რა უწინასწარმეტყველა ინდურ სერიალებს ქართულ ტელესივრცეში დავით ბეჟიტაშვილმა და რატომ ფიქრობენ ბოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში ბევრი ინდური ფილმის გადაღებას
ბოლო დროს, სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა ინდური ტელესერიალები და ქართველი დიასახლისებიც აქტიურად ჩაუსხდნენ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კინოთეატრებში, როცა ინდური ფილმის პრემიერა ცხადდებოდა, ბილეთები წინასწარ იყიდებოდა და უამრავი მაყურებელი ესწრებოდა, ეგრეთ წოდებულ ინდურ „ზღაპრებს”. გავიდა, წლები, ინტერესი მინელდა, თუმცა დღეს, თავად ინდოელმა რეჟისორებმა გამოთქვეს სურვილი, თავიანთი ფერადი და მუსიკალური ფილმები სიყვარულზე, საქართველოში გადაიღონ და შემდეგ მსოფლიოს აჩვენონ. როგორც ბატონი დავით ბეჟიტაშვილი ამბობს, მას ინდური ფილმები ბავშვობიდან მოსწონს, უყურებს და ძალიან გახარებულია, რომ „ბოლივუდიდან” საკმაოდ დიდი ინტერესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. ინდოელები არაერთი კინოფილმის გადაღებას გეგმავენ საქართველოში.
დავით ბეჟიტაშვილი: თბილისში 30-ზე მეტი კინოთეატრი იყო და ინდურ ფილმებზე უსასრულო რიგები იდგა სალაროსთან. „დისკოს მოცეკვავეზე” ხალხი საკუთარი სკამებით მოდიოდა, რადგან ადგილები აღარ იყო და ვერ გეტყვით, რამდენჯერ ნახულობდნენ. შემდეგ, ისეთი პერიოდი დაიწყო საქართველოში, ინდური ფილმისთვის ვიღას ცხელოდა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა ხალხი. ტელეკომპანია „კავკასიაზე” ყოველ შაბათ-კვირას ვუშვებდი ინდურ ფილმებს, ვსაუბრობდი კონკრეტულ ფილმზე, ინდოელ მსახიობებზე და საკმაოდ ბევრი მაყურებელი მყავდა. 2003 წლის 18 მაისს, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და მთელი 11-წლიანი პაუზის შემდეგ, ვიფიქრეთ, დიდ ეკრანზე, კინოთეატრში გვეჩვენებინა ინდური ფილმი. ეს ერთგვარი რისკი გახლდათ, რადგან არ ვიცოდით, რამდენად დაინტერესდებოდა მაყურებელი და შეიძენდა დასასწრებ ბილეთებს ინდურ ფილმზე „სიყვარულის ანატომია”. კინოთეატრ „რუსთაველში” ეტეოდა 700 კაცი და თქვენ წარმოიდგინეთ, ფილმის სანახავად მოვიდა – 1 200, შემდეგ, ტრადიციად და ვაქციეთ და კინოთეატრ „ახმეტელში” ყოველ შაბათ-კვირას ვუშვებდით ინდურ ფილმებს. უამრავი მაყურებელი ჰყავდა, ბილეთები წინაწარ იყიდებოდა. ასე რომ, ინდური ფილმების მიმართ არასდროს შემწყდარა ქართველი მაყურებლის დაინტერესება. პირადად მე, კავშირები მქონდა ინდოეთში და ვაწვდიდი ინფორმაციას. შემდეგ ჩავედი, პირადად გავიცანი ინდოელი მსახიობები, პროდიუსერები და რეჟისორები. 2009 წელს, ერთ-ერთი ასეთი ჩასვლისას, წამოვიდა ავთო ვარსიმაშვილიც. ბომბეიში ვიყავით და ერთ-ერთი კომპანიის პროდიუსერმა, რომელიც ჩვენი მასპინძელი გახლდათ, შემოგვთავაზა, გოაში გადაფრინდით, იქ აგარაკი მაქვს და დაისვენეთო. აი, მაშინ თქვა ავთომ, მოდი, პირველად ქართული კინოს ისტორიაში, ქართული ფილმი აქ, გოაში გადავიღოთო. სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე, ეს სურვილი, აქვე სურვილად დარჩება-მეთქი. თუმცა, თბილისში რომ ჩამოვედით, ავთომ დამიბარა და სცენარი გამაცნო. იმწელსვე, გადაიღო ცნობილი კომედია „ყველაფერი კარგად იქნება”.
– როგორც ვიცი, „ბოლივუდის” რეჟისორები აღფრთოვანებული დარჩნენ საქართველოს ბუნებით და სწორედ აქ გადაწყვიტეს გადაეღოთ ინდური ფილმი, რომელიც სულ მალე გამოვა ეკრანებზე და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებენ კინოკრიტიკოსები.
– პირველი ბოლივუდური ფილმი, რომელიც საქართველოში გადაიღეს, გახლავთ „უსაზღვრო სიყვარული”. მაისში გამოვა დიდ ეკრანებზე. 2013 წელს რომ ჩამოვიდა თბილისში მიტჰუნ ჩაკრაბორტი, ანუ როგორც მას იცნობენ – ჯიმი „დისკოს მოცეკვავედან”, თქვა, აუცილებლად გადავიღებ აქ ფილმსო და ეს აასრულა კიდეც. მაისის ბოლოს იგეგმება ინდური ფილმების ფესტივალი საქართველოში და ამ ფილმს აუცილებლად ნახავენ ქართველი მაყურებელი და ინდოელი სტუმრებიც. ფილმში მთავარ როლს თამაშობს მიტჰუნის ვაჟი და მისი პარტნირია ცნობილი, ინდოელ-გერმანელი მოდელი გოგონა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი ბოლივუდური ფილმია ჩვენს ქვეყანაში გადაღებული. თუმცა, საბჭოთა კავშირის დროს, 3 სამხრეთ-ინდური ფილმი გადაიღეს ჩვენს ქვეყანაში და ქართველი მსახიობებიც თამაშობდნენ, ცნობილ ინდოელ მსახიობებთან ერთად. მაგალითად, ფილმში „ლეგენდა სიყვარულზე” ქართველი მსახიობები არ ყოფილან დაკავებული, მაგრამ, „შავ უფლისწულ აჯუბაში”, რომელიც 1988 წელს გადაიღეს, მონაწილეობდნენ ზურაბ ქაფიანიძე, არიადნა შენგელაია, დავით დარჩიაშვილი და აბესალომ ლორია. 1982 წელს, ერთობლივ ინდურ-საბჭოთა ფილმში კი „ალიბაბა და 40 ყაჩაღი”, მონაწილეობდნენ ინდური კინოს ცოცხალი ვარსკვლავები და მათ შორის, სპეციალური მიწვევით, ქართველი ლეგენდა – სოფიკო ჭიაურელი და სომხეთიდან – ფრუნზიკ მკირტიჩიანი. სოფიკოს მთავარი როლი ჰქონდა ამ ფილმში – იყო ალიბაბას დედა და ეცვა ინდური სარი. ასე რომ, სოფიკო ჭიაურელი პირველი ქართველი მსახიობია, ვინც ინდურ ფილმში ითამაშა.
– გასაგებია, რომ ინდოელებს ჩვენი ქვეყნის ბუნება მოეწონათ, თუმცა, მათ სამშობლოშიც არანაკლები ბუნებაა, თან ამხელა მანძილზე წამოსვლა, ფილმის გადაღებები და ასე შემდეგ, საკმაოდ ძვირი ჯდება. რა დაინტერესება აქვთ მათ?
– როცა წელიწადში ათას ფილმს იღებ, ბუნების ყველა ადგილს ამოწურავ. ჩვენთან კი წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლია, გადაიღო მთაც, ბარიც და ზღვაც. თან, აქ გადაღება იაფიც ჯდება, გარემოც უცხოა ფილმისთვის, მათთვის მომგებიანია. იმავდროულად, ჩვენი ქვეყნის რეკლამაცაა. ერთ ამბავს გეტყვით, ერთ-ერთი ინდური ფილმისთვის, ავსტრალიაში პლაჟზე გადაიღეს მხოლოდ ერთი სიმღერის კადრი და ეს ფილმი რომ გამოვიდა, იმ პლაჟზე დამსვენებელი ტურისტების უამრავი ნაკადი ჩავიდა. მე ვნახე იმ ფილმის კადრები, რომელიც თბილისში, თელავში, სიღნაღში, ყვარელში, არმაზის ხეობაში გადაიღეს და ისეთი ფერადი, ლაღი და ლამაზია ყველა ადგილი, ნამდვილად მოგინდებათ უცხოელი რომ იყოთ, ამ ქვეყნის ნახვა. ამ ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მსახიობები არიან ინდოელები, ტექნიკური პერსონალი კი – ქართველები. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.
– როგორც გავიგე, ამ ფილმში ერთადერთი ქართველი მსახიობი თამაშობს. როგორ მოხვდა დათო როსტომაშვილი „უსაზღვრო სიყვარულის” მორევში?
– მართალია, დათო როსტომაშვილმა ამ ინდურ ფილმში ოფიციანტის როლი შეასრულა და საკმაოდ კარგად. დათოს ძალიან უყვარს ინდური კინო და სხვათა შორის, „დისკოს მოცეკვავე” 132-ჯერ აქვს ნანახი (იცინის). ბათუმში იყო, დავურეკე და შევთავაზე ოფიციანტის როლი. სიამოვნებით დამთანხმდა.
– ყველაზე მეტად რით მოიხიბლნენ „ბოლივუდის” წამყვანი რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები საქართველოში?
– ძალიან მოეწონათ ჩვენი ბუნება, სტუმართმოყვარეობა და მართალია, ინდური სამზარეულო მსოფლიოში ნომერ პირველად ითვლება, მაგრამ გადაირივნენ ხინკალსა და ხაჭაპურზე. თან, აქ ჩამოსულებს ინდური კონცერტი გავუმართეთ და სულ გაგიჟდნენ. სხვათა შორის, ქართული და ინდური ტრადიციები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ხალხი ვგავართ ერთმანეთს სითბოთი და სტუმართმოყვარეობით. ამ ფილმის მერე კი, უფრო გააქტიურდება ინტერესი – ბევრი ინდოელი რეჟისორი მოინდომებს ჩვენთან ფილმის გადაღებას.
– რამდენიმე წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ დღეს, ქართულ ტელესივრცეში გაშვებულ ინდურ სერიალებს, ამდენი მაყურებელი ეყოლებოდა. არ მეთანხმებით?
– სხვათა შორის, შარშან, როცა თურქული სერიალების ბუმი იყო ქართულ ტელესივრცეში და ეხამუშებოდათ ინდური სერიალის ხსენებაც კი, ამის ფონზე, „კომედი არხზე” გაუშვეს პირველად ინდური სერიალი „ინდოეთის სურნელი”. აღმოჩნდა, რომ მას უამრავი მაყურებელი ჰყავდა. მე ეს ვიწინასწარმეტყველე და ვთქვი: ეს რეიტინგს აწევს და პოპულარული გახდება-მეთქი. ახლა კი „რუსთავი 2-ზე” ორი ინდური სერიალი გადის, „იმედზეც”, „მაესტროზეც” და ასე შემდეგ. ასე რომ, თურქული სერიალების ბუმი, ინდურმა სერიალებმა ჩაანაცვლა და საკმაოდ რეიტინგულად.