ინტიმური საუბრები
ველი ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში დამაბრუნებს
ვარ მარტოხელა და მარტოსული ადამიანი. ჩემი უმცროსი ძმა მეუბნება, ფიზიკურად მარტო იმიტომ დარჩი, რომ სულიერადაც მარტო ხარო. ალბათ, მართალია, მაგრამ ახსნა საქმეს ვერ შველის. ამდენი წელია, გამოსავალს ვეძებ და ვერ მიპოვია. ამ წერილსაც ჩემი ძმის ძალდატანებით გწერთ. ასე მითხრა, ვინმეს გულს ბოლომდე რომ გადაუშლი, კომპლექსები მოგეხსნება და უფრო ადვილად იპოვი საერთო ენას ადამიანებთანო. არ ვიცი, მართლა ასე მოხდება თუ არა, მაგრამ მაინც დავუჯერე, რადგან ძალიან დავიღალე მარტოობით. თუმცა, ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ. იყო დრო, მთელი სამეგობროს სული და გული ვიყავი და გოგოები ბუზებივით მეხვეოდნენ, მაგრამ, ერთ დღესაც, მოულოდნელად, სადღაც ჩემ შიგნით რაღაც მოხდა და ყველაფრის ინტერესი დავკარგე, შესაბამისად, ჩამოვცილდი ყველა მეგობარს, გავშორდი ახალ შერთულ ცოლს და სახლში ჩავიკეტე. ბევრს ეგონა, რომ გავაფრინე და გარკვეული ხნის განმავლობაში როგორც გიჟს, ისე მექცეოდნენ, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ „გარეკილი“ არ ვიყავი, მობეზრდათ ლოლიავი და ნელ-ნელა ყველამ დამანება თავი. ძალიან მენატრება ჩემი ცოლი, რომელიც ახლაც მიყვარს და, სიმართლე გითხრათ, იმიტომ არ ვცდილობ მასთან შერიგებას, რომ, არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში და აღარ მინდა, ხელმეორედ მივაყენო ტკივილი. საკუთარი თავის რწმენა რატომ დავკარგე, არ ვიცი, ამ მომენტს ვერ ვაფიქსირებ, მაგრამ, როცა ელემენტარულად ვურთიერთობ სხვა ადამიანთან, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ვერ მოვიპოვებ მის ნდობას და მერე თვითონ აღარ მინდება მასთან ურთიერთობა. არ ვიცი, რა ჰქვია ამას? ნამდვილად არ ვაპირებ არანაირ ექიმთან მისვლას, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს – ვარ ჩემთვის მშვიდად და წყნარად, არავინ მაწუხებს, არავინ მიშლის ნერვებს... თუმცა ხანდახან მაინც მომენატრებიან ხოლმე ზოგიერთები, მაგრამ, იმდენი ხანია, არ დავკონტაქტებივარ, რომ დარეკვისაც კი მერიდება. თან, იმის შიშიც მაქვს, ვაითუ მართლა გიჟი ვგონივარ ვინმეს და საერთოდ აღარ მოისურვონ ჩემთან ურთიერთობა-მეთქი. არადა, რომ გამოჩნდებოდეს ვინმე, ვინც მომისმენს და გამიგებს, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამივლის და ისევ ისეთი გავხდები, როგორიც ყველას ვუყვარდი და მოვწონდი. მაგრამ, ვის აქვს იმის თავი, რომ ჩემნაირ მუდო, საკუთარ თავში ჩაკეტილ და უხალისო ადამიანთან ურთიერთობაში დაკარგოს დრო და დახარჯოს ნერვები?! ამას ვერავის დააძალებ, ასეთ რამეს მხოლოდ ძალიან ახლობელი, გულწრფელად გულშემატკივარი ადამიანი თუ გააკეთებს, ისიც საკუთარი სურვილით. ამიტომ, სხვა გზა არ დამრჩენია, ვზივარ და ველი ისეთი ვინმეს გამოჩენას, რომელიც ხელახლა მაპოვნინებს საკუთარ თავს და ისევ დამაბრუნებს საზოგადოებაში.
ვახო, 41 წლის.