იყო თუ არა გვანცა კილასონიასა და თეიმურაზ გოგოლაძის სიყვარული სამსახურებრივი რომანი და როგორ დაითანხმეს „ერთი ერთშის“ წამყვანობაზე დუტა სხირტლაძე, რომელსაც ეკრანიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი
5 მაისიდან, ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, მაყურებელი იხილავს პროექტს – „ერთი ერთში”. ორთვენახევრის განმავლობაში, უამრავი არაჩვეულებრივი და შოკისმომგვრელი გარდასახვა, შოუს ბევრი და საინტერესო ელემენტი და შესაბამისად, ხალისიანი საღამოები გელით. პროექტი მაყურებლის წინაშე არაერთი სიახლით წარდგება. გარდა ახალი კონკურსანტებისა, განსხვავებულია ჟიურის შემადგენლობა და წამყვანებად, ამჯერად ილო ბეროშვილი და დუტა სხირტლაძე მოგვევლინებიან. დეტალებზე „ერთი ერთშის” პროდიუსერს, გვანცა კილასონიას ვესაუბრეთ.
გვანცა კილასონია: პროექტის – „ერთი ერთში” სამი სეზონი, როგორც იცით, GDS-ზე გაკეთდა. შემდეგ, არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აღარ გაეგრძელებინა ლიცენზია „ენდემოლთან”, რომელიც ქმნის და ყიდის ამ პროექტს. პროექტი გათავისუფლდა და „იმედმა” იმწამსვე იყიდა მისი წარმოების უფლებები. მე, როგორც პროდიუსერს, მუშაობა „იმედშიც” შემომთავაზეს, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი.
– რატომ აღარ სურდათ ასეთი რეიტინგული პროექტის გაგრძელება?
– ეს შეკითხვა მეც მაშინვე დამებადა. ეს ის პროექტია, რომლითაც GDS საკმაოდ რეიტინგული გახდა. თუმცა, გადაწყვიტეს, რომ მუსიკალურ-გასართობი სახის პროექტები აღარ ეწარმოებინათ.
– არხის ცვლილების გარდა, სხვა, მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება ამ სეზონზე?
– პროექტი ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ არხზე გადმოვიდა და მაყურებლის რაოდენობამაც იმატა. ამიტომ, შოუს ელემენტები მოიმატებს, თუმცა ძირეული ცვლილება, არ იქნება. ეს არის „ენდემოლის” დაწერილი პროექტი, რომლის სტრუქტურის შეცვლის უფლება არ გვაქვს. თუმცა, ნიუანსებში არის სიახლეები. გვეყოლება ახალი ჟიური, ახალი წამყვანები და რა თქმა უნდა, ახალი კონკურსანტები. გრიმიორები ისევ ისინი იქნებიან, ვინც წინა სეზონებზე: ანა, იანა და კრეტა. გაგიმხელთ, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი – სისი სამი უცვლელი დავტოვეთ. ის ვოკალის პედაგოგიც არის და ჟიურის წევრიც. „ერთი ერთშის” პარალელურად, ბრიტანეთში, ერთ-ერთი ძალიან რეიტინგული შოუს ჟიურიშიც არის და ახლა ვარკვევთ, ათიდან რამდენ ლაივზე შეძლებს დასწრებას. როცა ის არ იქნება, რუსა მორჩილაძე გვეყოლება ჟიურიში. მეორე წევრია ტელეწამყვანი ვასიკო ოდიშვილი და მესამე – რეჟისორი ქეთი დოლიძე. რაც შეეხება მეოთხე წევრს, ის ახლაც მოწვეული იქნება.
– დუტამ ცოტა ხნის წინ, ეკრანიდან წასვლის შესახებ განაცხადა და თქვენ როგორ მოახერხეთ მისი დათანხმება?
– მოვახერხეთ. დუტა ერთ-ერთ სეზონზე იყო მონაწილე, შემდეგ მსახიობის ოსტატობის პედაგოგი, თუმცა წამყვანი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მისთვის სხვაგვარი აზარტი და სტიმულია. ვფიქრობ, მისი განცხადების შემდეგ, რომელშიც ეკრანიდან წასვლაზე საუბრობდა, უფრო საინტერესოა, კვლავ წამყვანად რომ მოგვევლინება (იცინის). ყველას ეგონა, რომ დუტა „იმედს” დატოვებდა, თუმცა ის „ერთი ერთშის” აუცილებლად წაიყვანს, თავის კოლეგასა და მეგობარ, ილო ბეროშვილთან ერთად.
– აღმოჩნდა, რომ „ერთი ერთში” დუტასთვის ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგენის, კიდევ ერთი და თუ მის განცხადებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ბოლო პროექტია.
– ასე აღმოჩნდა. არ ვიცი, მერე რას აპირებს, მაგრამ ფაქტია, მისგან თანხმობა მივიღეთ. მიხარია, რომ მისი გადაწყვეტილება შევცვალეთ. თუმცა, პედაგოგი აღარ იქნება. წელს, ამ ფუნქციას მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი – ეკა კახიანი შეითავსებს. ამ სეზონზე სხვადასხვა კონკურსგამოვლილი მომღერლები გვყავს. ესენი არიან: სოფო ბედია, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან ჩიჩუა, მარიტა როხვაძე, ივანა მელაი, რომელიც საქართველოში არ იყო, მაგრამ მოვახერხეთ და დავითანხმეთ მონაწილეობაზე. გიორგი მახარაშვილი, ოთო ნემსაძე და ზურა მანჯავიძე.
– ვინ იყო ყველაზე რთული დასათანხმებელი?
– ყველაზე რთული დუტას წამყვანობაზე დათანხმება იყო. რით დავითანხმეთ, მაგას ვერ გეტყვით. თუმცა, რადგან იმედელია, არ მეგონა, თუ რთული დასათანხმებელი იქნებოდა. მაგრამ, იმ განცხადების შემდეგ, მეც შევშინდი. მაგრამ, მოვახერხეთ და გვყავს (იცინის). კონკურსანტების დათანხმება, პრინციპში, არ გამჭირვებია. თუმცა, იყო რამდენიმე მომღერალი, რომლებმაც უარი განაცხადეს. მაგალითად, ზურა ხაჩიძეს ყოველი სეზონის წინ ვურეკავ და ვთავაზობ მონაწილეობას, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე. „ორი ვარსკვლავის” ნახევარფინალზე, ხათუნა ჟორდანია იჯდა აქ და: აიყვანე უკვე მონაწილეები, ვინ არიანო? მკითხა. ვუთხარი: ზურა ხაჩიძე-მეთქი და პირი დააღო. არ არსებობს, როგორ დაითანხმეო (იცინის). კარგა ხანს ეგონა, რომ ზურა იღებდა მონაწილეობას.
– გვანცა, „ერთი ერთშის” გარდა, შენს სახელს ძალიან რეიტინგული პროექტები უკავშირდება. მათ შორისაა „პროფილიც”. მეყურებელი კი არ გიცნობს. შენს შესახებ მოგვიყევი.
– როცა, „რუსთავი 2-ზე” ვმუშაობდი, ვიყავი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს, „პროფილის” საპროდიუსერო გუნდში. ვიყავი GDS-ზე „ერთი ერთშის” პროდიუსერი. ახლა „იმედზე” გადმოვედით და იმედი მაქვს, აქაც ძალიან რეიტინგულები ვიქნებით. წლევანდელი ახალი წელი ჩემთვის იყო პირველი, როცა მერიამ მომცა საშუალება, დიდ პროექტზე მუშაობის. ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული კონცერტის ორგანიზება გავაკეთეთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა. ეს, რაც შეეხება ღია ცის ქვეშ მოწყობილ კონცერტს, თორემ, ისე, ძალიან ბევრი ახალი წელი გამიტარებია კლუბებსა და რესტორნებში როგორც წამყვანს. მე ვარ ერთი პატარა გოგო, თუმცა, არც ისე პატარა (იცინის). ამ სფეროში მოღვაწეობა ჩვიდმეტი წლის წინ, „რადიო ფორტუნადან” დავიწყე. ვმუშაობდი, როგორც მუსიკალური წამყვანი. შემდეგ გავხდი არხის მენეჯერი, პროდიუსერი, დირექტორი და ამის შემდეგ, მაია ასათიანმა გადამიყვანა „რუსთავი 2-ზე”. ტელეწამყვანის ამპლუაშიც მოვსინჯე თავი. ცოტა ხანს, დილის „უსმინე ცოცხალს” მიმყავდა. მერე იყო „ვარსკვლავების აკადემია,” როცა ჟიურიში ვიჯექი. მერე „პროფილი” და ასე შემდეგ. ბევრი საინტერესო პროექტი იყო, რის გამოც ბედნიერი ვარ. ეს მაძლევს საშუალებას, ვაკეთო ის, რაც მიყვარს და ამაში ძალიან გამიმართლა.
– რამდენადაც ვიცი, მეუღლეც ამ სფეროში ტრიალებს.
– მეუღლე, თეიმურაზ გოგოლაძე, იგივე „ობობა”, ტელერეჟისორია და ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილია სატელევიზიო ბიზნესში. ის „რუსთავი 2-ის” დაარსების პირველივე დღიდან იქ იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალაქ რუსთავში იყვნენ. უკვე ექვსი წელია, ერთად ვართ. ჩვენი ურთიერთობა „ვარსკვლავების აკადემიის” დროს დაიწყო.
– ეს სამსახურებრივი რომანი იყო?
– სამსახურებრივი რომანი, პრინციპში, არ ერქვა. ჩვენი გაცნობა სხვაგან მოხდა. „შერატონ მეტეხი პალასში” იყო ივენთი, რომლზეც „ჯეოსელმა” მე, როგორც რადიოს მენეჯერი, დამპატიჟა და „ობობა” იქ შემხვდა. ერთმანეთი უბრალოდ გადავკოცნეთ, რადგან ნაცნობი სახე იყო. იქიდან დავმეგობრდით და დაქორწინება ძალიან მალე გადავწყვიტეთ. „რუსთავი 2-ზე” თხუთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ, ის GDS-ზე გადავიდა. მაშინ მე „პროფილში” ვმუშაობდი. როცა GDS-ზე „ერთი ერთში” იწყებოდა, მე პროდიუსერობა შემომთავაზეს. მაიას დავუჯექი და ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ეს ის პროექტია, რომლის გამოც, მე უნდა წავიდე „რუსთავი 2-იდან“-მეთქი. რადგან, ძალიან მიყვარს ეს პროქტი და ეს მაიამაც იცოდა, ამიტომ არ გაკვირვებია. თუმცა, რა თქმა უნდა, გული დაწყდა. „პროფილის” დატოვების გამო, მეც გული დამწყდა, რადგან მათთან განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს. ახლა, როცა GDS-დან „იმედზე” გადმოვედი და ჩემი მეუღლე იქ დარჩა, ჩვენი გზები, როგორც იქნა გაიყო (იცინის). მართლა ჯობია, რომ ცოლ-ქმარი სხვადასხვა სამსახურში მუშაობდეს. როცა რაიმე რჩევა ან დახმარება მჭირდებოდა, მეხმარებოდა, რის გამოც ახლა დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ ვეჩვევი (იცინის).