ანგრევს თუ არა ცოლ-ქმრის ურთიერთობას ხანმოკლე განშორებები და როდის გრძნობს ზოგიერთი ცოლი თავს მიტოვებულად
კაცები ფიქრობენ, რომ ქალები მესაკუთრეები და ეგოისტები არიან; უნდათ, რომ აბსოლუტურად აკონტროლებდნენ ქმრებს და მათი მართვის სადავეებიც ხელში ჰქონდეთ. კაცების უმრავლესობას ეს ძალიან აღიზიანებს და ამიტომ, ცდილობენ, როგორმე „გაძვრნენ“ სახლიდან, ცოლებს კი თავიანთი სიმართლე აქვთ – ისინი ქმრებს არ ენდობიან მამაკაცების შერყეული რეპუტაციის გამო...
მაკო (31) წლის: არც ეჭვიანი ვარ და არც არანორმალური, რის დამტკიცებასაც ცდილობს ჩემი ქმარი, რადგან ამით თავისი დანაშაულის გადაფარვა უნდა. სამი წელია, ვითმენ და ჩემს ნერვულ სისტემაზე ამ ყველაფერმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. გასაკვირი იქნებოდა, მშვიდად და ჰარმონიულად რომ თანავარსებობდე ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს ჩემზე. რომ ჰკითხოთ, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ, ტყუილია, საკუთარი თავის გარდა არავინ უყვარს. ამას საქმით ამტკიცებს და, რა აზრი აქვს, სიტყვებით რას მეუბნება?!
– კონფლიქტი გაქვთ?
– შეიძლება ასეც ითქვას. მე რაც არ მომწონს, ის ამით ბედნიერია და, შესაბამისად, არც აპირებს, რამე შეცვალოს. ანუ, შეცვალოს თავის ცხოვრებაში ის „რაღაც“, რაც ჩვენს ურთიერთობას გამოასწორებს და გააჯანსაღებს.
– როგორც ვიცი, მთავარი პრობლემა მეუღლის ხშირი მივლინებებია.
– დიახ. ხშირი აღარ ჰქვია მაგას, ჩანთა და ჩემოდანი სულ მზად აქვს. მეტი აღარ შემიძლია. ვიცი, ვგრძნობ, რომ შეუძლია, იყოს ჩემ გვერდით და ასე ხშირად არ დამტოვოს, მაგრამ არ აკეთებს ამას. არ უნდა, ურჩევნია, თავისუფლად იწანწალოს. მაგიჟებს ეს – ჩემი სურვილის სრული იგნორირება.
– თქვენ ეჭვიანობთ. ფიქრობთ, რომ ის ამ მივლენებების დროს გღალატობთ?
– ჯერ ერთი, სრული უფლება მაქვს, ასე ვიფიქრო. რატომ უნდა ვენდო? შეიძლება კაცის ნდობა? რა თქმა უნდა, არა. მეორეც – ზუსტად ვიცი, მე ასე არ მაწანწალებდა წინ და უკან, ფეხს არ გადამადგმევინებდა მარტოს. თვითონ კი, უნდა ნახოთ, როგორი აღფრთოვანებითა და ენთუზიაზმით ალაგებს ხოლმე ნივთებს. სახე უბრწყინავს, უხეიროდ ხუმრობს, იცინის და ცერცეტობს. ვერ ვიტან ქარაფშუტა და სუსტ კაცებს, ჩემი ქმარი კი იმ მომენტში ისეთი აცერცეტებულია ხოლმე, გული მერევა, ეგრევე ვცოფდები.
– როცა ცოლად მიჰყვებოდით, არ იცოდით, რომ მივლინებებში ივლიდა?
– არა, ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. რას წარმოვიდგენდი. საქორწინო ხელშეკრულებას ხომ არ დავდებდი და შიგ ომ არ ჩავუწერდი, ამდენი და ამდენი დღე სულ ჩემ გვერდით უნდა იყოს, მივლინება წელიწადში ერთხელ არის დასაშვები-მეთქი?! ერთი სიტყვით, ძალიან მალე მივხვდი, რომ ადვილი და ტკბილი ცხოვრება არ მექნებოდა. მივლინებები მალევე დაიწყო. თავიდან საკმაოდ მშვიდად შევხვდი, ვიფიქრე, ეს ჩემი ქმრის სამუშაოს ნაწილია, მნიშვნელოვანია და ამაზე თავს ვერ გავიგიჟებ-მეთქი.
– პრობლემად როდის იქცა?
– ერთ საღამოს როცა სახლში ბედნიერი სტვენით მოვიდა, ჩანთა გამოიღო და მთხოვა, სამი დღით მივდივარ და ჩამილაგე ტანსაცმელიო, უცებ გამახსენდა, რომ იმ თვეში ეს უკვე მესამედ ხდებოდა, თან, უხაროდა, რომ მიდიოდა. ერთბაშად ავფეთქდი. ჯერ ნაძალადევი სიმშვიდით ვკითხე, ამჯერად სად მიდიხარ-მეთქი. ჩვენი ფირმის ფილიალი იხსნება რეგიონში და იქ უნდა ვიყოო. შენ მაგივრად სხვა წავიდეს, მინდა, შაბათი და კვირა ერთად გავატაროთ-მეთქი, რომ ვუთხარი, გადაირია. ეტყობა, უპასუხისმგებლო გგონივარ, მაგას რომ მეუბნები. ვის ვანდო ასეთი სერიოზული საქმე? აუცილებლად მე უნდა წავიდეო. ძალიან ხშირად დადიხარ აქეთ-იქით, მე მარტოს მტოვებ და უკვე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა-მეთქი. ისე შემომხედა, როგორც ვიღაც ისტერიჩკას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა. ამან გული ძალიან მატკინა და ცრემლები წამომივიდა. იმის მაგივრად, რომ დავემშვიდებინე და მომფერებოდა, შემომიტია: დებილი, სულელი ქალი ხარ, არაადეკვატური და ეჭვიანი. რას იგონებ? ეს ჩემი სამსახურია და ასეთი საქციელით მხოლოდ ნერვებს მიშლიო. მეც რომ წამიყვანო, რა მოხდება-მეთქი, ვკითხე და ისევ გავილანძღე – არანორმალური და ჩერჩეტის იარლიყი მომაწება, თვითონ კი, რა თქმა უნდა, წავიდა. პირველი დიდი ჩხუბი სწორედ მისი ამ მივლინებიდან ჩამოსვლის შემდეგ მოხდა.
– ეჭვიანობაც იყო, ალბათ...
– რა თქმა უნდა, იყო, ამას ვერ უარვყოფ. თქვენ არ იეჭვიანებდით ჩემს ადგილას? გავგიჟდი, ეჭვიანობის ისეთი შემოტევა დამემართა. გადავირიე. ჩვენი ურთიერთობა დღითი დღე ფუჭდება და ნგრევისკენ მიდის. ჩემი ქმარი ისევ განაგრძობს მივლინებებში სიარულს და, ჯიბრით, ყოველი წასვლის წინ სიხარულს არ მალავს.
– თქვენ კი ჩხუბობთ.
– ჰო, ვჩხუბობ, თან – ძალიან... თავს ვერ ვიკავებ. ვეჭვიანობ და ვერ ვმალავ. ვერც ვერავინ დამალავდა ჩემს ადგილას. არ მეგულება ქალი, რომელიც ასეთ უყურადღებობასა და ქმრის მხრიდან ფეხებზე დაკიდებას მშვიდად აიტანს. ვერც მე ვიტან.
– რომ ამბობენ, ხანმოკლე განშორებები ცოლ-ქმრის ურთიერთობას ამყარებსო?
– ტყუილია ეგ. ხანმოკლე გამიგია წელიწადში ერთხელ, როცა მართლა მოგენატრება ადამიანი და არა თვეში სამჯერ. ძალიან ცუდად ვარ. ვტირი, დავნერვოზდი და დეპრესიამდე ცოტაღა მიკლია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქმარს განქორწინებაზე უნდა დაველაპარაკო.
– აპირებთ, რომ გაშორდეთ?
– არა, არ ვაპირებ. არ ვარ ოჯახის დანგრევისთვის მზად. უბრალოდ, მინდა, რომ შევაშინო. თუ, ეს კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება?! მოკლედ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო.
– ისე ნორმალური ურთიერთობა გაქვთ? – სიახლოვეს ვგულისხმობ.
– ხშირად ვჩხუბობთ. თუმცა, სიახლოვე გვაქვს. რომ გითხრათ, სიყვარულად და სინაზედ იფრქვევა ჩემი ქმარი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, მეუბნება, სულ მეჩხუბები და შენი მოფერების სურვილი როგორ უნდა გამიჩნდესო. მივლინებები ჩემზე მეტად უყვარს. არც კი მერიდება და არც ცდილობს, დამალოს ის ემოცია, რომელიც მივლინებაში წასვლის წინ აქვს. დახტის სიხარულისგან.
– რას უნდა აკეთებდეს იქ უთქვენოდ, როგორ გგონიათ?
– არ ვიცი. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს? ყველაზე ცუდი ხომ ის არის, რომ ჩემ გვერდით არყოფნა უხარია – ეს ამბავი მამწარებს და ჭკუიდან მშლის.
– ანუ, ეს უფრო წყენაა, ვიდრე ეჭვიანობა?
– ყველაფერი ერთად არის. ნერვიულობისგან დანგრეული და განადგურებული ვარ. ხასიათი უარესობისკენ შემეცვალა. სულ მზად ვარ ჩხუბისა და კამათისთვის. არ მინდა, მაგრამ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ქმარი კი თითსაც არ ანძრევს სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად.