როდის ხდება თილისმა ადამიანისთვის წარმატების მომტანი და კვერცხი – ჩვენი ბედის დამცველი
დამეთანხმებით, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ფიქრობს, თითქოს სამყარო მის წინააღმდეგაა მომართული, მხოლოდ მაშინ იწყებს გამოსავლის ძიებას. ბევრს არ სჯერა უარყოფითი ენერგიებისგან თავდაცვის საშუალებების, ნეგატიური ზემოქმედების უდიდესი ძალის, თუმცა სამყაროში ყველაფერი ხდება და ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლილი, უკვე წლებია, საქართველოდან შორს ცხოვრობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქ ჩამოსვლისთანავე უამრავი ადამიანი აკითხავს და შექმნილი რთული სიტუაციიდან დახსნასა და თავდაცვას სთხოვს.
ლილი: მიკვირს მათი, ვინც მხოლოდ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის შემდეგ ცდილობს, იპოვოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი და დაიცვას თავი. ამაზე სწორედ მაშინ უნდა იზრუნოს კაცმა, როცა დაცულიცაა და წარმატებულიც. ბევრს არ სჯერა თილისმების მაგიური ძალის, თუმცა სასწაულები მაინც ხდება.
– ბევრს არ სჯერა თილისმის ძალის და, ფიქრობს, რომ მისი ტარება წარმატებების მომტანი ვერ იქნება. მათ რას ეტყვით?
– დამიჯერეთ, თილისმის ტარება ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რათა თავი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაცულად იგრძნოთ. ზოგ ლითონს თილისმის ძალა და სამკურნალო თვისებები გააჩნია. თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვეღარ პოულობთ და, რომ იტყვიან, ხავსს ეჭიდებით, არამედ მაშინაც როცა თავს კარგად გრძნობთ და ბედს არ უჩივით. თილისმა ბედნიერების დასაცავად უნდა ატაროთ და არა პრობლემებისგან თავის დასახსნელად. ბევრმა არ იცის, რომ უბრალო რკინის სამკაულიც კი, ერთგვარი თილისმაა და გარშემო მყოფების აგრესიისა და ავი ზრახვებისგან კარგი დამცველია. თუმცა, რკინის სამკაულების ტარება ყველასთვის არ არის რეკომენდებული. მაგალითად, რბილი ხასიათის, მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვი ადამიანებისთვის ის ძალიან კარგი დამცველია; გამბედავი, მებრძოლი და რისკიანი ადამიანებისთვის კი – პირიქით, ასეთი თილისმა უარყოფით თვისებებს ავლენს.
– ბევრისგან გამიგია, წინაპრისგან ნაჩუქარ ოქროს სამკაულს ვატარებ, მას არ ვიხსნი და მგონია, რომ მიცავს, რადგან ის საყვარელი ადამიანისგან დანატოვარი თილისმაა და მას განსაკუთრებით ვუფრთხილდები, რადგან, მისი დაკარგა ცუდის მომასწავებელი იქნებაო.
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ, ვისაც ნებისყოფა არ ჰყოფნის, ადვილად ფეთქებადი და იმპულსური ხასიათი აქვს, მას ოქროს სამკაულების ტარება, უბრალოდ, ეკრძალება. ოქრო პატრონს ენერგიის კონცენტრირებაში ეხმარება და კარგია მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. რაც შეეხება შეკითხვას, დიახ, ჩვენთან მიღებულია, რომ ოქროს ნივთები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ზოგი ფიქრობს, თუ წინაპრისგან დანატოვარ ძვირფას ნივთს ატარებს, ამით მათ ხსოვნას სცემს პატივს. მე კი გეტყვით, რომ, შეგიძლიათ, ასეთი საგვარეულო ნივთები ოჯახში შეინახოთ და ის თავის ძლიერ ენერგეტიკულ პოტენციალს თავისთავად დააგროვებს, რითაც ბინაში უარყოფითი ენერგიების შემოდინებასაც შეუშლის ხელს და არც თქვენზე იმოქმედებს ცუდად; მათმა ტარებამ კი, შესაძლოა, ზიანი მოგაყენოთ. მასში ყოფილი პატრონის ენერგეტიკაა ჩადებული და, შეიძლება, ის თქვენს ენერგეტიკას ეწინააღმდეგებოდეს, ეს კი წინსვლაში შეგიშლით ხელს და, შესაძლოა, პრობლემები, წინაღობები შეგიქმნათ, ბარიერების დაძლევა კი რთული აღმოჩნდეს თქვენთვის. თანაც, ალბათ, გსმენიათ, არც ის არის კარგი, რომ გარდაცვლილი ადამიანის სამკაულები ატაროთ და თქვათ, ამით მის ხსოვნას ვცემ პატივსო. გარდაცვლილის ენერგეტიკა მასშია „ჩაბუდებული” და ის თქვენთვის წარმატების მომტანი ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება წარმატებული იყო, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და არც ჯანმრთელობას უჩიოდა, მაშინ შეგიძლიათ, ასეთი წინაპრის ნაქონი ძვირფასი ნივთები თუ სამკაულები თამამად ატაროთ.
– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, ადამიანს თავის სახელზე დამზადებული სამკაულის ტარება ხელს უწყობს, კარიერულ და პროფესიონალურ სფეროში ადვილად მიაღწიოს დასახულ მიზანსო?
– ზოგადად, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის სახელზე დამზადებული ლითონის სამკაული და ის უნდა ატაროს. ის თქვენთვის საუკეთესო თილისმა და დამცავი იქნება როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ სფეროში.
– ეზოთერიკოსების აზრით, ჩვეულებრივ ქათმის კვერცხს უნიკალური მაგიური თვისებები აქვს. ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია და რას ეტყვით ჩვენი ჟურნალის მკითხველს?
– თუ ეზოთერიკაში ჩახედული ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ კვერცხს მაგიური თვისებები ნამდვილად გააჩნია. კერძოდ, ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი საუკეთესო დამცავი საშუალებაა ავი თვალისა და ნეგატიური ზემოქმედებისგან.
– ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, კვერცხით როგორ უნდა დავიცვათ თავი ან რა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ ოვალურ კვერცხსო. ხომ მეთანხმებით?
– გეთანხმებით, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, რატომ იყენებდნენ უძველესი დროიდან მაგები მას ცუდი საქმეებისთვის? იმიტომ, რათა ადამიანებისთვის ზიანი მიეყენებინათ. ისინი ლაყე კვერცხს მალავდნენ იმ ოჯახში, რომლის დანგრევაც უნდოდათ და მიზანსაც აღწევდნენ. ასე რომ, მსგავსი ცუდი საქმეების გამკეთებლები დღესაც მომრავლდნენ. თუ სახლში ან ეზოში ლაყე კვერცხი იპოვეთ, იფიქრეთ, რომ ვიღაცას თქვენთვის ზიანის მოყენება უნდა და, თუ დროულად არ ამოქმედდით, მიზანსაც მიაღწევს. თუ ის იპოვეთ თქვენს ეზოში, სახლში ან კარმიდამოსთან ახლოს, ცეცხლი დაანთეთ და ის კვერცხი შიგ ჩააგდეთ. შემდეგ კი ნაცარი კარგად მოხვეტეთ და შორს, მდინარეში გადაყარეთ.
– მაგრამ, ეზოთერიკულ ლიტერატურაში, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაც ხომ მოიაზრება? იქ წერია, რომ ის ადამიანის ქვეცნობიერს ენერგეტიკული ჩარევებისგან იცავს.
– სწორედაც რომ ასეა, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაც მოიაზრება. თუ გსურთ, უბრალო კვერცხი თქვენი დამცველი და ცუდის ამრიდებელი იყოს, კვირაში ერთხელ, საწოლის გვერდით დადგით წყლით სავსე ჯამი და მასში ჩადეთ ერთი თეთრი კვერცხი. ჩაყარეთ მარილი და ცოტა ძმარიც ჩაამატეთ. დილით კი, გაღვიძებისთანავე, მასში ჩაყავით ხელები, შემდეგ ამოიღეთ და რაც თითებზე წვეთები დაგრჩებათ, თავზე ისხურეთ. კვერცხი კი მოხარშეთ და მიირთვით, ოღონდ, არამც და არამც არ შეწვათ. ეს რიტუალი გარშემო მყოფების აგრესიისგან დაგიცავთ, საქმეში წარმატებას გპირდებათ და ბედშიც სასიკეთო ცვლილებების შემტანია. კვერცხი ჩვენს ქვეცნობიერს ენერგეტიკული ჩარევებისგან იცავს. მისი დახმარებით კი ჯადოსაც აარიდებთ თავს და გათვალვასაც.