როგორ იძია მამაკაცმა შური ყოფილ საყვარელზე და რა ბრალდებებით მოხვდა ის ციხეში
36 წლის კახა დ-ძე სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შეედეგად დააკავეს. ქალბატონმა, რომელმაც პოლიციას მიმართა, განაცხადა, რომ კახა დ-ძემ ძალის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა მის დას, ნათელა შ-შვილს და გაიტაცა მისი არასრულწლოვანი შვილი – 14 წლის ნინო კ-ია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. საქმის მასალების მიხედვით, კახა დ-ძე დაზარალებულ ქალსა და არასრულწოვან გოგონას დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა და მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებამ დაკითხა დაზარალებული, რომელიც თავის არეში მიყენებული ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა.
ამონაწერი ნათელა შ-შვილის ჩვენებიდან: „კახას დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, ჩემი დის ახლობელი იყო. რამდენიმე თვის წინ მასა და ჩემს დას შორის სერიოზული უსიამოვნება მოხდა – მაკამ ის სახლის გაქურდვაში დაადანაშაულა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კახა დროდადრო მოდიოდა ჩემს სახლში და მთხოვდა, რომ მაკასთან შემერიგებინა. ბოლო პერიოდში ვცდილობდი, სახლში აღარ შემომეშვა და მასთან ყოველგვარი ურთიერთობისგან თავი შემეკავებინა. იმ დღეს ჩემს ბინაში ნასვამი მოვიდა. ჯერ ჩვეულებრივ დაიწყო საუბარი, მერე კი ჩემი დის შეურაცხყოფაზე გადავიდა. მე ჩემი დის ინტერესების დაცვა ვცადე, ამის გამო ჩვენ შორის მოხდა კამათი, რასაც მისი მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა – კახამ ისე მცემა, რომ სხეულის დაზიანებები მივიღე. ჩხუბში შემთხვევით შემოსწრებული ჩემი მეზობელიც ჩაერთო, რომელმაც ჯერ გაგვაშველა, შემდეგ კი კახა ჩემი ბინიდან გააგდო. მეზობლებს სასწრაფო გამოვაძახებინე და მათ საავადმყოფოში გადამიყვანეს. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ბინიდან გასულმა კახამ ჩემს დისშვილს, ნინოს დაურეკა და ის მეგობრის სახლიდან ჯერ მოტყუებით, შემდეგ კი ძალის გამოყენებით გაიტაცა.”
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, კახა დ-ძე 42 წლის ქალთან რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ქალის განცხადებით, მამაკაცთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მიხვდა, რომ ის ფულს სძალავდა. მოგვიანებით ქალმა სახლიდან დაკარგა ოქროს ნივთები, რის გამოც მან საყვარელი სახლიდან გააგდო. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, კახა დ-ძემ ქურდობა აღიარა და ქალს სთხოვდა, ყველაფერს დაგიბრუნებ, ოღონდ არ მიმატოვოო. ამის მიუხედავად, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა საკმაოდ დიდი კონფლიქტითა და დაპირისპირებით დასრულდა. ქალისთვის უცნობი იყო, რომ, ჯერ კიდევ კახა დ-ძის მის ბინაში ცხოვრების პერიოდში, მის საყვარელს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის შვილთან, 14 წლის ნინო კ-იასთან, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო.
გამოძიების მასალების მიხედვით, რაც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, კახა დ-ძემ არასრულწლოვანი გოგონა მეგობრის სახლიდან გაიტაცა. დაკითხულმა მეგობარმა გოგონამ განაცხადა, რომ ნინო კ-ია მის ბინაში იმყოფებოდა, როცა დედის მეგობარმა კახა დ-ძემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. „ნინოს სიარული უჭირს. გავიგონე, რომ კახას უთხრა, სადარბაზოსთან მოდიო. მას ადრეც ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, რომ ეს მამაკაცი სიყვარულს უხსნიდა, თუმცა, რა ხდებოდა მათ შორის, ამაზე ნინო არ საუბრობდა. დავინახე, როგორ ჩაუჯდა ნინო მანქანაში, რომელიც დაახლოებით ათი წუთი იყო გაჩერებული ჩემს სახლთან. ამის შემდეგ ისინი ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ნინოს რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, ცოტა მოგვიანებით კი მობილური ტელეფონი გამორთო.”
სამართალდამცველებმა დაკარგულ გოგონას მოძალადე მამაკაცთან ერთად მისი მეგობრის აგარაკზე მიაგნეს. კახა დ-ძემ დაკავებისას წინააღდმდეგობის გაწევა და გაქცევა სცადა, შემდეგ კი ჩადენილი დანაშაული უარყო. კახა დ-ძის პირველი ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი გოგონა მის დედაზე შურისძიების გამო მოიტაცა; თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგონამ დაადასტურა, რომ ის თვეების განმავლობაში იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რაც ასევე დადასტურდა სამედიცინო ექსპერტიზით, მამაკაცმა განაცხადა, რომ მოზარდს იმიტომ აიძულებდა გარყვნილ ქმედებას, რომ მისი ცოლად შერთვა სურდა, თუმცა, დაზარალებულის მტკიცებით, კახა დ-ძე მას ინტიმურ ურთიერთობას ჯერ კიდევ მაშინ აიძულებდა, როცა ის მათ ბინაში ცხოვრობდა. არასრულწლოვანი მომხდარის შესახებ არაფერს ეუბნებოდა დედას, რადგან მამაკაცი მას აშინებდა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულისა და მისი დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მისთვის სასჯელის მინიმალური ზომა შეეფარდებინათ. დაზარალებული მხარე მოითხოვდა მამაკაცის დასჯას ასევე თვეების წინ ჩადენილი ქურდობის გამო, რასაც არ აღიარებდა ორი მძიმე მუხლით ბრალდებული კახა დ-ძე. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.