რა თავხედური შეთავაზება შეუთვალა ჯალალედინმა რუსუდან დედოფალს და რა უპასუხა მან
1225 წლის 8 აგვისტოს, გარნისის ბრძოლაში ჯარის მეთაურთა უნიათობისა და უმოქმედობის გამო, რასაც დაერთო დაქირავებულ ყივჩაღთა განდგომა, საქართველოს არმია დამარცხდა. სარდალმა, ამირსპასალარ-ათაბაგმა ივანე მხარგრძელმა არ მიაშველა დამხმარე ძალა ბრძოლაში ჩაბმულ მესხთა და სომეხთა ნაწილებს, მოაბრუნა ჯარი და გამოიქცა ბრძოლის ველიდან.
4 000 მესხი და სომეხი დახოცეს ჯალალედინის მეომრებმა. ივანე ახალციხელი კლდიდან დაგორებულმა ლოდმა იმსხვერპლა; ალყაში მოქცეული, ქანცგაწყვეტილი შალვა ახალციხელი კი ბრძოლის ველზე დაატყვევეს სულთნის ჯარისკაცებმა.
ამის შემდეგ ჯალალედინმა ვერ გაბედა პირდაპირ თბილისზე წამოსვლა – რას წარმოიდგენდა, თუ ქართული არმია და, საერთოდ, ქართული სახელმწიფო მოშლილი იყო. მას მდგომარეობა გაურთულდა თავრიზში, თავისი ახალი შეკოწიწებული სახელმწიფოს ცენტრში და იქით გაემართა, რათა ამბოხი ჩაექრო და დაესაჯა განდგომილები.
ამასობაში ბიჯნისის ციხეში შელტოლვილი ივანე ათაბაგი გარდაიცვალა, როგორც ჩანს, დარდისა და ასაკისგან. ივანეს ადგილი დაიკავა მისმა ვაჟმა – ავაგმა, რომელიც ამირსპასალარად და ათაბაგად გამოცხადდა.
სულთანმა ჯალალედინმა დესპანი მიუგზავნა და შეუთვალა ამირსპასალარს: შენ ხარ მეფის ვაზირთა უხუცესი და მართავ საქართველოს. შევხვდეთ ერთი ერთზე და ვისაუბროთ.
ავაგი დათანხმდა. ჯალალედინი პირადად მივიდა საქართველოს ამირსპასალარის სანახავად. შეხვედრა მოხდა ხრამის პირას, ერთი-ერთზე. მხოლოდ თითო მსახური ახლდათ სულთან-ათაბაგს, რომლებიც მოშორებით იდგნენ.
ჯალალედინმა თქვა:
„არ მოვსულვარ საქართველოს დასარბევად, არამედ, ზავისა და მშვიდობისათვის მოვედი. მაგრამ თქვენ უცებ შემებრძოლეთ, და მშვიდობა დაირღვა.
რადგან ხარ წარჩინებული საქართველოს სამეფო კარზე, მისმინე: გაგონილი გექნებათ ჩემი წარმომავლობა, სიდიდე ჩემი სამეფოსი და სიმრავლე ჩემი ქვეშევრდომებისა. არავინ იყო ჩემი თანასწორი, მე ვარ ხვარაზმშაჰი, დიდი ხელმწიფე მუჰამედის შვილი და ჩემი ბატონობის ქვეშ იყო მთელი სპარსეთი ადარბადაგანიდან ამუდარიამდე და ინდოეთამდე, ავღანეთი და მთელი აღმოსავლეთი.
ჩინეთში, უდაბურ ადგილას, ყარაყორუმში, გამოჩნდა საკვირველი ხალხი, გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე და უცნაური წესებით მცხოვრები. მთელი აღმოსავლეთი დაიმორჩილეს და მრავალი ხელმწიფე მოკლეს. მეფედ ჰყავთ საოცარი კაცი, საქმის მცოდნე, ბრძოლაში დაუმარცხებელი, სახელად ჩინგიზ ყაენი. მან ხელთ იგდო ჩინეთი და მერე დაიძრა ჩვენკენ. ამუდარიის გაღმა და გამოღმა მრავალი ბრძოლა გავუმართე მას ხვარაზმის, სპარსეთისა და თურქომანული ძალებით. მაგრამ ბედმა გამწირა და ყველგან დავმარცხდი. ისინი კი უფრო გაძლიერდნენ და მოირთვეს სხვა ხალხები. მეტი ღონე აღარ იყო, მივატოვე ჩემი სამეფო და გამოვემართე საქართველოსკენ მშვიდობისა და ზავისათვის. მსმენია თქვენი ქვეყნის სიძლიერისა და ბრძოლაში ქართველების ვაჟკაცობის შესახებ.
მინდა გავერთიანდეთ მტკიცედ და ერთად ვებრძოლოთ მტერს. მსმენია, რომ თქვენი მეფე ქალია. მომათხოვეთ ის ცოლად, მეფედ მიმიღეთ. და დავამარცხებ ჩვენს ყველა მტერს.
თუ ასე არ მოიქცევით, მოოხრდება თქვენი სამეფო. მე რომც წავიდე, თათრები მოახლოებულნი არიან და თქვენ ვერ აღუდგებით მათ წინ, ვერ შეძლებთ მათთან ბრძოლას.
გაგზავნე კაცი თქვენი მეფის წინაშე და გადაეცი ჩემი სიტყვები. მე არ მინდა საქართველოს აოხრება, არამედ, მინდა დაგიცვათ მტრებისგან, მე გავძლიერდე თქვენით და ვიყოთ მშვიდობით.“
ავაგ ამირსპასალარმა საკუთარ თავზე არ აიღო პასუხის გაცემა, მხოლოდ შეჰპირდა ჯალალედინს, რომ მის ნათქვამს გადასცემდა მეფე რუსუდანსა და ვაზირებს.
ათაბაგმა გაგზავნა შიკრიკი რუსუდან მეფესთან და ამცნო მეფესა და სამეფო კარს სულთან ჯალალედინის წინადადების შესახებ.
უცხოელ ავტორებსაც აქვთ დაცული ამგვარი ცნობა, თუმცა ეს უფრო გარნისის ბრძოლის წინა პერიოდს ეხება.
რუსუდან მეფეს ძალიან გაუკვირდა ასეთი თავხედური წინადადების შემოთავაზება, შეატყობინეს ავაგს, მეტად აღარ მოესმინა მისთვის და უარი შეეთვალა ჯალალედინისთვის. ავაგმაც არ დააყოვნა და პასუხი გადაუგზავნა სულთანს.
ასეთი მცდელობა ქართველების მომხრობისა მონღოლების წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა სულთან ჯალალედინს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ნდობა არ შეიძლებოდა და, თანაც, ქორწინებასა და გამეფებაზე წინადადების მიღება შეუძლებელი იყო. მაგრამ, შესაძლებელი იყო დროის გაწელვა ან დიპლომატიური პასუხი, მოკავშირეობის შეთავაზება თბილისზე ჯალალედინის გამოლაშქრების გადასადებად.
დროის გაწელვის ხერხით, ჯარის მოულოდნელი შეკრებითა და უეცარი თავდასხმით, რუსუდანის წმიდა დედის, თამარის ხანაში, ქართველებმა დაამარცხეს რუმის სულტნის ურიცხვი ლაშქარი... მაგრამ მაშინ მეფის ტახტზე გონიერი და კეთილმსახური მეფე თამარი იჯდა, ხოლო არმიას დაუმარცხებელი სარდალი დავით სოსლანი ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა – სახელმწიფო მოქმედებდა.
რუსუდანის დროინდელმა სამეფო კარმა კი უკვე მეორედ ვერ გამოიჩინა ჯეროვანი გონიერება და დროის გაწელვა არ დაიწყო, რათა კარგად მომზადებულიყო სახელმწიფო ომისთვის – მაქსიმალურად მოეკრიბა მოკავშირეები, დაექირავებინა მეომარი ტომები, გაეხიზნა ხალხი, გაემაგრებინა თბილისისკენ სავალი ხეობები და გზები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მთელი საომარი რესურსის ორგანიზაცია არ მოხდა, ისევე, როგორც გარნისის ბრძოლაში.
მიიღო თუ არა უარყოფითი პასუხი, ჯალალედინი აიყარა და თბილისისაკენ დაიძრა. ის გაცილებით სწრაფად მოქმედებდა, ვიდრე რუსუდანის სამეფო კარი. ქვეყანა დიდ კრიზისში იყო უვარგისი მმართველობის გამო.
როგორც კი რუსუდან მეფემ შეიტყო, სულთანი ტფილისისკენ მოემართებაო, სამეფო კარიანად აიყარა და ქუთათისში გადავიდა.
ერთიანი საქართველოს დედაქალაქი გაამაგრეს. მეფემ ქალაქის მცველთა მეთაურებად დატოვა ორი ძმა, ბოცოს ძენი – მემნა და ბოცო. სულთანი ჯალალედინი ქვემო ქართლის გავლით მოადგა თბილისს, მანამდე კი სომხეთი და ქვემო ქართლი მოაოხრა.
უცხოელი ავტორები ამბობენ, ქართველებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა თბილისამდე, თუმცა, არაფერი გამოუვიდათო. მონაცემებით, იმ დროს ჯალალედინს დაახლოებით 140 000 მეომარი უნდა ჰყოლოდა თან. შეიძლება, ეს გადაჭარბებულია, მაგრამ ქართველებზე მეტნი რომ იყვნენ, ცხადია, თან, ქართულ სახელმწიფოს ორგანიზება აღარ უვარგოდა.
მემნასა და ბოცოს კარგად ჰქონდათ გამაგრებული ქალაქი, გადიოდნენ ხოლმე და ებრძოდნენ კიდეც ქალაქგარეთ ხვარაზმის სულტანს, მაგრამ, ერთ დღესაც, მოღალატე თბილისელმა მაჰმადიანებმა შეთქმულება მოაწყვეს, დაუკავშირდნენ ჯალალედინს და ქალაქის კარიბჭის მოულოდნელი გაღება შესთავაზეს.
1226 წლის 9 მარტის დილას, მემნამ მოიხსნა მუზარადი და მუზარადის ჩასაფენის დახურვას აპირებდა თავზე (დღეს რომ „კახურ ქუდს” უწოდებენ, ისეთის) – ასეთი ქუდები მუზარადის ქვეშ ეხურათ ხოლმე. გვერდით ედგა თბილისელი მაჰმადიანების მეთაური. მოულოდნელად მან ხმალი ჩასცხო მემნას უმუზარადო თავში და მოკლა. იქვე მყოფი მოღალატე თბილისელი მაჰმადიანები კი ქრისტიან მეომრებს დაერივნენ. სანამ სხვადასხვა სადარაჯოზე მდგარი ქართველები და თბილისის ციხიონი გონზე მოვიდოდნენ, მოღალატეებმა განჯის კარი გაუღეს წინასწარ გაფრთხილებულ ხვარაზმელებს და ქალაქში შემოიყვანეს.
ეს მოულოდნელი იყო თბილისელებისთვის და ქალაქში არეულობა დაიწყო. გარნიზონმა, შეძლებისდაგვარად დაიკავა პოზიციები და შემდეგ ისანში გამაგრდა ბოცო ბოცოს ძის მეთაურობით. ხოლო სხვადასხვა სადარაჯოზე მდგარი ჯარისკაცები ასევე ღალატით დახოცეს თბილისელმა მაჰმადიანებმა.
მერე ფსიქოპატი ჯალალედინის ჯარი დაესია ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს... იმ დღეს 100 000 თბილისელი ქრისტიანი დახოცეს ხვარაზმელებმა, მერე კი ადგილობრივ მაჰმადიანებს დაერივნენ.
ასე დაეცა დიდი სახელმწიფოს დედაქალაქი...