როგორ მოახერხა მარიამ საჯაიამ 2014 წელს შემოსავალზე მეტი ხარჯის გაწევა
ყველაზე ნორჩი პარლამენტარი მარიამ საჯაია, რომელმაც 21 წლის ასაკში გაინაღდა დეპუტატის მანდატი, 1991 წლის 15 მარტსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება მან კავკასიის უნივერსიტეტში მიიღო და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაცია. მისი შრომითი ბიოგრაფია 2010 წელს დაიწყო – „ადამიანის უფლებათა დაცვა და 21-ე საუკუნე“ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2012 წელს რამდენიმე თვე სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტად იმუშავა, ვიდრე 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, არ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა ისე მოხდა, რომ პარლამენტარობა მალევე მიატოვა და აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრა. შესაბამისად, აგერ უკვე მეორე წელია, ოკეანის გაღმა იღრმავებს ცოდნას, ოღონდ ისე, რომ პარლამენტარის ხელფასსაც იღებს და იმ დანამატებითაც სარგებლობს, რასაც კანონი უდგენს დეპუტატს საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად (და მერე რა, თუკი დეპუტატი არ ასრულებს ამ უფლებამოსილებას).
თავისი პირველი დეკლარაცია მარიამ საჯაიამ 2012 წელს შეავსო, ბუნებრივია, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: შვილი, 2010 წელს დაბადებული მერაბ სამარგულიანი და დედა, 1955 წელს დაბადებული ნაზი არონია.
იმხანად მათი ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მარიამ საჯაიას საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე (ფართობი – 58 კვ. მ.); ნაზი არონიაც ფლობდა იმავე მისამართზე საცხოვრებელ ბინას, ოღონდ მისი ფართობი 80 კვ. მ. იყო. მარიამ საჯაიას ჰყავდა 2002 წლის „მერსედესი“, ნაზი არონიას – 2005 წლის „ინფინიტი FX35“.
მარიამ საჯაიას ანაბარი ჰქონდა გახსნილი „ლიბერთი ბანკში“, რომელზეც 16 500 ლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში მარიამ საჯაიამ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხელფასის სახით, 5 400 ლარი აიღო, ხოლო ნაზი არონიამ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსმა, 24 480 ლარი.
2013 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ მარიამ საჯაია შვილთან ერთად ცხოვრობდა, შესაბამისად, ქონების გრაფაში მხოლოდ ზემოხსენებული ბინა იყო ჩაწერილი და ავტომანქანა „მერსედესი“. მას აღარც ანაბარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წლის განმავლობაში, მარიამ საჯაიამ, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაქმების პროგრამის სპიკერმა და სპეციალისტმა, 12 600 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, ორიოდ თვეში, 9 720 ლარი.
მას, რატომღაც, დეკლარაცია არ შეუვსია 2014-ში, ამდენად, მარიამ საჯაიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, მართალია, პარლამენტის წევრის რანგში, თუმცა ის სხდომებს არ ესწრებოდა, რადგან აშშ-ში სწავლობდა და ახლაც იქ არის. ამასობაში, მას ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბინისთვის კიდევ ერთი ბინა დაუმატებია ბროსეს ქუჩაზე (43 კვ. მ. ფართობის), რომელშიც 40 000 აშშ დოლარი გადაუხდია 2013 წელს და ავტომანქანაც გამოუცვლია: ამჟამად ჰყავს 2005 წლის „ლექსუს RX“, რომელიც 2014 წელს შეუძენია 15 000 აშშ დოლარად.
ხოლო იმ პერიოდში, ანუ 2014 წლის განმავლობაში, სანამ აშშ-ში სასწავლებლად იმყოფებოდა, მას, როგორც პარლამენტის წევრს, 56 426 ლარი აუღია (სავარაუდოდ, იგივე თანხა აიღო მან 2013 წელსაც).
2014 წელს მარიამ საჯაიამ ორი სამომხმარებლო სესხიც აიღო: 8 316 და 9 015 ლარის ოდენობის, რომელთა მომსახურება 2014-ში 3 800 ლარი დაუჯდა.