რატომ ინახავდა გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია თანხას კვიპროსის ბანკის დეპოზიტზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია 1975 წელსაა დაბადებული. უმაღლესი საბაკალავრო განათლება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ეკონომიკის დარგში, 1991-1996 წლებში. 1999-2002 წლებში კი განათლება ეკონომიკურ და სოციალურ კვლევით სახელმწიფო ინსტიტუტში გაიღრმავა და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა. მისი სამუშაო გამოცდილება 1995 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ უდიპლომო, ეროვნული ბანკის იმერეთის სამხარეო სამმართველოს წამყვან ეკონომისტად დაინიშნა. 1999 წელს ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა და 24 წლისა უკვე სახელმწიფო ხაზინის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დირექტორის მოადგილე იყო. 2001-2002 წლებში – ეროვნული ბანკის მეორადი ბაზრის სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-ში უკვე შსს-ს საფინანსო ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, 2005-ში – თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსად; შემდეგ – პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსად; 2005-ში საქართველოს პარლამენტის გენერალური მდივნის მოადგილე ყოფილა 2008-მდე; 2008-დან 2010 წლამდე ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის მდგრადი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელად იმუშავა; 2010-2011-ში – ერაყის პარლამენტში ბიუჯეტისა და ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელად; სექტემბერში, 2011 წელს ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 2013 წლის ივლისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 2014 წლის აპრილ-აგვისტოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო, საიდანაც გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.
ბ-ნი მურღულიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც შსს-ს ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ოჯახის წევრებში მხოლოდ საკუთარი თავი მიუთითა. იმხანად თეიმურაზ მურღულიას ჰქონდა ბინა თბილისში, დადიანის ქუჩაზე, 100 000 ლარად ღირებული, აგარაკი – ქუთაისში, 20 000 ლარად ღირებული და 6 000-ლარიანი ავტომანქანა „ვაზ 21-21“. „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანაბრებზე კი 8 000 აშშ დოლარი და 3 500 ევრო ერიცხებოდა, ხოლო ნაღდ ფულად, დეკლარაციის შევსების მომენტში, 10 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში, მან, როგორც ზემოხსენებული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, 1 328 ლარი აიღო.
მეორე დეკლარცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ. ის კვლავ მარტო ცხოვრობდა. რაც შეეხება ქონებას: თეიმურაზ მურღულიას საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი ქუთაისში (245 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში (1 392 კვ. მ.) და ბინა ქუთაისში (130 კვ. მ.). ასევე, კვიპროსის ბანკში, დეპოზიტზე, ის იმხანად 15 000 ევროსაც ინახავდა. 2013 წლის განმავლობაში თეიმურაზ მურღულიამ, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, 56 425 ლარი აიღო; როგორც Nastavia Consulting კონსულტანტმა, 20 000 აშშ დოლარი.
მან 2015 წელს იმავე პოზიციაზე მყოფმა შეავსო თავისი დეკლარაცია. მისი უძრავი ქონების ოდენობა უცვლელია, ერთი ისაა, რომ კვიპროსის ბანკში მისი დეპოზიტი შემცირდა – 2 000 ევრომდე.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში თეიმურაზ მურღულიამ, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, 21 000 ლარი აიღო; როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, 16 125 ლარი, ხოლო, როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, 27 180 ლარი.