კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შურისძიების იარაღი

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს, ედ კრუინის უამრავი, მკვლელობის იარაღად გამოყენებული ნივთი უნახავს – რას აღარ იყენებენ ადამიანები მეორე, საძულველი თუ საყვარელი ადამიანის მოსაკვდინებლად. მაგრამ, იმან, რაც დანაშაულის ადგილას მისულმა ნახა, მიუხედავად მისი ოცწლიანი მუშაობის სტაჟისა, შოკში ჩააგდო. გვამის გვერდით სისხლში მოსვრილი და შუაზე გადახსნილი თავის ქალა ეგდო. ბუნებრივია, რომ დარტყმის ძალამ დააზიანა ის ასე... მისტერ ეშერი – სწორედ მისი გვამი იყო სავარძელში. ადამიანის თავის ქალის ჩარტყმისგან საფეთქელზე იარა მოუჩანდა. ედ კრუინის უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და სიგარეტს მოუკიდა. ეჭვმიტანილიც იქვე იყო – ეშერის თანაშემწე დუგლას ფალკონერი. კრუინიმ თავის თანაშემწეს გადახედა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თავის ქალისთვის თვალის არიდებას.

– საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვერასდროს დავიჯერებდი, – ჩაიჩურჩულა ფერწასულმა და შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი მოიწმინდა.

– ჰო, ცუდი სანახავია ნამდვილად. ეშერს, ეტყობა, უცნაური ნივთები უყვარდა და მისი პროფესიიდან გამომდინარე, ეს გასაკვირიც არ იყო – მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის გამქრალი ტომების ისტორიის მკვლევარი გახლდათ. საკმაოდ წონიანი ფიგურაც იყო ამ დარგში. მას მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში იწვევდნენ ლექციების წასაკითხად. საინტერესოა, რა უნდა გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი. ფული?!

ფილიპ ეშერის მისაღები ოთახი უფრო ცენტრალური ამერიკის ხალხთა მუზეუმის ძვირფასად მოწყობილ ფილიალს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ საცხოვრებელს. კაბინეტში თუ საზარელმა და უჩვეულო სანახაობამ დაზაფრა გამომძიებლები, სასტუმრო ოთახში მოწიწების განცდა გაუჩნდათ. იქვე იჯდა დუგლას ფალკონერიც – ერთადერთი სავარაუდო მკვლელი. ის აბსოლუტურად უწყინარი ჩანდა. უწყინარი და სუსტი... გამომძიებელმა ამოიოხრა.

– მოდი, დავიწყოთ... ალბათ, იცით, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ხართ.

ფალკონერმა უსასოდ გაიღიმა.

– საჭირო არ არის. ძალიანაც ნუ იწვალებთ. მე მოვკალი, დამალვას აზრი არა აქვს. თავიდან კი მინდოდა, ყველაფერი ისე მომეწყო, თითქოს საყაჩაღოდ შემოსულ ვიღაც დამნაშავეს შემოაკვდა, მაგრამ ბოლოს ხომ მაინც გაიგებდით...

ედმა თანაშემწეს გადახედა.

– კარგი... ესე იგი, აიღე ეს თავის ქალა და შენს უფროსს თავი გაუხეთქე... ერთად ხომ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით. კონფლიქტი ადრეც გქონიათ?

– არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. ასეთი რაღაც არ ყოფილა. მასთან ოცდახუთი წელი ვიმუშავე... ჰო, ამ თავის ქალათი მოვკალი... თაროდან ავიღე, იქვე, საწერ მაგიდასთან რომ არის...

– მიზეზს არ გვეტყვი?

ფალკონერმა უხმოდ დაუქნია თავი.

– როგორც იცით, ეშერის მდივანი ვიყავი. ძალიან ცნობილი, სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მდიდარიც. მას ეკუთვნის ეს უზარმაზარი სახლი და კიდევ მდიდრული ვილა ესპანურ სტილში, ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში... ულამაზესი ცოლი ჰყავდა. მე კი მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში ჩავიდინე. ეშერი საშინელი კაცი იყო. მასთან მუშაობას ძალიან მშვიდი ნერვები და დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა...

– მაგრამ, თქვენ მაინც რჩებოდით მასთან.

– დიახ და საამისო მიზეზიც მქონდა... ეშერის იუმორის სპეციფიკურმა გრძნობამ გამაგიჟა და ამაში სწორედ ეს თავის ქალაცაა დამნაშავე.

– როგორ?!

– ვცდილობ, მოგიყვეთ. ეშერი ძალიან ცივსისხლიანი ადამიანი გახლდათ. მას სიკვდილისაც არ ეშინოდა. ექვსი წლის წინ მისი ულამაზესი ცოლი ტრაგიკულად დაიღუპა... მეც ამ სახლში ვცხოვრობდი, პირველ სართულზე, მარცხენა ფლიგელში... სხვათა შორის, ერთხელ ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა და თითქმის გადავწყვიტე, ეშერისგან წასვლა. ოთხი თვის წინ ვაპირებდი ამის გაკეთებას, მაგრამ მან კატეგორიული უარი მითხრა და მოკვლითაც დამემუქრა. მითხრა, სხვანაირად მე არ მექნება გარანტია, რომ შენ ჩუმად იქნებიო.

– ჩუმად რის გამო უნდა ყოფილიყავით? რას გულისხმობთ?

– გეტყვით. საქმე ისაა, რომ ეშერის ცოლი უბედური შემთხვევით არ დაღუპულა...

– რა?

– დიახ. ექვსი წლის წინ... საზაფხულო ვილაში ეშერმა თავის ცოლს საყვარელთან ერთად მიუსწრო. ეს ვილა პონტრეის ტბასთან მდებარეობდა. ეშერს ზოგჯერ იქ უყვარდა მუშაობა, მაგრამ იმ მომენტისთვის იქ არ უნდა ყოფილიყო. ამ ექვსი წლის განმავლობაში, ეშერის ბრძანებით, მე სისტემატურად ვატყუებდი გამოძიებას... დასკვნაში წერია, რომ ეშერის ცოლი და მისი საყვარელი გაზით გაიგუდნენ. არადა, სექტემბერი იყო... ხომ გესმით. მე იმ დღეს ქალაქში რაღაც საქმეები მქონდა და ვილაში მხოლოდ საღამოს მივედი. ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო. მილდრედიც დასთან უნდა ყოფილიყო. მაგრამ... ამ მამაკაცს არავინ იცნობდა. ეტყობა, ეშერს დიდი ხნის განმავლობაში ღალატობდა... ეშერმა თქვა, რომ როცა სახლში შემოვიდა, გარდაცვლილები საწოლში ნახა...

– და, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი ეშერმა დახოცა? თუ ეს მხოლოდ ეჭვია...

– არა. უკვე ზუსტად ვიცი, რომ მათ სიკვდილში ეშერის ხელი ურევია. თვითონ მითხრა.

– ამიტომაც მოკალით?

– არა, ამიტომ არ მომიკლავს. მამაკაცი ვარ და რაღაცნაირად გავუგე. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცე ხასიათით არ გამოვირჩევი.

–  მაშინ, რა იყო მკვლელობის მიზეზი?! თუ ექვსი წელი დუმდით, დღეს დილით რა მოხდა? ისევ ფიზიკური განადგურებით დაგემუქრათ?

– დღეს დილით საშინელი რაღაც გავიგე. ეშერმა სრული სიმართლე მითხრა. საშინელი, ამაზრზენი და ძარღვებში სისხლის გამყინავი სიმართლე... როცა ცოლი და საყვარელი საწოლში ნახა, ბედნიერები და სასიყვარულოდ შემართულები, მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა, ეთილის სპირტით გათიშა და მერე გაზი გაუშვა... თანამონაწილე მეც გამოვედი ამ ყველაფერში, რადგან ვფარავდი მკვლელს მთელი ექვსი წლის განმავლობაში. თუმცა, ესეც არ გამხდარა ეშერის მოკვლის მიზეზი...

გამომძიებელმა ამოიოხრა.

– გეტყვით იმ მთავარს...

– ეს თავის ქალა... – ფალკონერი უცებ აღელდა და თავზე იტაცა ხელები... – ჰო, ეს თავის ქალა მილდრედის არის. მთელი ექვსი წელი თაროზე ედო და ვუყურებდი იმ ქალის თავის ქალას, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იყო... ეშერმა იცოდა, რომ მისი ცოლი მიყვარდა. ხვდებოდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს სიტყვაც არავისთან დამცდენია ჩემი გრძნობის შესახებ... მილდრედისთვისაც კი არაფერი მითქვამს... თავის ქალათი მახსენებდა, რომ შეეძლო, მეც ცინიკურად მოვეკალი. ამიტომაც გამოვიყენე ის მკვლელობის იარაღად. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას, თუკი გაიგებდით, რომ ექვსი წელი მუშაობდით იმ კაბინეტში და ყოველდღე სტელაჟზე ხედავდით იმ ქალის თავის ქალას, რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარდათ?

скачать dle 11.3