როგორ დაიწყო თამუნა რცხილაძემ ბარსელონაში ხელნაკეთი სამკაულების დამზადება და როგორ აარჩიეს ის „ივ სენ ლორანის“ მოდის სახლის ოფიციალურ ბუტიკში სამუშაოდ
ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თამუნა რცხილაძე წლების განმავლობაში ესპანეთში, კერძოდ კი, ბარსელონაში ცხოვრობს. თამუნა მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. მან არაერთ საქმეში მოსინჯა საკუთარი ძალები და ყველგან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. იყო წარმატებული ჩოგბურთელი, შემდეგ მოდელი, ვიზაჟისტი, ახლა კი ულამაზეს სამკაულებს ამზადებს, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ ფეისბუქ-გვერდზე www.facebook.com/bijouxtami და ინსტაგრამზე: tami_bijoux.
თამუნა რცხილაძე: დაახლოებით ერთი წელია, რაც სამკაულების კეთება დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი, შემდეგ ძალიან მომეწონა ეს საქმე და ახლა ბარსელონაში უკვე საკმაოდ კარგად ავაწყვე – ვყიდი ჩემს ნაკეთობებს და მოსწონს ხალხს. ჯერჯერობით ესპანურ, კორეულ, იაპონურ ბაზარზე გავდივარ, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვყიდი. აქ, ვალენსიაში მულტიბრენდული მაღაზიაა. მათთვისაც ვამზადებ სამკაულებს და გარდა ამისა, ონლაინ იყიდება.
– რატომ დაინტერესდი ამ საქმით?
– საქართველოში რომ ვიყავი, ფოტოგრაფიას ვსწავლობდი, მერე აქ – ხატვას, მაკიაჟს. ანუ, ხელოვნება სულ მაინტერესებდა. მამაჩემი ხომ პროფესიით მხატვარია. არ ვმღერი, მაგრამ ეს ნიჭი ალბათ მამისგან გამომყვა. ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ ჩემი ხელით გაკეთებული ნივთები დამრჩენოდა. ჯერ ჰობი იყო, მერე უფრო დავინტერესდი და ჩამითრია. ჩემთვის რომ ვიკეთებდი, მერე ხალხი მთხოვდა: მეც გამიკეთე, მეც მინდაო. რომ მივხვდი, ხალხს ძალიან მოსწონდა, უფრო გავაქტიურდი და გაყიდვებიც დავიწყე.
– რისგან ამზადებ, როგორი ტექნოლოგიით?
– ესპანურად ჰქვია Fimo, ინგლისურად Polymer clay – მთელი პროცესია: იძერწება, მერე ფორმას აძლევ და შემდეგ სპეციალურ ღუმელში აშრობ, რის შედეგადაც ქვასავით ხდება და მისგან ამზადებ სამკაულებს. რამდენიმე ფერს ურევ, ახამებ. თავად უნდა მიხვდე, რა ფერი რასთან შეახამო, რომ ის მიიღო, რაც გინდა. არ არის ადვილი ტექნოლოგია. დრო სჭირდება, ბევრი მუშაობა, ნერვებიც, მაგრამ შედეგი მერე ძალიან სასიამოვნოა. ვაკეთებ ბეჭდებს, საყურეებს, სამაჯურებს, მძივებს. რაც მთავარია, ადამიანს ვაძლევ იმის გარანტიას, მისთვის რომ გავაკეთებ პროდუქტს, ის აუცილებლად იქნება ერთადერთი, ექსკლუზიური. შეიძლება, ვინმემ ისეთივე მომთხოვოს, მაგრამ აუცილებლად სხვა დამატებით დეტალს შევიტან, მაინც განსხვავებული იქნება. პატარა სახელოსნო მაქვს, სახლთან ახლოს და იქ ვმუშაობ ჯერჯერობით მარტო. სამომავლოდ, იდეაში მაქვს, ამ მასალით გავაკეთო კლაჩები, ჩანთები. ვნახოთ, რა იქნება. იაპონელებს განსაკუთრებით მოსწონთ ყვავილებიანი სამკაულები, ასეთებზე მაქვს ახლა შეკვეთა და მეც ვმუშაობ. მერე მინდა, ჩემი კოლექციებიც გავაკეთო, გავაფართოო, რომ უფრო საინტერესო იყოს ხალხისთვის. ჩემი ხაზი ჩამოვაყალიბო და მერე სახელი რომ დაერქმევა, შეიძლება, ცნობილ ადამიანებსაც შევთავაზო, პრეზენტაციაც მოვაწყო.
– ესპანეთში ძალინ ბევრ პროფესიაში მოსინჯე ძალები: ჩოგბურთი, მოდელობა, ვიზაჟი. ბოლოს მოდის კვირეულებზეც გიწვევდნენ, როგორც ვიზაჟისტს, ასევე სერიალებზე.
– ჯერ იყო ჩოგბურთი, შემდეგ სხვადასხვა ცნობილ მარკებთან ვმუშაობდი. ვიზაჟისტიც იმიტომ გავხდი და დღემდე მაქვს ამ სფეროსთან კავშირი, რომ ხატვა სულ მომწონდა, მიყვარდა. როცა აკადემიაში ვსწავლობდი ვიზაჟს, დროს არ ვკარგავდი, პრაქტიკაზე არ ვამბობდი უარს – მივდიოდი, აქტიურად ვმუშაობდი. ეს იმაში დამეხმარა, რომ ხალხი გავიცანი, კონტაქტები დავამყარე და შემდეგ ვმუშაობდი სერიალებზე, მოდის კვირეულზე. სიმართლე გითხრა, ეს საკმაოდ საინტერესო იყო. მაგრამ, ძალიან დამღლელი, რთული და დატვირთული რიტმია. დილის 4 საათზე მზად უნდა იყო. მთელი დღის განმავლობაში ყველანაირ სიტუაციაში გიწევს მოხვედრა, სიცივეში, სიცხეში. მაგრამ ამ ადამიანებთან მუშაობა სიამოვნებაა. თუმცა, აქ ყოველდღე მოდის კვირეული არ არის, სერიალებსაც არ იღებენ. თუ რამე საინტერესო შემოთავაზება იქნება, არ ვიტყვი უარს. უბრალოდ, ახლა მირჩევნია, საკუთარ თავზე ვიმუშაო, შევქმნა რაღაცეები. ზოგადად, სადაც ვმუშაობდი, ყველაფერი მაინც ერთ დიდ წრედ იკვრებოდა და საბოლოოდ, ხელოვნებას უკავშირდებოდა. თუმცა ყველაფერს, ალბათ, თავისი პერიოდი, ასაკი აქვს და ამ ეტაპმა გადაიარა. მე ახლა უკვე სხვა ინტერესები მაქვს.
– როგორ იღებს შენს ახალ-ახალ პროფესიებს მეუღლე?
– მეუბნება: მთავარია, შენ იგრძნო თავი კარგად, შენ მოგწონდეს, ბედნიერი იყო შენს საქმეში და მე გვერდში დაგიდგებიო. ორივე მთელი დღე ვმუშაობთ, ღამით მოვდივართ ხოლმე. კვირაობით ვცდილობთ, ერთად წავიდეთ სადმე, ერთად გავატაროთ დრო. მეც ისევე მინდა, დავუდგე გვერდში, როგორც ის მიდგას. სხვათა შორის, სამკაულებთან დაკავშირებითაც გამოთქვამს თავის აზრს. მეუბნება: ეს მომწონს, ის... მეც მის ყველა აზრს ვითვალისწინებ.
– გარდა ამ საქმისა, სხვა რამითაც ხარ დაკავებული, ყოველდღიური სამსახურიც გაქვს?
– ბარსელონაში ვმუშაობ „ივ სენ ლორანის” ოფიციალურ ბუტიკში დაახლოებით წელიწად-ნახევარია, მენეჯერის ასისტენტად. რაც აქ ვარ, სულ მოდის სამყაროში მიწევს ტრიალი, ვერ ავცდი. მანამდე ვმუშაობდი ემპირიო არმანის მაღაზიაში. შემდეგ დამირეკეს „ივ სენ ლორანის“ ბუტიკიდან, შემომთავაზეს სამსახური. დირექტორი მიცნობდა, იცოდა ჩემი მუშაობის შესახებ. სამჯერ მქონდა გასაუბრება, ბოლოს პარიზში, „ივ სენ ლორანის” ოფისში. სამი კანდიდატი იყო ჩემს გარდა და საბოლოოდ, მე ამიყვანეს. საკმაოდ საინტერესო სამუშაო მაქვს – პროდუქტი, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მიწევს პარიზშიც გამგზავრება, ტრენინგებზე, ან როცა ახალი კოლექცია გამოდის შოუ-რუმში; ან ჩვენი, ანუ „ივ სენ ლორანის მოდის სახლის“ დიზაინერს, ედი სლიმანს „ფეშენ-ვიქზე” გამოაქვს კოლექცია. მაშინ ხან დირექტორი მიდის, ხან – მე. ყოველთვის ვერ წახვალ. ბოლო ჩვენებაზე ვიყავი და ძალიან მომეწონა, აღფრთოვანებული დავრჩი მეც და საზოგადოებაც. ზოგადად, სადაც მიმუშვია, ყველაფერმა დიდი გამოცდილება მომიტანა, კონტაქტები, ნაცნობობა, სიახლეების სწავლა და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მომავალი წინსვლისთვის.