რა გამოცდას უწყობდა სტალინი პოლიტბიუროს წევრებს
იოსებ სტალინი თავის ხელქვეითებს დროგამოშვებით პატარ-პატარა გამოცდებს უწყობდა და ამგვარად ამოწმებდა მათ კეთილსაიმედოობასა და ერთგულებას, როგორც საკუთარი თავის, ასევე სახელმწიფოს მიმართაც. სტალინი ისეთი ოსტატობითა და მრავალფეროვნებით ახორციელებდა მსგავს შემოწმებებს, რომ შეუძლებელი იყო, დაედგინათ, სიმართლეს ამბობდა დიდი ბელადი თუ, უბრალოდ, ამოწმებდა მათ.
სტალინის 70 წლის იუბილესადმი მზადება ქვეყანამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდანვე დაიწყო. მართალია, სტალინი წინააღმდეგი იყო ყოველგვარი პომპეზურობისა და მაინცდამაინც არ ახალისებდა იუბილეს ასე გრანდიოზულად აღნიშვნა, მაგრამ წინ ვერ აღუდგა ხალხის ნებას და საკუთარი დაბადების დღისადმი მზადების აკრძალვის ბრძანება აღარ გაუცია. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიდგა სტალინის ათასობით ძეგლი, გამოიცა მრავალი წიგნი მის შესახებ და უამრავ დასახლებულ პუნქტსა და საწარმოს მიენიჭა დიდი ბელადის სახელი. ერთი სიტყვით, დეკემბრის მეორე დეკადისთვის მზადება უკვე დასრულებული იყო. ყველა 21 დეკემბერს ელოდა, როცა დიდ თეატრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართებოდა, რომლის შემდეგაც კრემლში დიდი ბანკეტი ეწყობოდა, რომელზეც ორი ათასი ადამიანი იყო დაპატიჟებული. მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, მას მკვირცხლი გონება, ანალიზის უნარი და შეუპოვრობა, სრულად ჰქონდა შენარჩუნებული და მასზე უფრო ახალგაზრდა თანამშრომლებს სჯობნიდა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ამხელა კაცი (იმის გათვალისწინებით, რომ ის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით თამბაქოს ეწეოდა), შეუსვენებლივ ხუთ კილომეტრს ცურავდა, თითქმის ყველა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ზუსტად ისროდა მიზანში და თავისზე თითქმის ორჯერ ახალგაზრდა ქალთან (მე ბოდიშს ვიხდი ასეთი მაგალითისთვის) შეეძლო მთელი ღამე გაეტარებინა. ერთადერთი, რაც სტალინს არ იტაცებდა, ავტომობილის მართვა იყო, მაგრამ მას ეს საქმეც ბრწყინვალედ ეხერხებოდა. თუმცა, ძალიან იშვიათად ჯდებოდა საჭესთან და ამ საქმეს თავის მძღოლებს ანდობდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთობ უჩვეულოდ, პროვოკაციული იყო ამერიკულ ჟურნალ „თაიმსში“ დაბეჭდილი, ვითომდა, სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც სტალინი ლამის დავარდნილ, უუნარო ბერიკაცად ჰყავდათ დახატული. როდესაც ეს სტატია დიდმა ბელადმა წაიკითხა, ირონიულად გაიცინა და მიბრძანა: „ერთი კვირის წინ უცხოელ დიპლომატებს შევპირდი, რომ ჩვენი არმიის ყოფა-ცხოვრებას გავაცნობდი. ხვალ „ცეესკას“ ახალი აუზი იხსნება და თადარიგი დაიჭირე, რომ ყველანი გახსნაზე იყვნენ დაპატიჟებულნი. თან, არ დაავიწყდეთ საცურაო კომპლექტების წამოღება. მაგ ვაჟბატონებმა პირადად შეიგრძნონ ჩვენი არწივების (სტალინი საბჭოთა სამხედროებს გულისხმობდა) სიმამაცისა და თავდადების საიდუმლო. ხვალინდელ ცერემონიალს ერთი სამხედრო ატაშეც არ დააკლდეს. მათთვის პატარა სიურპრიზი მაქვს და საკუთარი თვალით დარწმუნდებიან, რატომაა რუსი ჯარისკაცი ყველა სხვაზე ძლიერი“. მე, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გადავეცი სტალინის ბრძანება შესაბამის უწყებას, რომელმაც უცხოეთის დიპლომატიურ კორპუსს მოსაწვევები დაუგზავნა. მეორე დღეს, ანუ 9 დეკემბერს, დღის 3 საათზე „ცეესკას“ ახალი სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიალი იყო დანიშნული, რომელსაც უკლებლივ ყველა ელჩი და სამხედრო ატაშე ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც სტალინმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა და წითელი ლენტი გადაჭრა, მან სტუმრებს შესთავაზა: „გთხოვთ, პირველებმა თქვენ ნახოთ, როგორ კომფორტულ პირობებში უწევთ მუშაობა და დასვენება საბჭოთა სამხედროებს“. ყველას აუზში ბანაობა შესთავაზა, თავად კი გასახდელისკენ გაეშურა...
სამიოდე წუთში წყლიდან ყველა მოცურავე ამოვიდა, რომლებმაც მეტი ცურვა ვეღარ შეძლეს. მხოლოდ სტალინი დარჩა წყალში. დიდი ბელადი, თითქოს არაფერიო, მარტო, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, ლაღად, თევზივით ცურავდა უცხოელი დიპლომატების თვალწინ, რომლებიც თვალებგაფართოებულები შესცქეროდნენ ამ სანახაობას. სტალინმა ცურვა დაამთავრა, მკვირცხლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე ამოვიდა წყლიდან და გასახდელისკენ გაეშურა. იგივე გააკეთეს სხვებმა და თხუთმეტი წუთის შემდეგ, უკვე ჩაცმულმა და მოწესრიგებულმა სტალინმა სტუმრებს ტირში ჩასვლა შესთავაზა. „ცეესკას“ კომპლექსში ხუთი უზარმაზარი ტირი სარდაფში იყო განთავსებული. იქ საბჭოთა ოფიცრები ხვეწდნენ თავიანთ ოსტატობას სხვადასხვა სისტემის იარაღებიდან. სტალინმა უცხოელ სამხედრო ატაშეებს შეჯიბრების გამართვა შესთავაზა, რაც მათ სიამოვნებით მიიღეს. როგორც პისტოლეტიდან და რევოლვერიდან, ასევე შაშხანიდან და ავტომატიდან სროლაში საბჭოთა ოფიცრებმა იმარჯვეს, რამაც დიდი ბელადი გაახარა და ეს თავშეკავებული ღიმილით გამოხატა. ბოლოს სტალინმა თავისი საყვარელი იარაღი, გრძელლულიანი „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი აიღო, 50 მეტრიდან შვიდი ტყვია გაისროლა მიზანში და ყველა „ათიანში” მოარტყა. სტალინმა იარაღი დადო, გაშეშებულ და გაოცებულ დიპლომატებს მიუბრუნდა და მიუგო: „მე, ბატონებო, ერთ-ერთი, ყველაზე ცუდი მსროლელი ვარ იმათთან შედარებით, ვისაც ყოველდღიურად, სხვადასხვა უბანზე ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების დაცვა უწევს. ჩემი შედეგები თქვენ უკვე ნახეთ და დარწმუნდით, რომ არცთუ ისე ურიგოდ გამომდის. სხვები უკეთესები არიან და აი, სწორედ ამიტომაა რუსი ჯარისკაცი ყველაზე ძლიერი მსოფლიოში“. სტალინმა ამ სიტყვების შემდეგ დიპლომატები მიატოვა და ჩვენ კრემლისკენ გავემგზავრეთ. რამდენიმე დღეში ჟურნალ „თაიმსის“ უახლეს ნომერში „ცეესკას“ სპორტულ კომპლექსში მომხდარი ამბები დაწვრილებით დაიბეჭდა. სამწუხაროდ, იქ არ იყო ფოტოები, რადგან გადაღების უფლება ჩვენ არ მიგვიცია ჟურნალისტებისთვის. „თაიმსის“ პუბლიკაცია ერთგვარ გასწორებას ჰგავდა იმ სულელური სტატიისა, რომელიც წინა ნომერში დაიბეჭდა.
14 დეკემბერს კრემლში პოლიტბიუროს წევრთა (სულ ათი კაცი ესწრებოდა სტალინის გარდა) ვიწრო შეხვედრა გაიმართა, რომლის შინაარსი წინასწარ არავინ იცოდა. სხდომას ესწრებოდნენ: სტალინი, მოლოტოვი, ბერია, მალენკოვი, კაგანოვიჩი, მიქოიანი, ხრუშჩოვი, ვოროშილოვი, კალინინი, ანდრეევი და ჩუბარი. ყველანი მოუთმენლად ელოდნენ დიდი ბელადის გამოჩენას. სტალინი შემოვიდა, ხელით ანიშნა, დასხედითო და მოულოდნელად თქვა: „ერთ კვირაში 70 წლის ვხდები. უკვე დიდი ხანია, სახელმწიფოს ვხელმძღვანელობ, მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს. გადავწყვიტე, იმ წლის ბოლოსთვის თანამდებობიდან გადავდგე“. აქ მან პაუზა გააკეთა და პოლიტბიუროს წევრებს გადახედა, რომლებიც გასუსული უმზერდნენ დიდ ბელადს. მეც იქ ვიმყოფებოდი და სიმართლე რომ ვთქვა, სტალინის სიტყვები არ გამკვირვებია. სტალინს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, იფიქრებდი, სიმართლეს ამბობსო. ერთი სიტყვით, ბელადმა პოლიტბიუროს წევრებს შესთავაზა, ფარული კენჭისყრა ჩაეტარებინათ. ათივეს ფურცლებზე უნდა დაეწერა იმ ადამიანის (იქ მყოფთა) გვარი, ვისაც სტალინის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ და ასეთი მარტივი გზით აერჩიათ პარტიისა და სახელმწიფოს მეთაური, რომელიც 1950 წლის 1 იანვრიდან გაუძღვებოდა საბჭოთა კავშირს. მოკლედ, მას შემდეგ, რაც სტალინმა ფურცლები წინ დაიწყო და გვარების კითხვას შეუდგა, აღმოჩნდა, რომ იქ დამსწრე ათი კაციდან, ცხრას თითო ხმა ჰქონდა და მხოლოდ ერთ ფურცელზე და ისიც ქართულ ენაზე, ეწერა: „სტალინი“. ქართულენოვანი წარწერა, რა თქმა უნდა, ბერიასი იყო, ხოლო დანარჩენებმა საკუთარ თავს მისცეს ხმა. სტალინმა ბერიას შეხედა და ღიმილით ჩაილაპარაკა: „ერთი ხმა გაუქმებულია, რადგან ბიულეტენი არასწორადაა შევსებული, ხოლო დანარჩენმა სწორმა ბიულეტენებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ხელახალ კენჭისყრას გთავაზობთ“. თან, დასძინა: „ამხანაგ ბერიას ხმის უფლება ჩამოერთვა“. განმეორებითი კენჭისყრის დროს ცხრავე ფურცელზე სტალინის გვარი ეწერა და როდესაც სტალინი მათ ათვალიერებდა, ღიმილი არ მოსცილებია სახიდან. ბოლოს დიდმა ბელადმა ირონიით ჩაილაპარაკა: „გასწავლით, გასწავლით, მაგრამ იმდენი ეშმაკობაც არ გყოფნით, საკუთარი სურვილები ასე ღიად არ გაამჟღავნოთ.“ შემდეგ მან ბერიას შეხედა და ირონიული ღიმილით დატოვა დარბაზი. პოლიტბიუროს წევრები (ბერიას გარდა) გაქვავებული ისხდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ, ბერია კი რიგრიგობით უყურებდა მათ თვალებში და უსიტყვოდ იღიმებოდა. უცებ კარი გაიღო, სტალინმა თავი შემოყო და მხიარულად ჩაილაპარაკა: „რა ლოდებივით სხედხართ, ჩემო მემკვიდრე ბელადებო, წავიდეთ, ვახშამზე გეპატიჟებით“.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით