შესაძლებელია თუ არა სხეულზე სტიგმის ფენომენის ხელოვნურად გაჩენა და რატომ გადმოდის ასეთი გზით მიღებული ჭრილობებიდან სურნელოვანი სითხე
ადამიანების სხეულზე სტიგმების გამოსახვის შესახებ არაერთხელ გვსმენია, წაგვიკითხავს და ფილმებიც გვინახავს. თუმცა, როგორც წინა საუკუნეებში, ახლაც ამ საკითხისადმი ადამიანების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ამიტომ, დღეს ჩვენ სტიგმების შესახებ ვესაუბრებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, ეკოლოგიის ინსტიტუტის, ცივილიზაციათა ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, გეოგრაფიის დოქტორს, გიზო ვაშაკიძეს:
– ისტორიულად ცნობილია, რომ სტიგმატის ფენომენი 1224 წლიდან იწყება, რომელიც გაუჩნდა კათოლიკეების მიერ წმიდანად შერაცხილ ფრანცისკო ასიზელს. ეს ჩვენგან მეტად შორი დროა. ორი სიტყვით შევეხები ამ ფენომენის ერთ-ერთ ბოლო წარმომადგენელს, პადრე პიოს – საერო სახელით ფრანჩესკო ფორჯონე (1887-1968). კათოლიკური ეკლესიის მსახური, ბერი – იტალიური წარმომავლობის, ცნობილი როგორც სტიგმების მატარებელი. პადრე პიო სტიგმის გამო სიცოცხლეშივე მოექცა კრიტიკის ქვეშ. კრიტიკოსებს შორის იყვნენ მაღალი იერარქიის საფეხურებზე მყოფი კათოლიკე მოღვაწეები: აგოსტილო ჯემელი – ექიმი, კათოლიკური უნივერსიტეტის დამაარსებელი, რომლის სახელსაც ატარებს ერთ-ერთი კლინიკა. ის პადრე პიოს შესახებ ამბობდა: „უმეცარი, საკუთარი სხეულის დამსახიჩრებელი, ადამიანთა ნდობის ექსპლუატატორი“. ამ და სხვა მსგავსი კრიტიკის გამო, ვატიკანმა აუკრძალა პადრე პიოს წირვის ჩატარება და აღსარების მიღება. იტალიელი ისტორიკოსი სერჟიო ლუცატო თავის წიგნში მოგვითხრობს, რომ პადრე პიო სტიგმატების დასახატად იყენებდა აფთიაქში ნაყიდ ხსნარს. არგუმენტად იშველიებდა თავად იმ აფთიაქარს, რომელმაც ხსნარი მიჰყიდა პადრე პიოს. კრიტიკა დაიმსახურა, ასევე, მონასტრის სან-ჯოვანი-როტორდოს კომერციალიზაციამ (ამ მონასტერთანაა დაკავშირებული პადრე პიოს კულტი). ქალაქ კომოს ეპისკოპოსმა აღნიშნული მონასტრის ნახვისას განაცხადა: „იესომ გაყარა ტაძარში მოვაჭრეები, მაგრამ ახლა მე ვხედავ მათ დაბრუნებულებს”. აქ იკვეთება ინტერესთა თანხვედრა. კერძოდ, იმ პიროვნებას, რომელიც თავს წარმოგვიდგენს სტიგმატად და ეკლესიას შორის. ეკლესია მსგავსი ექსტრავაგანტური ადამიანების ხარჯზე იპყრობს მრევლის ყურადღებას, რაც, საბოლოო ჯამში, წარმატებული კომერციით მთავრდება. ამიტომ არაა გასაკვირი ასეთი ადამიანების წმიდანად შერაცხვა. თქვენი ყურადღება მინდა, მივაპყრო ერთ საინტერესო გარემოებას. მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული, კათოლიკეები ითვლიან 300 სტიგმატიან ადამიანს, ანუ დაახლოებით 40-ს ყოველ საუკუნეში. ბოლო 100 წელიწადში კი, რატომღაც შეწყდა მათი გამოჩენა. რა გახდა მიზეზი?! ჩემი ახსნა ასეთია, მეთორმეტე-მეცამეტე და შემდგომ საუკუნეებში, ადამიანთა მოტყუება გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე ახლა. მეცნიერება განვითარდა, საკმაოდ მაღალ დონეზე დადგა სამედიცინო ექსპერტიზა, რის შედეგადაც გაძლიერდა შემოწმების საშუალებები. შესაძლოა, იმის შიშმა, რომ იქნებიან მხილებულნი, შეაჩერა აფიერის მოყვარულ ადამიანთა განზრახვა.
– თქვენ რატომ დაინტერესდით ამ საკითხით და რა კვლევა აწარმოეთ ამ მიმართულებით?
– მეცნიერი ვარ და კვლევა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, კვლევის საგანი კი მრავალფეროვანია. ვაწარმოებ ლაბორატორიულ კვლევებს, ვსწავლობ უძველეს არტეფაქტებს და ხელნაწერებს (პიქტოგრამები, იეროგლიფები, ბიბლია და ასე შემდეგ). ჩვენმა წინაპრებმა ძალზედ ბევრი საინტერესო საიდუმლოება იცოდნენ. მათ შორისაა მცენარეებისგან სხვადასხვა სითხის მიღება. ერთ-ერთი სითხის შესაძლებლობები საკუთარ თავზე გამოვცადე. სითხე ფუნჯით წავისვი სხეულზე, შემდეგ გავაცხელე ეს ადგილი და ისევ წავისვი, ისევ გავაცხელე (გაცხელებაში ვგულისხმობ, მაგალითად, ფენით ან, უბრალოდ, ანთებული ნათურით, ანდა გაზქურასთან ახლო დისტანციაზე დადგომას). მოკლედ, ეს პროცესი რამდენჯერმე გავიმეორე. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა სხეულს, მაგრამ არაფერი მომხდარა, არანაირი რეაქცია. მეორე დღეს სხეულის ის ნაწილი ამეწვა და თავი შემახსენა. კარგად დავაკვირდი და დავინახე, როგორ წითლდებოდა. სიწითლე სადღაც შიგნიდან ამოდიოდა. სიმწვავემ იმატა, მივხვდი, რომ ეს იყო დამწვრობა. მაგრამ, საკვირველი ის იყო, რომ ეს ყველაფერი მეორე დღეს, რამდენიმე საათის მერე მოხდა და არა სითხის წასმისას. ტანზე ისახებოდა ის ფიგურა, რაც დავიტანე. კანი ალაგ-ალაგ გადასკდა, სიწითლეზე ბუშტებიც ამოიბერა, დამწვრობისას რომ ხდება, ისე. ძალზე მეწვოდა. ნემსით დამწვრობის წყლულით სავსე ბუშტები დავხეთქე, იქიდან სითხე წამომივიდა. საკვირველი ის იყო, რომ ამ გამჭირვალე სითხეს ყვავილივით სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. გამოდის, რომ აღნიშნული სითხის გამოყენებით, მე შემიძლია, ხელოვნურად დავიტანო ნებისმიერი წარწერა სხეულზე. მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ პადრე პიოს ისტორიას. აი, რას წერენ თვითმხილველები მისი ჭრილობების შესახებ: „პადრე პიოს სტიგმებს, ანუ ჭრილობებს, ყვავილის სასიამოვნო სურნელი ჰქონდა“. იგივე სურნელი ჩემს ჭრილობებსაც ჰქონდა, მაგრამ განსხვავებით პადრესგან, მე ვამბობ, რომ ეს ჭრილობა თავად, ხელოვნურად შევქმენი და ვაფრთხილებ მართლმადიდებლებს: ფრთხილად, სტიგმა დიდი ალბათობით შესაძლოა, იყოს აფიერა. მე არ მინდა, ცილი დავწამო ვინმეს და ვერანაირად დავასკვნი მეთორმეტე საუკუნიდან დღემდე, 300 კათოლიკეს როგორ უჩნდებოდა ეს ნაწერები, მაგრამ ერთს ვადასტურებ 100 პროცენტით – ასეთი ფენომენის შექმნა ხელოვნურად შესაძლებელია! მართლმადიდებლებმა არ აღიარეს სტიგმის ფენომენი. „სიტყვა ღვთისა თავის თავში შეიცავს მოწმობას საკუთარ თავზე... ის უმაღლესი ნიშანია. ის სულიერი ნიშანია, რომელიც მიეცა რა ადამიანს, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილებას. ნივთიერ ნიშანთა დახმარებას უსარგებლოს ხდის,“ – მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი.
– სტიგმის გაჩენის რამდენი ვერსია არსებობს?
– სტიგმის გაჩენის სამ შესაძლო ვერსიას გეტყვით: 1. ღვთისგან, 2. ეშმაკისგან, 3. ხელოვნურად. მესამე ვერსიაზე – ხელოვნურად სტიგმის დატანაზე უკვე ვისაუბრეთ.
მეორე ვერსია – ეშმაკისეული, ანუ რაღაც ბნელი ძალის მიერ ადამიანის ტანზე სხვადასხვა ნიშნის გაჩენაა. ამის შესახებ საინტერესო კვლევა აქვს ბატონ ზვიად ნოდიას, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობისას მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მაგნიტოფონზე იწერდა იმათ მონათხრობებს, კლინიკური სიკვდილის შემდგომ ნიშნები რომ ესახებოდათ სხეულზე. ეს ხდებოდა მათთვის უცნობი ძალებისგან, უხილავებისგან, რომლებიც თანდათანობით ეცხადებოდნენ და აჩვენებდნენ მათ თავს, თუმცა ამას სხვები ვერ ხედავდნენ. მხოლოდ იმას ხედავდნენ, რომ სტიგმატიანები უხილავს ელაპარაკებოდნენ... იმავდროულად, მათ ჰქონდათ სხვადასხვა ნიჭიც – მკურნალობის, მარჩიელობის, რასაც არასწორად არქმევენ – ნათელმხილველს. „მე კი გირჩევთ, უწოდოთ მათ – ბნელითმხილველნი, რამეთუ ისინი იმართებიან ბნელეთის დემონების მხრივ!“ – ასეთ აზრს გამოთქვამს ბატონი ზვიადი. პირველი ვერსია – ღვთისგან თუ შეიძლება ასეთი წარწერების გაჩენა?! უფალმა, რომელმაც შექმნა სამყარო, მოწესრიგებული გალაქტიკები, ულამაზესი დედამიწა უნიკალური ბუნებითა და წამებში გათვლილი მოძრაობებით; რომელმაც შექმნა ადამიანი მილიარდი უჯრედით, ამ ყველაფრის შემქმნელ ღმერთს არაფერში არ სჭირდება ადამიანთა დასისხლიანება და ჩვენთვის რაღაცის ასე გადმოცემა. წარმოიდგინეთ, ზემოთ აღნიშნული დასისხლიანებული 300 ადამიანი, მათ შორის ბავშვები – როგორ უნდა დაუშვა, რომ ეს სისხლიანი ჭრილობები მიეწერება უფალს?! უფალს, რომელიც მოგვევლინა მხსნელად, სნეულთა დამხმარედ, ბრმების თვალების ამხელად, სისხლმდენ ავადმყოფთა გამოსაჯანმრთელებლად და გარდაცვლილთა აღმდგენად. ადამიანსა და ღმერთს შორის ინფორმაციის გაცვლის უნივერსალური, იდეალური საშუალებაა გამოცხადება და მშვიდი საუბარი. არსებობს ამის დიდი გამოცდილება არა მხოლოდ წარსულში, არამედ დღესაც. უფალს და მის ანგელოზებს შეუძლიათ, გამოეცხადნონ ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ენაზე საუბრით გადასცენ ადამიანებს საჭირო ინფორმაცია. ნუ შეიტანთ უფლის სრულფასოვნებაში ეჭვს! და თუ ვინმე, თავის გამორჩენის მიზნით, უფალს მიაწერს სისხლიან წარწერებს, ეს ცოდვაა. არ შეიძლება „პური არსობის“ მოპოვება ნებისმიერი გზით.