გოჩა ლაღიძის რა ნამუშევარი ინახება უცხოელი მულტიმილიონერის ოჯახში და რომელ შეკვეთაში გადაუხადა მას დიდი ფული ზურაბ წერეთელმა
„სულ მიყვარდა ისტორიული იარაღი, მაინტერესებდა საქართველოს, მსოფლიოს ისტორია. საბრძოლო იარაღი ჩემთვის ისტორიის ნაწილია, ძვირფასი სამკაული, რომელსაც განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. როგორც კი დავინახავ ნივთს, უკვე ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო – ეს მთელი პროცესია. მთავარია, თავიდან როგორ დაინახავ, მერე უკვე ის გამოდის, რაც ჩაფიქრებული მაქვს ან იმაზე უკეთესი“, – ეს სიტყვები ქართველ მესაჭურვლეს, გოჩა ლაღიძეს ეკუთვნის, რომელიც ორი ათეული წელია, ჰოლანდიაში ცხოვრობს. მისმა ჯადოსნურმა ხელებმა არაერთ ისტორიულ სიძველეს გაუკეთა რესტავრაცია და ქართულ იარაღსა თუ აბჯარს უცხო ქვეყანაშიც გაუთქვა სახელი.
გოჩა ლაღიძე: ამჟამად საქართველოდან მაქვს დიდი დაკვეთა და სხვათა შორის, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს პირველი სერიოზული დაკვეთაა საქართველოდან, უბრალოდ, სანამ არ დამთავრდება, მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული ხმალია, შემოქმედებითი მიდგომით კეთდება და უნიკალური ნივთი გამოვა. გარდა ამისა, განვაგრძობ ჩემს საქმიანობას – ანტიკვარული იარაღის რესტავრაციას: საჭურვლის – ხმლების, თოფების. განსაკუთრებულად მიხარია, როდესაც კავკასიური იარაღი მოდის და მათზე მიწევს მუშაობა, თუმცა, ძირითადი დატვირთვა მაინც ფრანგულ ხმლებზეა – ნაპოლეონის პერიოდის უძვირფასესი ხმლებია, მაღალი ხარისხის, უკვე ზეპირად ვიცი, რა სჭირდება, რამდენი დრო. არის ადრინდელი შუა საუკუნეების საჭურველიც – აბჯრები, მუზარადები, ფარები. ასევე, იაპონური, ჩინური თოფები მოაქვთ რესტავრაციისთვის. შვიდი წელია, რაც შემოქმედებითი საქმიანობიდან რესტავრაციაზე გადავედი, თუმცა შემოქმდებითად სულ ვმუშაობ. ყველამ იცის, რას ვაკეთებ, სად ვარ და ამიტომ ხშირად მომმართავენ კოლექციონერები. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ყველაზე მეტი დაკვეთა მაინც ბელგიიდან და ნორვეგიიდან მოდის. ამ ნივთების უმრავლესობის ფასი საკმაოდ დიდია, თუმცა ზოგჯერ ნივთი ისეთი დაზიანებულია, რომ რესტავრაცია უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ, თუ ფანატიკოსი კოლექციონერია, ამაზეც მიდის. ყველაზე მეტად მაინც კავკასიური იარაღები მაოცებს – ჩემი საკუთარი რომ არის, ქართული წარმოშობის, უფრო მეტად მიხარია. მიმუშავია ჭავჭავაძის, დადიანების, გურიელის, ბაგრატიონ-მუხრანელის ხმლებზე. ერეკლე მეორის ხმალზე სამი წელი ვმუშაობდი; საავტორო ასლია, ყველაფერი ზუსტია, უბრალოდ, ეს ახალია, ის – ძველი.
– ოცი წელია, უცხოეთში ცხოვრობთ და ძალიან წარმატებულად საქმიანობთ. ამ ეტაპზე რას ფიქრობთ, რამ მოგიტანათ ყველაზე დიდი წარმატება?
– ხევსურულმა საჭურველმა მომიტანა წარმატება როგორც საქართველოში, ასევე ჰოლანდიაშიც. თბილისში, 1988 წელს აღვადგინე თავიდან ბოლომდე, მერე დაბეჭდეს პრესაში ამის შესახებ, შემდეგ იყო ტელევიზია და დაიწყო დაკვეთების ბუმი. 1990 წლამდე ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა – პროკურორები, ცნობილი მხატვრები, ზურაბ წერეთელიც კი მიკვეთდა სამუშაოს. მერე, როდესაც ჰოლანდიაში ჩამოვედი, აქაც ძალიან მოეწონათ ხევსურული აბჯარი, მაშინვე სიმპათიურად განეწყვნენ და ძალიან მალევე მომივიდა მოწვევა ნიდერლანდების სამეფოს საარმიო მუზეუმიდან – პრინც მაურიც ორანელის, ნიდერლანდების მმართველის საბრძოლო აბჯრის ასლის დამზადებაზე. დღემდე ცნობილი მისი ერთადერთი აბჯარი ვენის ხელოვნების მუზეუმშია დაცული, რომლის ასლის შესრულებაც მე დამავალეს. ყველა დეტალი გაწერილი იყო, საბოლოოდ ერთი წელი მოვუნდი მუშაობას.
– რას გიკვეთდათ ზურაბ წერეთელი?
– როდესაც ჩემ შესახებ პირველად დაიბეჭდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, ჩემმა მასწავლებელმა ჯუანშერ ჯურხაძემ მირჩია, წადი და ზურაბ წერეთელს აჩვენეო. მივედი, დახედა გაზეთს და მითხრა, ზუსტად ასეთი გამიკეთეო და გავუკეთე ხევსურული აბჯარი, მთელი კომპლექტი, მივუტანე. ძალიან დიდი თანხა გადამიხადა, შემდეგ დაკვეთაც მომცა: ახლა რაც მომიტანეთ, ეს ორჯერ გაადიდეთო. საკმაოდ რთული იყო, ერთი წელი ვიმუშავე და, რომ მივუტანე, 25 ათასი მანეთი გადამიხადა – „ნოლ სემიც“ ვიყიდე და ფულიც დამრჩა. მაშინ 21 წლის ვიყავი და თავი ზღაპარში მეგონა. ახლა რომ ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი დაკვეთა და, კიდევ ერთი – ჰოლანდიაში.
– ისეთ ნივთებთან გიწევთ ურთიერთობა, ალბათ, მუშაობის პროცესში მთელი ისტორია ცოცხლდება თქვენ თვალწინ.
– თავისთავად. მაურიცის აბჯარს რომ ვაკეთებდი, თავად მაურიცს ისეთი ისტორიები ჰქონდა... თან, ახალი ჩამოსული ვიყავი უცხო ქვეყანაში და თავი სულების სამყაროში მეგონა – პრინცმა იქიდან მომცა დაკვეთა-მეთქი. ზოგჯერ რაღაცეები ხდება – სიზმარში რომ რაღაც ან ვიღაც მოვა და მერე აღარ გახსოვს. არის ამაში მისტიკა, უბრალოდ, ახსნა მიჭირს.
– პრიზებითაც ძალიან განებივრებული ხართ. სადაც გაგაქვთ ნამუშევრები, ყველგან უმაღლეს შეფასებას იმსახურებთ, გრანპრის იღებთ.
– ჰოლანდიაში წელიწადში ერთხელ ტარდება მხატვარ-მეირაღეების შეკრება, გამოფენა-გაყიდვა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მონაწილეები, ყველას აქვს თავისი მაგიდა და იქ გამოფენენ ხოლმე ნამუშევრებს. ასეთ გამოფენებზე გავდივარ არა მხოლოდ ჰოლანდიაში, არამედ ბელგიაში, საფრანგეთში. ჰოლანდიაში, ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, ვიღებ პრიზს Best of Show-ში, რომელიც, ფაქტობრივად, პირველი ადგილია. გამოფენას ჰყავს თავისი ჟიური, ისინი დილიდან დადიან და ათვალიერებენ მაგიდებს, სვამენ კითხვებს. არის პრიზები: „საუკეთესო გასახსნელი დანა“, „საუკეთესო სანადირო დანა“, სულ ხუთი პრიზია და ყველაზე მნიშვნელოვანია Best of Show, რომელსაც, უკვე ხუთი წელია, მე მაძლევენ. თავიც კი გაიმართლეს: რამდენიმე წელია, ქართული სახელის გარშემო ვტრიალებთ. გვინდა, სხვასაც მივცეთ შანსი, მაგრამ, გოჩა არ უტოვებს არავის შანსსო. ბელგიაშიც მაქვს აღებული ოქროს თასი, პარიზშიც და ლუქსემბურგშიც.
– ჰოლანდიის გარდა, კიდევ რომელი ქვეყნიდან გქონიათ სახელმწიფო დაკვეთები?
– ერთ-ერთი ძალიან დიდი დაკვეთა მქონდა შვეიცარიიდან. საარმიო მუზეუმიდან შემიკვეთეს მუზარადები. ერთს რომ ვამთავრებდი, მეორეს ვიწყებდი – ურთულესი სამუშაო იყო. ვინც შემიკვეთა, ის იყო სამხედრო მუზეუმის დირექტორი და თავისი კოლექციისთვის სჭირდებოდა – თავსაბურავების კოლექცია აქვს და იმისთვის უნდოდა. ოთხი ნამუშევარია მასთან, რომლებიც ძირითადად მეხუთე, მეცხრე და მეთოთხმეტე საუკუნეების პროტოტიპებია. სამი აბჯარი ჰოლანდიის საარმიო მუზეუმში, სახელმწიფო კოლექციაშია; ერთი ნამუშევარი – გოთური აბჯარი – არის ჰოლანდიაში, მერიის მუზეუმში; რამდენიმე ნამუშევარი ინახება მულტიმილიონერის ოჯახში, რომელიც პრინცი ბერნარდის ძმაკაცი იყო, მეცენატი. მასთან არის ჩემი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი – მაურიცის აბჯრის ოთხჯერ დაპატარავებული ვარიანტი.