რატომ აღიქვა ემოციურად „გრუშასთან“ ჩხუბის სცენა შაკო ჭეიშვილმა და რისთვის გახდა საჭირო გადაღების დროს გიორგი ლიფონავას ჩარევა
შაკო ჭეიშვილი კიდევ ერთი ახალი სახეა, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე გამოჩნდა პაპუნა ამილახვრის როლში. ის ცოტნე ცოტაშვილის კოალიციაში „გამოჩენილი ადამიანების შვილიშვილების“ პარტიის ლიდერია. რომელმაც თვალი ეკაკოს დაადგა და ამის გამო, გრუშასთანაც მოუვიდა „ძველბიჭური“ საქმის გარჩევა. შაკოს რეალურ ცხოვრებაში არსებობს ქალბატონი, რომელზედაც ის უზომოდაა შეყვარებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ისინი ერთად არ არიან. თუ რა მიზეზია ეს, ჰყავს თუ არა მსახიობს რეალურ ცხოვრებაში სახელოვანი წინაპრები და რით იყო დაკავებული წლების წინ, ამას მისგან შეიტყობთ.
შაკო ჭეიშვილი: თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. იქ ძალიან კარგ მსახიობებთან ერთად ვსწავლობდი. მათ შორის იყვნენ: ნიკუშა გომელაური, დათო დარჩია, მანანა კაზაკოვა, ირაკლი კონტრიძე, ხათუნა ბერძენიშვილი და სხვა. იმ პერიოდში, ვმღეროდი კიდეც. ეს, ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ჰობი იყო. 16 წლის ვიყავი, როცა ბუთხუზი ბასილაიას „ივერიაში“ უნდოდა ჩემი აყვანა. გამაფრთხილა, ახლა გარდამავალ ასაკში ხარ და ერთი-ორი წელი არ იმღერო, ხმა არ გაგიფუჭდესო. ზუსტად მაშინ ვიმღერე (იცინის). პირველი სიმღერა ლიზა ბაგრატიონთან ჩავწერე, შემდეგ ლელა წურწუმიასთან. ჯემალ ბაღაშვილს უნდოდა, რომ „მღერიან და ხუმრობენ ვარსკვლავები” წამეყვანა თამუნა ამონაშვილთან ერთად, მაგრამ იმ პერიოდში საზღვარგარეთ წავედი და აღარ გამოვიდა ეს ამბავი. ჩემი პირველი კონცერტი ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებით საღამოზე გაიმართა. შემდეგ იყო საღამოები ფილარმონიაში. ნოტები არ ვიცი და მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ მე თვითონაც დავწერე სიმღერა „ვერიუ ია“, რომელზეც მოგვიანებით კლიპიც გადავიღეთ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თეატრებში უნდა გავენაწილებინეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე არ წავედი თეატრში. მე და რამდენიმე ბიჭმა გადავწყვიტეთ, სასტუმრო „აჭარაში“ ჯაზ-კლუბი გაგვეკეთებინა. ეს იყო ჩემი მეგობრების კლუბი. ეს ერთადერთი ჯაზ-კლუბი იყო იმ დროს, სადაც მღეროდნენ: ჯარჯი მაღალაშვილი, დინი ვირსალაძე, მაია ბარათაშვილი, ქეთი ფარესაშვილი. იქ ძალიან კარგი ცხრა წელი გავატარეთ. მერე ჯაზ-კლუბმაც შეწყვიტა არსებობა და მეც დიდი ხნის განმავლობაში პაუზა მქონდა. სცენაზე კარგა ხანი აღარ დავმდგარვარ არც სიმღერისთვის და არც როლის შესასრულებლად. ყველა მთხოვდა, რომ მემღერა, მაგრამ აღარ ვმღეროდი.
– რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის შეწყვეტა?
– არ ვიცი. ალბათ, ჩემი ხასიათის ბრალია. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავდივარ ხოლმე. ამას ისიც დაემთხვა, რომ ოჯახური პრობლემები მქონდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ისე მოხდა, საერთოდ შევწყვიტე სიმღერა და შემდეგ სხვა სფეროში დავიწყე მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიყვანა. ძალიან მიყვარს სპორტი და სამი წელი სპორტულ დეპარტამენტში ვმუშაობდი. მერე ჩემმა მეგობარმა და თანაკლასელმა ალეკო ახვლედიანმა მიმიყვანა „თბილისი 2015“ ფესტივალზე. ოლიმპიურ კომიტეტში შიდა ღონისძიებების სამსახურის უფროსად დავიწყე მუშაობა. ცოტა ხნის წინ კი უსაფრთხოების დეპარტამენტში გადავედი, იგივე ფესტივალის ფარგლებში.
– ამ ყველაფრის შემდეგ, სერიალში როგორ მოხვდით?
– ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, ერთი კლიპი როგორ არ უნდა გქონდესო და მერე, გიორგი კიკალეიშვილმა გადაიღო კლიპი ჩემს სიმღერაზე „ვერიუ ია“. ამას მოჰყვა მეორე კლიპი, რომელიც ბასა ხარაზბამ და დაჩი დარჩიამ გადამიღეს. მესამე კი ირაკლი ჯაოშვილმა გადაიღო ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე, რომელშიც ანი ქორქიაა ჩემი პარტნიორი. პირველ კლიპში კი მე და ლიკა ქორქია ვართ. ვხუმრობ ხოლმე, არცერთ ქართველ მომღერალს არ აქვს დებ ქორქიებთან კლიპი, მარტო მე მყავს ორივე-მეთქი. სერიალს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ მასზე ძალიან ნიჭიერი ხალხი მუშაობს. ირაკლი საღინაძე (პროდიუსერი – ავტორი) და ქეთი დევდარიანი (სცენარისტი) ჩემი მეგობრები არიან. მათ ნანახი ჰქონდათ ჩემი კლიპები, მიცნობდნენ და ჩემი გადაღებაც მოინდომეს პაპუნა ამილახვრის როლზე, რომელიც „გამოჩენილი ადამიანების შვილიშვილების პარტიის“ ლიდერია ცოტნეს პარტიაში. ახლა ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მაქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკურად მიჭირს ამ ყველაფრის კეთება. გადაღებისას გავსულვარ, წამალი დამილევია და მერე ისევ გამიგრძელებია თამაში. სისტემატურად წამლების ქვეშ ვარ.
– თქვენი გმირი „გამოჩენილი ადამიანების შვილიშვილების პარტიის“ ლიდერია. რეალობაშიც ხომ არ გყავდათ გამოჩენილი წინაპარი?
– კი, ასეთი ადამიანი ბაბუაჩემი იყო. ის სამხედრო გენერალი გახლდათ და ამიერკავკასიაში არსებულ ციხეებს კურირებდა. ასე რომ, მეც გამოჩენილი ოჯახიდან ვარ (იცინის). თუმცა, სერიალში ამის გამო არ მივუწვევივართ.
– გადაღების პროცესი როგორია?
– პროცესი ძალიან საინტერესოა. წლების წინ, მე მგონი, გრუშაზე მეტად ავარდნილი ბიჭი ვიყავი (იცინის). სამეგობროშიც სულ ცნობილი და ვაჟკაცი ბიჭები მყავდა. ჩხუბის სცენას რომ ვიღებდით გრუშას ძველ ბიჭობაზე, მართლა ემოციური რეაქცია მქონდა და ხელითაც კი მოვქაჩე. მერე გიორგი ლიფონავა ჩაერია: იმან უნდა დაგჩაგროს, ის არის ძველი ბიჭიო, მითხრა. თუმცა, ჩემი ხასიათიც რომ დაინახა, კარგი, ვითომ, შენი გმირიც ვაჟკაცია და არ უთმობს ადვილადო. თავისი რეჟისორული ხედვით შეაჯერა და ძალიან კარგად გააკეთა. მომდევნო სერიებში კიდევ ბევრი ნაღმია ჩადებული და როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის.
– რთული პერიოდები ახსენეთ. კონკრეტულად რას გულისხმობდით?
– ძალიან ემოციური ვარ და რთული ხასიათი მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ დღემდე არ ვარ დაოჯახებული და შვილიც არ მყავს. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან არა, მაგრამ რამდენიმესთან მქონდა ურთიერთობა. მთელი ცხოვრება სიყვარულის ძიებაში ვიყავი, რასაც ჩემი ნერვები და ემოციები ეწირებოდა. თანდათან, უფრო რთული ხასიათი მიყალიბდებოდა. ალბათ, ხდება ცხოვრებაში, როცა ღმერთი რაღაცას გაძლევს, მაგრამ შენ მას ვერ ხედავ. შეიძლება, ადამიანი შენ გვერდით იყოს, მაგრამ ვერ ამჩნევდე. მერე კი უცებ შენში დიდი ტრანსფორმირება მოხდეს, დიდი სინანული გაიარო, მოიძიო დიდი გრძნობა და გამოვიდეს ისე, რომ გიყვარს ერთი ადამიანი და ახლა ის ვერ ხედავს ამ სიყვარულს. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ძალიან რთულად ვიტან ასეთ რამეს. ახლა ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც მიყვარს. ეს არის ია სეფიაშვილი. მაგრამ ჩემი შეცდომის გამო, სამი თვეა, დავშორდით. შეიძლება, ეს დრო ვიღაცისთვის ცოტაა, მაგრამ ჩემთვის ეს, ორმოცდაოთხი წელიწადი აღმოჩნდა. მე რეალურად, იმ ადამიანის გარეშე ცხოვრება არ მინდა. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. დაშვებულ შეცდომას ძალიან ვნანობ. იმდენად, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა. ძალიან რთული პერიოდი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალშიც მიღებენ და სხვაგანაც ვმუშაობ, ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. ამბობენ, ღმერთი იმდენ გასაჭირს გიგზავნის, რამდენის ატანაც შეგიძლიაო, მაგრამ მე ახლა ისეთ რთულ სიტუაციაში ვარ, არ ვიცი. მამაოც და მეგობრებიც მეუბნებიან, იმდენს ნუ იზამ, რომ ვეღარ გამოძვრე ამ სიტუაციიდანო. ღმერთი საკუთარი თავისთვის ცუდის გაკეთების უფლებას არ გვაძლევს. ახლა უკვე გზაგასაყარზე ვარ. ღმერთის და ჩემი სიყვარულის იმედად ვარ. მინდა, დაშვებული შეცდომები გამოვასწორო და იას ჩემი ნამდვილი თვისებები დავანახვო. იმისთვის რომ ვიცოცხლო და ისიც ვაცოცხლო. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
– მაშინ, ვუთხრათ იას, რომ კარგად დაფიქრდეს?!
– ველოდები, რომ მან ისეთად დამინახოს, როგორიცაა სინამდვილეში შაკო ჭეიშვილი. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. იასთვის, ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ რადგან ამას ღმერთი ხედავს, იმედია, ისიც დაინახავს.