რკინის თავით მკვნეტელი
ანუ „რამდენიც რუსის ბარაბანს არ მოხვედრია“
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა თავისებურად უბერავს; შესაძლოა, ამიტომაც, 9 მაისის პატივსაცემად, მაგალითად, რფ-ის ორლოვსკის ოლქის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვინმე ალექსანდრ მურომსკიმ, თავის გამოყენებით გინესის რეკორდი დაამყარა.
არც მეტი, არც ნაკლები, მან საკუთარი თავით მეტალის შეკვრა გადაღუნა. თუმცა მთლად მოუმზადებლადაც არ ჩაუდენია ეს საგინესო საქციელი, გაჩინოვნიკებამდე იგი ძალისმიერი ექსტრემალური ჯგუფის – „რუსსკიე ბოგატირის“ კაპიტანი ყოფილა (ანუ თავი გავარჯიშებული ჰქონია).
რკინის თავით მკვნეტელმა რეკორდი კოსტიუმირებულმა ჩაატარა – რაკი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს მიუძღვნა, ტანთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა ჯარისკაცის სამხედრო ფორმა ემოსა.
აქვე ისიც უნდა შევნიშნო, რომ ეს ხსენებული ბატონის რიგით მეცხრე რეკორდია (რომლის სერტიფიკატიც უკვე გადაეცა). მე, სამწუხაროდ, არ ვიცი, რა სახეობებში დაამყარა მან წინა რვა, თუმცა, რაკი ამ ბოლო შემთხვევაში წამყვანი ორგანო თავია, არც ისაა გამორიცხული, მეათე სერტიფიკატის აღება თავით აგურების მსხვრევაში მოისურვოს, რაშიც ჩვენც შეგვეძლო, შევშველებოდით (ცხადია, აგურების გადამმსხვრევლის ამპლუაში). –