კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება აიკრძალოს ჭის წყლის დალევა და რატომ შეიძლება იქცეს საქართველო მხოლოდ მჭამელ ქვეყნად

ევროკავშირთან ასოცირებას ლამის ერთი წლის წინათ მოვაწერეთ ხელი, ხოლო ევროკომისიამ აგერ უკვე შუალედური დასკვნაც გამოაქვეყნა და ქებაც არ დაგვამადლა, ისე მოიხიბლა ჩვენი მიღწევებით ევროკავშირისკენ სვლის გზაზე. და თუმცა ქართველი საზოგადოებისთვის ევროასოცირება, ძირითადად, უვიზო მიმოსვლასთან ასოცირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში, ალბათ, მაინც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივაა (რადგან, თუ ქვეყანა მოძლიერდა, არც ვიზის აღება იქნება პრობლემა და მით უმეტეს, არც ვიზის თანხის გადახდა). ამიტომაც ეკონომიკის სპეციალისტ ნოდარ კაპანაძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, რა პირობების შესრულების შემთხვევაში შეეძლება ქართულ პროდუქტს მსოფლიოს ერთ-ერთ, ყველაზე მდიდარ ბაზარზე მოხვედრა და რა პერსპექტივებს უხსნის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საქართველოში ერთობლივი  საწარმოების დასაფუძნებლად და თავიანთი პროდუქციის საქართველოს გავლით ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად?

– რა რეგულაციებს უწესებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი საქართველოს, რომ ქართული პროდუქცია მოხვდეს მის ბაზარზე და რამდენად მომგებიანია ეს პერსპექტივა ჩვენთვის?

– ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი არ არის ცალსახად არც ყველაზე კარგი და არც ცალსახად ყველაზე ცუდი. ეს არის რაღაც გაერთიანებაში ინტეგრირების ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, გულისხმობს რეგულაციებს, სტანდარტებს, რომელთაგანაც ზოგი საკმაოდ რთულია, ზოგი –  მარტივი შესასრულებლად. საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ქვეყნის პოლიტიკაზე. იმისდა მიხედვით, როგორ პოლიტიკას გაატარებს ქვეყანა, აქედან შეიძლება, მიიღოს ძალიან კარგი შედეგი და შეიძლება, მიიღოს ძალიან ცუდი შედეგი. მეტიც, არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებიც შეიძლება, ქვეყნისთვის საერთოდ არ იყოს მიზანშეწონილი და ამ მოთხოვნებზე უარი უნდა თქვა.

– განვმარტოთ თითოეული შემთხვევა.

– ძალიან კარგი შედეგია, თუ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით აქ აწარმოებ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მაშინ შენ შეძლებ, ეს პროდუქცია გაიტანო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე ბაზარზე, 700-მილიონიანი, სხვებთან შედარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობით. ანუ მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზარზე შეგიძლია, შეიტანო კარგი ხარისხის პროდუქტი. ეს კარგი ხარისხის პროდუქტი შეიძლება, ახლაც იწარმოება საქართველოში, მაგრამ იმას, რომ ეს კარგი ხარისხი ნამდვილად კარგი ხარისხია, სჭირდება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევა და სერტიფიცირება.

– რომ ჭოპორტის პომიდორი ნამდვილად კარგი და გემრიელია.

– ჭოპორტის პომიდორი რომ გემრიელია, ყველამ ვიცით, მაგრამ ევროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეს, უნდა დააკმაყოფილოს ფიტოსანიტარული მოთხოვნები და არის ასეთი ტიპის ბევრი მოთხოვნა. ამასთან, ასოცირება გაძლევს შესაძლებლობას, რომ საბაჟო დაბეგვრის ტარიფების გარეშე შეიტანო შენი პროდუქცია. მაგრამ არის მეორე საფრთხე, თუ აქ არაფერს აწარმოებ, ჩვენ ისედაც მომხმარებელი ქვეყანა ვართ იმპორტ-ექსპორტის კატასტროფული სალდოს გამო, შეიძლება, გახდე ჩვეულებრივი მჭამელი ბაზარი. მეტიც –  იქ არის რაღაც მოთხოვნები, რომლებიც ქვეყნისთვის შესაძლოა, მთლად მომგებიანიც არ იყოს. მაგალითად, წერია ასეთი რამ: კომუნიკაციების ჰარმონიზაცია. ეს ორი ჩვეულებრივი ტერმინია, მაგრამ ამ კომუნიკაციების ჰარმონიზაციის უკან დგას ერთი საინტერესო დეტალი. მაგალითად, რკინიგზის ლიანდაგის დავიწროება 15 სანტიმეტრით, იმიტომ რომ, ევროპული რკინიგზის ლიანდაგი არის 15 სანტიმეტრით უფრო ვიწრო, ვიდრე საქართველოს რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც რუსულ სტანდარტზეა აგებული. მაგრამ, მეორე მხრივ, სჭირდება თუ არა საქართველოს ლიანდაგის 15 სანტიმეტრით დავიწროება –  საქართველო ხომ ევროკავშირისთვის არის ჩიხი?!

– ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

– დიახ, არც პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლაა, მაგრამ ეს მოთხოვნა არის. ანუ არის ბევრი სასარგებლო და ბევრიც უსარგებლო. ამიტომ ხბოს აღტაცების განწყობა არ მაქვს. საერთოდ,  არც ერთ გაერთიანებაში, ეს იქნება ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი თუ საბჭოთა კავშირი, შესვლა თვითმიზნად არ მიმაჩნია. ნებისმიერ გაერთიანებაში შესვლა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის გამოადგება იმ ქვეყნის მოქალაქეებს.

– თუ დავადასტურებთ, რომ ჭოპორტის პომიდორი და არა მხოლოდ ის, არის ნამდვილად კარგი, მოხვდება ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ გაიყიდება გარანტირებულად?

– თუ პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის, ის გასაღდება კიდეც. ეს ნიშნავს, უნდა აწარმოო პროდუქცია, დაიკავო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ნიშა და ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ევროკავშირში, თუმცა ეს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. არის მეორე მომენტი –  შეგიძლია, იქიდან მიიღო ტექნოლოგიები, ააშენო მასშტაბური საწარმოები, რაც უკვე სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული და ამას ავტომატურად არ ნიშნავს ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირში შესვლა ავტომატურად ნიშნავს რაღაც სტანდარტების დაცვას, მაგრამ ეს შეიძლება, შემოგიბრუნდეს იმად, რომ, თუ საქართველოში დღეს რამე მუშაობს, გაჩერდეს და დაიხუროს ის საწარმოები, რომლებიც არის აი, ამ საფანელით. მაგრამ ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოზე, თუ როგორ პოლიტიკას შეიმუშავებს და ამიტომ იმის თქმა, რომ ეს ცალსახად კარგია ან ცუდია, არ იქნება სწორი, რადგან ნეგატივებიც აქვს და პოზიტივებიც. შეიძლება, 1 000-გვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ პოზიტივს შეიცავდეს?! ასეთი მხოლოდ  ერთადერთი წიგნი ვიცი.

– თქვით, რომ უარეს შემთხვევაში, შეიძლება, ვიქცეთ მჭამელ ქვეყნად. რაკი დაბეგვრის რეჟიმი გვაქვს ნულოვანი, ესე იგი, ევროკაშვირის პროდუქციის გაიაფებას ასოცირება ვერ გამოიწვევს?

– დიახ, ჩვენთან ისედაც ნულოვანი ტარიფით შემოდის ევროკავშირიდან პროდუქცია. მაგრამ, სამაგიეროდ, შეიძლება, ჭის წყლის სასმელად გამოყენებაზე რეგულაციები გავრცელდეს. რადგან ისე არ არის, ამოთხარო მიწა და წყალი დალიო.

– თუ ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომ ქვეყანას, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, შეეძლოს შეიტანოს მცირეოდენი კორექტივები, თუ, რასაც ხელი მოეწერა, იმას წყალი აღარ გაუვა?

– შეიძლება რაღაც მოთხოვნების გადავადება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკზე. ოღონდ მე ვერ ვხედავ ბოლო 20 წელია, რომ ჩვენს სახელმწიფოში გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობდეს ვინმე. კარგი იქნება, თუ დავინახავ, არადა წესით, 10-25-100-წლიან პერსპექტივაზეც კი უნდა ფიქრობდეს სახელმწიფო მოღვაწე.

– გამოდის, სკეპტიკურად უყურებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოხვედრასაც კი ევროკავშირის ბაზარზე?

– ჩვენთან ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არის სისტემური ხედვა. შეიძლება, არსებობდეს წარმატებული ეპიზოდები, მაგრამ ამას ჯამური შედეგი არ ექნება, თუ სისტემური მიდგომა არ გვექნება განვითარების მიმართ და არა იმ იმედით, რომ ვიღაც კეთილი ბიზნესმენი მოვა. კეთილი ბიზნესმენი არ არსებობს. აქ გასარკვევია, რა უნდა სახელმწიფოს: თუ სახელმწიფოს უნდა, რომ თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა ამაღლდეს, მაშინ სისტემურად უნდა უყურებდეს ამ პროცესს, რასაც სჭირდება სტრატეგია, ტაქტიკური ღონისძიებები და ყველაფერი, რაც ხდება სახელმწიფოში, აგებული უნდა იყოს ამ მთავარ ვექტორზე. სამწუხაროდ, ასეთ რამეს ვერ ვხედავ.

– უტრირებულად ვიტყვი, ესე იგი, თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ლიანდაგების დავიწროება მოგვიწევს? იმის თქმა მინდა, რომ ყველა მოთხოვნის შესრულებაა აუცილებელი?

– როგორც გითხარით, შეიძლება, გადავადდეს, ადაპტაცია განიცადოს. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა ევროკავშირისგან, რადგან, ევროკავშირს რაც უნდა, აქვს უკვე ჩამოყალიბებული. მე არსად მომისმენია ევროასოცირების შეთანხმების საგნობრივი განხილვა. არის რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებსაც აღებული აქვთ ევროკავშირის საკითხზე ექსკლუზივი, თავი ჰგონიათ ამის „ანი“ და „ჰოე“ და რომ ყველაფერი იციან ევროკავშირთან ურთიერთობის შესახებ. მე ეჭვი შემაქვს ამაში, რადგან, თუ იციან, ჩვენც გაგვაგებინონ.

– ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა რით შეიძლება, იხეირონ საქართველოს ევროასოცირებით? 

– ევროკავშირის წევრობა არ უზღუდავს სხვა ქვეყნებთან თუ ცალკეულ საწარმოებთან ურთიერთობას არც ერთ მეწარმეს და თუ მაღალი სტანდარტის პროდუქციას აწარმოებ, სადაც გინდა, გაიტანე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

– მაგრამ იმ პირობებით ხომ ვერ შეიტანს ყაზახეთი ან თურქეთი ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციას, როგორც საქართველო?

– საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს და ქართულ-თურქული საწარმო თუ საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს ევროპული სტანდარტის პროდუქტს, შეეძლება თავისუფლად შეტანა. ამან შეიძლება, გააჩინოს რაღაც ნიშა, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოები და ერთობლივი საწარმოების შექმნის იდეა, შეიძლება, კარგი იყოს.

– და რომელი ქვეყნებისთვის შეიძლება, იყოს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნა მომხიბვლელი?

– თურქეთში ნაწარმოებ პროდუქციას, თუ ევროკავშირის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მაინც ვერ შეიტანენ ვერც საქართველოდან. მაგრამ, თუ თურქული პროდუქცია საქართველოში შემოვიდა ნულოვანი ტარიფით, შესაძლოა, დაექსპორტირდეს ევროკავშირის ქვეყნებში და საქართველო გადამზიდავი პუნქტი გახდეს. ეს, ალბათ, შესაძლებელია. ეს მომხიბვლელი შეიძლება, იყოს იმ ქვეყნებისთვის, ვისაც უნდა, რომ მათი პროდუქცია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე და არ აქვთ ევროასოცირების შეთანხმება. შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, ირანი… 

– თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით გააქტიურდება, შეიძლება, ხელი შეეწყოს ერთობლივი საწარმოების გახსნას, რაც საქართველოს მოუტანს ორმაგ სარგებელს?

– სარგებლის მიღება საქართველოს შეეძლება, მაგრამ რამდენად მომხიბვლელი იქნება ეს ევროკავშირისთვის?! არ ვიცი, მიესალმება თუ არა ამას ევროკავშირი.

– მაგრამ ევროკავშირისთვის ხომ მთავარია სტანდარტების დაცვა?

– ძალიან ხშირად ეს სტანდარტები არის იმისთვის, რომ პროდუქცია დაიბლოკოს და რომელიღაც ქვეყნებიდან ვერ შევიდეს. რამდენადაც ვიცი, მაგალითად, ტექსტილის პროდუქტებზე ისეთი რეგულაციები და სტანდარტები შემოიღეს, რომ ჩინური პროდუქცია დაებლოკათ. იმიტომ რომ, ჩინეთი მსოფლიოს სახელოსნოა და მსოფლიო ეკონომიკის რეალური სექტორის 30 პროცენტია ჩინეთი. 

– თქვით, რომ არ ვიცით, რატომ გვჭირდება ევროკავშირი. პირადად მე, ვიცი. ნათურა ისეთი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რომ, თუ შემთხვევით გასკდება და გადამეყლაპება, არ უნდა დამაზიანოს. მე მინდა ასეთ გარემოში ცხოვრება ან ვის არ უნდა?

– ევროკავშირში შესვლა შეიცავს ერთ ძალიან დიდ საფრთხეს –  დემოგრაფიულ საფრთხეს. რაც გამოიხატება ვიზების ლიბერალიზაციით. გადახედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების დემოგრაფიულ სტატისტიკას: ლიტვასა და ლატვიაში მოსახლეობა შემცირდა, დაახლოებით, 20-25 პროცენტიც, ესტონეთში –  30 პროცენტზე მეტით და იქ ტიპური ოჯახია ბებია-ბაბუა და შეიძლება შვილიშვილი, თუ მშობლები ახალი წასულები არიან. ანუ ეს საფრთხეც არის პოზიტივთან ერთად. ვიმეორებ: ყველაზე მთავარი არის ის, რომ, თუმცა ევროკავშირში შესვლას აქვს ბევრი პოზიტივიც, ამ პოზიტივის რეალიზაცია და გამოვლენა ჩვენზე, მთავრობაზე, სახელმწიფოზეა დამოკიდებული. იქ არ უნდა მიხვიდე, როგორც ღარიბი ნათესავი, არამედ, უნდა მიხვიდე, როგორც სრულუფლებინი პარტნიორი და ამისთვის შენი გონება უნდა ამუშაო. თუ კარგად ავამუშავებთ გონებას, ეს აისახება შედეგზე.

скачать dle 11.3