ეგზემის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა და სწორი კვება
ეგზემას ახასიათებს კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქების გაჩენა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული, ენდოკრინული, იმუნური სისტემების მოშლა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, დისბაქტერიოზი და ალერგია, ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი დაძაბვა, არასწორი კვება.
ეგზემის დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება კატაბალახას ძირების, ორკბილასა და გვირილის ყვავილებისგან; კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ჩამოთვლილი მცენარე თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. ნაყენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. აბაზანის მისაღებად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ. სალბის, ორკბილას, კრაზანას, გვირილის, პიტნისა და მრავალძარღვას ნარევისგან დამზადებული ნაყენი. ასევე, კარგია სახამებელიანი და მუხის ქერქის აბაზანები.
ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან გამორიცხეთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ნესვი, ანანასი, კაკაო, ყავა, შოკოლადი, რძე, შებოლილი პროდუქტები, მწარე და ცხარე საკვები, ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული პროდუქტები, ასევე, საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები – მაგალითად: მაწონი და ხაჭო, მზესუმზირის ზეთი, ვაშლი, ქლიავი, ალუბალი. ყოველდღიურად ჭამეთ ბოსტნეულის სალათები. მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და წიდებისგან. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ამისთვის კარგი საშუალებაა რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური. ჭარხალი მოხარშეთ და დილა-საღამოს მიირთვით, კერძებში კი გამოიყენეთ ნიახური. შეგიძლიათ, სვათ ნიახურის წვენი, კერძოდ, 1 ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ.
ნუ გააღიზიანებთ კუჭს
იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვით. ამით კუჭი მიეჩვევა, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა. სადილამდე ერთი საათით ადრე, დალიეთ ერთი ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი. ის მდიდარია ტუტე ლითონებით და მათი მარილებით. ამიტომ, ის ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად. ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.
მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებს, რადგან, პირის ღრუს და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს. ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი კი, მწნილი იქნება ეს თუ მცენარეული სალათა, ზრდის მადას. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ მთავარი კერძი მიირთვათ და ზემონახსენები საკვები შემდეგ დააყოლოთ.
შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით ნამცხვარი, შოკოლადი, თაფლი, მურაბა და არ დალიოთ ტკბილი წვენები.
კამა ბევრ დაავადებას კურნავს
ხალხურ მედიცინაში არსებობს რეცეპტები, უძველესი დროიდან რომ იყენებდნენ და უამრავი დაავადება ბუნებრივი საშუალებით იკურნება. ამ მხრივ გამოირჩეოდა კამა.
კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითებისას, ერთ სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნაყენი, ჭამამდე, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე.
ქრონიკული კოლიტის დროს, ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ნახევარი საათით. დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაწლავთა გაუვალობის, ყაბზობისა და ნერვული გადაღლის დროს, დალიეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლისა და ერთი ჭიქა რძის ნაზავი. ოღონდ რძე და კამა ათი წუთით უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე.
სისხლნაკლებობის დროს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ან თავად კამა, დაასხით ერთი ჭიქა რძე, ადუღეთ ათი წუთი. წვენი მიირთვით დღეში სამჯერ.
ღამით, შარდის შეუკავებლობის დროს, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ოთხი საათი თავდახურულ ჭურჭელში. ნახარში დალიეთ ვახშმის შემდეგ.
გააკონტროლეთ საკვების მიღების დრო
დილა ბრინჯის ფაფით დაიწყეთ, რადგან, ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში. ასევე, მას აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.
საღამოს საათებში, ძილის წინ, ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
ასე რომ, გააკონტროლეთ საკვების მიღების დრო და ნუ დაურღვევთ ორგანიზმს სიმშვიდეს გარკვეული პროდუქტების გარკვეულ პერიოდში მიღებით.
ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლაზე საკვების გარდა, სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას
ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს. ის ისევე აუცილებელია ორგანიზმისთვის, როგორც წყალი, ვიტამინები, ცილები, ნახშირწყლები და სხვა ნივთიერებები.
ორგანიზმის უჯრედები ქოლესტერინს მემბრანების საშენ მასალად იყენებს. მისგან ხდება სასქესო ჰორმონების, ნაღვლის მჟავისა და D3 ვიტამინის სინთეზი. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით საჭიროებს და მოიხმარს საკვერცხეები, სათესლე ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები და პლაცენტა.
განსაკუთრებული მოთხოვნილება ქოლესტერინზე აქვს თავის ტვინსა და ნერვულ სისტემას. სისხლის წითელ უჯრედებს, ანუ ერითროციტებს ჰემოლიზური შხამებისგან სწორედ ეს ნაერთი იცავს. ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში ქოლესტერინის მუდმივი დონე რეგულირდება უკუკავშირის პრინციპით, კერძოდ, საკვებთან ერთად ქოლესტერინის ჭარბად მიღებისას მისი ბიოსინთეზი უჯრედებში ითრგუნება. ადამიანს კონტროლის ეს მექანიზმი არ გააჩნია, ამიტომ ქოლესტერინის შემცველობამ სისხლში შეიძლება, მნიშვნელოვნად მოიმატოს, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, ეს კი ხელს უწყობს ორგანიზმისთვის მავნე პროცესთა განვითარებას, მაგალითად: ნაღველში კენჭების წარმოქმნას, ნაღვლის სადინარების დაცობას, ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას და სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ბალთების ჩალაგებას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონეზე. ასევე, გაირკვა ისიც, რომ ადამიანმა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული რომ მიირთვას, რომლებშიც ფაქტობრივად, არ არის ქოლესტერინი, მისი ორგანიზმი საკუთარი რესურსებიდან თავად მოახდენს ამ ნივთიერების წარმოქმნას, რადგან ქოლესტერინის დაახლოებით 40 პროცენტს ვიღებთ საკვებთან ერთად, დანარჩენს კი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ცხიმოვანი მჟავებისგან.
ცხიმიანი საკვების მოყვარულებს, ქოლესტერინით მდიდარ, განსაკუთრებით – ღორის ხორცის ხშირად მომხმარებლებს, ზოგჯერ სისხლში ქოლესტერინის სრულიად ნორმალური დონე აქვს, ზოგი კი უმკაცრეს დიეტას იცავს და ამ ნივთიერების სისხლში რეგულირებას მაინც ვერ ახერხებს. არადა, იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარება დაკავშირებულია ცხიმოვანი საკვების მიღებასთან.
ქოლესტერინის ცვლაზე საკვების გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას, კერძოდ: კვების რეჟიმი, სიგარეტის მოწევა, ასაკი, გუნება-განწყობის ცვლილება, ფიზიკური დატვირთვა, გონებრივი მუშაობა და ასე შემდეგ.
ვისაც ტკბილეული უყვარს, სექსში პრობლემა არ ემუქრება
ქინძი კარგი საშუალებაა სექსუალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციას, ხელს უწყობს მამაკაცებში სპერმატოზოიდების, ხოლო ქალებში – რეპროდუქციული სისტემის გააქტიურებას.
მიხაკ-დარიჩინი კარგი საშუალებაა ადამიანის სექსუალურობის ასამაღლებლად, თუმცა, მისმა გადამეტებულმა მოხმარებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სექსუალური აგრესია და აგზნება.
ასევე, მუსკატის კაკალიც სასიკეთო ძვრებს იწვევს ორგანიზმში, თუმცა, მისი გადამეტება საპირისპირო შედეგს იძლევა, კერძოდ, ადუნებს ორგანიზმს.
ვისაც ტკბილეული უყვარს, მას სექსში პრობლემა არ ემუქრება, რადგან ვანილი, რომელსაც ტკბილეული შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური პოტენციის ამაღლებაზე, კერძოდ, ადამიანი მისი მიღების შემდეგ განსაკუთრებით აქტიურია.
მზესუმზირის, სიმინდისა და სოიის ზეთებზე მომზადებული საკვები დაბერების პროცესს ანელებს
E ვიტამინი ბევრია მზესუმზირის, სიმინდისა და სოიის ზეთებში. ის ანელებს სიბერის პროცესს, ასევე, შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეწინააღმდეგება ორგანიზმის დაბინძურებას ჟანგვის პროდუქტებით, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს.
მარგარინისა და კარაქის მოყვარულებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნური და ნერვული სისტემების მოშლა, ვიდრე მათ, ვინც მცენარეულ ცხიმს ანიჭებს უპირატესობას.
ცხოველური ცხიმების მოყვარული ადამიანები უფრო აგრესიულები, გაუწონასწორებლები არიან და ასევე, ცუდად იტანენ სტრესს. მათი კანი მალე ბერდება, კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.