მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-18(749)
ჯაბა მოზესებს ეახლა და უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, რომ უყურადღებოდ დაგტოვეთ. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და წასული ვიყავი.
– ხომ მშვიდობაა, ჩემო მეგობარო? – ჰკითხა ჯაბას დონ კარლომ.
– დიახ. ყველაფერი რიგზეა, დონ კარლო. რით შემიძლია გემსახუროთ?
– ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება.
– დარდი ნუ გაქვთ, დონ კარლო. მართალია, კოზლოვს ძალიან პრინციპული პოზიცია უკავია და ჩეჩნებიც მას ემხრობიან, მაგრამ მაინც ჩვენი გაჭრის. ევროპელი ბოსების უმრავლესობა მათ წინააღმდეგაა განწყობილი და კენჭისყრაზე ჩვენი პოზიცია გაიმარჯვებს.
– უცნაურია, რომ ჩეჩნები რუსებს ემხრობიან. მათ ხომ ომი აქვთ ერთმანეთთან და მოსისხლე მტრები არიან.
– ეგ მართალია, მაგრამ იმხელა სარგებელს ელოდებიან მომავალში, რომ გაერთიანდნენ.
– რუსულ ბაზარს გულისხმობთ?
– დიახ.
– რუსული ბაზარი მართლაც ბევრ შემოსავალს მოიტანს და მის დასაუფლებლად შეიძლება, ბევრი სისხლი დაიღვაროს.
– სწორედ ამიტომ სჭირდებათ რუსებს ჩეჩნები. მათ სხვების დასაშინებლად გამოიყენებენ და სრულ კონტროლს მოინდომებენ. თუმცა, არაფერი გამოუვათ.
– რატომ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოუვათ?
– ვერ ხვდებით, დონ კარლო?
– ვერა, – თავი გააქნია მოზესმა.
– მათ, უბრალოდ, არაფერი ექნებათ გასაყიდი და იმიტომ. ჰეროინის ოთხმოც პროცენტს ჩვენ ვაწარმოებთ. კოკაინის წარმოების ნახევარზე მეტს თქვენ აკონტროლებთ და თუკი რუსები ჯორზე შეჯდებიან და თავიანთ ბაზარზე არ შეგვიშვებენ, ჩვენ მათ პროდუქციას არ მივყიდით. ამით კი ბიზნესი ჩაუვარდებათ და იძულებულები გახდებიან, ჩვენს პირობებს დათანხმდნენ.
– ჰეროინის სხვა მწარმოებლებს რომ გაურიგდნენ?
– გამორიცხულია დონ კარლო. აჰმედ მანსურსა და რამზან ბეის თავზე ვერცერთი ავღანელი საველე მეთაური ვერ გადაახტება. ვინც ამას შეეცდება, თავს წააგებს. იმედია, თქვენი სიტყვაც კანონია თქვენი კოლუმბიელი კოლეგებისთვის.
– ამაზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს.
– ჰოდა, მეც ამას გეუბნებოდით. როდესაც რუსები ამას გაიგებენ, უფრო ლოიალურები გახდებიან და გონივრულ პოზიციას დაიკავებენ.
– მარტივი და გენიალურია. გამოდის, რომ ამ დიდ თამაშში ჩვენ და თქვენ ვყოფილვართ მთავარი მოთამაშეები.
– მთავარი პარტნიორებიც, პატივცემულო დონ კარლო. ჩვენს ბოსებს თქვენი დიდი იმედი აქვთ და დარწმუნებულები არიან, რომ ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები დავრჩებით.
– ამაში წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი და როგორც კი ამის საშუალება გექნებათ, კიდევ ერთხელ დაუდასტურდეთ მათ ჩემი დიდი პატივისცემა. გადაეცით, რომ ისინი დიდი ბოსები არიან, თქვენ კი ჩვენი შვილობილი ხართ. ხომ არ გწყინთ, შვილობილი რომ გიწოდეთ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო?
– პირიქით, დონ კარლო. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
– ჩემო მეგობარო, ერთი დელიკატური შეკითხვა მაქვს თქვენთან.
– ბრძანეთ, დონ კარლო.
– თქვენს საცოლე ქეითზე მინდა გკითხოთ.
– გისმენთ, ბრძანეთ.
– მშვენიერი გოგონაა და საქმის კურსში თუა ჩვენი საქმიანობის შესახებ? გესმით, ალბათ, რატომ მაინტერესებს – ის ძალიან ნორჩია, თანაც, თქვენი მომავალი ცოლი და თუ იცის, რას საქმიანობთ?
– ქეითი არც კი ინტერესდება ამით და მას მხოლოდ ჩემი სიყვარული აკმაყოფილებს. ის ამით ბედნიერია და მომავალი ქორწინებით ხარობს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დარწმუნებული ვარ, არ მიგანებს და ბოლომდე მიერთგულებს. მას საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვს. ჭკვიანია და რაც მთავარია, უზომოდ ვუყვარვარ. ქეითმა ჩემ გამო რჯულიც კი შეიცვალა და ისლამი მიიღო.
– ამით ყველაფერია ნათქვამი, ჩემო მეგობარო. რაც არ უნდა მაგარი იყოს კაცი, თუ საიმედო ზურგი არ აქვს, მაინც გაუჭირდება. ცოლი კი სწორედაც რომ ზურგი უნდა იყოს და გილოცავთ. თქვენ ნამდვილად ღირსეული არჩევანი გაგიკეთებიათ.
– გმადლობთ, დონ კარლო.
– ჩემო მეგობარო, ერთი საიდუმლო მინდა, გაგანდოთ.
– გისმენთ.
– ამ ბოლო დროს ჯანმრთელობა შემერყა. უკვე ასაკში ვარ და ნელ-ნელა საქმეებს უნდა ჩამოვშორდე.
– რას ბრძანებთ, დონ კარლო. სიბერის არაფერი გეტყობათ.
– ეს – ერთი შეხედვით. ასე რომ, ჩემო მეგობარო, გადავწყვიტე, ჩემი საქმე კარმენს გადავაბარო. ვფიქრობ, ჩემი ქალიშვილი ჩემზე არანაკლებად შეძლებს ამას.
ჯაბამ კარმენს გადახედა და გაუღიმა. შემდეგ დონ კარლოს მიუბრუნდა და უთხრა:
– თქვენი მშვენიერი ქალიშვილი იმდენად მომხიბლავი და ჭკვიანია, რომ ვფიქრობ, ღირსეულად გაუძღვება საქმეს. თუმცა, ისიც მგონია, რომ თქვენთვის ჯერ ადრეა განზე გადგომა.
– მე, რა თქმა უნდა, დავეხმარები კარმენს, მაგრამ, ძირითადად, ის წაიყვანს საქმეს და მე მხოლოდ კონსულტაციას გავუწევ.
– დონ კარლო, როდის ფიქრობთ ამის გაკეთებას?
– სახლში რომ დავბრუნდებით, ჩემს პარტნიორებს იქ გავაცნობ ამ გადაწყვეტილებას. აქ შეკრებილებს კი, ზეგ ვაუწყებ კარმენის შესახებ.
– კარგი, დონ კარლო. მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს და სიტყვას გაძლევთ, კარმენს ყოველმხრივ დავუდგები გვერდში.
– გმადლობთ, ჩემო მეგობარო.
– დონ კარლო, მეტს აღარ შეგაწუხებთ და თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. ხვალ მძიმე დღე გველოდება და დავისვენოთ.
– ღამე მშვიდობისა. გმადლობთ მხარდაჭერისვის.
– ღამე მშვიდობისა, ხვალამდის, – მიუგო ჯაბამ დონ კარლოს. მოზესებს გამოემშვიდობა და აპარტამენტები დატოვა.
ჯაბა თავის ოთახში დაბრუნდა. ყურსასმენები მოირგო და მოზესების საუბრის მოსმენას შეუდგა. ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ და დონ კარლომ კარმენს უთხრა:
– ჭკვიანი და ძლიერი პიროვნებაა ჩვენი ახალგაზრდა მასპინძელი და დიდი ბოსობა არ ასცდება.
– კი. მანამდე თუ მიაღწია. ჩვენს საქმეში გარანტიები არ არსებობს და სად რა დაგემართება, მხოლოდ ღმერთმა უწყის.
– შენ უკვე ნამდვილი ბოსივით ლაპარაკობ, – გაეცინა კარლო მოზესს, – ჯინას ბედი მადარდებს.
– სადარდებელი რა გაქვს. სულ მალე ბედს ეწევა და მომავალი დიდი ბოსის მაუუღლე გახდება, – ირონიით მიუგო კარმენმა.
– სიმართლე გითხრა, სიძე არ დაიწუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ქორწილი არ შედგება. ზეგ ღამით, ანუ ორმოცდარვა საათის შემდეგ, ის ჩემთან ერთად, სამუდამოდ გაქრება. უფრო სწორად, ჯერ ის გაქრება. შემდეგ კი მე ავფეთქდები თვითმფრინავში.
– რა, მოიფიქრე?
– ელემენტარული რამ, – დონ კარლომ საათს დახედა, – ჯინას სამიოდე საათში გაიტაცებენ ბიჭები. ორი დღის მერე კი მეც მას შევუერთდები. სანამ შენ რეზიდენციის ეზოში სეირნობდი, ყველაფერი გავარკვიე და შესაბამისი ბრძანებაც გავეცი.
– რა გაარკვიე.
– ჯინას მისამართი. მან მითხრა, რომ რაღაც პროექტს ამზადებს და ამაღამ რეზიდენციაში არ რჩება. ბიჭები უკვე მზად არიან და ღამის სამ სააზე ამოქმედდებიან.
– რომ არაფერი გამოვიდეს და გავიშიფროთ?
– რატომ არ უნდა გამოვიდეს, რა პირველად ვასრულებთ ასეთ რამეს?
– შენ არ ამბობ, „ეფბეერის“ აგენტიაო და თუ არ ცდები, როგორ ფიქრობ, ასე ადვილია აგენტის მოხელთება?
– ჩვენი ბიჭების პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარება?
– მე შენს წამოწყებაში მეპარება ეჭვი. არ მგონია, რომ ეგ ჯინა-ქეითი გადმოიბირო. რომც დაგეთანხმოს, მოგატყუებს, გაგეპარება და მთელ საქმეს დაღუპავს.
– მე მგონი, შენ, უბრალოდ, ეჭვიანობ, შვილო.
– ეჭვი რა შუაშია. აბა, დაფიქრდი, თუ ვცდები. ვინაა ეგ გოგო? მხოლოდ და მხოლოდ შენი ბიოლოგიური შვილი და მეტი არაფერი.
– ის ჩემი შვილია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მორჩა, როგორც ვთქვი, ისე იქნება და არაფერი შეიცვლება.
– რა გაეწყობა, მამი, მაგრამ იცოდე, რომ დიდ შეცდომას უშვებ.
– ღამე მშვიდობისა. მეძინება, – თქვა დონ კარლომ და საძინებლისკენ გაემართა.
ჯაბამ სასწრაფოდ მოიხსნა ყურსასმენი და წამოდგა, რომ ჯინასთვის საფრთხე აერიდებინა. თავის მეკავშირესა და საცოლეს ის პირდაპირ ვერ ეტყოდა ყველაფერს, რადგან გაიშიფრებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, სახლში სწვეოდა და უყურადღებობისთვის ბოდიში მოეხადა. შემდეგ ღამის პრაღაში სასეირნოდ წაეყვანა და ამგვარად აერიდებინა მისთვის გატაცების საფრთხე. უშბა ოთახიდან გავიდა და ჯინას შეეფეთა, რომელიც დერეფანში იდგა.
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა ჯაბამ ჯინას.
– ვფიქრობ.
– რაზე?
– შენზე.
– ჩემზე?
– ჰო, შენზე.
– რას ფიქრობ ჩემზე?
– მაინტერესებს, რა მოხდა და ვერაფერს ვხვდები.
– ჩემთან შემოდი და ერთად ვიფიქროთ, – უთხრა გახარებულმა ჯაბამ ჯინას და თავის ოთახში შეიყვანა.
ჯინა სავარძელში მოკალათდა და ჯაბას ჰკითხა:
– არ იტყვი, რა მოხდა?
– რას გულისხმობ, ძვირფასო. რა უნდა მომხდარიყო?
– მე შენ კარგად გიცნობ და ვერ მომატყუებ.
– მაინც, რას გატყუებ?
– მეც მაგის გაგება მინდა.
– ცდები, ძვირფასო. უბრალოდ, ძალიან დავიღალე. ხვალ კი მძიმე დღეა და ვემზადები.
– მოემზადე. მე კი წავალ, – თქვა ჯინამ და წამოდგა.
მიუხედავად იმისა, ჯაბას გადაწყვეტილი ჰქონდა ჯინასთან ინტიმური კავშირის გაწყვეტა, ამჯერად სხვა გზა არ ჰქონდა. ამიტომ, გოგონას მიუახლოვდა, მხრებში ხელები ჩაავლო გაუღიმა და უთხრა:
– ამაღამ ჩემთან არ დარჩები?
– რა აზრი აქვს?
– ბოდიში, ძვირფასო. მართლა არაფერი მომხდარა და მართლა ძალიან დავიღალე. შენი წყენინება კი არ მინდოდა. მაპატიე, – ჯაბამ გოგონას გაუღიმა და ჰკითხა, – კონიაკს დალევ?
– ყავასთან ერთად, – მიუგო ჯინამ.
– მაშინ, შენ ყავა და კონიაკი გაამზადე და სააბაზანოდან რომ გამოვალ, დავლიოთ, – უთხრა ჯაბამ ჯინას და სააბაზანოსკენ გაემართა.
***
ჯაბას მეწყვილე უთენია დაბრუნდა ავღანეთიდან. თავის ოთახიდან დაურეკა ჯაბას და მოიკითხა. უშბამ შხაპი მიიღო, ჩაიცვა და მეწყვილეს შეეგება.
– როგორ ხარ, ჯამალ? – გადაეხვია ჯალალი მეწყვილეს.
– შენ, ჯალალ?
– გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი. რა ხდება სამშობლოში?
– დიდი აქციისთვის ემზადებიან. შენ კი მადლობა შემოგითვალეს. რიოდან გამოგზავნილი იარაღი უკვე ადგილზეა და დანიშნულებისამებრ ნაწილდება, – მიუგო ჯამალმა და ჰკითხა, – ქეითი როგორაა?
– კარგად. ჩვენი ბოსები როგორ არიან?
– მშვენივრად. ჩვენი დიდი იმედი აქვთ, – თქვა ჯამალმა, – ყველანი ჩამოვიდნენ?
– კი.
– რომელ საათზე ვიწყებთ?
– ორზე.
ჯამალმა საათს დახედა და ჯალალს უთხრა:
– ცხრა საათია. შენის ნებართვით, სამიოდე საათს წავუძინებ. შემდეგ კი შენს განკარგულებაში ვარ.
– დაისვენე, ძმაო. საქმეს მე მივხედავ.
ჯამალი დასაძინებლად დაწვა. ჯალალმა კი პრაღაში ჩამოსულ ნარკობოსებს ჩამოურეკა და შეახსენა, რომ ორ საათზე შეკრება იწყებოდა. შემდეგ თავის ოთახში დაბრუნდა და ჯინას მიუალერსა, რომელიც მას უკვე ჩაცმული დახვდა.
– ყავა გაგიკეთო? – ჰკითხა ჯინამ ჯალალს.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, – მიუგო ჯაბამ და დაამატა, – ჯამალი დაბრუნდა ავღანეთიდან და ახლა ისვენებს.
– ძალიან საშიში ვინმეა ეგ შენი მეწყვილე, ნამდვილი ფანატიკოსი. ჩემი ნება რომ იყოს, თვალის დაუხამხამებლად გავანადგურედი.
– გაანადგურებდი? – გაეცინა ჯალალს.
– ყოველ შემთხვევაში, არ ვაპარპაშებდი და საიმედოდ გამოვამწყვდევდი ჯურღმულში.
– ნუ ჩქარობ, ჯინა, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ჯინას პეიჯერი აციმციმდა. გოგონამ ეკრანს დახედა და ჯაბას უთხრა:
– სასწრაფოდ შეხვედრაზე მიბარებენ. როგორც ეტყობა, რაღაც სერიოზული მოხდა და უნდა წავიდე.
– ფრთხილად, ძვირფასო. ყურადღებით იყავი.
– რამ შეგაშინა. მე რა საფრთხე უნდა მემუქრებოდეს, – გაუკვირდა გოგონას.
– ჩვენი პროფესიის ხალხს ყოველთვის ემუქრება საფრთხე.
– კარგი. ფრთხილად ვიქნები. როგორც კი დავბრუნდები, გნახავ, – მიუგო ჯინამ ჯალალს. აკოცა და წავიდა.
ჯინა ქროსი საათ-ნახევარში დაბრუნდა უკან და ჯაბას ეახლა.
– რა მოხდა, ჯინა? – ჰკითხა ჯაბამ.
– წუხელ თომას ბრაუნი მოკლეს.
– ვინ? როგორ? ის ხომ „ეფბეერში“ იყო გამომწყვდეული?
– ადვოკატმა.
– ადვოკატმა? კი, მაგრამ, როგორ?
– როგორ და, ბრაუნთან ყოფილა მისული საკანში. პირში მინიატურული სასროლი მოწყობილობა ჰქონია და მოწამლული ნემსი სტყორცნა სახეში.
– ადვოკატი რას ამბობს?
– რა უნდა თქვას მკვდარმა?
– მკვდარია? თავი მოიკლა?
– არა. როგორც ეტყობა, მას ნელმოქმედი შხამი დაალევინეს და ბრაუნის მკვლელობიდან ხუთ წუთში, თვითონაც მოკვდა ისე, რომ სიტყვაც არ დაუძრავს.
– სუფთადაა შესრულებული, – თქვა ჯაბამ.
– სწორედ ამიტომ დამიბარეს და მითხრეს, რომ თავს უნდა გაუფრთხილდე. ძალიან სერიოზული და გავლენიანი ხალხის ხელი ურევია ამ საქმეში. მთავარი მოწმეები მოიშორეს, მაგრამ ცენტრში შიშობენ, რომ ნადირობა ამით არ დასრულდება და შემდეგი სამიზნე შენ ხარ.
– საინტერესოა, – თქვა ჯალალმა.
– ჯაბა, ძვირფასო, ძალიან მეშინია. პირადად „ეფბეერის“ დირექტორმა გადმოგცა, რომ როგორც კი შეკრება დასრულდება, საგანგებო გეგმის მიხედვით იმოქმედო.
– საგანგებო გეგმა უკიდურესი ზომაა.
– რას ნიშნავს?
– რას და სამუდამოდ უნდა გავქრე.
– ეგ როგორ?
– გარეგნობას შემიცვლიან და ახალი ცხოვრებისთვის ახალ საბუთებს მომცემენ.
– მერე მე? – წამოიძახა ჯინამ.
– ორი ვარიანტია, – გაეცინა ჯაბას, – ან შენც იგივე უნდა ქნა, რომ არ გავიშიფროთ, ან სამუდამოდ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. მაგრამ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და ორი დღე შეგვიძლია, დავტკბეთ საკუთარი თავებით.
– რა დროს ხუმრობაა, ძვირფასო. „ეფბეერის“ შეფი ტყუილად არ შეგვეხმიანებოდა.
– ვიცი, მაგრამ ჯერ ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ, – თქვა ჯაბამ და საათს დახედა, – არსად წახვიდე უჩემოდ. ერთ საათში შეკრება იწყება და სტუმრებს უნდა დავხვდე.
– კარგი. დაგელოდები.
შეკრებას, ჯალალისა და ჯამალის გარდა, ოცი ნარკობოსი დაესწრო და საღამოს რვა საათამდე გაგრძელდა. ანატოლი კოზლოვმა ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი. თავდაპირველად, მან მკვეთრად შეუტია მოზესებს, რაშიც უმარ ანდიევმაც დაუჭირა მხარი. თუმცა, თანდათან დათმო პოზიცია. ჯალალისა და ჯამალის არგუმენტებს დაჰყვა და კენჭისყრის მთავარი პროცედურა მომდევნო დღისთვის გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ჯინას მოტაცება ვერ მოხერხდა, კარლო მოზესი კმაყოფილი იყო შეხვედრის შედეგებით. მან ჯალალი და ჯამალი დაიმარტოხელა და უთხრა:
– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ჩემო მეგობრებო. ყველაფერი კარგად წარიმართა და ხვალინდელ დღეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
– ხომ გეუბნებოდით, დონ კარლო. დარდი ნუ გაქვთ. ხვალ საბოლოო გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, – მიუგო ჯალალმა, – ახლა კი ბოდიშს გიხდით. უნდა დაგტოვოთ. ჯინა, ცოტა არ იყოს, გამინაწყენდა და გავისეირნებთ.
ჯამალი მოზესებთან დარჩა. ჯალალი კი მართლაც ჯინასთან ერთად გაემართა ჯერ სასეირნოდ, შემდეგ კი რესტორან „პრაღაში“. მანამდე კი კოზლოვს უთხრა, რომ ლიადოვი საღამოს ათ საათზე საიდუმლოდ შეხვედროდა მას რესტორანში.
წყვილმა ნახევარიოდე საათი ისეირნეს. შემდეგ კი რესტორანში შევიდნენ და ვახშამი შეუკვეთეს. ათი საათი რომ შესრულდა, ჯაბამ ჯინას უთხრა:
– ტუალეტში გავალ, რაღაც მუცელმა შემაწუხა.
– მიდი, – გაეცინა ჯინას და წითელი ღვინო მოსვა.
ჯაბა და ლიადოვი რესტორნის პირსაბანთან შეხვდნენ ერთმანეთს. ჯაბამ წყალი მოუშვა და ლიადოვს უთხრა:
– მეც მოვდივარ. ხვალ კი კარლო მოზესი ტუალეტიდან წაიყვანონ.
– მოხდა რამე?
– ბრაუნი მოკლა ადვოკატმა და თვითონაც მოკვდა. შხამი ჰქონია მიღებული. ამ დილით „ეფბეერის“ შეფმა მაცნობა და მირჩია, საგანგებო გეგმა ავამოქმედო.
– შენზეც ნადირობენ?
– ასე შემომითვალა, – შემდეგი სამიზნე შენ ხარო.
– როდის და როგორ აპირებ გაუჩინარებას?
– ზეგ დილით ქალაქში გავალ და აღარ დავბრუნდები. ორი დღის მერე კი მოსკოვში გამოგეცხადებით. იმედია, მოზესი უკვე იქ გეყოლებათ.
– რა თქმა უნდა. იქ მას უკვე მამაშენი და გამრეკელი ელოდებიან.
– ძალიან კარგი. უჩემოდ ხელი არ ახლოთ.
– დარდი ნუ გაქვს. იცოდე, ფრთხილად იყავი. გელოდებით.
– ნახვამდის, ძია პავლე. სამ დღეში შევხვდებით. წავედი, – თქვა ჯაბამ და მაგიდასთან დაბრუნდა.
წყვილმა შუაღამემდე დაჰყო რესტორანში. შემდეგ კი რეზიდენციაში დაბრუნდნენ და ჯაბას საძინებელში განმარტოვდნენ.
მეორე დღეს ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვარაუდობდნენ. მოზესებს ყველა ნარკობოსმა დაუჭირა მხარი კოზლოვისა და ანდიევის გარდა და გამოსამშვიდობებელ ბანკეტს მხოლოდ ისინი არ დასწრებიან. ჯაბამ ბანკეტზე დრო იხელთა და მოზესებს სასმელში კუჭის ამშლელი და დასაძინებელი აბები ჩაუყარა, რომლებსაც შუაღამის მერე უნდა ემოქმედა. ღამის ათ საათზე კი მოიბოდიშა და ჯინასთან ერთად თავის ოთახისკენ გაემართა. ჯაბამ ჯინაც დააძინა. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა. შესაბამისი აღჭურვილობა აიღო და სასახლე სათადარაგო გასასვლელით, ფარულად დატოვა. მან ნახევარი ქალაქი გადაკვეთა და კერძო ვილაში შეიპარა, სადაც უმარ ანდიევი ცხოვრობდა. ჯაბამ კარგად იცოდა ამ ვილის განლაგება და ჩეჩენი საველე მეთაურის ოთხი პირადი მცველის განეიტრალებაც არ გასჭირვებია. ოთხივე თვალის დახამხამებაში დახოცა მაყუჩიანი პისტოლეტიდან თითო გასროლით და ანდიევს პირდაპირ საძინებელში მიადგა. საველე მეთაური ტანზე იხდიდა და სწორედ ამ დროს წამოადგა მას თავზე.
– ჯალალ? აქ როგორ მოხვდით? – შეცბა ანდიევი და კომოდს გახედა, სადაც პისტოლეტი ედო.
ანდიევი კიდევ უფრო გაოცდა, როდესაც მას ჯაბამ ქართულად მიუგო:
– გიკვირს, შე უმადურო
– ქართული საიდან იცით?
– მშობლიურ ენას რა დამავიწყებს, – ჩაეცინა ჯაბას.
– გამოდის, რომ თქვენ ის არ ხართ, ვინც სხვებს ჰგონიხართ.
– მე ის ვარ, ვინც უნდა ვიყო. აი, შენ კი უმადური ღორი ხარ და შენი აღსასრულის დრო მოვიდა. ასე რომ, ვერასოდეს ეღირსები თბილისის აღებას. ამას ვერავინ ეღირსება.
– რას მერჩით?
– უნდა მოკვდე.
– რატომ. რა დაგიშავეთ?
– ჩემი ერის მტერი ხარ. ესე იგი, ჩემი პირადი მტერიც. მტრები კი უნდა გაანადგურო. მით უმეტეს, შენნაირები. ერთ წუთს გაძლევ. ილოცე და სიკვდილისთვის მოემზადე. ადრე შენს აქნას ვაპირებდი იმ სიტყვებისთვის, რაც პანკისის ხეობაში თქვი, მაგრამ ტყვიას გაკმარებ. მიდი. დრო ჩაირთო!
– შეცდომას უშვებთ.
– შეცდომა შენი ცოცხლად დატოვება იქნებოდა.
– რა გაეწყობა. ლოცვა მაცალე, – უთხრა ანდიევმა ჯაბას. შემდეგ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს დაჩოქვას აპირებდა. ჯაბამ პისტოლეტი დაუშვა. ანდიევმა კი ამით ისარგებლა და ჯაბასკენ ისკუპა.
ჯაბამ მუშტი შეაგება თავდამსხმელს. შიშველი ანდიევი დაბზრიალდა და საწოლზე დაეცა. შემდეგ საველე მეთაური ფეხზე წამოხტა და კომოდისკენ გაიწია პისტოლეტის ასაღებად. ჯაბამ მას წიხლი ჩასცხო და კომოდს მიანარცხა. შემდეგ თმაში ჩაავლო ხელი და წამოაყენა. ანდიევმა მესამედ გაიწია ჯაბაზე. თუმცა, ჯაბამ მას ჯერ მუშტი ატაკა და დააჩოქა. შემდეგ დანა ამოიღო და მისი ბასრი პირით თავი მოჰკვეთა.
შუაღამე სრულდებოდა, როდესაც აგენტი უშბა სასახლეში დაბრუნდა. ჯინას კვლავ მაგრად ეძინა. ჯაბამ ტანსაცმელი გამოიცვალა. შემდეგ გააბოლა. საათს დახედა და ჩაილაპარაკა:
– სადაცაა მოზესს გაიტაცებენ...
***
„ეფბეერის“ დირექტორი სავარძელში იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა, როდესაც მას მარტინ პოული ეახლა. კეინმა მას სავარძელზე მიუთითა და ჰკითხა:
– რაიმე სიახლე ხომ არაა პრაღიდან?
– უშბას მეკავშირეს თქვენი გზავნილი გადასცეს, მაგრამ პასუხი არ ჩანს, – მიუგო პოულმა.
– ნარკობარონების შეკრება როდის მთავრდება?
– ხვალ, სერ.
– პრაღაში გაგზავნილი ოპერჯგუფებისგან რა ისმის?
– ისინი სრულ მზადყოფნაში არიან და როგორც კი შეკრება დასრულდება, კარლო მოზესს გაიტაცებენ და ჩამოგვიყვანენ.
– ჩამოგვიყვანენ, მაგრამ, რაში გვჭირდება. ჯანდაბასაც წაუღია მისი თავი. ბრაუნი და მისი მკვლელი მკვდრები არიან. ჯაჭვი გაწყდა და მოზესს რა თავში ვიხლით. მის გასამართლებას მისი ლიკვიდაცია ჯობია და ერთი ნაძირალათი ნაკლები იქნება ამქვეყნად.
– ეს ბრძანებაა, სერ?
– ჩემი პირადი აზრია, – ხელი ჩაიქნია ჯონ კეინმა, – ჩამოათრიონ და გაასამართლონ. მე ახლა უფრო უშბას ბედი მაღელვებს ყველაზე მეტად და ვშიშობ, მასაც არ მისწვდნენ. სანამ საგანგებო გეგმა ამოქმედდება, შური არ იძიონ მასზე.
– მისწვდებიან კი მას?
– თუკი ჩვენს კლანჭებში მყოფ ბრაუნს მისწვდნენ, უშბას რატომ ვერ მისწვდებიან ვითომ?
– ის, არცთუ ისე იოლად მოსახელთებელია, სერ. კარგად გამოწვრთენით და ყველაფერი იცის.
– ის თუ იცის, ვინ მტრობს მას.
– ვინ, სერ?
„ეფბეერის“ გაღიზიანებულმა დირექტორმა თავი გააქნია და პოულს უთხრა:
– ისინი, ვინც ჩვენს პრეზიდენტებს ნიშნავენ. ეს შენ კარგად იცი, მარტინ და მათი უხილავი, ბოროტი ხელი „ეფბეერის“ ყველაზე დაცულ საკანსაც კი მისწვდა, – თქვა კეინმა. სავარძლიდან წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა, – ამ დილით რომ პრეზიდენტს ვეახლე ოვალურ კაბინეტში, ჩვენი პირველი მხიარული და კმაყოფილი მეჩვენა. არადა, ბრაუნის საქმეზე ვიყავი დაბარებული და ჭექა-ქუხილისთვის ვემზადებოდი. მან კი იცი, რა მითხრა?
– რა გითხრათ, სერ?
– პრეზიდენტმა ზურგზე მომითათუნა ხელი და ბრძანა, – ადამიანი მოკვდავია, ჯონ, ბრაუნი კი სამმაგად მოკვდავი იყოო.
– ხუმრობის ხასიათზე ყოფილა ბატონი პრეზიდენტი, – ჩაეცინა პოულს.
– ამით მან მკაფიოდ მითხრა, რომ ბინძური საცვლების ქექვა არ გავბედო.
– თქვენ რა უპასუხეთ, სერ?
– მე მხოლოდ ვუსმენდი და ის კი ლაპარაკობდა. ჩვეულ სტილში მოხაზა ჩვენი ქვეყნის გლობალური მნიშვნელობა კაცობრიობისთვის და მოულოდნელად უშბაზე მკითხა.
– უშბაზე?
– დაინტერესდა, თუ სადაა და რას საქმიანობსო.
– მერე, სერ?
– მე ის არ მითქვამს, რომ საგანგებო გეგმის ამოქმედებას ვაპირებთ. დანარჩენი კი დაწვრილებით მოვახსენე.
– რამ გაახსენა პრეზიდენტს უშბა?
– არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან ცუდად მენიშნა.
– ცუდად გენიშნათ?
– მარტინ, დაუყოვნებლივ გადაეცი უშბას, რომ საგანგებო გეგმის ამოქმედება ჩემი პირადი მოთხოვნაა და ამის გაკეთება შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარეობს. გული მიგრძნობს, რომ ეგ ბიჭი დიდ საფრთხეშია და აუცილებლად უნდა ვუშველოთ, – ჯონ კეინი ჩაფიქრდა და პაუზის მერე დაამატა,
– ჩემს თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ ბოროტი, შეშლილი კაცუნების შურისძიებას ყოვლად უდანაშაულო, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შევწირო. უშბამ იმაზე მეტი გააკეთა, რაც ევალებოდა და მან უნდა იცოცხლოს.
– სერ, თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტისთვის სულ ერთია ჩვენი აგენტის ბედი?
– მარტინ, ამ დილით რომ ოვალურ კაბინეტში ვიმყოფებოდი, პრეზიდენტის თანაშემწე შემოვიდა და პირველს შეახსენა, რომ ათ წუთში ოფიციალური შეხვედრა აქვს საქართველოს პრეზიდენტთან. რომ ის უკვე თეთრ სახლშია და ელოდება მას. პირველმა საათს დახედა და ჰკითხა:
– რა ხანგრძლივობისაა შეხვედრა?
– ნახევარსაათიანი, – მიუგო თანაშემწემ.
– თხუთმეტი წუთიც ეყოფა... ნახევარ საათში ჩემი საყვარელი გუნდის მატჩი იწყება ბეისბოლში და უნდა ვუყურო.
ხომ კარგად მოისმინე ჩემი მონათხრობი და დასკვნა შენ თვითონ გააკეთე. პირველს ბეისბოლი უფრო ადარდებს, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პირველი პირი და ბოლო-ბოლო უშბა „ეფბეერის“ რიგითი თანამშრომელია. თანაც, ვიღაც-ვიღაცეებისთვის არასასურველი. ამიტომ, ჩვენი თანამშრომელი ჩვენვე უნდა დავიცვათ.
– საინტერესო იგავი იყო, სერ, – ჩაეცინა პოულს.
– უფრო ჭკუის სასწავლი, მარტინ. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნება, – „ეფბეერის“ დირექტორმა პაუზა გააკეთა. ხელი ჩაიქნია და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, – იმოქმედე, მარტინ. უშბა ზეგ უკვე უსაფრთხო ადგილზე უნდა იყოს გადაყვანილი და ამ ინფორმაციას სულმოუთქმელად ველოდები.
***
შუაღამეს რომ ხუთი წუთი გადასცდა, ჯაბას აბებმა მოქმედება დაიწყო. კარლო მოზესი დასაძინებლად წვებოდა. უცებ მან მცუელზე იტაცა ხელი. ტუალეტში გავარდა და ყურადღებაც არ მიუქცევია კარმენისთვის, რომელსაც პირდაპირ სავარძელში ჩაეძინა. სანამ გამწარებული დონ კარლო უნიტაზზე იჯდა, ლიადოვის მეომარი გოგონები მას გამჭვირვალე სარკიდან უთვალთვალებდნენ. როდესაც დონ კარლომ თავისი საქმე დაასრულა, თავი მოიწესრიგა და ტუალეტიდან უნდა გამოსულიყო, სარკე უხმაუროდ გაიღო. საიდუმლო გვირაბიდან ნიღბიანი გოგონა გამოძვრა და „ობიექტს“ პულვერიზატორიდან სითხე სახეში შეასხა. იქვე მიაძინა და მხრებში ჩაავლო ხელი. მისმა მეწყვილემ კი გათიშული დონი ფეხებით დაითრია და მოზესი გვირაბში გააქანეს. ნიფხვისამარა, ძლევამოსილი კოლუმბიელი დონის კონსპირაციულ ბინაში მიყვანას სულ რაღაც ოცი წუთი დასჭირდა. ოპერაცია რომ დასრულდა, ლიადოვმა მოზესს დახედა. შემდეგ ქერათმიან გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– როდის გაიღვიძებს?
– ზუსტად რვა საათის მერე, – მიუგო გოგონამ.
– ესე იგი, ცხრის ნახევარზე, – თქვა ლიადოვმა, – ყოჩაღ, ლუდოჩკა. იუველირული ნამუშევარია. თქვენს ჯგუფს შეუძლია, ბაზაზე დაბრუნდეს და მოსკოვში შევხვდებით. დაუყოვნებლივ გაემგზავრეთ.
გოგონები რომ წავიდნენ, ოცი წუთის შემდეგ კონსპირაციულ ბინაში ლეონიდ კოზლოვი მივიდა. ის ლიადოვს მიესალმა და ჰკითხა:
– როგორაა საქმე, ამხანაგო გენერალო?
რუსული მაფიის ბოსი ლიადოვმა საძინებელში გაიყვანა. მძინარე მოზესზე მიუთითა და უთხრა:
– აი, აქ გვყავს ეს ნიფხვიანი.
კოზლოვმა მოზესს დახედა და ირონიით თქვა:
– როგორ დაჟანგებულა კოლუმბიელი დონი.
– სწორედაც რომ, – გაეცინა ლიადოვს.
– რას უპირებთ?
– ჯართში უნდა ჩავაბაროთ, მაგრამ აქ არა.
– აბა, სად?
– მოსკოვში, ლიონჩიკ და ამის იქ ჩაყვანა შენზეა.
– დარდი ნუ გაქვთ, შეფუთულს ჩავიყვან.
– იცოდე, ფრთხილად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. საკუთარი თავით აგებ პასუხს.
– გასაგებია. ყველაფერი რიგზე იქნება, შეფ. ხვალ ამ დროს ეს ჯართი ადგილზე იქნება.
– რვა საათში გაიღვიძებს და ეს გაითვალისწინე. უფრო სწორად, შვიდსაათნახევარში.
– როგორც კი გაიღვიძებს, იავნანას ვუმღერებთ, – გაეცინა კოზლოვს, – ნახევარ საათში გავამგზავრებთ. ბიჭები მზად არიან და მელოდებიან.
– კეთილი. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. მე კი წავედი. ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო, – უთხრა ლიადოვმა კოზლოვს. გამოემშვიდობა და კონსპირაციული ბინა სათადარიგო გასასვლელით დატოვა.
დაღლილობის მიუხედავად, თადარიგის გენერალი პავლე ლიადოვი უზომოდ კმაყოფილი იყო შესრულებული სამუშაოთი და თავისი საცხოვრებლისკენ ფეხით გაემართა. პატარა სკვერში სკამზე ჩამოჯდა და მერაბ გამრეკელს დაშიფრული შეტყობინება გაუგზავნა: „ფანტომ-კალმარი გზაშია და ოცდაოთხ საათში ადგილზე იქნება. ჯაბამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თანახმაა და ამ დღეებში ჩამოვა“.
***
ისევე როგორც თბილისში, აბით დაძინებულ ჯინას ამჯერადაც პირველს გაეღვიძა. მან მძინარე ჯაბას დახედა. შემდეგ ის გააღვიძა და უთხრა:
– საყვარელო, ნუთუ არაფერი ყოფილა ჩვენ შორის?
– რას გულისხმობ, ძვირფასო? – კითხვა შეუბრუნა ჯაბამ ჯინას.
– სექსს.
– შე ძილისგუდავ, შენა. როგორც კი მოფერება ვცადე, იმ წამსვე ჩაგეძინა, – მიუგო ჯაბამ.
– უცნაურია, – თქვა ჯინამ. ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
– რომელი ხარ, – გასძახა ჯაბამ.
– ჯალალ, ჯამალი ვარ. გააღე. სასწრაფო საქმე მაქვს, – მოესმა ჯაბას
გაგრძელება შემდეგ ნომერში