ზნედაცემული ანგელოზები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-16(747)
ქალი, კაცი და კაცის ცოლი; ან, პირიქით – ცოლი, ქმარი და ქმრის საყვარელი... მოკლედ, გააჩნია, ამ ყველაფერს რომელი მხრიდან შეხედავ... ვიღაც-ვიღაცეები ამბობენ, რომ სასიყვარულო სამკუთხედი საშინელებაა... სიმართლე რომ ითქვას, ამ სამკუთხედს სიყვარულთან კავშირი საერთოდ არა აქვს...
ქალმა, რომელიც კავშირს ამყარებს ცოლიან მამაკაცთან, როგორც წესი, თავიდანვე იცის თავისი საყვარლის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამბობს, არაფერი ვიცოდიო, ამით ის, უპირველესად, საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობს. შესაბამისად, ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ საბედისწერო სამკუთხედის შემოქმედი თავად არის...
თუმცა აქ ერთი, ძალიან სერიოზული მახეა დაგებული: საყვარელი იქმნის სიყვარულის ეიფორიას, რათა მერე ამ სიყვარულისთვის ჩადენილი ნებისმიერი საქციელი გაამართლოს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ცოტა გაუგებრად ჟღერს, მაგრამ, ნაღდია და რეალური...
***
ლალიმ ნავაჭრით სავსე ჩანთა მაგიდაზე დადო და ოთახში მიმოიხედა. არავინ ჩანდა, არადა, დოდოშკა სახლში უნდა ყოფილიყო – ასე შეთანხმდნენ. იმ დღეს ლალი ორი საათით გავიდა კლიენტთან, საღამოს კი სახლში ელოდებოდნენ ორ ძველ, უცხოელ კლიენტს და ლალიმაც თადარიგი დაიჭირა – საღამოსთვის საჭირო სანოვაგე გამოიყოლა. „მარტო კი არ შემატოვოს ამ არაბებსო“, – გაიფიქრა და საძინებლიდან ვიღაც გამოვიდა. ხმაურზე ლალიკო შეტრიალდა. თორნიკე იყო – დოდოშკას ახალგაზრდა საყვარელი და პროტეჟე.
– გამარჯობა. არ ვიცოდი, აქ თუ იყავი, – მიესალმა ლალიკო, – დოდოშკა სად არის?
თორნიკემ პერანგის ღილები აუჩქარებლად შეიკრა და უფრო ზრდილობის გულისთვის გაუღიმა:
– ქვემოთ ჩავიდა...
– სად ქვემოთ?
– ჩემთვის სიგარეტი უნდა ამოიტანოს.
ლალიკომ გამგმირავი მზერა მიაპყრო. ბიჭმა აინუნშიც არ ჩააგდო ქალის გამოხედვა. სავარძელში ნებივრად მოკალათდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
– ყავა მომიდუღე, რა! – უთხრა ლალიკოს.
ქალმა გაოცებით ასწია წარბები:
– რა? რა მითხარი?
– ყავა მომიდუღე-მეთქი. რა გაშტერებული მიყურებ. ამისთანა რა ვითხოვე, ყავას არ სვამ?
– მე კი ვსვამ ყავას, მაგრამ შენ არ გრცხვენია?
– რისი უნდა მრცხვენოდეს? მგონი, ტანსაცმელი ჩავიცვი.
– თავს ნუ ისულელებ, ძალიან კარგად მიხვდი, რაც გკითხე – დოდოშკასი არ გრცხვენია-მეთქი?
– აა, ახლა გავიგე, მაგრამ, ბოლომდე ვერა.
– გეყოფა, ხომ იცი, დოდოშკას როგორი მძიმე ცხოვრება აქვს. შენ კი მას, რბილად რომ ვთქვა, იყენებ.
– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, – ირონიულად ჩაიცინა თორნიკემ, – გულშემატკივრობ მეგობარს... მაგრამ, ისე რომ არ არის საქმე, როგორც შენ გგონია?
– მართლა? აბა, მაინც, როგორ მგონია? – ჯიბრით გაიმეორა ლალიკომ.
– მე დოდოშკას კი არ ვიყნებ, სიცოცხლეს ვულამაზებ და ბედნიერებას ვანიჭებ. თანაც, შენ რატომ ერევი ჩვენს ურთიერთობაში, არ მესმის.
– არა. არ არის გასაგები, – თავი გააქნია ლალიკომ, – სიგარეტზე მაინც როგორ გაგზავნე?
– მე არ გამიგზავნია, – გამოაჯავრა ბიჭმა, – თვითონ ჩავიდა, თანაც ხალისით. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
– არა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა:
– ნუ, მაშინ, ვერაფრით დაგეხმარები.
ლალიკომ წყრომით გადააქნია თავი, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. თორნიკემ ადროვა, მერე ისევ შეახსენა.
– ყავა გთხოვე...
– არ მცალია. მოვა დოდოშკა და მოგიდუღებს, – მიახალა ლალიკომ.
– ვაიმე, შენ როგორი ბრაზიანი ყოფილხარ?
– ნუ მეღლიტინები, – გააფრთხილა ლალიკომ, – შენ არ გინახავს, როგორი გაბრაზება ვიცი. ამიტომ, თავი დამანებე.
– კარგი. მაგრამ, ლაპარაკი შენ დაიწყე.
– ჰოდა, მევე ვამთავრებ. აღარ მინდა, შენთან რამე ურთიერთობა მქონდეს.
– შენი ნებაა. არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, მით უფრო იმათი, ვისაც ჩემი ატანა არ აქვს. შენ ხომ არა გაქვს ჩემი ატანა?
– ატანა არა მაქვს კი არა, ვერ მიტანო, უნდა გეთქვა. მართალი ხარ. ვერ გიტან.
– კარგი. ყველაფერი გავარკვიეთ. აი, დოდოშკაც მოვიდა. ყავას ხომ მომიდუღებ, საყვარელო?!
დოდოშკა ოთახში შემოვიდა და ლალიკოს შეშფოთებით შეხედა:
– შენ აქ ხარ? დიდი ხანია, მოხვედი?
– არც ისე, – უკმაყოფილოდ მიუგო ლალიკომ, თავის მოტანილ პარკებს ხელი მოჰკიდა და სამზარეულოში გაიტანა. დოდოშკა თორნიკეს მიუჯდა:
– აჰა, შენ სიგარეტი. ორი კოლოფი გიყიდე, ცოტა ხანს გეყოფა.
– საოცრება ხარ... არავის ისე არ ესმის ჩემი, როგორც შენ, – უთხრა ბიჭმა და თავი კალთაში ჩაუდო. დოდოშკამ თმაში შეუცურა ხელი.
– რა მოხდა აქ?
– რა უნდა მომხდარიყო? ვიჯექი და გელოდებოდი.
– მაგას არ გეკითხები. ლალიკომ ხომ არაფერი გითხრა?
– რა უნდა ეთქვა?
– რა ვიცი... – დოდოშკა დაიხარა და ბიჭის შუბლს ტუჩებით შეეხო, მერე მთელი სახე დაუკოცნა.
– ყავა არ მომიდუღა.
– მე მოგიდუღებ... სულ ეს იყო?
– ჰო.
– საერთოდ არაფერზე გილაპარაკიათ?
– არა-მეთქი. ყავას დავლევ და წავალ.
– კარგი. როდის გნახავ?
– როცა მოგინდება.
– ხომ იცი, რომ მე სულ მინდა...
– ვიცი. მაშინ, როცა ჩემთან ყოფნის საშუალება და დრო გექნება.
– თორნიკე... – დოდოშკამ უცნაურად, თითქოს დედური მზრუნველობით შეხვდა ბიჭს.
– რა იყო?
– არა, არაფერი... წადი და დაგირეკავ.
ბიჭმა სიგარეტის კოლოფები ჯიბეში ჩაიტენა, ქალს ლოყაზე აკოცა და, სანამ გავიდოდა, სამზარეულოს ზღურბლიდან ლალიკოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა...
– ნერვებს მიშლის ეს ბიჭი, – თქვა ლალიკომ, როცა თორნიკემ კარი გაიხურა.
– რა? ხომ არ ეჩხუბე? – შეშფოთდა დოდოშკა, – არ გესმის? შენ გეკითხები! რაღაც არეული კი იყო. ყავაც რომ ვერ მოვუდუღე, როგორ დამავიწყდა!
– გეყოფა, რა, გაძლებს როგორმე უყავოდ. მეტისმეტი ნუ მოგდის. დედამისი კი არ ხარ.
– აჰა, ესე იგი, რაღაც მაინც უთხარი, – იფეთქა დოდოშკამ, – ზოგჯერ როგორი აუტანელი ხარ! შენ რა გინდა, ვინ გეკითხება, მე ვის მივცემ და ვისზე ვიზრუნებ?
– მართლა არავინ მეკითხება. ამიტომაც არაფერს გეუბნები და ნუ ვიჩხუბებთ. ერთ საათში მოვლენ და ცოტა მოვემზადოთ. ამათგან კარგი მაყუთი შემოვა და იმ პაშკასაც მივცემთ, რაც ვაზარალეთ.
დოდოშკა მოიღუშა:
– პაშკას არაფერსაც არ მივცემ, მისი ბრალია, რაც მოხდა. ჰოდა, მოინელებს როგორმე ზარალს. ჩემს ყოფილთან რომ მიშვებდა, რა ეგონა?
– რა იცოდა, შენი ყოფილი რომ იყო?
– ფეხებზე მკიდია. სცოდნოდა მერე... სასმელი მოიტანე?
– სასმელიც და საჭმელიც. მოიცა, მაშინ, არც მე მივცემ პაშკას რამეს. სად მაქვს გადასაყრელი მაყუთი?
– აბა, რას გეუბნები? წესიერად უნდა გაერკვია, ვისთან გვიშვებდა. ტატა მოვა დღეს?
– ჰო. შეიძლება, გვიან შემოიაროს. მაგას ხომ მაინც უნდა მივცეთ, რაც გვეკუთვნის?
დოდოშკამ თავი დააქნია.
– მართლა იმ სახლში, შენს საწოლში წაუსწარი ტატას? – ჰკითხა ლალიმ.
– მართლა. რატომ არის ეს შენთვის წარმოუდგენელი? ტატაშკა გგონია მაღალი მორალის მქონე თუ ჩემი ქმარი?
– არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ ვიკითხე.
– სისულელეებს ნუ მეკითხები, აჯობებს, ყავა და ცოტა კონიაკი დავლიოთ, ფორმაში რომ ვიყოთ.
– მაშინ იცნობდი ტატაშკას? – მაინც არ მოეშვა ლალიკო.
– რას გადამეკიდე? არა, არ ვიცნობდი. პირდაპირ ჩემს საწოლში გამაცნო ქმარმა, – დასცინა დოდოშკამ.
– აუჰ, შიშველი იყო? – გულუბრყვილოდ ჰკითხა ლალიკომ და თვითონვე გაიცინა, – სისულელე გკითხე?
– მაგარი. თუმცა, გააჩნია, ამას საიდან შევხედავთ. მაშინ ნამდვილად არ მივიჩნევდი ამას სისულელედ.
– გაგიჟდი?
– ალბათ, აღარ მახსოვს, – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ, – შეიძლება, არ ვცდილობ, რომ გავიხსენო.
– მაშინაც ითრიე ტატაშკა?
– მგონი, კი... თუმცა, მაგას რას ვერჩოდი – არ იქნებოდა ტატაშკა, იქნებოდა სხვა...
– მაგალითად, მე, – გადაიკისკისა ლალიმ.
– არა! შენ ჩემი ყოფილის გემოვნებაში არ ჯდები.
– აუჰ, ვითომ რატომ? ახლა მე მკითხე, ის ჯდება ჩემს გემოვნებაში? – სერიოზულად ეწყინა ლალიკოს და ტუჩები გაბუშტა...
***
კაცმა მხარზე აკოცა ქალს და მისი მოშიშვლებული მკერდი მუჭში მოიქცია.
– მეშინია, რამე არ გატკინო, ისე მაგიჟებ.
– მიდი... აიხდინე შენი ფანტაზიები... ყველაფერში მოგყვები, – ტატამ სიგარეტს მოუკიდა.
– არასდროს შემხვედრია შენნაირი ქალი... მეშინია, ცოლს შენი სახელი არ დავუძახო.
– ამიტომაც არ მინდოდა, ჩემი სახელი გცოდნოდა და არ გეუბნებოდი.
– შენ ახლა დამცინი, მე კი საჩუქარი მაქვს.
ტატას მიმიკა არ შეუცვლია, არანაირი ემოცია არ გამოუხატავს.
– არც გაინტერესებს, რა საჩუქარია?
– ვიცი.
– იცი? რანაირად?
– ჰო. დიდი მიხვედრილობა არ სჭირდებოდა მაგის გამოცნობას – მანქანა მიყიდე.
კაცმა ხელები მოხვია და ჩაეხუტა:
– ჩემი გულთმისანი... შენ ისიც გეცოდინება, რომ ჩემი ცოლის გარდა, სხვა ქალს არ ჩავხუტებივარ... ტუჩებშიც არ მიკოცნია. გამონაკლისი ხარ.
– მით უმეტეს, პროსტიტუტკასთვის არ გიკოცნია, ხო? – გაიცინა ტატამ და კაცს თვალებში მიაშტერდა.
– მე ეგ არ მითქვამს, – უხერხულად შეიშმუშნა კაცი.
ტატამ მსუბუქად უბიძგა მხარზე:
– არ გინდა. იგულისხმე და ახლა გრცხვენია. ძალიან სასაცილო ხარ.
– შეიძლება. მაგრამ, რატომღაც, მინდა, შენთან გულახდილი ვიყო.
– რატომ? ხომ არ შეგიყვარდი? – დასცინა ქალმა.
კაცმა სერიოზულად შეხედა.
– არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, შენზე ბევრს ვფიქრობ.
– არ გირჩევ. ჩემნაირი ქალის სიყვარული საშიშია.
– რატომ? შენ ხომ ცოლობას არ მომთხოვ?
– ვინ იცის? – ეშმაკურად გააწკლაპუნა ტუჩები ტატაშკამ, მერე მხრები აიჩეჩა და მკერდზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა.
– დროს ნუ კარგავ. კიდევ ხომ გინდა?
– მინდა. შენთან სულ მინდა, თითქოს „ვიაგრა“ დამელიოს... მანქანას არ ნახავ? გასაღები ჯიბეშია.
– ვიცი, შარვალი რომ მიაგდე დივანზე, იატაკზე ჩამოვარდა და დავინახე.
– მითხარი, როგორი საყვარელი ვარ, – ჰკითხა კაცმა და სახე მის მკერდში ჩარგო.
– სისულელეს ნუ მეკითხები. აპლოდისმენტები გჭირდება? როგორი კომპლექსებიანი ხართ კაცები.
– არა, ეს არ არის კომპლექსი. შენ მიმართ მესაკუთრული გრძნობა გამიჩნდა. მინდა, ჩემზე მაგარი მამაკაცი არ გყავდეს და სულ გაოცებდე.
– გამაოცე.
– მატყუებ.
– არა, მართლა გამაოცე.
– რითი? მანქანა რომ გაჩუქე?
– თუნდაც. ესეც ხომ კარგია?
– ტატა, რამდენი გადაგიხადო თვეში, რომ სხვა კაცებს აღარ შეხვდე?
ტატა შეიჭმუხნა:
– ბარემ წინსაფარიც ხომ არ გავიკეთო და კერძები მოგიმზადო?
– დამცინი. რა არის ამაში ცუდი, თუკი მინდა, რომ მარტო მე მეკუთვნოდე? ყველაფერს გაგიკეთებ, – კაცი გაჩუმდა, სათქმელი აღარ დაასრულა.
– რომ ამ ჭაობიდან ამომიყვანო, არა? – ტატაშკა მთელი ხმით ახარხარდა, – და თუ მე მომწონს ეს ჭაობი?! გაჩუმდი და სექსით დავკავდეთ. დამიჯერე, ორივესთვის ასე აჯობებს.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში მხოლოდ გახშირებული სუნთქვა და სიამოვნების გმინვა ისმოდა...
– გინდა, მაგარი ბაითი ვიქირაოთ? – ჰკითხა ლოგინზე ნებივრად მიწოლილ, შიშველ ტატას სააბაზანოდან გამოსულმა კაცმა და მის მკვრივ, ამობურცულ „გორაკებს“ ვნებით დაუსვა ხელი.
– სასტუმროშიც კარგად ვგრძნობ თავს, – თავი არ მოუბრუნებია, ისე მიუგო ტატამ.
– ჰო, მაგრამ, ბინა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
– ეგ შენთვის. მე ჩემი „უსაფრთხოება“ თან დამაქვს.
– შენ ფიქრობ, რომ, მეშინია, ცოლმა არ შეიტყოს ჩვენი ამბავი?
– სიმართლე გითხრა? – ტატა გულაღმა გადატრიალდა და კაცს ჭროღა თვალები გამომცდელად მიაპყრო.
– ჰო, რა თქმა უნდა.
– ფეხებზე მკიდია შენი შიშებიც და ისიც, რას შეიტყობს შენი ცოლი. მე შენი საყვარელი არ ვარ.
– მაგაშია საქმე, – კაცმა ჩაცმა დაიწყო, – მინდა, რომ იყო.
– ძალიან ძვირი დაგიჯდება, ერთხელ ხომ გითხარი.
– თქვი, რამდენი. ნებისმიერი თანხა დაასახელე. მზად ვარ... – კაცმა პერანგი ისევ სავარძელზე მიაგდო, საწოლთან მივიდა და ტატას მადისაღმძვრელ სხეულს მოეხვია....
გაგრძელება შემდეგ ნომერში