გააგრძელოო (იცინის). სურვილი, სოსოსთან მემღერა, ამერიკაში ავიხდინე. ახლა ერთი ოცნება კიდევ დამრჩა – სტივ უანდერზე ვაფანატებ, მაგრამ არ მგონია, მან შემამჩნიოს სცენიდან (იცინის). არადა, სტივის ხმით რომ დავიწყებ მღერას, ვფიქრობ, მასაც ეამება.
– ჩემი აზრით, იღბლიანი ხარ, რადგან სხვების დახმარების გარეშე, საკუთარი ნიჭის წყალობით, დაიმკვიდრე შენი ადგილი, შეაყვარე თავი და უამრავი მსმენელი და თაყვანისმცემელი გაიჩინე უცხო მხარეში...
– ყოველთვის ვამბობ, არ მინდა, ყველა ოცნება ამიხდეს-მეთქი, რადგან აუხდენელი ოცნება სტიმულს მაძლევს. თუმცა, ისეთი ოცნებები მაქვს, ვიცი, ოდესღაც ამიხდება. აუხდენელზე არ ვოცნებობ. წარმოიდგინეთ, მე რომ ამერიკის პრეზიდენტობაზე ვიოცნებო, ხომ სასაცილოა? რაც შემეხება მე, მიზანდასახულიც ვარ და ალბათ, იღბლიანიც. ზოგადად, იღბალი დიდ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. ხმამაღლა ვიტყვი, მე ის ვარ, ვისაც უმართლებს. გამართლებაზე გამახსენდა – ერთხელ სცენაზე სიმღერის ტექსტი დამავიწყდა. არ დავიბენი, ავდექი და ცეკვა დავიწყე. მაყურებელი ვერც კი მიხვდა რა დამემართა და ეგონათ, ასე იყო დადგმული. ესეც ხომ გამართლება და იღბალია? (იცინის) ასე რომ, სცენაზე არც პრეზიდენტობაზე ოცნება ვარგა და არც კოსმონავტობაზე. უნდა იფიქრო მაყურებელზე და რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე მიიყვანო საქმე. ჩემთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს! როლში რომ ვიჭრები, იმდენი შარვალი და პერანგი მაქვს ტანზე შემოხეული სცენაზე სიმღერის დროს, რა დათვლის (იცინის).
– თქვი, ამერიკის პრეზიდენტობაზე არ ვოცნებობო. მაინც რას შეცვლიდი შენ რომ ამერიკის პრეზიდენტად აგირჩიონ?
– არც არაფერს შევცვლიდი, უბრალოდ, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ომისგან დამეცვა ქვეყანა და გლობალურ საკითხებზე დავფიქრდებოდი. აი, საქართველოს პრეზიდენტი რომ ვიყო, ცხოვრებას გავაუმჯობესებდი, ხალხზე ვიფიქრებდი, ხელფასებს გავზრდიდი. ოღონდ, როგორო, არ მკითხოთ ახლა! არ ვიცი (იცინის).
– სიმართლე მითხარი, არასდროს გიფიქრია პოლიტიკოსობაზე?
– დამიჯერეთ, არასდროს მიფიქრია პოლიტიკაში მოსვლაზე. მე მსახიობი და მომღერალი ვარ პროფესიით და მინდა, ამ სფეროში ვიყო პრეზიდენტი. სულ სცენაზე ვოცნებობდი და არა პრეზიდენტობასა და პარლამენტში წამოჯდომაზე. ვერც ამერიკამ შემცვალა და შემაცვლევინა აზრი, უბრალოდ, უფრო დამხვეწა პროფესიულად.