რის სწავლაში გადაიხადა 2013 წელს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა 5 113 აშშ დოლარი
აწ უკვე თითქმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი 1964 წლის მაისშია დაბადებული საგარეჯოს რაიონში. უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი ბიოგრაფია საგარეჯოს რაიონულ პროკურატურაში დაიწყო 1990 წელს, სადაც მან გამომძიებლად 1994 წლამდე იმუშავა; 1994-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო აპარატის გამომძიებლად გადაიყვანეს, 1997 წელს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო აპარატის უფროსის მოადგილეც გახდა. 1999 წელს კახეთის პროკურორად დააწინაურეს, 2001 წელს კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორად დანიშნეს, 2002-2003 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო, ხოლო 2003-2004 წლებში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, იმავე წლებში მოასწრო, ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის, ფონდებისა და პარტიების რეგისტრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეც. 2005 წლიდან, ვიდრე 2012-მდე „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი გახლდათ, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან კი, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია და ბოლო მომენტამდე, სანამ პრემიერ-მინისტრი მის კანდიდატურას ცოლს დანატრული ბ-ნი ხოკრიშვილის ადგილას დანიშნავდა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
რაკი ხანგრძლივი ჩინოვნიკური გზა გაიარა, ბ-ნი აგულაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კახეთის საოლქო პროკურორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1972 წელს დაბადებული მეუღლე ქეთევან გილაშვილი და ორი შვილი – გიორგი და ლუკა. იმხანად აგულაშვილების ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება გიგლა აგულაშვილის საკუთრება იყო, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა თბილისში, 20 000 ლარად ღირებული, სააგარაკე მიწა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, 7 000 ლარად ღირებული, 6 000-ლარიანი ავტომანქანა და 7 000 ლარად ღირებული ავტოფარეხი. დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდ ფულად, გიგლა აგულაშვილს ჰქონდა 23 000 ლარი, მის მეუღლეს – 30 000 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 1999 წლის განმავლობაში გიგლა აგულაშვილმა, როგორც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, 998 ლარი აიღო, როგორც საოლქო პროკურორმა კი მხოლოდ – 450 ლარი. 2000 წლის განმავლობაში გიგილა აგულაშვილის საოლქო პროკურორის წლიურმა ხელფასმა 2 480 ლარი შეადგინა, მან, ასევე, შემოსავალი, 460 ლარი, მიიღო საიას მიერ მოწყობილ სემინარზე ლექციების წაკითხვით. 2001 წელს გიგლა აგულაშვილის წლიური სახელფასო შემოსავალი 3 131 ლარი იყო, რომელიც მან მიიღო, როგორც კახეთის საოლქო პროკურორმა, შემდეგ – როგორც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა და ბოლოს, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ; ასევე, როგორც ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტისა და პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორმა. ნაღდ ფულად კი მას და მის მეუღლეს, საერთო ჯამში, 50 000 ლარი ჰქონდათ. 2002 წელს გიგლა აგულაშვილმა, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 6 837 ლარი აიღო და შეიძინა ახალი ავტომანქანა 10 500 ლარად. 2003 წელს გიგლა აგულაშვილს შეეძინა მესამე ვაჟი – მათე. იმ წელს დეკლარაციის შევსების მომენტში, ოჯახის ყველა წევრს, საერთო ჯამში, ნაღდ ფულად 50 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავალს: გიგლა აგულაშვილმა წლიურ ხელფასად 3 107 ლარი აიღო.
შემდეგ მის დეკლარაციებში წყვეტაა, რადგან საჯარო სამსახურში არ ყოფილა, 2012 წლამდე, როდესაც პარლამენტის წევრი გახდა. მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. იმ დროისთვის აგულაშვილების ოჯახის ქონება შემდეგნაირი იყო: გიგლა აგულაშვილს ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი წავკისში (1 000კვ.მ), საცხოვრებელი სახლი თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (83კვ.მ), არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე (49.91 კვ.მ), არასაცხოვრებელი ფართის მესამედი წილი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (254,55 კვ.მ), მიწის ორი ნაკვეთი ბადიაურში (4 402 და 880 კვ. მ) და 2000 წლის ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“. ქეთევან გილაშვილს კი ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე (100 კვ.მ) და ჰყავდა 2008 წლის ავტომანქანა „სუძუკი გრანდ ვიტარა“. 2013 წლის განმავლობაში გიგლა აგულაშვილმა, როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, 66 373 ლარი აიღო. 2013 წელს მას გასავალიც ჰქონია, კერძოდ: ლუკა აგულაშვილის სწავლის საფასური 19 000 ლარი დაუჯდა, მათე აგულაშვილის – 3 500 ლარი, საკუთარი – 5 113 აშშ დოლარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავება კი – 8 000 ლარი. სამაგიეროდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ იმავე წელს 25 000 ლარი მოუტანა.