რომელი მსხვერპლშეწირვა იქცა საკრალურ მოვლენად რელიგიის ტრადიციებში
ძველ აღთქმაში ადამიანთა მსხვერპლშეწირვა არაერთგზის გვხვდება. ბავშვთა კოცონზე დაწვის ტრადიცია გავრცელებული იყო პალესტინაში, სირიასა და განსაკუთრებით, ფინიკიაში. ისრაელის ხალხმა ჯერ კიდევ თავისი ფორმირების გარიჟრაჟზე, ამ ტრადიციაზე უარი განაცხადა. ებრაელი ხალხის მამამთავარი წინაპარი – აბრაამი, იუდაურ-ქრისტიანული კულტურის აღმოცენების პირველი და უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელსაც მოუწია საკუთარი შვილი მიეყვანა სამსხვერპლოზე. ბიბლიაში (დაბადება 22, 1-18) ნათქვამია:
„ამ ამბის შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენ მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისააკს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე, აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა იმ ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით, სახედართან, მე და ეს ბიჭი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით.
აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისააკს, თავის შვილს, ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
ისააკმა აბრაამს, თავის მამას უთხრა: მამა ჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო. დააწყო შეშა, შეკრა ისააკი, თავისი შვილი და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქ ვარ!
უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთის მოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
უწოდა აბრაამმა ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს.
იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“.
ამის შემდეგ ბავშვთა მსხვერპლშეწირვის წესი, აღმოცენებული იუდაიზმის ტრადიციით, ცხოველთა მსხვერპლშეწირვით შეიცვალა. „მორიას მიწა“, სადაც ღმერთი სცდიდა აბრაამს, იგივდება მორიას მთასთან იერუსალიმში. მიიჩნევა, რომ სოლომონმა ტაძარი სწორედ იმ ადგილზე ააშენა, სადაც ტარიგი იქნა შეწირული. იუდაიზმში ეს შემთხვევა, რომელიც ისრაელის ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტად იქცა – იწოდება აკედად.
ადამიანთა მსხვერპლშეწირვის კატეგორიული აკრძალვა გაისმა ღმერთის მცნებებში, რომელიც მოსეს გადაეცა: „ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან დგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს...“ (ლევიანნი 20,2).
მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ ერთმნიშვნელოვანი აკრძალვით, საშინელი ტრადიცია ერთბაშად არ მისცემია დავიწყებას, მაგრამ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის იშვიათი შემთხვევები ხდებოდა ღვთის ნების გარეშე, ან მის საწინააღმდეგოდ. როდესაც ისრაელი მხედართმთავარი იფთახი ყამონიანელებს უნდა შებრძოლებოდა, უფალს აღუთქვა: თუ მტერს დაამარცხებდა და სახლში გამარჯვებული დაბრუნდებოდა, ვინც სახლის ჭიშკრიდან პირველი გამოეგებებოდა: „უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად“ (მსაჯულთა 11,30-31). უფალმა გაამარჯვებინა იფთახს, და როცა გამარჯვებული დაბრუნდა მიცფაში: როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა, არც ვაჟი ჰყავდა, არც ქალი.
როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე, შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე, მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.
უთხრა ასულმა: მამაჩემო, რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა...
იფთახის საქციელს ბიბლიაში კომენტარი არ უკეთდება. თუმცა, ეს მსხვერპლშეწირვა განხორციელდა არა სისხლიანი ტრადიციის აღდგენის სურვილით, არამედ, როგორც ჩანს, უიღბლო გარემოებათა დამთხვევის გამო. მოგვიანებით, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მხოლოდ რჯულგანდგომილთა მიერ ხდებოდა.
აბრაამის მსხვერპლშეწირვა დიდ საკრალურ მოვლენად იქცა სხვა დიდი რელიგიის – ისლამის ტრადიციაშიც. ყურანში მოთხრობილია, რომ წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა (რომელიც არ იყო იუდეველი და არ იყო ნაზარეველი ქრისტიანი, არამედ იყო მაჰმადიანი „ჰანიფი“), ნახა სიზმარი იმაზე, რომ მსხვერპლად უნდა გაეღო თავისი შვილი. წინასწარმეტყველმა უამბო ბიჭს სიზმარი და მასვე შესთავაზა, მიეღო გადაწყვეტილება. ბიჭმა უპასუხა: „მამიკო, გააკეთე ის, რაც ღმერთისგან გებრძანა, და შენ ნახავ, თუ ალაჰი ინებებს, ჩემ მიერ გამოვლენილ მოთმინებას“. ალაჰმა არ დაუშვა მსხვერპლშეწირვა, მაგრამ დიდად დააფასა იბრაჰიმის უმწიკვლობა. ყურანში არ არის დასახელებული იბრაჰიმის შვილის სახელი, მაგრამ მაჰმადიანური ტრადიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო ისმაილი – მისი პირმშო, რომელიც არაბთა მამამთავარი წინაპარი გახდა.
ისლამის მიღებამდე არაბთა შორის დამკვიდრებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვები, მათ მიერ კატეგორიულად აიკრძალა ახალი რელიგიით, ხოლო იბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის პატივსაცემად, მთელი მსოფლიოს მაჰმადიანები, თავიანთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. სწორედ იქ, მინას ველზე, ისლამის ტრადიციით, მოხდა ისმაილის გაცვლა სამსხვერპლო ცხვარზე. ამიტომ, ცხვრის დაკვლა დღესასწაულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა.
ქრისტიანებისთვის აბრაამის მსხვერპლშეწირვა თავისთავად მნიშვნელოვანია და ძველ აღთქმაშიც გამოირჩევა სხვა დიდი მოვლენებისგან. ქრისტიანებისთვის ის გახდა მომავლის წინამორბედი – მამა-ღმერთის მიერ თავისი ძის, – იესოს მსხვერპლად გაღებისა კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად.