რატომ აფასებდნენ მონღოლები ქართველებს და რატომ ენდობოდნენ მათ
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში რამდენიმე მმართველი გამოიცვალა. 1246 წელს დიდი ყაენი გახდა გიუკი (ქუქი). მან გადაწყვიტა, გაელაშქრა თავისი ძველი მტრის, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის ძის – ბათოს წინააღმდეგ, რომელიც მხარს არ უჭერდა მის არჩევას მონღოლთა წინამძღოლად. ბათო ამ დროს დასავლეთში იყო, ვოლგისპირეთში. 1248 წელს, როდესაც გიუკი ყარაყორუმიდან დასავლეთისკენ დაიძრა ბათოს დასალაშქრავად, მოულოდნელად გზაში გარდაიცვალა.
1251 წელს უფლისწულებმა დიდ ყაენად დაამტკიცეს უფლისწული მანგუ. მართალია, უკვე დაწყებული იყო დაპირისპირება ჩინგიზიდ უფლისწულებს შორის, მაგრამ, დიდი იმპერიის დაშლა-დასუსტებამდე კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.
მონღოლები კარგი მეომრები იყვნენ, ბავშვობიდან ცხენზე იზრდებოდნენ, მშვილდოსნობასა და ხმლის ხმარებას სიყრმიდან ეუფლებოდნენ, ომში კი სარდლობისა და თანამებრძოლების ერთგულები იყვნენ და მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ. ომში ისინი იყენებდნენ იმ დროისთვის უცნობ მეთოდებს, მაგალითად: ბრძოლის შემჭიდროვების დროს, უცებ მიტრიალდებოდნენ უკან და გააჭენებდნენ ცხენებს. მოწინააღმდეგეებს ეგონათ, რომ გარბოდნენ და უკან დაედევნებოდნენ ხოლმე და, ამგვარად, მტრის რიგები გაიშლებოდა და აირეოდა. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, გვერდითა საფრებიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან, მოწინააღმდეგის გაფანტულ რიგებს შეუტევდნენ გადამალული ნაწილები, ამ დროს „გაქცეულებიც“ მობრუნდებოდნენ და ისრების წვიმას დააყრიდნენ დაბნეულ მტერს, რომელიც სამი მხრიდან ალყაში ხვდებოდა, მეოთხე მხარეს კი არ უკეტავდნენ, რათა გასაქცევი დაეტოვებინათ, რადგან იცოდნენ, რომ მთლიანად ალყაში მოქცეულ მოწინააღმდეგეს, გარდა თავგანწირული შეტევისა, აღარაფერი რჩებოდა თავის გადასარჩენად, ეს კი მონღოლებს არ აწყობდათ – მათ მტრის უკანდახევა, გაქცევა სჭირდებოდათ. დაბნეულ და დემორალიზებულ მტრის არმიას გამოეკიდებოდა ხოლმე მსუბუქად შეიარაღებული მონღოლური კავალერია...
იყენებდნენ სხვა სიახლეებსაც...
ამან განაპირობა მათი არნახულად სწრაფი წარმატებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან ბრძოლაში (შემდეგში, ასეთივე ტაქტიკა იხმარეს მამლუქებმა, დაამარცხეს მონღოლები და არ გადაუშვეს აფრიკაში).
მონღოლები ახერხებდნენ, დამარცხებული ქვეყნები თავიანთ ლაშქრობებში ჩაერთოთ უკვე სხვა ხალხების წინააღმდეგ და ხშირად სხვისი დახმარებით იადვილებდნენ გამარჯვებას.
ქალაქების აღების დროს, ალყაშემორტყმული ქალაქების ზღუდებიდან ნასროლი ისრები, უპირველეს ყოვლისა, ხოცავდა მონღოლთა ტყვეებს, რომლებიც მონღოლთა მეისრეების შიშით ცდილობდნენ ხოლმე, ამოევსოთ თხრილები ციხე-ქალაქების გარშემო ან ასულიყვნენ ზღუდეებზე მიდგმულ კიბეებზე. ხშირად ქალაქის დამცველებს თავისივე თანამემამულეების ხოცვა უხდებოდათ პირველ ეტაპზე...
სხვები, უფრო კარგი მეომრები და მეტად სანდო რაზმები, მონღოლებს მოკავშირედ მიჰყავდათ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში მონღოლების პარტნიორობა პატივად ითვლებოდა და ყველას არ ჰქონდა ამგვარი პატივი.
მას შემდეგ, რაც მონღოლებმა დაიმორჩილეს კავკასიის, წინა აზიისა და მცირე აზიის ხალხები, ნოინებმა მანგუ ყაენთან გაგზავნეს მაცნე და აუწყეს მას სპარსეთის, საქართველოსა და რუმის სასულთნოს, ასევე სხვა წვრილი სამთავროების დამორჩილების შესახებ. ყოველი დამორჩილებული ხალხისა და ეროვნების ქუდი, ტანსაცმელი და აბჯარი გაუგზავნეს ყაენს და, ასევე, მისწერეს ყოველი ხალხის დახასიათება, აღწერა თვისებებისა, რაც შეამჩნიეს მონღოლებმა ბრძოლებში და ურთიერთობაში დაკვირვების შედეგად.
სანამ მანგუ ყაენთან გაემგზავრებოდნენ მონღოლი ნოინების მიერ გაგზავნილი მაცნეები ადგილობრივი ხალხების ეთნოგრაფიულ-ფსიქოლოგიური დახასიათებით, მანამდე უნდა გაევლოთ დარუბანდის გზა და გადასულიყვნენ ვოლგისპირეთში, სადაც იმ დროს დაბანაკებული იყო ჩინგიზიდთა საგვარეულოს უხუცესი, დასავლეთის მიმართულების ბრძოლების სარდალი, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის ძე – ბათო ყაენი. ჯერ მისთვის უნდა შეეტყობინებინათ ყველაფერი, რადგან მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
ბათო ყაენის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მონღოლებისთვის. მართალია, მან დათმო და დიდი ყაენის ტახტზე პრეტენზია არ გამოთქვა, სამაგიეროდ, მისმა ავტორიტეტმა დიდად განსაზღვრა მანგუს გაყაენება, როცა ჩინგიზიდი უფლისწულები დიდ ყაენს ირჩევდნენ ჩინგიზ ყაენის მიერ დადგენილი წესით.
ბათო ყაენის საუფლისწულო ულუსი, რომელიც მას მამისგან ერგო და ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაუმტკიცდა, შემდეგ თვითონ გააფართოვა – ის უკვე დიდ ტერიტორიებს მოიცავდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროებიდან და აზოვის ზღვიდან დაწყებული, ყაზახეთის ჩათვლით. მას ემორჩლებოდნენ ყივჩაღების დამარცხებული ტომები, ალან-ოსების სამშობლოს – ჩრდილოეთ კავკასიის ველების მომთაბარეები, რუსული სამთავროები, ბულგარელები და სხვა.
თავისი ულუსი ბათო ყაენმა მოქნილი სტრუქტურებით განამტკიცა, საყაენოდ გამოაცხადა და სატახტოც აიშენა მდინარე ვოლგაზე, თუმცა ცენტრალურ საყაენო ტახტს არ დაპირისპირებია – მის წინააღმდეგ გამოლაშქრება აღარავის უცდია. მანგუს დიდ ყაენად არჩევაში ბათომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ბათოსა და დიდ ყაენს ქართველების შესახებ მონღოლი ნოინები სწერდნენ:
„ქართველები ყველანი დაგვემორჩილნენ, მეფეც და მთავრებიც. მათ აქვთ კეთილი სარწმუნოება; ტყუილს არ ამბობენ. საწამლავით მწამვლელი მათ შორის პატივით ვერ ისარგებლებს“.
სპარსელების შესახებ ეწერა: „სპარსები არიან ცრუ, მოღალატე, ფიცს არ ინახავენ. მათ შორის მრავალია მწამვლელი და უსირცხვილო მამათმავალი“. ეს გადმოცემა მთლად ზუსტი არ უნდა იყოს, თუმცა, წყაროს მიხედვით, ასეთი დამოკიდებულება ჩანს.
როცა ნოინების წარმომადგენლებმა მიაღწიეს ბათო ყაენის საბრძანებელს, მონღოლთა დასავლეთის სამფლობელოების ბატონ-პატრონი გაეცნო ამ დახასიათებებს და შემდეგ ნოინების მაცნეები ყაროყორუმში გაგზავნა მანგუ ყაენთან.
მანგუ ყაენს გაუხარდა საქართველოს დამორჩილების ამბის შეტყობა და ესიამოვნა სხვადასხვა ხალხების ჩასაცმელების ხილვა, განსაკუთრებით კი ჩაბალახებით მოიხიბლა. მან შეისწავლა ნოინების მიერ დაწერილი სხვადასხვა ხალხების დახასიათება და თავის ქვეშევრდომებს უბრძანა:
„ვინაიდან ქართველები ბრძოლაში მხნე არიან, ტყუილი არ უყვართ და ერთგულება ახასიათებთ, ისინი თქვენს ბრძოლებში გვერდით იყოლიეთ, როგორც მოკავშირეები; სპარსები კი გაწყვიტეთ და მათი ქვეყნის თავადები აქ გამომიგზავნეთ“.
განსაკუთრებით მოსწონდა ქართველები ჩარმაღან ნოინს, მონღოლთა ერთ-ერთ უდიდეს სარდალს. თავის დროზე ჩარმაღანი იყო ჩინგიზ ყაენის აბჯრისმტვირთველი, მეგობარი და თანამებრძოლი, უნიჭიერესი სარდალი. საბოლოოდ მან გაანადგურა ჯალალედინის ბრბო. იგი აღფრთოვანებული იყო თანამოძმეებისთვის ცოტნეს თავგანწირვით. როდესაც ალამუთის ალყის დროს ვიღაცამ კარავში მიპარვით მოკლა ჩაღატა ნოინი, მონღოლებს ეს ქართველების ჩადენილი ეგონათ, ჩარმაღანი კი ამტკიცებდა:
„დაწყნარდით, ხალხო, ქართველები არ არიან კაცის მკვლელები, არც ასეთი სარწმუნოება აქვთო“...
და, წყდებოდნენ ქართველი მეომრები მონღოლების ინტერესებისთვის სხვა ხალხებთან ბრძოლებში, თუმცა, ვაჟკაცების სახელი კი დაიმკვიდრეს მონღოლთა შორის და ეს პატივისცემა ბევრ რამეში გამოვლინდა.