როდის ზარალდება ცოლი და რატომ არ უნდა მისცე შანსი მოღალატე ქმარს
ადამიანი არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. პატიების უნარი კარგი და კეთილშობილური ნიჭია. ყველაფრის პატიება და შენდობა შეიძლება. მაგრამ, საკმაოდ ძნელია, ადამიანს აპატიო ღალატი. ნდობის გაცრუება მტკივნეულიც არის და რთულად დასავიწყებელიც. სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სიტუაციის გაანალიზება, დალაპარაკება ადამიანთან, რომელმაც გული ძალიან გატკინა.
პატიების შემდეგ მოღალატეებს ხშირად იმის პრეტენზია აქვთ, რომ მათ მიმართ ნდობა სრულიად აღდგეს, მაგრამ თავად არაფრის გაღება არ სურთ. არც იმის გარანტია არსებობს, რომ ღალატის ფაქტი აღარ გამეორდება. ნდობას ნამდვილად აქვს ფასი...
თეონა (37 წლის): როცა პირველად მივხვდი, რომ ქმარი მღალატობდა, ჩემი რეაქცია საკმაოდ არაადეკვატური იყო – ენა ვეღარ დავძარი. თითქოს მეხი დამეცა... შოკი ისეთი ძლიერი იყო, რომ საერთოდ ვერაფერი ვთქვი. არცერთი სიტყვა – ვერც ვიტირე, ვერც ვიყვირე... ვერც ვიჩხუბე... შვიდწლიანი ბედნიერი ცხოვრება და უცებ ასეთი საშინელი მოულოდნელობა... ქმარს ძალიან ვენდობოდი. ასე, მხოლოდ სულელი და დებილი თუ ენდობა...
– ნდობა ასეთი ცუდია?
– ცუდი არ არის, მაგრამ საშიშია და გეტყვით, რატომაც – მთლიანად ეშვები... დუნდები. საკუთარ თავზეც კარგავ კონტროლს და ქმარზეც. ქმარს კი, თურმე, მუდმივად უნდა კონტროლი. მე ვხედავდი, როგორ აკონტროლებდნენ ქმრებს ჩემი დაქალები და არ ვეთანხმებოდი მათ – ვეუბნებოდი, ასე არ შეიძლება... თავს იმცირებთ, მასაც ამცირებთ და ურთიერთობას იფუჭებთ-მეთქი. იცინოდნენ. სხვანაირად, ქმარს ვერ შეინარჩუნებო. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ქმრის მობილურში, მეილსა და სოციალურ ქსელში ქექვა... მის სულში ხელის ფათური...
– თვითონაც არ გენდობოდათ?
– მე მეგონა, რომ მენდობოდა. იქამდე, სანამ მის შესახებ სიმართლეს შევიტყობდი. მერე მივხვდი, რომ ეს ამბავი საერთოდ არ აინტერესებდა. პირიქით, მისი გონება მთლიანად იქით იყო მიმართული, რომ მისი ღალატის შესახებ არაფერი შემეტყო. დაძაბული და შემართული, ალბათ, ვერც შეამჩნევდა, ვინმე რომ გამეჩინა.
– რამდენი წელი გღალატობდათ? საუბრიდან ჩანს, რომ ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა.
– ასე იყო. მე ვიჯექი ჭურში, თორემ ჩემი ქმარი კარგა ხნის განმავლობაში არაფერს იკლებდა. მე კი მჯეროდა მისი. მიხაროდა, ასეთი იდეალური ოჯახი რომ გვქონდა. რა კარგია, ჩვენ სხვებს არ ვგავართ, ჩვენ ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაძლიერებს-მეთქი. ახლა მიკვირს – ნეტავი, ასეთი სულელი, გულუბრყვილო და ბრმა რანაირად ვიყავი.
– როგორ გაიგეთ, რომ გღალატობდათ?
– არ გამიგია. თვითონ მითხრა. გიკვირთ, არა? მეც გამიკვირდებოდა, სხვაზე რომ გამეგო ეს ამბავი, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. პირდაპირ მითხრა, დავიღალე თამაშით და ფარისევლობით... მე არ ვარ ერთგული ქმარი და ასეთი ნდობის ღირსიო... მერე ჩაალაგა თავისი ნივთები და კარი გაიხურა.
– წავიდა? ადგა და წავიდა, თუმცა თქვენ სკანდალი არ მოგიწყვიათ?
– ჰო. სწორედ ასე იყო. მე არ გამიგდია. ვერ მოვახერხებდი ამას. გულწრფელად გეუბნებით, ამისი თავი არ მქონდა. დამბლადაცემულივით ვიყავი. მგონი, ყველა ქალი გამიგებს და არ დასჭირდება ზედმეტი ახსნა ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას. მეგონა, გული ამომგლიჯეს. უსარგებლო ნივთად ვიგრძენი თავი. ისეთ ნივთად, რომელიც დიდი ხანია, არავის სჭირდება. თქვენც ხომ გესმით ჩემი?! ასე არასოდეს არავის დავუმცირებივარ. თან, კიდევ ის იყო ცუდი, რომ ვერ ვიჯერებდი, ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდებოდა. ნუთუ შეიძლება, მოხდეს ასე – ყოველგვარი ხმაურის, განხეთქილების, სკანდალების, კონფლიქტების გარეშე, ქმარს ჩემი მიტოვების სურვილი გაუჩნდეს-მეთქი, ვფიქრობდი და ვნერვიულობდი სწორედ ამაზე და არა იმაზე, რომ მიღალატეს. ეს საკმაოდ გვიან გავაცნობიერე... ზოგადად, ჩემს ქმარს არ უყვარს ლაპარაკი და არც არასოდეს ყვარებია. თავისი სიჩუმით გააკეთა ის, რომ მე ეგრევე ფაქტის პირისპირ აღმოვჩნდი, ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე... იცით, როგორ დამემართა? სრულიად ჯანმრთელი ოჯახის წევრი რომ მოუკვდებათ ხოლმე. ეს ხომ უფრო დიდი შოკია, ვიდრე მძიმე ავადმყოფის გარდაცვალება. ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო აშკარა მექალთანე, შემჩნეული მყოლოდა თვალების ცეცებაში... ცელქობებში... მე ვიქნებოდი მობილიზებული, შემართული და მომზადებული. მიამიტი ცოლი, თავისი უსაფუძვლო ნდობის საფასურად, ყოველთვის იხდის იმას, რაც მე გადავიხადე. ჩემი ქმრის ჩუმად ყოფნით ზოგჯერ თავს უხერხულად ვგრძნობდი – რა კარგი ქმარი მყავს, არ მაწუხებს, ზედმეტად და არ მანერვიულებს-მეთქი. თურმე, როგორ ოსტატურად დაძვრებოდა და მაყრიდა თვალებში ნაცარს. მე კი მიყვარდა და დღესაც ძალიან მიყვარს. ამიტომაც, როცა მოინანია, მე ვერ გავბედე, ხელი ვერ ვკარი.
– ანუ აპატიეთ?
– ჰო. ასე გამოვიდა. ვაპატიე, მივიღე, მივეცი მეორე შანსი. მიხვდა ამას და ვერ გამოვიჩინე სიმკაცრე. ისე ვზრუნავდი ყოველთვის მასზე, ისე ვუვლიდი და ვანებივრებდი, ერთბაშად გულიდან ვერ მოვიწყვიტე და ხელი ვერ ვკარი. მეუბნებოდა, მივხვდი, რაც ჩავიდინე. იდიოტი ვარ, შენ გარეშე ძალიან გამიჭირდება ცხოვრება. იმიტომ გეუბნები ამ ყველაფერს, რომ შენ რაღაც მომენტში, მაინც გაიგებდი. მერე შეიძლება აღარც გეპატიებინაო...
– დაუჯერეთ და ენდეთ?
– კი... დავუჯერე. ვენდე კიდეც, მაგრამ ნდობის რეალურად დაბრუნება გაცილებით რთული აღმოჩნდა. ჩემს გულში ეჭვი ჩასახლდა, რომელიც ვეღარაფრით დავძლიე. ვერ გამოვდევნე. ჩემი ქმრის ყოველ სიტყვაში, ყოველ გამოხედვაში უკვე ეჭვი მეპარება. განვიცდი ამას. არ იფიქროთ, რომ არ განვიცდი. მესიჯი მიუვა, თუ ვინმე დაურეკავს, გული მეკუმშება და ვეკითხები, ვინ ეკონტაქტება. არ სიამოვნებს, მაგრამ მპასუხობს. თუმცა, ვხვდები, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. სუფთა ფურცლიდან ვეღარ დავიწყებთ. ასე მხოლოდ ზღაპრებსა და ფილმებში ხდება. თუ ადრე უპირობოდ ვენდობოდი, ახლა უპირობოდ ვეჭვიანობ. ჩემი ქმარიც ხვდება, რომ მე ისეთი აღარ ვარ, როგორიც ვიყავი. შეიძლება, ნანობს კიდეც, რომ გული გადამიშალა – არ ვიცი.
– ფიქრობთ, რომ ისევ ხვდება იმ ქალს?
– არ მგონია. საქმე ისაა, მე აღარ ვენდობი. ჩემთვის ის ისევ მოღალატედ რჩება. ეს არის პრობლემა.
– ანუ, თქვენ უნდა ენდობოდეთ მას, ასე მიგაჩნიათ?
– არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ფაქტია, რომ ნდობის რეანიმაცია და „გაცოცხლება“ აღარ მოხერხდა.
– შანსი რაღატომ მიეცით?
– იმიტომ, რომ მიყვარს. ამაში არაფერი უნდა იყოს გასაკვირი. გრძნობა მაქვს, ნდობა – არა! ეს ერთი და იგივე არ არის, სამწუხაროდ. არ ვიცი, შეიძლება, დრო რომ გავა, გამინელებს იმ ტკივილს, რაც ქმარმა ღალატით მომაყენა და ნდობაც, მეტ-ნაკლებად აღდგება. თუმცა, ამაში დარწმუნებული არ ვარ.