ინტიმური საუბრები
საქმრო ძველებურად აღარ მიყვარს
მყავს საქმრო, რომელსაც თითქმის ორი წელია, ვხვდები. მთელი ამ ხნის განმავლობაში სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ახლა, როცა უკვე დავნიშნეთ ქორწილი, თითქოს ეჭვი მეპარება ჩემს გრძნობაში. ძალიან მეშინია – ვაითუ აღარ მიყვარს და, როგორ უნდა გავატარო მთელი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით, რომლის მიმართაც აღარ მექნება არც აღმაფრენა, არც აღტაცება და არც მონატრება?!
თვითონ ისევ ისე ვუყვარვარ (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს), მაგრამ, მე მაინც ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის აღარ ანთია ის ცეცხლი, რაც ასე გვაგიჟებდა ორივეს. არ ვიცი, რისი ბრალია ეს; შეიძლება იმის, რომ ორი წლის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით და ზედმეტად შევეჩვიეთ, ან, სულაც მოგვბეზრდა ერთმანეთი? მობეზრება კი მაშინ იწყება, როცა საყვარელ ადამიანში რაიმე ახლის აღმოჩენა აღარ შეგიძლი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აღარ არის შენთვის საინტერესო პიროვნება. კიდევ მაშინ იწყება მობეზრება, როცა გეზარება მისთვის რამე ორიგინალური სიურპრიზის მოფიქრება და გაკეთება; როცა გეზარება, ან, სულაც, არ გახსენდება, რამე ელემენტარულით გაახარო... მოკლედ, ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და, შემიძლია, თეზისებადაც კი ჩამოვაყალიბო მიზეზები და შედეგები, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის – ერთ თვეში ქორწილი გვაქვს და, თუ ამ ხნის განმავლობაში არ გავერკვიე საკუთარ გრძნობებში, შეიძლება, მთელი ცხოვრება ვინანო.
სიმართლე გითხრათ, გოგიტას ძველებურ სიყვარულშიც აღარ ვარ ბოლომდე დარწმუნებული. ასე მგონია, უბრალოდ, შემეჩვია; ჩემთან მყუროდ და კომფორტულად გრძნობს თავს; ეჭვი არ ეპარება ჩემს ერთგულებაში; დარწმუნებულია, რომ ვიქნები კარგი ცოლი და კარგი დედა... ერთი სიტყვით, ყველანაირად აწყობს ჩემნაირი ცოლი, მაგრამ, ეს ხომ სიყვარული არ არის?!
ხანდახან ისე ჩაივლის ხოლმე ჩვენი პაემანი, აღარც კი ვიცით, რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს. ახლა რომ ასეა, რამდენიმე წლის შემდეგ როგორ ვიქნებით?
ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რასაც განვიცდი, მაგრამ გოგიტა აშკარად გრძნობს რაღაცას, რადგან, სულ დაძაბული მიყურებს თვალებში, თუმცა არაფერს მეკითხება. სიმართლე გითხრათ, ამაზეც ვბრაზდები – არ უნდა მკითხოს, რა მოგივიდაო?! მოვალეობის მოხდის გამო რომ მხვდება, არანაირ კომპლიმენტს აღარ მეუბნება და ლამის ნახევარი წელია, ერთი კონა ია არ მოურთმევია, აღარ მიაჩნია საჭიროდ? ქართველი კაცების ცნობიერება ხომ ასეთია – ცოლს ქათინაური და ელემენტარული პატივისცემა მხოლოდ იმიტომ აღარ სჭირდება, რომ უკვე ცოლი ჰქვია. მართალია, ჯერ ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ, მაგრამ, ცოლად ხომ დამიგულა?! ჰოდა, ესეც საკმარისია, აღარ არის საჭირო რაინდისა და კარგი ტიპის როლის თამაში – გარანტირებულად მისი ვარ.
მე კი არ მინდა, მხოლოდ „კუხნის ცოლი“ ვიყო, ისევ ჩვენი ადრინდელი სიყვარული მენატრება, რომელიც, ალბათ, აღარ დამიბრუნდება.
ელე, 23 წლის.