არის თუ არა სიზმარი რეალობასთან კავშირში და მთვარის რომელ პერიოდში უნდა დააბნელოთ ფარდებით საძინებელი ოთახი
აუცილებლად, უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელ დღეებში გეძალებათ ნეგატიური ფიქრები. ბევრი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში განსაკუთრებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, წარუმატებლობას, მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს. საიდუმლო არ არის, რომ ამაში მთვარის ფაზებია „დამნაშავე”. აქვე მოგცემთ რამდენიმე ასტროლოგიურ რჩევას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ სავსე მთვარის დროს საძინებელ ოთახს კარგად დააბნელებთ ფარდებით, ისე, რომ მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია არ შემოიჭრას ოთახში, ამით მთელი თვის განმავლობაში დააღწევთ თავს, მომავალ სავსე მთვარემდე უძილობას, გაღიზიანებას, ნეგატიურ ფიქრებს და ასე შემდეგ.
ასევე, ბევრი ღამით ნანახ სიზმარს დიდ ყურადღებას აქცევს, ბევრიც იგნორირებას უკეთებს და მიაჩნია, რომ სიზმარი რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის და მას ყურადღება არ უნდა მიექცეს.
სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრია და ის სინამდვილის, რეალური ცხოვრების ზუსტი ანარეკლია. ამიტომ, გირჩევთ, ნუ ეცდებით, სიზმრის აბსურდულობის დამტკიცებას რეალობაში. ყოველ დილით აღიდგინეთ ღამით ნანახი, გააანალიზეთ, დაუკავშირეთ რეალურ ფაქტებს და გაითვალისწინეთ დღის განმავლობაში. შესაძლოა, სიზმარმა საბედისწერო შეცდომის შესახებ ან თუნდაც, საფრთხეზეც მოგცეთ მინიშნება.
ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები სიზმრების მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. ხშირადაც ხედავენ სიზმრებს და უხდებათ კიდეც ისინი რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, ყველაზე ხშირად მინიშნებებს ღამით იღებენ – კირჩხიბის, თევზების, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. თუმცა, განსაკუთრებით, ამ მხრივ, მაინც თევზები გამორჩევიან.
სიზმარი, რომლის ახდენის დიდი შანსია, მეტწილად სავსე მთვარის პერიოდში ესიზმრებათ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთვარე თევზებისა და კუროს ზოდიაქოს ნიშანს გადის.
ასევე, მალევე ცხადდება რეალობაში ის სიზმრები, რომელთაც ახალმთვარეობიდან პირველ, მესამე, მერვე, მეცხრე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეორე, ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე, ოცდამეშვიდე, ოცდამერვე, ოცდამეცხრე და ოცდამეათე დღეს ვნახულობთ. ამ დღეებში ნანახ სიზმარს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და გაითავისოთ ის მინიშნება თუ ინფორმაცია, რასაც ძილში ზებუნებრივი ძალა გაწვდით.
წყლის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, კირჩხიბები, მორიელები და თევზები, ყველაზე ხშირად ხედავენ სიზმრებს და სწორედ ღამეული ხილვების მიხედვით იგებენ მომავალს. სიზმრის სახით იღებენ თავისთვის მეტად საჭირო ინფორმაციას და მინიშნებას. ეს კი ხშირად, მათი წარმატების მიზეზია რეალურ ცხოვრებაში.
ჰაერის სტიქიის ნიშნები, კერძოდ, ტყუპები, სასწორები და მერწყულები ღამით ისეთ სიზმრებს ხედავენ, რაზეც დღისით, ანუ რეალურ ცხოვრებაში ფიქრობენ და განიცდიან. შესაძლოა, ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა სიზმარში სწორედ იმ პრობლემის გადაჭრის გზები მოიძიონ, რომლის მოგვარებასაც ვერ ახერხებენ რეალურ ცხოვრებაში. ინფორმაცია, რასაც სიზმარი მათთვის ღამით აგზავნის კოსმოსიდან, ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, ძირითადად გადაუჭრელ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს უკავშირდება.
ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან, ანუ ვერძებთან, ლომებთან და მშვილდოსნებთან სიზმარი ფერადი სახით მოდის. მათ ვურჩევ გაითვალისწინონ ყოველი ის გაფრთხილება, რასაც ღამით კოსმოსი ახალმთვარეობის დღეებში უგზავნის. ნუ გაუკეთებთ იგნორირებას ღამის ხილვებს, რათა ზედმეტი პრობლემა არ შეიქმნათ რეალურ ცხოვრებაში – სიზმრით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ზედმეტი ხლაფორთის გარეშე, მარტივად დაიპყროთ მწვერვალები და დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიციები.
მიწის სტიქიის ნიშნები – კუროები, ქალწულები და თხის რქები სიზმრად იმას ხედავენ, თუ როგორ გადაჭრან პრაქტიკულად პრობლემა რეალურ ცხოვრებაში. ასევე, მათ ხშირად ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ ამ სიზმრებს მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მიწის სტიქიის ნიშნები, მაშინ ისინი ცხოვრებაში ადვილად მიაღწევენ წარმატებებს და იღბალიც ადვილად გაუღიმებთ.