სასიამოვნო წვრილმანი
ანუ როგორ მოუკვდა მეზობელს „ძროხა“
ვლადიმირ პუტინი და რეჯიბ ტაიპ ერდოღანი დიდი ზარ-ზემით შეხვდნენ ერთმანეთს რფ-ისთვის დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების გარიჟრაჟზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ და გაზსადენის მშენებლობაზეც რუსეთიდან, შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთისკენ (რამაც ჩვენი გულები გვარიანად შეაშფოთა, ვინაიდან ჩვენს მილსადენებს ლამისაა წყალი შესდგომოდათ), მაგრამ, ხანი გამოხდა და, ჯერ არშეყრილთა გზები თითქოს გაიყარა.
გავრცელებული ინფორმაციით, „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობა გადაიდო, ოფიციალური ვერსიით, იმის გამო, რომ რუსულ „გაზპრომსა“ და თურქულ კომპანია „ბოტას“ მოლაპარაკებები გაუჭიანურდათ.
მხარეები, მართალია, შეთანხმდნენ ფასდაკლებაზე, ოღონდ, ფორმულაზე ვერ რიგდებიანო (ვერც მორიგებულან – ). ამასობაში კი ორივე კომპანია ზარალდება, მაგალითად, „გაზპრომს“ უკვე დაუკარგავს რამდენიმე ასეული მილიონი ევრო (ერთი – ათასად), „ბოტა“ კი ვერ ახერხებს ფასდაკლების მიღებას და რუსულ გაზში კვლავაც ევროპულ საშუალო ფასზე – 100 დოლარზე მეტს იხდის.
თუმცა, როგორც ამბობენ, გაჭიანურების მიზეზი მხოლოდ გაზის ფასი არაა, ანკარას პრ. პუტინის ერევანში ვიზიტისას სომეხთა გენოციდზე გაკეთებული განცხადება არ ეპიტნავა. ხოლო, რაკი სიტყვამ ერევანი მოიტანა, სომხურ ანდაზას გავიხსენებ – მეზობელს ძროხა მოუკვდა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაზსადენს ვერ აშენებს), წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო. –