ვის აჩუქა მაყვალა ქასრაშვილმა დიდი თეატრის სოლისტის, ცნობილი მომღერლის, მარია მაქსაკოვას ნაჩუქარი საფირონისა და ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი
ის მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. მღეროდა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის”, ლონდონის „კოვენტგარდენის”, მიუნჰენის, სავონლინის, კანადის, ვენის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ტოკიოსა და მსოფლიოს სხვა საოპერო თეატრების სცენებზე. 2000 წლიდან დიდი თეატრის საოპერო ჯგუფის მხატვრული ხელმძღვანელი და, ასევე, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი და ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრის პროფესორია. „მაყვალა ქასრაშვილი ბუნებრივი ძვირფასი ქვაა”, – ასე შეაფასა მისი შემოქმედება „ლა სკალას” საოპერო თეატრის გენერალურმა დირექტორმა პაოლო გროსიმ. მომავალი წლის თებერვალში ქალბატონ მაყვალას მოსკოვის დიდი თეატარის სცენაზე მოღვაწეობის 50 წელი უსრულდება. ის თბილისში ხშირად ჩამოდის, განსაკუთრებით – პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას” კონცერტებზე. გთავაზობთ მის ექსლუზიურ ინტერვიუს მოსკოვიდან.
– ქალბატონო მაყვალა, როგორ გახდით მომღერალი?
– მე ვსწავლობდი ცნობილი რუსი მომღერლის, დიდი თეატრის სოლისტის, ვერა დავიდოვას კლასში. ეს ის დრო იყო, როცა კონსერვატორიის კურსდამთავრებულს ოცნებად ჰქონდა ქცეული თბილისის საოპერო თეატრში მოხვედრა. მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი. დეკემბერში ჩამოსული იყო დიდი თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩვენს კონცერტზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში. კონცერტის შემდეგ ჩემმა პედაგოგმა ვერა დავიდოვამ ჩემთან მოიყვანა და გამაცნო. მან მკითხა: არ გინდათ, დიდ თეატრში რომ ჩამოხვიდეთ და კონკურსზე გამოხვიდეთო? ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთ თვეში მივიღე მიწვევა.
– თქვენ ქუსთაისში ცხოვრობდით. ერთ დღეს გადაწყვიტეთ, სწავლა თბილისში გაგეგრძელებინათ. როგორ დაიწყო ყველაფერი?
– ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი რადიოში ქართულ და იტალიურ საოპერო მუსიკას. 10-12 წლის რომ გავხდი, აღმომაჩნდა ზრდასრული საოპერო მომღერალი ქალის ხმა და ვმღეროდი არიებს ქართული ოპერებიდან. გუდაუთაში ვიყავი პიონერთა ბანაკში და იქ შემთხვევით მომისმინა თბილისიდან ჩამოსულმა ხალხმა. აღფრთოვანდნენ და მითხრეს – აუცილებლად უნდა ისწავლო ნიჭიერთა ათწლედში და კონსერვატორიაშიო. ეს აზრი მომეწონა, თავში ჩამიჯდა. როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, დედას ვუთხარი, თბილისში უნდა წავიდე და ვოკალში უნდა მოვემზადო-მეთქი. მაშინ ძალიან მოდაში იყო სამედიცინო. დედა ნატრობდა, ექიმი გავმხდარიყავი. მე კი მხოლოდ სიმღერაზე ვოცნებობდი. მერე ჩამოვედი და კონსერვატორიაში ჩავაბარე. ვცხოვრობდი ათარბეგოვზე ნაქირავებში, ნახევრად სარდაფში, მეგობართან, თამარ გურგენიძესთან ერთად.
– როგორ ფიქრობთ, აქ რომ დარჩენილიყავით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?
– იცით, როდესაც მოსკოვის დიდი თეატრიდან მივიღე მოწვევა, ყველამ გაიგო კონსერვატორიაშიც და თბილისის ოპერაშიც, მაგრამ, არავის უთქვამს – მოდი, ახლავე ავიყვანოთ ჩვენთანო. მე რომ დღეს აქ არ ვყოფილიყავი, მაშინ დავრჩებოდი თბილისის ოპერის თეატრში, მაგრამ, არავინ იცის, როგორ აეწყობოდა ჩემი შემოქმედებითი გზა. შემთხვევითობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. პირდაპირ მესამე ტურში გავედი და ვიმღერე პუჩინის ოპერიდან მადამ ბატერფლაის არია. ერთ საათში მეუბნებიან, რომ აყვანილი ვარ დიდ თეატრში, სტაჟიორთა ჯგუფში და უკან აღარ გამომიშვეს. ჩამოვედი თბილისში, ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა და ისევ დიდ თეატრში დავბრუნდი. მაშინ 23 წლის ვიყავი. მარტომ დავიწყე ამხელა ქვეყანაში ცხოვრება. პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო, მით უმეტეს, ზამთარში – სულ ყინვებია და ყოველწუთს ვცივდებოდი, მაგრამ ყველასგან ძალიან დიდ ყურადღებასა და სიყვარულს ვგრძნობდი. რაღაც პერიოდი ვცხოვრობდი ჩემი პროფესორის ძმის ოჯახში, შესანიშნავი ხალხი იყო; მერე კი უკვე ვქირაობდი ბინას გორკის ქუჩაზე. მაშინ დავუმეგობრდი ელენა ობროზცოვას. ყველა გვერდში მედგა და არასოდეს მიგრძნია, რომ სახლს მოშორებული ვიყავი.
– თქვენი პირადი ცხოვრება კარიერამ „შეისრუტა,” თუკი შეიძლება, რომ ასე ითქვას, რადგან, როგორც ვიცი, მარტო ცხოვრობთ, ქმარ-შვილი არ გყავთ?
– ძალიან მცირე ხნით ვიყავი გათხოვილი და მერე დავშორდი. შვილები არ მყავს. დიდი თეატრი გაძლევდა საშუალებას, ტრამპლინი გაგეკეთებინა შემოქმედებაში, იმიტომ რომ, დიდი თეატრი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, მთელ მსოფლიოში განთქმული თეატრი იყო, ისევე, როგორც „მეტროპოლიტენ ოპერა”, „სამეფო თეატრი” ლონდონში, „ლა სკალა” და ასე შემდეგ. მე ამ თეატრთან ერთად დავდიოდი ისტორიულ გასტროლებზე. ძალიან დიდი შეფასებები მქონდა ყველგან. აქედან გავედი და გავედი... ასე დაიწყო ჩემი საერთაშორისო კარიერა. რომ არ მოვესმინე საოპერო დასის დირექტორს და არ მოვწონებოდი, არავინ იცის, საერთოდ როგორ აეწყობოდა ჩემი შემოქმედებითი გზა.
– ბარიერები, რომლებსაც გზადაგზა აწყდებოდით, რა იყო?
– „მეტროპოლიტენ ოპერაში” დებიუტზე უნდა წავსულიყავი და ერთი თვით ადრე „გოსკონცერტი” მატყობინებს, რომ ვერ წავალ, რადგან დიდი თეატრი არ მიშვებს. მივედი მოსკოვის მაშინდელ კულტურის მინისტრთან მიზეზის გასარკვევად. მინისტრმა მითხრა: ნუ ღელავთ, მაყვალა, ყველაფერს გავაკეთებო. წავედი, მაგრამ, როდესაც დავბრუნდი, მაშინ გავიგე, რაშიც იყო საქმე: ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი (არ მინდა, დავასახელო, ცოცხალია), მისულა დირექტორთან და უთქვამს: რატომ უნდა წავიდეს ქასრაშვილი „მეტროპოლიტენ ოპერაში,” როდესაც მე რუსი ვარ და მე უნდა ვმღეროდე ამ პარტიასო. ასეთი საქციელი დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდისთვის. მეორე შემთხვევა: მიუნჰენში უნდა წავსულიყავი და ვერდის ოპერა „აიდა” უნდა მემღერა. იქაურმა იმპრესარიომ თქვა: როგორ ჩამოვა ქასრაშვილი „აიდას” სამღერლად, როდესაც არასოდეს უმღერია ეს პარტიაო. ჩავედი. ყველა მომღერალმა და მუსიკოსმა იცის, რას ნიშნავს, შეასრულო „აიდა” საორკესტრო რეპეტიციის გარეშე. მაშინ პირველად გამოვედი მიუნჰენის საოპერო სცენაზე. როდესაც სპექტაკლი დამთავრდა, დირიჟორმა მკითხა, თქვენ ვისთან მუშაობთო. რომ ვუთხარი, მე დღეს პირველად ვიმღერე „აიდა”-მეთქი, გაეცინა – ასე რატომ ხუმრობთო – არ იჯერებდა.
მე ვმეგობრობდი გალინა ვიშნევსკაიასთან და მსტისლავ როსტროპოვიჩთან. 70-იან წლებში ისინი ხელისუფლებამ აიძულა, წასულიყვნენ საბჭოთა კავშირიდან – პროტესტის ნიშნად ორი წლით წავიდნენ ამერიკაში და დარჩნენ. მერე აქ მოქალაქეობაც ჩამოართვეს და, მოკლედ, მთელი ისტორიაა. მე არასდროს შემიწყვეტია მათთან ურთიერთობა და ეს ყოველთვის მიშლიდა ხელს. დიდი თეატრი ყოველთვის წარმადგენდა ხოლმე წოდებაზე, მაგრამ სადღაც ნომენკლატურაში ყოველთვის იკარგებოდა ჩემი საბუთები.
– „ლა სკალაში” თქვენ დაესწარით „აიდას”, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილს ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ანიტას შეხვდით და განსაკუთრებული საჩუქრიც გადაეცით – ძვირფასი ბეჭედი. მოგვიყევით ამ ბეჭდის ისტორია. როგორც ვიცი, ეს საგვარეულო ბეჭედია.
– იყო ასეთი ცნობილი მომღერალი, დიდი თეატრის სოლისტი, მეცო-სოპრანო მარია მაქსაკოვა. მისი ქალიშვილი, ლუდმილა მაქსაკოვა ცნობილი კინომსახიობია, შვილიშვილი მარია მაქსაკოვა კი, მომღერალი და, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატი. ეს ბეჭედი შვილიშვილს აჩუქა ბებიამ, მარიამ კი მე მაჩუქა და ამდენი წელი ვატარე. ეს არის საფირონი ბრილიანტებით. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ანიტას შესრულებით, არ შემეძლო, ეს ბეჭედი არ მეჩუქებინდა და ვუთხარი, ვისი ნაჩუქარია.