ექიმის რჩევები
კითხვა: შეიძლება თუ არა ექოსკოპიის დროს ბავშვს ეძინოს? ყველაფერი ნორმაშია, მხოლოდ ერთ მხარეს იყო ექოზე და წინანდელთან შედარებით არ მოძრაობდა. საშიში ხომ არ არის? 18 კვირის ორსული ვარ.
პასუხი: თუ ყველა მაჩვენებელი ნორმალურია, მათ შორის, ბავშვის გულისცემაც, საშიში არაფერია – თქვენს პაწიას, ეტყობა, მართლაც ჩაეძინა.
კითხვა: ვარ ძალიან გამხდარი, წონაში ვერ ვიმატებ და ამ ბოლო დროს თმიანობის მატებაც შევამჩნიე. შეიძლება თუ არა, ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ბრალი იყოს? ვის უნდა მივმართო?
პასუხი: ჭარბთმიანობის შემთხვევაში, ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ გამოკვლევები. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს. არის შემთხვევები, როცა ჭარბთმიანობის მიზეზი უცნობი რჩება. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება, ასეთ მდგომარეობას „იდიოპათიურ ჰირსუტიზმს” უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.
კითხვა: ვარ 19 წლის ბიჭი. წვერი არ მაქვს კარგად ამოსული (ანუ, როგორც უნდა იყოს); ულვაშებიც, 14 წლის ასაკში რომ ამომივიდა პატარა ბუსუსები ისევ ისე მაქვს (ძალიან არც მეტყობა). რას მეტყვით, რატომ არ ამომდის წვერ-ულვაში, ან, ოდესმე ამომივა ნორმალურად?
პასუხი: ეს პრობლემა, სავარაუდოდ, ენდოკრინული დარღვევების ბრალი უნდა იყოს. ამიტომ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რომელიც საჭირო ანალიზების აღების შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
კითხვა: ფეხზე, თითებს შუა, მქონდა სოკო, ვიმკურნალე და თითქოს მომირჩა, მაგრამ მერე ისევ იჩინა თავი. ახლა ვისვამ ჯერ იოდს და შემდეგ ესკუდერილს (არ ვიცი, სწორია თუ არა დასახელება), მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. გთხოვთ, რამე სხვა საშუალება მირჩიოთ.
პასუხი: სოკოსთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით ნაკეცები, კარგად გაიმშრალეთ ვაფლისებური პირსახოცით. ერიდეთ ფეხების გაოფლიანებას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმელს. ჯერ გარედან გარეცხეთ, შემდეგ ძმრის ესენციაში დასველებული ტამპონები ჩადეთ „ცხვირებში“ და 24 საათით შეფუთეთ პოლიეთილენის პარკში. ამის შემდეგ კარგად გაანიავეთ და ნიშადურის სპირტით გაწმინდეთ სუნის მოსაშორებლად. თუ ტერფის სოკოს იოლი ფორმა გაქვთ (მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი), უნდა იხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები). მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, თუ შედეგი 3-4 დღეში ვერ შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს, რადგან, შესაძლოა, შინაგანი მიღების პრეპარატებით მკურნალობაც დაგჭირდეთ.