როგორ შეხვდა დეპუტატი დემურ ბაშალეიშვილი ეიფელის კოშკთან უცხოპლანეტელებს და რა პატენტი მოიპოვა მან საქართველოს სასაფლაოებზე
დეპუტატი დემურ ბაშალეიშვილი საქართველოს პარლამენტში მრეწველთა სიით მოხვდა – მხატვრობის, ჟურნალისტიკისა და სამეცნიერო მუშაობის შემდეგ. ჯავრობს, რომ პოლიტიკა სულ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინა. ერთი სული აქვს, ძველ და საყვარელ საქმეებს დაუბრუნდეს. ასეთი კი მის ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი იყო – ოფიციალური „სივის” მიხედვით, პროფესორი დემურ ბაშალეიშვილი ხუთასამდე პუბლიკაციისა და ნარკვევის, 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები ინახება მსოფლიოს ოცამდე ქვეყნის გალერეებში, მუზეუმებში, კერძო კოლექციებში. არის თბილისის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ამ რეგალიებს მიღმა მის „შრომით წიგნაკში” კიდევ ბევრი საინტერესო და უცნაური ისტორიაა – „სივში” არ წერია, როგორ და სად ხვდებოდა დემურ ბაშალეიშვილი უცხოპლანეტელებს და არც ის, თუ რა წოდებას ანიჭებს ის ადამიანებს, რისი უფლებაც წლების წინ მოიპოვა.
დემურ ბაშალეიშვილი: ეს რა არის? ჩემი ცხოვრების უმეტეს წლებში ამ კაბინეტზე დიდი კაბინეტებიც მქონია. პირიქით, ახლა მდგმურები მყავს შემოსახლებული, ჩემი კოლეგები არიან. მათი კაბინეტები „იბიარდის” ღონისძიებისთვის დაიკავეს. პატიოსანი მდგმურები მყავს, დროებით „ოკუპირებული” კი ვარ, მაგრამ არა უშავს.
– ბატონო დემურ, როგორ გახდით პარლამენტის წევრი და როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება პოლიტიკას?
– ეს გრძელი ისტორიაა და მოგიყვებით. პროფესიით ვარ მხატვარი. მხატვრობის შემდეგ ჟურნალისტის პროფესიაც შევიძინე, შემდეგ კი გადავედი სამეცნიერო მუშაობაში. დღეს ვარ ამ სამკუთხედის ცენტრში. პოლიტიკა არ ყოფილა ჩემი არჩევანი, იმიტომ რომ, პოლიტიკამ მე წამართვა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი – დრო, რომელსაც ვუთმობდი მხატვრობას, პუბლიცისტიკასა და მეცნიერებას.
– პოლიტიკაში მოხვედრა არ ყოფილა ჩემი მიზანი და არჩევანიო, აბა აქ, პარლამენტში შემთხვევით და „გავლით” ხართ?
– არა, არავითარ შემთხვევაში, ძალიან გთხოვთ, ჩემთან ისაუბრეთ ზუსტად. საქმე ისაა, რომ მე გავლით და შემთხვევით არსად დავდივარ. ჩემ აქ ყოფნას აქვს თავისი ისტორია. მე, ყოველთვის ვიყავი აქტიური მოქალაქე. ჟურნალისტიკაში ვარ 1960 წლიდან, ვმუშაობდი სხვადასხვა რედაქციაში. პირველად, როგორც ჟურნალისტმა, მუშაობა დავიწყე რედაქციაში „მალადიოჟ გრუზიი”, შემდეგ გაზეთ „სოფლის ცხოვრების” რედაქტორმა, მიხეილ დავითაშვილმა შემომთავაზა, მასთან გადავსულიყავი შეთავსებით. მე მას ვუთხარი, რომ შეთავსება ნიშნავს გაყოფას, ვერც თქვენ გკადრებთ მოგცეთ ჩემი სულის ნაწილი, ვერც ჩემს მეგობრებს „მალადიოჟ გრუზიის” რედაქციაში-მეთქი. დრო მოვითხოვე საფიქრალად და გადავედი „სოფლის ცხოვრებაში”, სადაც პირდაპირ განყოფილების გამგედ დავინიშნე. ახალგაზრდა ჟურნალისტი ვიყავი და ძალიან აქტიურად ჩავერთე ამ საქმიანობაში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ჩემი სამეცნიერო მუშაობა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, სრულიად შემთხვევითი მიზეზი ჰქონდა. ვაგროვებდი მასალებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ, წიგნის გამოცემა მინდოდა. ერთხელაც, მატარებლით მივდიოდი პოლონეთში, უნდა გაგვევლო ბრესტი, სადაც მატარებლის ვაგონებს ბორბლებს უცვლიდნენ. ამ პროცესს სამი საათი მაინც სჭირდებოდა. როცა ერთ-ერთ მესაზღვრეს ჩემი პასპორტი ვაჩვენე, გამომელაპარაკა: ქართველი ხარ, ბიჭოო? მეც გამოველაპარაკე, ასე გავიცანი პრაპორშიკი ვარლამ კუბლაშვილი, რომელმაც მოგვიანებით, სტუმრობისას, გამაცნო დასავლეთ ევროპის სასაზღვრო ოლქის პოლიტგანყოფილების უფროსი. მისგან შევიტყვე, რომ ბრესტის ციხესიმაგრეში, სადაც უამრავი მეომარი დაიღუპა, ბარელიეფზე არც ერთი ქართველის გვარი არ იყო მითითებული. არადა, 1939 წელს ნავთლუღის ვაგზლიდან გავიდა ეშელონი ქართველი წვევამდელებით, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა. ეს ეშელონი ჩავიდა ბრესტში. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი – უკან დაბრუნებულმა დავიწყე მუშაობა ამ თემაზე. ამას მოჰყვა ჩემი წასვლა პოდოლსკში, სადაც საბჭოთა არმიის სამხედრო არქივი იყო. იქ საკმაოდ ბევრი ტექნიკური პრობლემის გადალახვა მომიწია, თუმცა ორი თვის განმავლობაში ბევრი მასალა მოვიძიე. შემდეგ ვიმუშავე გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის არქივებში და ორი წიგნი გამოვეცი, მათ შორის, ცნობილი „ეშელონი უკან ბრუნდება”. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, მე შევძელი, რომ ბრესტში გაჩნდა მემორიალური დაფა, რომელზეც ბევრი ქართველი ჯარისკაცის გვარია მითითებული. ამ ციხესიმაგრის მუზეუმში კი ჩემივე ხელით არაერთი ექსპონატია შეტანილი. მკვლევრის მუშაობა ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელსაც სურს, თავი დააღწიოს ჭაობს, მაგრამ უფრო და უფრო ქვემოთ მიდის. ზუსტად ასე დამემართა მეც.
– და საქართველოს პარლამენტი?
– ჩემი მეცნიერული მუშაობის შემდეგ გამიჩნდა ბევრი შესაძლებლობა, გამეცნო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. გადავწყვიტე, გამომეკვლია სიტყვა „მეცენატი”, რომელსაც კაცობრიობა 20 საუკუნეა იყენებს. მეცენატია ადამიანი, ვინც არ არის წუწურაქი და თავისი სიმდიდრის ნაწილს ხელოვანებს უწილადებს. როცა გავიგე, რომ მეცენატის ოფიციალური წოდება არ არსებობდა, გადავწყვიტე, დამეცვა და დამეპატენტებინა საავტორო უფლებები მეცენატის წოდების უფლების მინიჭების შესახებ. მე ასევე, დავაპატენტე ჩემ მიერ გაკეთებული ოქროს მედალი, რომელიც მეცენატის ოფიციალური წოდების დასტურია.
– როგორც ვხვდები, ეს მედალი და წოდება პირველად თქვენ მიერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ერგო. დღეს რამდენი მეცენატია თქვენს „ანგარიშზე”?
– ნუ ჩქარობთ, ეს ნუსხა ძალიან მწირია. ამ მხრივ არ ვარ ხელგაშლილი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მე ეს წოდება დავაპატენტე, გავხდი უფლებამოსილი, მეცენატის წოდება მიმენიჭებინა, მივედი ბიძინა ივანიშვილთან. მან მითხრა: მე სადმე ვთქვი, რომ მეცენატი ვარ – ამას დავეხმარე, ამას დავუდექი გვერდითო? მოკლედ, ოფიციალური წოდება მქონდა, მედალიც და არ მყავდა პრეტენდენტი. მერე გადავწყვიტე, ეს წოდება მიმენიჭებინა ერთი ჩემი მეგობარი ბიზნესმენისთვის, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, იმ პერიოდისთვის მილიონზე მეტი ჰქონდა გაღებული.
– ეს უკვე ქართული მეგობრობის ამბავია.
– არა, ეს არ იყო ქართული ამბავი. მან ეს დაიმსახურა. დღეს სულ ორი მეცენატია ამ „ანგარიშზე”, ერთი ქართველია, მეორე – ამერიკელი ბანკირი, რომელმაც 128 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ ჯილდოს ქართველი პრეტენდენტი გახლავთ ბატონი გოგი თოფაძე, რომელიც დღესაც ჩემი მეგობარია. ჩვენ პარლამენტში ვართ კოლეგები – მე გახლავართ დიასპორისა და კავკასიის ხალხთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
– თქვენი ფინანსური წონითი კატეგორიაც ისეთივეა, როგორც მრეწველთა უმეტესობის?
– მე, როგორც მხატვარ-მონუმენტალისტს, ძალიან დიდი ჰონორარები მქონდა საბჭოთა პერიოდში. ერთხელ, ამერიკაში ყოფნისას, ედუარდ შევარდნაძემ ჩემი ჰონორარები ჩემთან შეუთანხმებლად აიყვანა სახელმწიფო ვალში, თითქოს მე ვასესხე თანხა სახელმწიფოს. ეს აღმოვაჩინე საქართველოში დაბრუნებულმა. ჩვენ მაშინ შესაშური ჰონორარები გვქონდა, მაგალითად, ჩემი უამრავი მოზაიკაა ზესტაფონში. ერთ-ერთ მოზაიკაში, რომელიც 180 კვადრატული მეტრია, 360 ათასი საბჭოთა მანეთი ავიღე. ეს იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი ფული იყო.
– ქართული პოლიტიკის კულისები რთულია, რომელი თქვენი პროფესია გეხმარებათ ამ როლის მორგებაში?
– როგორც შევამჩნიე, ამ საქმეში ძალიან მეხმარება მეცნიერება და ჟურნალისტიკა. ჩემში, როგორც მეცნიერში, მხატვრობიდან გადავიდა ის ფსიქოლოგიური ალღოს ამოცნობა, რაც მხატვარშია. მე არ ვაწუხებ ჩემში მხატვარს, ის დოზა, რაც პიროვნების ამოცნობას სჭირდება, მეცნიერშიც საკმარისია. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა დაწერა ჩემზე: მისი ბიოგრაფია და ტიტულები, მაპატიეთ და სულ ფეხებზე მკიდია, თუ ტრიბუნიდან ერთ ნაციონალს მაინც არ ეტყვის „შე ჩმოროო”. ცხადია, მე არ ვუპასუხე მას, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვართ. პარლამენტში მე იმიტომ არ მოვსულვარ, ვიღაცას „ჩმორო” ვეძახო. მართალია. ტრიბუნასთან ხშირად არ გამოვდივარ, მაგრამ ვმუშაობ კომიტეტში. სანამ დეპუტატი გავხდებოდი, ორი წლის განმავლობაში მეორე არხზე, მქონდა გადაცემა განათლებაზე, მეცნიერებაზე, ქართული ენის სიწმინდეზე, რომელიც ჩვენ მიერვეა გაუპატიურებული. ამას ჩვენ არავინ გვაძალებს. ქართული ენის დაცვაზე ზრუნვა იყო ჩემი მიზანი პარლამენტშიც, ასე დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვეში, ფრაქციის სხდომაზე დავაანონსე, რომ ვმუშაობდი სახელმწიფო ენის კანონპროექტზე. თუმცა, თემა დარჩა თემად. შესწავლილი მასალა მზად მაქვს, მაგრამ თამაშიდან გამოვედი – ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთმა კომიტეტმა, გააკეთა განაცხადი ამ კანონპროექტის შესახებ.
– ჩვენს პარლამენტშიც არის პლაგიატი?
– აი, ასე მოხდა. გავბრაზდი, მეწყინა და გამოვედი ამ ამბიდან. როცა ვმუშაობდით განათლების რეფორმაზე, მე ძალიან კრიტიკული სიტყვით გამოვედი, რაც შეეხებოდა რექტორების დანიშვნას. დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა საშუალება ვიმუშავო ამ თემებზე. უფრო მეტიც, როგორც კი პარლამენტში აღარ ვიქნები, გავაგრძელებ სამეცნიერო მუშაობას.
– ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ არაერთხელ შეხვედრიხართ უცხოპლანეტელებს, მაინცდამაინც თქვენ რატომ „ამოგიჩემეს”?
– ეს არ ვიცი, თუმცა გეტყვით, რომ უცხოპლანეტელები ვნახე თვრამეტჯერ და დავაფიქსირე თორმეტჯერ – ფოტო გადავუღე მათ. ადგილები, სადაც მათ შევხვდი, საკმაოდ მრავალფეროვანია: დუშეთი, თბილისი, რიკოთის უღელტეხილი, კოპიტნარის თავზე. ასევე, მათ შევხვდი უცხოეთში – პარიზში, ავსტრიაში. უცნაური იყო კონტაქტი პარიზში. ეიფელთან ახლოს მეგობარს ველოდი, ლევილში უნდა წავსულიყავით. სანამ მეგობარი მოვიდოდა, ხან მარჯვნივ ვიყურებოდი, ხან მარცხნივ. როცა ზევით ავიხედე, დავინახე რომ ზუსტად ეიფელის კოშკის თავზე წამომჯდარი არიან ჩემი მეგობარი უცხოპლანეტელები თავისი ტრანსპორტით. ისინი იქიდან მიჭყიტინებდნენ, მე – აქედან „ვათვალიერებდი” მათ. წესად მაქვს, ყველგან ფოტოაპარატით დავდივარ – ავდექი და გადავიღე ფოტო, რომელიც შემდეგ მოხვდა ფელიქს ზიგელის ცნობილ გამოცემაში, სადაც მან ოთხი გვერდი დაუთმო ჩემს ისტორიებს და უნიკალურ ფოტოებს. მე და უცხოპლანეტელები შევხვდით ვენაშიც, სასაფლაოზე. ვუყურებ მიწისქვეშა ავსტრიას, ვარ მიწისზედა ავსტრიაში და უცებ ზევიდან გამომეცხადნენ უცხოპლანეტელები, ისევ სამკუთხედი, ისევ სამი განზომილება (იცინის). დიდი ხანია, წესად მაქვს, როცა პირველად ჩავდივარ ამა თუ იმ ქვეყანაში, მივდივარ მათ სასაფლაოებზე. ამაზე დიდი ნარკვევი მაქვს დაწერილი, რაც შეიძლება, საეცნიერო ნაშრომსაც გაუტოლდეს. სასაფლაოზე კარგად ჩანს, თუ როგორ უვლის ამა თუ იმ ერის წარმომადგენელი თავის წარსულს, რომელიც მიწაშია. შეიცნობთ მათ სულს, ხასიათს და უფრო იოლად დაამყარებთ კავშირს ამ ხალხთან. ამის შესახებ გეტყვით, რომ მე მოვიარე საქართველო, გადავიღე საფლავები. ამაზეც ავიღე პატენტი და უფლება, რომ ეს თემა, რომელიც ქართულ ხასიათზე მიუთითებს, მე აღმოვაჩინე. ამ თემას „მიწისქვეშა საქართველო” ჰქვია.
– უცხოპლანეტელებს, რაც დეპუტატი გახდით, კვლავ ხვდებით თუ დაგანებეს თავი? აქაც ხომ არ გესტუმრებიან ხოლმე?
– უცხოპლანეტელებს ჩემთვის თავი არ დაუნებებიათ. გარკვეული მიზეზების გამო, უცხოპლანეტელები ჩვენს პარლამენტში არ ხვდებიან. გარწმუნებთ, არც არასდროს მოხვდებიან, თუმცა ჩვენ კვლავ გვაქვს კონტაქტი. ამაზე აღარ ვსაუბრობ და აღარ ვამჟღავნებ. ჩემი მასალები სხვის გამოცემებში არ უნდა მოხვდეს. დრო მოვა, ამაზე მე თავად დავწერ წიგნს, თუმცა ეს თემა სამომავლოდ გადავდოთ.