მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მინდა, რომ ვიცხოვრო უფლის მცნებებით, მაგრამ ძალიან განვიცდი, რას ამბობენ ჩემზე, ხომ არ მჭორავენ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ნუ შეგეშინდებათ ადამიანთა მიერ თქმული ჭორისა და დაცინვის, ეს ეშმაკის სენია. იმაზე იფიქრეთ, რას იტყვის თქვენზე უფალი, ანგელოზები და წმიდანები.
კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ ჩემი თავი გავწვრთნა მოთმინებაში?
პასუხი: თუ ვინმემ უდანაშაულოდ გაწყენინათ, გაიხსენეთ ის ცოდვები, რომლებიც უფლის წინაშე გაქვთ ჩადენილი და ამ შეგნებით დამდაბლდით. ამ გზით წარემატებით ამ სათნოებაში.
კითხვა: რა არის მთავრობისმოყვარეობა?
პასუხი: მთავრობისმოყვარეობა არის ძალაუფლების მოპოვების აულაგმავი წყურვილი, რაც როგორც წესი, უჩნდებათ საამისო უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა – სარგებლობა მოუტანონ ხალხს, საქმეს, პირიქით ამოძრავებთ ერთადერთი უგუნური მიზანი – დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება. ისინი ხშირად ძალაუფლებისკენ ქვეძრომით მიისწრაფვიან. ასევე, სხვა მდაბალი ხერხებით.
კითხვა: თუ ზედმეტი მომივიდა საკვების მიღება, როგორ გამოვასწორო ჩადენილი?
პასუხი: თუ საკვებით დამძიმდებით, დასაძინებლად კი არ დაწვეთ ან დასასვენებლად, არამედ, ფიზიკურ გარჯას მიჰყავით ხელი, გააკეთეთ რამე კეთილი საქმე ან ილოცეთ, რათა არ შეიბილწოთ უწმინდური ოცნებებით.