კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლი მიუძღვის ეროვნულ ბანკს კერძო ბანკების მაღალ საპროცენტო განაკვეთებში და რატომ აძლევს სახელმწიფო ბანკებს მოსახლეობის ძარცვის საშუალებას

იმის გამო, რომ საკრედიტო კულტურა ჩვენთან არც ისე მაღალია, განსხვავებით კრედიტების საპროცენტო განაკვეთებისგან, არც თუ მცირეა იმ ჩვენი თანამოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც საბანკო კრედიტის გამო, უკვე დაკარგეს საცხოვრებელი ან დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. სულ ახლახან იპოთეკით დაზარალებულთა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც მათ თავიანთ გასაჭირში, არც მეტი, არც ნაკლები, მთავრობა დაადანაშაულეს. მეორე მხრივ, არა მხოლოდ იპოთეკით დაზარალებულებმა, არამედ ზოგადად საზოგადოებამ, წესითა და რიგით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები უნდა გააპროტესტოს და, რაც მთავარია, სესხის აღებისას რისკების გათვლა ისწავლოს. მანამდე კი ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი საპროცენტო განაკვეთებზე და რომელ ინსტიტუტს ეკისრება პასუხისმგებლობა არა მხოლოდ იპოთეკარების, ზოგადად კრედიტებით დაზარალებულთა წინაშე.

– ეს პრობლემა ორად უნდა გავყოთ. პირველია დევნილი იპოთეკარების პრობლემა, რის მოგვარებაც თავის თავზე იტვირთა სუბარის სამინისტრომ და ეს სწორი მიდგომაა, რადგან დევნილების პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გადაიჭრას. ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება, ადამიანს შეემთხვას, ეს არის საკუთარი ჭერის არქონა. ამისთვის დევნილთა სამინისტრომ გამოყო სპეციალური თანხა და მივესალმები ამ პროგრამას. ოღონდ იმედი მაქვს, რომ ის იქნება ერთჯერადი და ამას არ ექნება სისტემატური ხასიათი, რადგან ამ მომსახურებას სახელმწიფო უბრალოდ ვერ აუვა, მით უფრო, რომ დევნილთა შთამომავლებიც დევნილებად ითვლებიან. ამდენად, ამას ოდესმე უნდა დაესვას წერტილი.

– თუ არ ვარ დევნილი და ვერ გავთვალე რისკი, სახელმწიფომ რატომ უნდა მომიგვაროს პრობლემა? 

– არიან პირები, რომლებმაც აიღეს სესხები უძრავი ქონების გირაოს სანაცვლოდ, მაგრამ არ არიან დევნილები. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მათი პრობლემის გადაწყვეტას აქვს ორი მხარე: მორალური და სახელმწიფოებრივი. მორალურად მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო გეხმარება, მიუხედავად იმისა, დაუშვი თუ არა შეცდომა, მაგრამ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დევნილებისთვის საბანკო ვალების ანაზღაურება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს ქვეყნის სასესხო ბაზარზე. როდესაც სახელმწიფო მოსახლეობის ერთ კატეგორიას უნაზღაურებს ვალებს, მაშინ მეორე კატეგორია ჩვეულებრივ ფიქრობს, მე პატიოსნად ვიხდი ჩემს ვალდებულებებს და მე რატომ არ უნდა ამინაზღაუროს სახელმწიფომ დავალიანება, რით ვარ სხვებზე უარესი?! ამან შეიძლება, გამოიწვიოს არგადახდების ტალღა, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება გამსესხებლების ფინანსურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, კომერციული ბანკების ფინანსურ მდგომარეობაზე. ამდენად, სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს დავალიანებების ანაზღაურების საკითხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

– იპოთეკით დაზარალებულებმა მოაწყვეს აქცია მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ აწყობს აქციებს ადეკვატური საპროცენტო განაკვეთების დადგენისთვის, რაც, თავისთავად, იქნებოდა გამოსავალი.

–  პირადად მე, როგორც ეკონომისტი, ვერ გავამართლდებდი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ადამიანების დავალიანების ასანაზღაურებლად. თუმცა აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში, ისევე, როგორც ყველა განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყანაში, საპროცენტო განაკვეთები არის უსამართლოდ მაღალი. ანუ სამევახშეო საპროცენტო განაკვეთებია და, შესაბამისად, სახელმწიფო და უპირველესად, ეროვნული ბანკი უნდა იღვწოდეს იმისთვის, რამენაირად შეამციროს ეს საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და მინდა გითხრათ, რომ, რაც უნდა გაიზარდოს მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობა, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს თავის ჯიბეზე, ვინაიდან მთლიანი შიგა პროდუქტი მეტწილად იზრდება მომსახურების ხარჯზე. შესაბამისად, თუ მთავრობა იზრუნებს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, ეს ბუნებრივად გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს და მათთვის უფრო ადვილი იქნება საკრედიტო ვალდებულების გასტუმრება. ამ ორი მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევა, ფაქტობრივად, გადაწყვეტდა იპოთეკარების პრობლემას. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე მიმდინარე წლის სავალუტო კრიზისმა და ის შეეხო არა მარტო იმ პირებს, რომლებსაც სესხი აქვთ უცხოურ ვალუტაში, შემოსავალი კი –  ლარში. სავალუტო კრიზისის შედეგად გაიზარდა ფასები, ანუ მოსახლეობას დააწვა დამატებითი ხარჯი და, თუ პიროვნება ანგარიშობდა, რომ ის გადაიხდიდა, გინდაც, ლარში საკრედიტო ვალდებულებას ამა და ამ პერიოდის განმავლობაში, ახლა, როდესაც მას გაეზარდა ოჯახის შენახვის ხარჯი, შეექმნა გადახდის პრობლემა, ვინაიდან ოჯახს ხომ ვერ აშიმშილებს, რომ ბანკში შეიტანოს თანხა?! ასე რომ, ეკონომიკური პრობლემები და განსაკუთრებით, სავალუტო კრიზისი, ასევე, გახდა ამ საკრედიტო დავალიანებების გასტუმრების გამწვავების მნიშვნელოვანი საფუძველი.

– სანამ საპროცენტო განაკვეთები დაიწევს, თუ, რა თქმა უნდა, დაიწევს და ეკონომიკის რეალური სექტორი განვითარდება, არის სახელმწიფოს მიმართ პროტესტი საფუძვლიანი?

– იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია, პროტესტი უნდა გაცხადდეს არა მთავრობის, არამედ ეროვნული ბანკის მიმართ, რომელსაც შეუძლია საპროცენტო განაკვეთების მართვა, გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით.

– და ეს არ იქნება კერძო ბანკების საქმიანობაში ჩარევა?

– ეროვნულ ბანკს აქვს კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ მან შეძლოს, ეკონომიკური მეთოდებით მართოს საპროცენტო განაკვეთები და არა მარტო ეკონომიკური, ადმინისტრაციული მეთოდებითაც. ამდენად, პრობლემა შექმნილია სწორედ არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით. ადამიანს პირდაპირ აზარალებს სახელმწიფო, თუ წაართმევს სახლს, მანქანას, მაგრამ, როდესაც პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთით აიღოს სესხი თავისი უძრავი ქონების გირაოთი, ეს მისი გადაწყვეტილებაა და აქ სახელმწიფოს როლი არის ირიბი. ამიტომ პროტესტი უნდა იყოს გამოხატული არა იმით, გინდა თუ არა, ამინაზღაურე ჩემი დავალიანება, არამედ უპრიანი იქნებოდა, პროტესტი წარმართულიყო იმ მიმართულებით, რომ კომერციულ ბანკებს არ ჰქონდეთ ვალდებულება, სასწრაფოდ ამოიღონ გირაოში ჩადებული ქონება და ასეთი ვალდებულება კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ეროვნული ბანკის სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტებით. კომერციულ ბანკს ევალება, ქონება გაასხვისოს სასწრაფოდ, ვინაიდან ამ დასაკუთრებულ ქონებაზე ის იძულებულია, შექმნას რეზერვები და თავისი შემოსავლის ნაწილი შეინახოს. თუ ეროვნული ბანკი შეასუსტებს ამ რეგულაციებს და არ დაავალდებულებს კომერციულ ბანკებს, სასწრაფოდ გაყიდონ გირაოდ ამოღებული უძრავი ქონება, შეიძლება, მსესხებელს გაუჩნდეს რაღაც პერიოდი, რომ მოიგვაროს ფინანსური პრობლემები და შეძლოს თავისი უძრავი ქონების გამოსყიდვა. ანუ აქ საჭიროა უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარება ეროვნული ბანკის მხრიდან. რაც შეეხება სხვა გამსესხებლებს: იქ ეროვნული ბანკი ვერაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ, ისინი არ არიან მოქცეულნი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ფინანსური სექტორის მარეგულირებელი რამე ორგანო, რომელსაც დაექვემდებარება აბსოლუტურად ყველა გამსესხებელი საფინანსო ბაზარზე და რომელთა მიმართ მიიღებენ გარკვეულ რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში პროტესტით, გინდა თუ არა, ამინაზღაურე ჩემ მიერ არაგონივრულად აღებული სესხი, ამ საკითხის გადაჭრა ხელისუფლებას არ შეუძლია და ვერც შეძლებს, იმიტომ რომ, ამან შეიძლება, ააგოროს არგადახდების ტალღა.

– თუმცა, თუ ბანკები დასწევენ საპროცენტო განაკვეთს, ავტომატურად დაიწევს მიკროსაფინანსოებისა და მევახშეეების საპროცენტო განაკვეთებიც.

– ბუნებრივია, პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ბანკებისა და ფინანსური ბაზრის სხვა მოთამაშეების საპროცენტო განაკვეთები. ამიტომაც ეროვნული ბანკი უნდა იღვწოდეს იმისთვის, რამენაირად შეამციროს კერძო ბანკებში საპროცენტო განაკვეთები და მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგალითს მოგიტანთ: რამდენიმე წლის წინათ, ვადაზე ადრე დაბრუნებულ სესხზე კომერციული ბანკები იღებდნენ 8-10 პროცენტ საკომისიოს –  პირგასამტეხლოს. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაუგზავნა წერილი, რომელშიც პირდაპირ მიუთითა, რომ ასეთი პირგასამტეხელო არ უნდა აღემატებოდეს 2 პროცენტს. მხოლოდ წერილი მისწერა, კომერციულმა ბანკებმა ეს წერილი მიიღეს, როგორც ეროვნული ბანკის ბრძანება და ყველამ დაუწია საპროცენტო განაკვეთი 2 პროცენტამდე. ანუ ეროვნულ ბანკს გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი, რომ შეამციროს საპროცენტო განაკვეთებიც და საკომისიოებიც. არსებობს ეკონომიკური რესურსიც –  ეს არის რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რამაც შესაძლოა, დადებითი გავლენა მოახდინოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე და, ასევე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტები; შესაძლებელია კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთების დაწევა, თუ ამას მოინდომებს ეროვნული ბანკი და ეს წაადგება როგორც მოსახლეობას, ისე მთლიანად ეკონომიკას.

– რატომ არ უნდა უნდოდეს ეს ეროვნულ ბანკს? რა ემატება მას მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და რა დააკლდება მათი შემცირებით?

– საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი ჩამოყალიბდა, როგორც კომერციული ბანკების მომსახურების სააგენტო და ის, ფაქტობრივად, ატარებს კომერციული ბანკებისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, კომერციული ბანკი ცდილობს, მიიღოს რაც შეიძლება, მეტი მოგება. მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ ჩვეულებრივი მაღაზიებიც კი, რომლებიც იმპორტულ საქონელზე მუშაობენ, იღებენ 1 000-2 000-პროცენტიან მოგებას. და ბუნებრივია, კომერციულ ბანკებსაც უნდათ, რომ ასეთივე დიდი შემოსავალი მიიღონ. ანუ ეს არის ბიზნესის ლოგიკა, როდესაც ბიზნესი არ რეგულირდება და მას ხელისუფლება აძლევს საშუალებას, გაძარცვოს მოსახლეობა, ყოველთვის ვიღებთ აი, ასეთ ნეგატიურ შედეგს. ეროვნულ ბანკს აკლია სახელმწიფოებრივი ხედვა, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტოს და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. საფინანსო სექტორი იმდენად რთულია, რომ მოსახლეობას ჰგონია, მათ უბედურებაში დამნაშავეა მთავრობა. არადა, მთავრობას არაფერი ესაქმება საპროცენტო განაკვეთებთან. ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. ეროვნული ბანკი უზარმაზარ თანხას ხარჯავს საკუთარ თავზე, რაც შეიძლებოდა, დახარჯულიყო მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც დაზარალდნენ ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით. ხალხი კი რატომღაც მიადგება ხოლმე მთავრობას და არა –  ეროვნულ ბანკს.

– ერთია, რომ დაზარალებულები იმის მიმართ არ გამოხატავენ პროტესტს, ვისაც ეს ეხება, მაგრამ მეორე და მთავარი, როდის გავაცნობიერებთ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლები ვართ თავად და არა ვინმე სხვა?

– ადამიანის ბუნება ყველა ქვეყანაში ერთნაირია, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა და რასისა. მაგრამ ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს შეცდომის დაშვებისგან. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და იქ ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა იყოს ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. რას გულისხმობს ეს საფინანსო სექტორთან მიმართებაში? უპირველესად, უნდა ჩამოყალიბდეს სესხის გაცემის ერთიანი წესი, რომელსაც დაარეგულირებს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ. დასარეგულირებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა. იქ აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი მომხმარებლის უფლება, როგორიც არის ევროპაში: სესხის აღებიდან ორი კვირის ან ერთი თვის შემდეგ მიხვდებით, რომ სესხი არ გჭირდებათ ან ვერ იხდით, გქონდეთ უფლება, დააბრუნოთ ეს სესხი ყოველგვარი ჯარიმის გარეშე; აუცილებელია, მიღებულ იქნას კანონი იპოთეკის შესახებ, რომელშიც ეწერება, რა არის იპოთეკა, ვის შეუძლია იპოთეკური სეხის აღება. მაგალითად, ევროპაში არცერთი კომერციული ბანკი არ მიიღებს თქვენს იპოთეკურ ქონებას, თუ მის გარდა, სხვა საცხოვრებელი არ გაგაჩნიათ; დასახვეწია კანონი რეკლამის შესახებ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი –  სამთავრობო პროგრამების განსახორციელებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც გაატარებს ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ სახელმწიფო სახსრებს და არ ანდობს სახელმწიფო სესხების გაცემას კომერციულ ბანკებს. ანუ სახელმწიფო პროგრამები არ უნდა ხორციელდებოდეს კომერციული სტრუქტურების მეშვეობით. ეს დიდი შეცდომაა. 

скачать dle 11.3