სამაჯურმა დაღუპა
მისტერ ბისმარკი შეაცბუნა მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა. მამაკაცის ხმა უცხოდ, თუმცა კეთილგანწყობილად ჟღერდა:
– მე რიჩარდ კელიხენი ვარ. არ მიცნობთ, რა თქმა უნდა... იცით თქვენი სამაჯური ვიპოვე, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის მოწაფეები რომ ატარებენ ხოლმე... წყალქვეშ ცურვის დიდი მოყვარული ვარ. ჰოდა, ერთი კვირის წინ პიტა–კოუვში ვყვინთავდი. უცებ ფსკერზე რაღაცამ გაიბრწყინა და, როცა ნაპირზე გამოვიტანე, ვნახე, რომ სამაჯური იყო. ზედ ინიციალებიც ვიპოვე და კოლეჯის დამთავრების წელიც... მე სიმბოლოებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. წარმოვიდგინე, რომ სამაჯური თქვენთვისაც ძვირფასი იქნებოდა; არ დავიზარე, კოლეჯის ჟურნალში მოვძებნე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სამაჯურის პატრონი და მოგაგენით...
მისტერ ბისმარკს ძარღვებში სისხლი გაეყინა, ენა გაჭირვებით დაძრა და მოგონილი სიმშვიდით ჩაილაპარაკა:
– რა სასიამოვნოა... ეს ისე დიდი ხნის წინ იყო... ბანაობისას დავკარგე. აღარც კი მახსოვდა... როგორ მიპოვეთ?
– ინტერნეტით. მისტერ ბისმარკ, ამ დღეებში არიზონაში ვიქნები, შემოგივლით და გადმოგცემთ თქვენს სამაჯურს.
– მადლობის მეტი რა მეთქმის! – ნაძალადევად გაიცინა ბისმარკმა და ტელეფონი გათიშა. სამზარეულოდან მისი ცოლი, ემა გამოვიდა და ქმარს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო:
– ვინ იყო?
– ვიღაც. ჩემი კოლეჯის დამთავრების დროინდელი სამაჯური უპოვია. რამდენი მოცლილია ქვეყანაზე...
– მაშინ, რატომ გაქვს ისეთი სახე, თითქოს ვიღაცის სიკვდილის ამბავი გაცნობეს? – გაიცინა ემამ, – სამაჯურია, სხვა ხომ არაფერი?
– ჩამოსვლას აპირებს – თქვენი საკუთრება უნდა დაგიბრუნოთო.
– მერე, რა პრობლემაა, ჩამოვიდეს. ვუმასპინძლებთ როგორმე...
პრობლემა არც სამაჯურში იყო და, არც ერთი, თუნდაც უცხო მამაკაცის მასპინძლობაში. ბისმარკი თხუთმეტი წლის განმავლობაში ინახავდა სამაჯურთან დაკავშირებულ საიდუმლოს და, აი, როცა მთლიანად დაივიწყა ეს ამბავი, როცა გული დაიმშვიდა, ვიღაც სულელმა მყვინთავმა ისევ საფრთხის წინაშე დააყენა. რა თქმა უნდა, ზუსტად ახსოვდა, სად და რა ვითარებაში დაკარგა სამაჯური:
თბილი საღამო იყო. იმ დღეს კოლეჯის დამთავრებისადმი მიძღვნილი ბანკეტი ჰქონდათ. ცოტა დალია, ბევრი იცეკვა თავის შეყვარებულ მერისთან და მერე სანაპიროზე გაისეირნეს. წყნარი ოკეანე იმ დღეს მართლაც ზედმეტად წყნარი იყო, წყალი კი – ახალმოწველილი რძესავით თბილი. მერის ტანზე გახდა და ბანაობა შესთავაზა. ქალიშვილი გაუძალიანდა – საცურაო კოსტიუმი არ წამომიღიაო. რიჩი არ მოეშვა, მოეხვია და ზურგზე კაბის ღილები შეუხსნა. მერე ხელები კაბის ქვემოთაც შეუცურა და ტრუსების გახდა დაუპირა. ქალიშვილი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა.
– მერი, რა გემართება, პირველად ხომ არ ვაკეთებთ ამას? მოეშვი და მომენდე, ძალიან მოგეწონება.
– რიჩ, არ შემიძლია, ოღონდ ახლა არა... არ შემიძლია-მეთქი... რიჩ, მომეშვი, ძალიან გთხოვ...
მაგრამ რიჩი გახელდა, კაბა გააძრო და ისევ ტრუსს მიუბრუნდა, თან წყლისკენ ექაჩებოდა და შარვალსაც იხდიდა. მისთვის უცნაური და მიუღებელი იყო ქალიშვილის პროტესტი... წყალში უკვე წელამდე იდგნენ, მაგრამ მერის წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ვერ მოერია და ვერც ტრუსები გაახდევინა.
– რა გემართება, ბოლოს და ბოლოს? – შეჰყვირა გახელებულმა.
– რიჩ, საყვარელო... ახლა არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ გამოსავალს არ მიტოვებ – ფეხმძიმედ ვარ... ჩვენ შვილი გვეყოლება.
რიჩი გაშეშდა. ეს მისთვის სრული შოკი იყო, მეხის დაცემასავით... უბედურება, რადგან მერისთან სერიოზული ურთიერთობა მის გეგმებში არ შედიოდა.
– ბავშვს არ გააჩენ! – უთხრა მკაცრად და გადაჭრით.
– ჰო, მაგრამ, რიჩ... მე მინდა შვილი...
– შვილი თუ გინდა, სხვასთანაც შეგიძლია გააკეთო. მე არაფერ შუაში ვარ, ჩემგან შენ ბავშვს არ გააჩენ!
მერის თვალებში ცრემლი გაკრთა, მერე მთელი ძალით გაიქნია ხელი და ბიჭს სახეში შემოჰკრა... ხოლო რა მოხდა მერე, რიჩ ბისმარკს ბუნდოვნად დაამახსოვრდა. გონს რომ მოვიდა, მერისთვის თმაში ხელი ჰქონდა ჩაჭიდული, ქალიშვილის თავი წყალში იყო, მისი სხეული კი აღარ ინძრეოდა. რიჩს რამდენიმე წუთი დასჭირდა საღად აზროვნების უნარის დასაბრუნებლად. მერი მკვდარი იყო და ამას ვეღარეფერს უშველიდა, მაგრამ მის გამო თავის მომავალს ვერ დაღუპავდა. ნაპირზე სწრაფად მოძებნა დიდი ქვა, კაბის სარტყელით გვამს წელზე შეაბა და წყალში შეცურდა. საკმაოდ კარგი მოცურავე იყო და ამიტომ გვამის დიდ მანძილზე გატანა არ გასჭირვებია, იქ კი ხელი გაუშვა და დაელოდა, სანამ კარგად ჩაიძირებოდა. შემდეგ ნაპირზე გამოცურა, მერის კაბა და ფეხსაცმელები აიღო, სახლში მივიდა და ბუხარში შეყარა. თავისი სველი ტანსაცმელიც დაწვა, მერე მშრალ ტანისამოსში გამოეწყო და წვეულებაზე დაბრუნდა. საერთო მხიარულებაში მისი რამდენიმესაათიანი გაუჩინარება შეუმჩნეველი დარჩა. იქ მყოფებისთვის თავი კარგად რომ დაემახსოვრებინა, დათვრა და პატარა სკანდალი მოაწყო და ის ღამე პოლიციის განყოფილებაში გაათენა – ამგვარად ალიბი გაინაღდა და, როცა მეორე დღეს მერის მთელმა კოლეჯმა და ადგილობრივმა პოლიციამ ძებნა დაუწყო, თავადაც შეწუხებული სახით ჩაერთო ძებნაში... სამაჯურის დაკარგვა საკმაოდ გვიან შეამჩნია და მაშინვე იფიქრა, რომ გვამის მოშორებისას დაკარგა. ძებნას აზრი არ ჰქონდა... მერის კვალსაც ვერ მიაგნეს და ქალიშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს. ახლა კი სამაჯურის პოვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იქნებ, მოხალისე მყინთავმა წყალქვეშ მერის გვამის ნარჩენებიც ნახა და ახლა სცდიდა? არა, თვითონ უნდა ჩასულიყო და ადგილზე ენახა – უნდა ჩაეყვინთა იმ რიფებთან, სადაც ქალიშვილის გვამი ჩაძირა... ცოლს უთხრა, მივლინებაში მივდივარო და გაემგზავრა... მოსაღამოებას არ დალოდებია, დაქირავებული საყვინთი აპარატი მოირგო და წყალში შეცურა. ადგილი ზუსტად ახსოვდა და იპოვა კიდეც, რასაც ეძებდა – თავის ქალა, ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად ამოყვინთა... უცებ ნაპირზე უზარმაზარი პროჟექტორები აინთო, ცაზე კი, ზუსტად მის თავზე ვერტმფრენი „დაეკიდა“ და პოლიციის სირენაც ჩაირთო:
– მისტერ ბისმარკ! პოლიციაა... სისულელე არ ჩაიდინოთ! მშვიდად გამოცურეთ ნაპირისკენ იმ საგანთან ერთად, რაც ხელში გიჭირავთ. აზრი აღარ აქვს დამალვას და არც რამის უარყოფას. თქვენ ბრალი გედებათ განზრახ მკვლელობაში. დანარჩენს ნაპირზე გეტყვით...
რიჩ ბისმარკს ხელბორკილები დაადეს. მას ჯერაც არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარში კი არა, მის თავს ხდებოდა. გარშემო პოლიციელები ეხვივნენ. მათ გუნდს ახალგაზრდა კაცი გამოეყო და მასთან მივიდა.
– მე რიჩარდ კელიხენი ვარ, ტელეფონზე რომ გესაუბრეთ, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი... მერის და, კორა, ჩემი მეუღლეა. იცით, ის მხოლოდ ათი წლის იყო, როცა მერი უკვალოდ გაქრა და მაშინვე მტკიცედ სჯეროდა, რომ სწორედ თქვენინო წულუკიძემნ იყავით მკვლელი. მერი მას ყველაფერს უყვებოდა, მაგრამ კორას მაშინ არავინ დაუჯერა. მე მიყვარს ჩემი ცოლი... ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ამ ამოუხსნელი საიდუმლოს გამო და გადავწყვიტე, თქვენთან დაკავშირებით პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა – მე ხომ საგანგებო საქმეთა გამომძიებელი ვარ... რა თქმა უნდა, არც ჩამიყვინთავს და არც არანაირი სამაჯური არ მიპოვია... თქვენ კი ანკესზე წამოეგეთ და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ მკვლელობა თქვენ ჩაიდინეთ.
ბისმარკმა თვალები დახუჭა და გაჭირვებით გაიხსენა პატარა გოგონას სახე, რომელიც ყოველთვის ეჭვითა და სიძულვილით უმზერდა, როცა რიჩი მერის სახლში მიაკითხავდა ხოლმე... ბისმარკს მისთვის არასდროს მიუქცევია ყურადღება.