რისი შიში აქვს სოფო გელოვანს და როდის აპირებს ის მეუღლესთან ერთად ახალ სახლში ცალკე გადასვლას
რამდენიმე თვის წინ სოფო გელოვანი მეორე ბიჭის დედა გახდა. პატარა აკა, რომელიც მეოთხე თვეში გადავიდა, ცოტა ხნის წინ მოინათლა და მისი ნათლიები ნოდიკო ტატიშვილი და მიშა ბაღათურია არიან. სოფოს კარიერაშიც სიახლეა: ნიჭიერი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი ანსამბლ „აფხაზეთის” სოლისტი გახდა.
სოფო გელოვანი: ორი ბიჭის დედობა უფრო მეტი პასუხისმგებლობაა და რაც მთავარია, უფრო მეტად აღვიქვი დედობა. დათას დროს უფრო პატარა ვიყავი, ახლა უფრო მშვიდად ვარ. ადრე დათა რომ ტიროდა, ვნერვიულობდი: ვაიმე, რამე ხომ არ სჭირს, რამე ხომ არ აწუხებს. გამოცდილებამ ბევრი რამ მომცა და შესაბამისად, უფრო მშვიდად ვარ. არ არის ადვილად გასაზრდელი ბავშვი. ხელში უყვარს ყოფნა – რომ ტირის, უნდა აიყვანო. ჩემზეა ძალიან მოჯაჭვული და ფაქტობრივად, მხოლოდ მე ვამშვიდებ.
– ალბათ, შეგიცვალა გეგმები და ისე ხშირად ვეღარ გადიხარ სახლიდან.
– დიდი ხნით ვერ გავდივარ სახლიდან. ბებიები მეხმარებიან, რჩებიან ბავშვთან. მაგრამ, მერე სახლში რომ მოვდივარ, გაგიჟებულები მხვდებიან – ამიტომ ვისაც დიდხანს ვუტოვებ, ისინი უფრო მეტად მეცოდებიან. ვაგრძელებ მუშაობას, გამოვალ სახლიდან, მერე მივირბენ, ვაჭმევ და ისევ მივდივარ.
– დათამ როგორ მიიღო ძმა?
– თავიდან ცოტა გაურკვევლობა ჰქონდა – გაჩნდა ვიღაც, რომელმაც დედა წაართვა, რადგან იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ცოტათი ეჭვიანობის მომენტი ჰქონდა. მაგრამ ძალიან თბილი ბავშვია, კარგად მიიღო, ახლა ეფერება და მეხმარება. ზოგადად, ძალიან რთულია, როცა ბიჭების მშობელი ხდები. შეიძლება, ვინმე შემედავოს, მაგრამ მგონია, რომ ბიჭების გაზრდა უფრო რთულია. უფრო მეტი საფიქრალი გაქვს, არ უნდა მოდუნდე. უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ და მეც წინ ბევრი რამ მელოდება.
– აკა ღამეებსაც გათენებინებს?
– ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი და მთელი ღამე არ მიწევს ძილი. საოცრებაა ის, რომ დილით გგონია ვერ ადგები, თავს ვერ ასწევ საწოლიდან, ძალიან დაღლილი იქნები, მაგრამ უცებ ისეთი ენერგია გეძლევა, შენც გიკვირს. ბავშვი იმხელა ძალასა და ენერგიას გაძლევს, არ გაქვს უფლება, მოდუნდე – მობილიზებული ხარ.
– ნოდი გეხმარება?
– ღამე თუ ბავშვი ძალიან გაჭინჭყლდა, მეხმარება. უბრალოდ, იმას იმდენი საქმე აქვს, არ ვაწუხებთ, თორემ ყველაფერი იცის და შეუძლია: პამპერსის გამოცვლაც და ბავშვის მიხედვაც. დამიტოვებია კიდეც მისთვის, უსეირნებია – ჩართულია, ზოგადად, ბავშვების გაზრდისა და აღზრდის საკითხში. ბებიები მეხმარებიან. ნოდის დედა. დედაჩემს ბევრი შვილიშვილი ჰყავს: ჩემს ძმას – 3, პლუს ჩემი და ანო, რომელიც სკოლაში დადის, გასაზრდელი ჰყავს. მაგრამ რამე თუ დამჭირდება, გამოიქცევა ხოლმე. დედა ისეთია, არასდროს იღლება შვილისთვის, შვილიშვილებისთვის. ძიძა არც დათაზე მყოლია, ახლაც ვფიქრობ, ავირიდო, მაგრამ როგორ ავირდებ, არ ვიცი. ცალკე ვაპირებით მე და ნოდი გადასვლას და ალბათ, დამჭირდება. ცოტა ცალკე გადასვლისაც მეშინია, რადგან ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა ავიღო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მარტო ყოფნა, ცალკე ცხოვრება ჩვენ გავიარეთ მაშინ, როცა პეტერბურგში ვიყავით და ვიცით, რას ნიშნავს. მას მერე, ყველა ერთად ვცხოვრობთ და იმხელა კომფორტია – ისე მიყვარს, როდესაც ბევრი ხალხია სახლში. მეც ასეთ ოჯახში ვარ გაზრდილი – სულ ბევრნი ვიყავით. მიყვარს, როცა ბავშვი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება, სულ სხვა სიყვარულს იღებს.
– რა კარგი სახელი ქვია აკას.
– აკა – ჩემი ძმის სახელი დავარქვი. დათას – ბაბუის, დავით ლანდიასი. ჩემი ძმა განსაკუთრებულად მიყვარს, ჩემს ბაბუასაც აკაკი ერქვა და მოკლედ, გავინაწილეთ. ბიძა უბედნიერესია, თან გოგონების მამაა და აკაზე დიდი ამბავი სჭირს. ცოტა ხნის წინ მოინათლა აკა, ნათლიები არიან: მიშა ბაღათურია, თავის სპორტულ ნიჭს, ჟინს დაანათლებდა, იმედია; მეორე ნათლია ნოდიკო ტატიშვილია. ვუთხარი: შენი მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა დაანათლე-მეთქი. მიშა არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მისი სახით ახლო მეგობარი შევიძინე, რომელსაც არასდროს დავკარგავ. ძალიან კარგი ადამიანია. ნოდიკოზე აღარფერს ვამბობ, უკვე იმდენი ხანია, ვმეგობრობთ. მესამე ნათლია ნოდის მეგობარი – გიორგი სურმავაა, არაჩვეულებრივი ადამიანი.
– ცოტა ხნის წინ ანსამბლ „აფხაზეთის” სოლისტი გახდი.
– ჩემს სოლო კარიერას ვაგრძელებ ჩვეულებრივ, მაგრამ პარალელურად, ამ ანსამბლის სოლისტი ვარ. რამდენიმე თვის წინ შემეხმიანა ფოლკლორული ანსამბლის, „შავნაბადას” ლოტბარი, დათო ცინცაძე, მითხრა: იქმნება სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი” და ვეძებთ გოგო სოლისტსო. რა თქმა უნდა, დავფიქრდი, რადგან ეს ეხება ფოლკროლს, ჩვენს ფესვებს, აფხაზეთს, ყველაფერს ღირებულს. გვიწევს ძველი აფხაზური სიმღერების მოძიება, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს. განსაკუთრებული მელოდია, უნდა გაითავისო, რომ იმღერო. მე არ მქონია სერიოზული შეხება ქართულ ფოლკლორთან, ამიტომ ცოტა შევშინდი, ფრთხილად შევხედე ამ საკითხს. მაგრამ, ბიჭები იმხელა პროფესიონალები არიან, იმდენს ვსწავლობ მათგან, რომ როგორც კი მათი ნამღერი მოვისმინე, მაშინვე დავთანხმდი. თან, ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც აფხაზეთია – ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გვაქვს რეპეტიციები, ვაკეთებთ რეპერტუარს, სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. დიდი ოჯახი დამხვდა, კარგად მიმიღეს და ყველანაირად მიწყობენ ხელს. ვსწავლობ ხალხურ მუსიკას, აფხაზურს და ზოგადად, ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სერიოზული პროექტია და მოგვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში გასვლითი კონცერტების ჩატარება – ეს ერთგვარი გზავნილი, პირდაპირი მინიშნება იქნება იმის, რომ აფხაზეთი ჩვენია, ჩვენი კულტურის ნაწილი. ცოტა ხნის წინ „დღის შოუში” ვიმღერეთ აფხაზური ნანა, ძალიან მძიმე სიმღერაა და ამ ეთერის შემდეგ „ფეისბუქში“ აფხაზებისგან ბევრი წერილი მომივიდა: კარგად, თბილად მიიღეს და კომპლიმენტები მომწერეს – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ფაქტობრივად, მესიჯი გაიგზავნა.
– ამ გადაცემის წინა ბლოკში იმყოფებოდნენ ცნობილი მუსიკოსები: რიშარ გალიანო და ერიკ ტრუფაზი, რომლებიც გულგრილი ვერ დარჩნენ თქვენი შესრულებული აფხაზური ნანას მიმართ, აღფრთოვანდნენ.
– ჩვენამდე იყვნენ და უკვე წასვლას აპირებდნენ, როცა დავდექით სამღერლად. რომ დავიწყე სიმღერა, დადეს ჩანთა და ბოლო წუთამდე გვისმენდნენ. ბოლოს მოვიდნენ, გაგვეცნენ – ძალიან თბილი ადამიანები. არ ერიდებათ ყურადღების გამოხატვა. ბიჭებმა დისკები მისცეს, კონტაქტები გაცვალეს. სამომავლოდ, ვნახოთ, რა იქნება. ჩემს მიმართაც ძალიან თბილი დამოკიდებულება იყო, გალიანო ჩამეხუტა, მომეფერა, თბილი სიტყვები მითხრა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.