როდის დგება ადამიანის ცხოვრებაში აღმავალ-დაღმავალი კარმული პერიოდები და აგებს თუ არა პასუხს ბინის დიზაინი ჩვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე
როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიის, ბარაქისა და იდილიის შექმნა გსურთ ოჯახში, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნელი გირჩევთ. ასე რომ, უიღბლობას, ცუდ განწყობას და უფულობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ეზოთერიკაში აპრობირებულ საკმაოდ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ და საკუთარ თავს დააძალებთ, იყოთ მომთმენი და შეძლოთ სწორი არჩევნის გაკეთება.
– ქალბატონო ნელი, ამბობენ, კარმული ჩავარდნების პერიოდში ადამიანს, უიღბლობა უფრო ემატებაო. ეს რას ნიშნავს, როდის დგება მსგავსი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გავიაროთ ეს დრო სერიოზული დანაკარგების გარეშე?
– დიახ, ყოველი ჩვენგანისთვის არსებობს კარმული აღმავლობისა და ჩავარდნების პერიოდი. კარმული აღმავლობის დროს ადამიანი ადვილად აღწევს წარმატებებს, არ ექმნება პრობლემები და წინაღობები, ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად მიდის, მაგრამ, როგორც კი დაიწყება კარმული ჩავარდნების პერიოდი, ის უბარაქობის მსხვერპლი ხდება, რაც, შეიძლება, გაგრძელდეს თვეები და წლებიც კი; მაგრამ, ამას ისევ მოსდევს აღმასვლა და ამიტომ დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ. ხომ გაგიგიათ, აღმართს დაღმართი მოსდევს და დაღმართს აღმართიო. სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს ადამიანის კარმაზეც. ამას ვერცერთი ჩვენგანი ვერ ასცდება ცხოვრების გზაზე. უბრალოდ, კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები, ფინანსები და სურვილებიც კი. რაც შეეხება კითხვას, როგორ გავარკვიოთ, როდის დგას ჩვენთვის ესა თუ ის კარმული პერიოდი, ახლავე გიპასუხებთ. მოკლედ, თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დარეგულირებისთვის. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე, თამამად გადადგით ნაბიჯები და წინ წაიწიეთ წარმატების მისაღწევად. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ფინანსურ სფეროსაც ეხება.
– ანუ, კარმული აღმასვლის პერიოდში ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება?
– სწორად გამიგეთ (იცინის). დიახ, ასეა და, ადამიანი კოსმოსში საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ-მეთქი. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში.
– კარმული ჩავარდნის პერიოდს ადამიანი რა მინიშნებებით გრძნობს?
– კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანს არ უმართლებს, ხშირად იღებს მცდარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალური დანახარჯით აღწევს მინიმალურ შედეგს. ამიტომ, ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისგან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ცხოვრებაში რაიმე ცვლილებების შეტანისგან და უნდა შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმიანობით.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, ბინის დიზაინი ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხსო. ამაში რს გულისმობდით?
– არსებობს რჩევები და წესები, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამ მხრივ საქმეს უიოლებს. მთავარია მათი ცოდნა. კერძოდ, საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი და, რემონტისა და ბინაში დიზაინის შეცვლის დროს სწორედ ამ ადგილებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოკიდოთ სარკე – ამან უბარაქობა იცის, მაგრამ, თუ ამ ადგილას დადგამთ ლარნაკს და ჩაყრით ხურდა ფულს, აუცილებლად მოიმატებს ფინანსური წყარო და შემოსავლებიც გაიზრდება. ოღონდ, ეს ფული კი არ უნდა დახარჯოთ, პირიქით, დროდადრო უნდა ჩაამატოთ. კარგი იქნება, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამსა და მაგიდას – ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებსა და წარმატებულ ნაცნობობას, რაც საქმეში დაგეხმარებათ. ასევე, ის უზრუნველყოფს საქმეში პარტნიორების მოზიდვას. შესასვლელში დადგით ქოთნის მარადმწვანე ყვავილები, რომ კარიერაში წინსვლა გქონდეთ; ასევე, რემონტის დროს გაითვალისწინეთ, რომ ოქროსფერში გადაწყვეტილი მისაღები ოთახი მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ღია ვარდისფრად შეღებილი საძინებლის კედლები – მშვიდ სასიყვარულო ურთიერთობებს, ხოლო ცისფრად ან სალათისფრად შეღებილი სამზარეულო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის საწინდარია. არ არის აუცილებელი სახლის ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, სად რა დადგათ და რა ფერებში შეღებოთ კედლები. მხოლოდ ლამაზი სახლი კომფორტსა და ფინანსურ დოვლათს ვერ მოგიტანთ, მისი რემონტი და ინტერიერი უნდა დაგეგმოთ სწორად.
– ისიც გამიგია, რომ, ის ნივთები და სამკაულებიც კი, რომლებსაც სახლში ვინახავთ, მეტწილად ჩვენს ბედ-იღბალსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს ფინანსებსა თუ პირად ურთიერთობებში. ამ მხრივ რა რჩევებს მოგვცემთ?
– ის ზარდახშა, სადაც სამკაულებს ინახავთ, აუცილებლად უნდა შეინახოთ საძინებელი ოთახის ჩრდილოეთ მხარეს. ტანსაცმლის კარადა აღმოსავლეთით დადგით, ხოლო საწოლი – ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ სასიყვარულო პარტნიორთან ჰარმონიული დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ. ბევრი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს თქვენსავე კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი. საკუთარი ძალებით შეძლებთ მატერიალური დოვლათის მიზიდვას, ბინაში კეთილდღეობისა და იდილიის შექმნას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ. თუკი გსურთ, ფული არ გამოგელიოთ ოჯახში, აუცილებლად მოაწესრიგეთ სახლში სველი წერტილები. თუ წყალი ჟონავს, ამ გამდინარე წყალს თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა გაჰყვება; ასევე, მწყობრში უნდა გქონდეთ სააბაზანო ოთახი და ნუ გადატვირთავთ მას სარკეებითა და ათასგვარი დეკორატიული ნივთით. რაც უფრო სადაა აბაზანის ოთახი, მით მეტ სიმშვიდეს იგრძნობთ დილა-საღამოს, როცა ამ ოთახში წესრიგდებით. ნურც ჭუჭყიან, ტალახიან ფეხსაცმელს შეიტანთ სააბაზანოში და იქ ნუ გაწმენდთ, ჯობია, ეს ეზოში გააკეთოთ. დაძინებამდე ყველა ოთახი მოაწესრიგეთ, აალაგეთ ზედმეტი ნივთები, არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი და მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელი, მიალაგეთ და იმაზე ფიქრით დაწექით მშვიდად, რომ ხვალინდელი დღე უფრო იღბლიანი და წარმატებული იქნება, ვიდრე წინა დღე იყო. დამიჯერეთ, სამყაროში ყოველ კონკრეტულ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და, სავალდებულოა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ. გაზაფხული რემონტისა და სახლში დიზაინის შეცვლის სეზონია. ყველა ცდილობს, ბინა უკეთ მოაწყოს და ოჯახურ სივრცეში კომფორტულად, ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს თავი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბინის ინტერიერის სწორად შერჩევა თქვენი ბედის, ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის საწინდარია. ასე რომ, თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მარტივი და აპრობირებული ეზოთერიკული რჩევები. სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები დაძაბული დღის რეჟიმის შემდეგ ძალების მობილიზებას ახდენენ, ისვენებენ და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრისთვის საკმარისია, სახლში შეაბიჯოს და მაშინვე ახსენდება უიღბლობა, უფულობა, წარუმატებელი ბედი, წინაღობებით სავსე პირადი ცხოვრება, კარიერა თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები. როგორც ეზოთერიკოსმა, შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ ეს მხოლოდ თქვენი არასწორი ცხოვრების ბრალია. თითოეულმა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი ბინა, რომ თავი ენერგიულად, დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. რასაკვირველია, ყველა ადამიანი თავისი გემოვნებით აწყობს საცხოვრებელ გარემოს, მაგრამ, მე მაინც გირჩევთ, თქვენი გემოვნება თქვენსავე სასარგებლოდ „გადააწყოთ”.