ინტიმური საუბრები
არ ვიცი, საშველად ვის მივმართო
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის ის, რაც, ლამის არის, ჩემი ოჯახის ტრაგედიად იქცა, თუმცა, მგონი, მხოლოდ ჩემთვის არის ეს ტრაგედია, ჩემს შვილსა და რძალს კი ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. საქმე ეხება 16 წლის გოგოს, ჩემს ერთადერთ შვილიშვილს, რომელსაც თუ დროზე არ მოჰკიდეს მშობლებმა ხელი, აშკარად ცუდ გზას დაადგება. ეს ერთი შვილი ჰყავთ და იმისთვისაც ვერ მოუვლიათ. არცერთს არ სცალია ბავშვისთვის, ორივე მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და დროსტარებაზე ფიქრობს. დაუჩემებიათ, მოზარდის პიროვნული თავისუფლება არ უნდა შეზღუდო, თორემ, კომპლექსიანი და საცოდავი არსება გაიზრდება, რომელსაც ყველა დაჩაგრავს და დაიბრიყვებსო. პიროვნული თავისუფლების შეზღუდვაა ის, რომ შვილს ელემენტარული ზრდილობა ასწავლო?! გარეგნობით ანგელოზივით გოგოა, მაგრამ ხმას რომ ამოიღებს, თავის მოკვლა მოგინდება – ქუჩურ ჟარგონებს ვინ ჩივის, ისეთი უწმაწური სიტყვები ამოსდის პირიდან, ლოთ „საპოჟნიკსაც“ კი შეშურდება. თუ გავბედე და შენიშვნა მივეცი, მზად არის, დედა მაგინოს; თან მაყვედრის, მადლობელი იყავი, ჩემი მშობლების კისერზე რომ ზიხარ, ჩვენსას ჭამ და ჩვენსას სვამო. არადა, ხუთასი ლარი მაქვს პენსია (ჩემი ქმრის) და ესენი რომ არ მცინცლავდნენ, ისე ვიმყოფინებდი, დედოფალივით ვიცხოვრებდი, განა იმდენი რა მჭირდება. მხოლოდ პენსიის დღეს არის ხოლმე შედარებით დამტკბარი და ზრდილობიანი, მაგრამ, როგორც კი ფულს გამომტყუებს, ზუსტად ხუთ წუთში ისევ ალქაჯად იქცევა ხოლმე. თუმცა, რა უნდა გამიკვირდეს, როცა დედამისიც თითქმის ასევე მექცევა. მართალია, არ მაგინებს, მაგრამ, ისიც ლუკმას მაყვედრის და ძალიან უხეშად მელაპარაკება. თუ სტუმარი მოუვა რომელიმეს, მე ჩემი ოთახიდან გამოსვლას მიკრძალავენ, ჩემს საკუთარი ბინაში, რომელიც თავის დროზე მე და ჩემმა ქმარმა ტანჯვა-წამებით შევიძინეთ.
რამდენჯერ ვუთხარი ჩემს შვილს, ბავშვს მიხედეთ, ცუდ წრეშია მოხვედრილი და არ დაიღუპოს-მეთქი, მაგრამ, ყურიც არ შეიბერტყა – თავისი ცოლის სიტყვებს არის აყოლილი. ამ რამდენიმე დღის წინ ღამის 2 საათზე მოვიდა ჩემი შვილიშვილი სახლში და ისეთი ნასვამი იყო, ფეხზე ძლივს იდგა, მის მშობლებს კი მშვიდად ეძინათ. რომ გავაღვიძე, გამიბრაზდნენ – თვითონ მიხედოს თავსო. გარდა ამისა, ხან ერთ ბიჭს ხვდება, ხან მეორეს, ხან მესამეს და არცერთი არ არის ნორმალური. დაქალებიც ისეთი ჰყავს, რომ დაინახო, სიცოცხლე აღარ მოგინდება.
აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო საშველად, არადა, ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება და მერე გვიან იქნება თითზე კბენა.
თინათინი, 72 წლის.
შეყვარებული და ბავშვობის მეგობარი გულიდან ამოვირეცხე
ნახევარი წელია, ვხვდები ბიჭს, რომელიც მიყვარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში თვითონაც მიმტკიცებდა, რომ ვუყვარდი და ახლაც იმავეს იმეორებს, მაგრამ, ერთი თვის წინ აღმოვაჩინე, რომ ხვდება ჩემს უახლოეს დაქალს, რომელიც ჩემგან გაიცნო. თავიდან კატეგორიულად უარყოფდა მასთან შეხვედრას, მაგრამ, ერთხელაც, ჩუმად უკან გავყევი, მობილურით გადავუღე, ვერის პარკში, სკამზე ხელგადახვეულები და ლოყა ლოყაზე მიდებულები რომ ისხდნენ და, როცა ეს სურათი ვაჩვენე, სხვანაირად აჭიკჭიკდა – შენ მიყვარხარ, თეო კი, უბრალოდ, მომწონს. თან, ახლა რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს და მეგობრის მხარში დგომა სჭირდებაო. ჯერ ერთი, ვერ გავიგე, რა თეოს მეგობარია, როცა სულ ცოტა ხნის წინ გაიცნეს ერთმანეთი; თანაც, თუ რამე სერიოზული პრობლემა აქვს, მე რატომ არ მითხრა, ჩვენ ხომ ბავშვობიდან ვდაქალობთ?! ეს თეო კი კაი გველი და მოღალატე ყოფილა. თაზო რომ გავაცანი, მითხრა, ამასთან როგორ დადიხარ, მაგარი უსიამოვნო ტიპია, შენ სულ სხვანაირი ბიჭი შეგეფერებაო და, ამის მერე სულ იმას ცდილობდა, თაზოზე გული ამეყარა და დავშორდებოდი. მე მეგონა, მართლა ისე ვუყვარვარ, მე ყველაზე კარგი ბიჭისთვის ვემეტები-მეთქი, იმას კი, თურმე, რა ჰქონია გულში!
ბევრი ვიფიქრე ამ ამბავზე და დავასკვენი, რომ ორივემ მიღალატა. არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მაგრამ ორივეს მიმართ გამიცივდა გული. თეო, რომელიც ჩემს ღვიძლ დად მიმაჩნდა, იუდა აღმოჩნდა; თაზო კი, რომელიც მთელ დედამიწაზე ყველაზე მაგარი ბიჭი მეგონა – ცანცარა, უპრინციპო და თავქარიანი ლაწირაკი. ამიტომ, ორივე ამოვირეცხე გულიდან. მაგრამ, მე კი არ დავკარგე ისინი, იმათ დამკარგეს, თანაც, სამუდამოდ. ეტყობა, უფალმა დამიცვა იმისგან, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ორი მოღალატე მყოლოდა გვერდით და ორივე ჩემი ერთგული მგონებოდა. არა უშავს, როგორმე გადავიტან. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, თან, არც გარეგნობა მაქვს ვინმეზე ნაკლები და თაზოზე უკეთესი ბიჭი შემიყვარებს. მეგობრებიც საკმაოდ მყავს, ასე რომ, მხოლოდ მათით არ იწყება და არ მთავრდება ჩემი ცხოვრება. მათ იკითხონ – ორმა მოღალატემ, რომლებიც ერთმანეთსაც პირველივე შესაძლო შემთხვევაში უღალატებენ, თორემ, მე უამრავი ერთგული ადამიანი მყავს გარშემო და კიდევ ბევრი მეყოლება.
ეკა, 18 წლის.