სად არ უნდოდა დედის ყოფნა მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილს და რატომ აიღო თავის თავზე შვილიშვილის გაზრდა გივი ბერიკაშვილმა
14 თებერვალს კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის 22 წლის უმშვენიერესი ქალიშვილი – ანო მაისურაძე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობზე, ნიკა ნანიტაშვილზე გათხოვდა. წყვილი უკვე შვილს ელოდება. თუ რა როლი ითამაშა თავად მანანა ბერიკაშვილმა შვილის გაბედნირებაში; საერთოდ, როგორი დედაა ის; როგორი ბაბუაა და როგორი მამობა გაუწია გივი ბერიკაშვილმა შვილიშვილს; როგორი ურთიერთობა აქვს ანოს დღეს მამასთან – ყველაფერ ამაზე ჩვენი პატარძალი-რესპონდენტი მოგიყვებათ, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი და იმავდროულად, კლასიკური მუსიკის ძალიან კარგი შემსრულებელია.
– მანანა ბერიკაშვილი გარეშე თვალისთვის, ვინც მას არ იცნობს, ცოტა ხისტი და პრინციპული ქალი ჩანს. როგორია ის ოჯახში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში?
– მანანა ჩემთვის ყველაფერია, უპირველესად, მეგობარი. გამიგია, რომ უთქვამთ – ჩვენ ვმეგობრობთ დედა-შვილიო. ყველას თავისი შემთხვევა განსაკუთრებული ჰგონია, მაგრამ ჩვენ მართლაც ასე ვართ. პირად ცხოვრებაში, სწავლაში თუ სხვა საქმეში, არ ყოფილა შემთხვევა, რამე დამემალა მისთვის. სურვილიც არ მქონია ამის, თუმცა არის რაღაცეები, რასაც საერთოდ, არავის ვუყვები. ჩემთვის ვიტოვებ და ეს, მგონი, ყველას აქვს. რაც შეეხება სიმკაცრეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არ არის მკაცრი. მაგრამ, აქვს მოთმინების დიდი ფიალა. ამიტომ, ყოველთვის ვერიდები, გული არ ვატკინო. ჩემთვის მისი მოთმინების ფიალის ავსება, ნიშნავს, როცა მე მას გულს ვტკენ. ძალიან სწყინს, თუმცა რადილკალური მანანა არ მახსოვს. ყოველთვის ერთად მივდიოდით კონკრეტულ დასკვნამდე.
– მართალია, ყველა მშობელი ზრუნავს შვილზე, მაგრამ მე მაინტერესებს, მანანა როგორ ახერხებდა ამას.
– მე უფრო ბებიის (დედის დედა) გაზრდილი ვარ. იმიტომ რომ, დედა ყოველთვის მიუწვდომელი იყო ჩემთვის – მუდმივად მუშაობდა და ან ტელევიზორში ვხედავდი ან სცენაზე. მაგრამ, მანანას ყველაზე დიდი წვლილი ჩემს აღზრდაში იყო ის, რომ ყოველთვის მაგალითი გახლდათ ჩემთვის. ყოველთვის მხიბლავდა მისი ურთიერთობები, უპირველესად, ახალგაზრდებთან, ცნობილ ხალხთან. ყველასთან ახერხებს დიპლომატიურ ურთიერთობას და მე ვფიქრომ, ეს ნიჭია. მისი პროფესიაც ძალიან მჭიდრო კავშირშია მის ამ თვისებასთან. თუ არ გაქვს ეს ნიჭი პედაგოგიკაში, რეჟისურაში, არაფერი გამოგივა.
– სკოლაში თუ მიჰყავდი და მოჰყავდი; თუ გამეცადინებდა; თუ დაჰყავდი სადმე წრეზე; თუ გეჯდა ხოლმე საწოლთან და გესაუბრებოდა?
– უი, არა. ვხუმრობ კიდეც, რომ ბავშვობიდან ვეხვეწებოდი: დედა, ამაზე მატარე, იმაზე მატარე-მეთქი. ის მომენტი არ ყოფილა, რომ რამეს მაძალებდა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი და უზრუნველყოფილი ვიყავი ყველაფრით, რაც მჭირდებოდა, მაგრამ მანანა ჩემს სწავლა-განათლებაში ნამდვილად არ ჩარეულა. როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, რუსული, ინგლისური – არაფერი გაუგია. მე ისეთ სკოლაში ვსწავლობდი („წმიდა გიორგის სახელობის”), რომ არც მჭირდებოდა ზედმეტად მომზადება, შემდეგ გადავედი ბრიტანულ სკოლაში. ოჯახში ყველა ყველანაირად მეხმარებოდა, მაგრამ ძირითადად, თვითონ ვაგვარებდი ჩემი სწავლა-განათლების საკითხს.
– ძალიან მიკვირს. მე მეგონა, მანანა ბერიკაშვილი ძალიან მზრუნველი დედა იყო ამ თვალსაზრისით.
– ცდილობს, არ მიმითითოს და თვითონ მივხვდე. ცხვირი წავიტეხო მირჩევნია, რომ მერე, თვითონ მივხვდე.
– შენი ოჯახიდან წასვლა, ალბათ, ძალიან გაუჭირდა ბებიას და ბაბუას?
– ორი წელია, რაც გივის და ლეილას გარეშე ვცხოვრობთ მე და მანანა. ახლა ჩემი ქმარი დაგვემატა. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიჩვეული ვიყავი და მათ გარეშე ვერ წარმომედგინა, მაგრამ ახლოს ვცხოვრობთ და ხშირი კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან.
– მამამ რა როლი ითამაშა შენს ცხოვრებაში?
– პატარა ვიყავი, როცა დაშორდნენ ერთმანეთს. მე ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მამასთან. მყავს ძმები, და, დისშვილები და თუ რაღაც პერიოდი იყო, რომ არ გვქონდა ისეთი მჭიდრო ურთიერთობა, როგორიც ზოგადად აქვთ მამა-შვილს, ასე მგონია, ეს არაფერს ნიშნავს. ის ისეთი ადამიანია, რომ არ მაგრძნობინებს და ვცდილობ, მეც არ ვაგრძნობინო ეს. მთავარია, ახლა ჩვენ ვმეგობრობთ, საერთო ინტერესები გვაქვს. ამიტომ, არ გამჭირვებია, არ მქონია დისტანცია ან აგრესია. ადამიანი ხარ და შეიძლება, რაღაც გეწყინოს, გაბრაზდე, მაგრამ მერე, როცა უფიქრდები, ხვდები, რომ ყველაფერი სისულელეა. ერთი დედა გყავს, ერთი მამა და რა უნდა გქონდეს სადავო, არ არის კინკლაობის დრო.
– დედა რას გეუბნებოდა მამაზე. უნდოდა, მამასთან გქონოდა ურთიერთობა თუ არა?
– დღევანდელი ჩემი ურთიერთობა მამაჩემთან, ასი პროცენტით მანანას დამსახურებაა. არ მახსოვს, ერთხელ მაინც რამე ცუდი ეთქვას მამაჩემზე, პირიქით, სულ მიყვებოდა მასზე.
– არ განიცდიდი, რომ მშობლები ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობდნენ?
– გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მქონია სინანულის განცდა, იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო გივი. გივი იყო ჩემთვის ბაბუაც და მამაც, ყველაფერს მიკეთებდა. თან, ავტორიტეტი იყო და ძალიან ამაყი დავდიოდი, სკოლაში რომ მაკითხავდა. ხანდახან დედაზე მეტსაც კი აკეთებდა გივი. ალბათ, უცნაურია, მაგრამ ამის დეფიციტი არ მქონია. პირიქით, ყოველთვის ვიყავი მზრუნველი ადამიანებით გარშემორტყმული. თან, პირველი შვილიშვილი ვიყავი გივისთვის და მთელი მათი ყურდაღება ჩემზე იყო გადმოსული. დღეს მყავს მამა, ძმები, რომლებიც ძალიან მგვანან და მიყვარს ორივე.
– როდის გააცნობიერე, რომ ცნობილ ოჯახში იზრდებოდი, პოპულარული ბაბუის გვერდით, თუ ამას ვერ ამჩნევდი და ის მაინც ბაბუად რჩებოდა შენთვის?
– დიახ, ჩემთვის გივი მაინც ყოველთვის იყო ბაბუა. ბავშვობიდან ისე მუდმივი მდგომარეობა იყო ეს, – კამერები, სცენა, ცნობილი ადამიანები, რომ აღარ მიკვირდა, გაოცების მომენტი აღარ მქონია. ხანდახან მეგონა, რომ ყველა ბაბუა ასეთია. გივი ყოველთვის იყო ჩემთვის წარმატებული.
– მაინც როგორი იყო შენთან მანანა, სრულ თავისუფლებას გაძლევდა? ის სიმკაცრე, რაც ზოგადად, აქვთ მამებს შვილების მიმართ, მანანას არ ჰქონია თავის თავზე აღებული?
– რაღაც მომენტებში, მინდოდა რომ ეჩხუბა, ყოფილიყო ძალიან მკაცრი, რადიკალური, იმიტომ რომ, მისი ერთი შემოხედვა: რაც გინდა ის ქენი, შვილო – ჩემთვის იყო გასაგიჟებელი. მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, დავესაჯე, ვეცემე, ყველაფერი მერჩივნა.
– დედამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება”, რომელმაც შენი პირადი ცხოვრება განსაზღვრა. ჯერ ის მითხარი, შენ, პროფესიით ჟურნალისტი როგორ მოხვდი ამ სპექტაკლში?
– გეტყვით, რატომ მოინდომა მანანამ ჩემი ამ სპექტაკლში თამაში. მე კარგად ვმღერი, კლასიკური ვოკალით ვარ დაინტერესებული. ჩემი რაღაც გეგმები მაქვს სიმღერასთან დაკავშირებით, მოკლედ... მითხრა: თუ გინდა, მოდი და რაღაც წაიმღერეო. მთავარი როლის შემსრულებლის დუბლიც ვარ და მას პატარა პრობლემები ჰქონდა, ვერ მოვიდა სპექტაკლზე. ასე, ნელ-ნელა, შეპარვით, შევესისხლხორცე ამ დადგმას. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან, თან უნდა მემღერა და მეცეკვა... ამ სპექტაკლში თამაშობს ჩემი მეუღლეც – ნიკა, რომელიც მაშინ არ იყო მეუღლე. თავიდან გავიცანი როგორც ყველა. გავუგეთ ერთმანეთს, მივხვდი, რომ რაღაცეებში ძალიან ერთნაირები ვართ. მე მანამდეც მქონია რაღაც ურთიერთობები, გატაცება, მაგრამ იმდენად გავუგე ამ ადამიანს, მალე გადაწყდა ეს ამბავი. ჯვრისწერაც არ გვქონია, უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ.
– მანანამ შეამჩნია თქვენი ურთიერთობა?