კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებებს კურნავდნენ საქართველოში მაგიური საშუალებებით და როგორ უმსუბუქებდნენ ადამიანებს ტკივილს ქვის ცქერით

ხალხური  მედიცინა დასაწყისს ადამიანის დასაბამთან ერთად იღებს, ის ხალხური კულტურის საინტერესო ფენომენია. ძველ საქართველოში  ტრადიციული ქართული კულტურა ბევრი თავისებურებით გამოირჩეოდა. მასზე დიდ გავლენას ახდენდა გარემო კლიმატური პირობები, სოციალური  თემატიკა.  ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ქართული ტრადიციული სახალხო მედიცინა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ ნუნუ მინდაძეს გავესაუბრეთ.  

 ნუნუ მინდაძე: საქართველოში დღემდე მოაღწია  ბევრმა უძველესმა ხალხურმა სამკურნალო საშუალებამ, წეს-ჩვეულებამ, რწმენა-წარმოდგენამ. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ ხალხური მედიცინა ჩვენთან მაღალ დონეზე იყო და საქართველოს უძველესი მოსახლეობა გარკვეულ სამედიცინო ცოდნას  ფლობდა. ბრინჯაოს ხანისა და შემდგომი პერიოდის განათხარ მასალაში გვხვდება ნამკურნალები ძვლები, ქირურგიული იარაღები – პინცეტი, სკალპელი, ნემსი, ზონდი. სხვადასხვა ეპოქის სამარხებში აღმოჩენილია ტრეპანირებული თავის ქალები და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთიანეთში, მათ შორის ხევსურეთში, ტრეპანაციის ხალხური პრაქტიკა უძველესი პერიოდიდან არსებობდა. ამისთვის გამოიყენებოდა  სპეციალური ქირურგიული  იარაღები.  ტრეპანაციას აკეთებდნენ ზემო სვანეთშიც. ეს იყო ტრავმაზე მკურნალობა ქირურგიული ჩარევით.  შესაძლოა,  დღეს  ეს  მეთოდები ძალიან გულუბრყვილოდ  მოჩანდეს, მაგრამ მაშინდელი მეთოდები იმ დროსა და სივრცეში ძალიან ეფექტური და დახვეწილი იყო.  

– რა მეთოდით ხდებოდა ტკივილის გაყუჩება ასეთი რთული ჩარევის დროს?

– ქართულ ხალხურ მედიცინაში ცნობილია ოპერაციის დროს ტკივილის შეგრძნების შემსუბუქების ცდა. ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს აბრუებდნენ ალკოჰოლით. ზოგიერთი  დასტაქარი ოპერაციის მსვლელობისას ავადმყოფს აიძულებდა, ეცქირა ქვისთვის, ეს იწვევდა ავადმყოფის ყურადღების გადატანას სხვა საგანზე და მიუთითებდა, რომ ის ქვასავით მაგარი უნდა ყოფილიყო. ამ ხერხით შესაძლოა, მთიელი დასტაქრები იწვევდნენ ჰიპნოზურ მდგომარეობას, რაც ავადმყოფს უმსუბუქებდა ტკივილის შეგრძნებას.  

– რომელი  კუთხე რა  სახის დაავადებებით იყო გამორჩეული?

– აღსანიშნავია, რომ მთისა და ბარის განსხვავებული გეოკლიმატური პირობები განსაზღვრავდა დაავადებათა გავრცელების თავისებურებებს. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო ციება. როგორც ჩანს, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი იყო ეპილეფსიაც, რასაც ხალხი ბნედას უწოდებდა. დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეპილეფსიის წამალი, რომლის რეცეპტსაც  საიდუმლოდ ინახავდნენ.  რეცეპტი გადადიოდა  თაობიდან თაობაში. საოცარი ფაქტია, რომ ამ რეცეპტს ქალიშვილებს კი არა, რძლებს ასწავლიდნენ, რომ საიდუმლო გვარში დარჩენილიყო.  მთის გეოკლიმატური პირობები ხელს უშლიდა სხვადასხვა ეპიდემიური და ინფექციური დაავადების გავრცელებას. თუმცა, ამის მიუხედავად, მთაში მაინც იყო ასეთი შემთხვევები. საქართველოს მთიანეთში მკურნალობის ხელოვნებით სვანი და ხევსური დასტაქრები გამოირჩეოდნენ. ისინი მკურლობდნენ რთულ ტრავმებს, მოტეხილობებს, რაც მთაში ხშირი იყო.   მთიანეთში პოპულარულია თქმულება, რომლის მიხედვითაც, პირველი დასტაქარი სამკურნალო ცოდნას გველისგან ეზიარა. არსებობს ვარაუდი, რომ სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ საკმაოდ დიდი რაოდენობით გველისგამოსახულებიან ჭურჭელს. მას წამლის დასაყენებლად იყენებდნენ.  ბარში ხალხური მედიცინა ბევრად უფრო მრავალფეროვან საშუალებას მოიცავდა, სადაც შარდის ბუშტიდან ქვის ამოღების პრაქტიკაც  კი  იყო. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დასტურდება დასტაქართა საგვარეულოების არსებობა. მაღალ დონეზე იყო საოჯახო-საგვარეულო სამედიცინო ცოდნა. აქვე, უნდა ითქვას, სასულიერო პირთა სამკურნალო საქმიანობაზე. სამღვდელო პირთა, ბერ-მონაზონთა  ფუნქცია არა მხოლოდ სულიერი დახმარება,  საშუალო მედპერსონალის ფუნქციის შესრულებაც იყო. მათთვის სამედიცინო ცოდნა აუცილებლობაც კი გახლდათ.       

ბუნებრივი გარემო არცთუ იშვიათად  ხდებოდა ამა თუ იმ დაავადების გავრცელების მიზეზი. ამისთვის ძველი კოლხეთის მაგალითიც საკმარისია, სადაც ჭაობიანი გარემო იწვევდა სხვადასხვა დაავადებას, რაც უარყოფითად მოქმედებდა მოსახლეობის გამრავლებაზე.  ისტორიული წყაროებით, მალარიის სიხშირით იყო ცნობილი დასავლეთ საქართველოს დაბლობი.  ამ რეგიონში კვების  რაციონში წიწაკისა და ნივრის ჭარბი გამოყენება, ხალხური დაკვირვებით მალარიის პრევენციას უწყობდა ხელს.  ნიორი ასევე, გამოიყენებოდა ინფექციებისა და გადამდები ავადმყოფობების პრევენციისთვის. ძველად  ნიორს, ხახვსა და მწვავესუნიან მცენარეებს აპოთროპიული მიზნით, ავი სულების დასაფრთხობადაც იყენებდნენ. ჯანსაღ სამოსახლოდ საქართველოში ითვლებოდა მზიანი, მშრალი ადგილები. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წყლის სიახლოვეს. საუკეთესო სამოსახლოდ მიჩნეული იყო ადგილები, სადაც ჰავა ზომიერია – არც ცივია და არც ცხელი. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბალახს, ხეებს, ნარგავებს. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, კაკლის ხეს სახლთან ახლოს არ რგავდნენ, რადგან ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიაჩნდათ. კაკლის ხესთან იყო დაკავშირებული არაერთი  მოსაზრება – კაკლის ხე ავსულთა, ქაჯთა დროებით სამყოფლად ითვლებოდა და მზის ჩასვლის შემდეგ, მის ქვეშ გავლას, დაჯდომას ერიდებოდნენ. 

– ხალხურ მედიცინაში საკმაოდ აქტიურად მიმართავდნენ შავ მაგიასაც. 

– ადამიანი უძველესი დროიდან, სხვადასხვა სათხოვართან ერთად, ჯანმრთელობის შენარჩუნებას ევედრებოდა თაყვანისცემის ობიექტებს – ზეციურ ძალებს, ღმერთს, ღვთაებებს, წმინდანებს, მნათობებს, წმიდა ხეებსა თუ ადგილებს. ამას ვედრების, შესაწირავისა და შელოცვის სხვადასხვა რიტუალების ფორმა ჰქონდა.  მაგიურ-რელიგიურ  საშუალებებს  ხალხურ მედიცინაში ძირითადად, მიმართავდნენ ზოგიერთი შინაგანი დაავადების, ყელ-ყურ-ცხვირის, თვალის, ასევე, ფსიქიკური დარღვევებისა და ბავშვთა ინფექციების, სახადების დროს.  პრევენციულ და სამკურნალო მაგიაში გამოიყენებოდა უნივერსალური გამწმენდი საშუალებები – ცეცხლი, ცეცხლის სიმბოლო ნახშირი, წყალი. მათი წარმოდგენებით, დაავადებათა  გამომწვევი შესაძლოა ყოფილიყო  ბევრი მიზეზი –  ერთ-ერთ მიზეზად ითვლებოდა ავი თვალი. მიაჩნდათ ისიც, რომ ავი თვალი მეტწილად ჭრიდა მოუნათლავ ბავშვზე, დედათწესიან და მელოგინე ქალზე, ადამიანზე, რომელსაც მფარველი ანგელოზი არ იფარავდა. წარმოდგენები ავი თვალის შესახებ დღემდე არსებობს. ხალხური წარმოდგენით, ადამიანებისთვის საფრთხის შემცველი იყო ავი სულებიც. ავადმყოფი, ან მახინჯი ბავშვის დაბადებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქალის ავსულთან, უმეტესად, დევთან ინტიმური ურთიერთობით ან ბავშვის მშობლებისა თუ წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვით ხსნიდნენ.   უძველესი დროიდან მთვარის დაავადებად მიიჩნევდნენ ეპილეფსიას. მიაჩნდათ, რომ საყმაწვილო და ბნედა უმეტესად ახალ მთვარეზე დაბადებულ ბავშვებს ემართებოდათ. ხალხური დაკვირვებით, ზოგიერთ დაავადებაზე მზესაც ჰქონდა გავლენა. მაგალითად, შაკიკი მზის ამოსვლის შემდეგ იწყებოდა და მზის გადახრისას ყუჩდებოდა. ჰაერს უკავშირებდნენ დამბლას, ის ჰაერის ავსულის მიერ გამოწვეულ დაავადებად მიაჩნდათ. ბავშვთა ინფექციური და ფსიქიკური დაავადებების დროს გამოიყენებოდა სხვადასხვა მეთოდი, რომელიც დღემდე შემორჩა და დროს გაუძლო.  

скачать dle 11.3