ვისი შიშველი ნატურა იყო ნიკოლას ქანთარია და რის გამო გადაწყვიტა მან მოდის კვირეულზე გაშიშვლება
„ყველაფერს ვაკეთებ მათთვის, ვინც ამას სწორად გაიგებს და ისე, როგორც მე მაქვს ახსნილი. მიხარია, რომ ყველაფერი ფასდება და განსაკუთრებით ჩემს შოუ-რუმში ვიგრძენი ეს (პეკინის ¹5), სადაც კვირაში ერთხელ ვხვდები ხალხს და პირადად ვემსახურები, ვესაუბრები. მერე როდესაც სახლში მივდივარ, ვფიქრობ: დღეს რამდენი ადამიანის სიყვარული მივიღე, რამდენი მეუბნებოდა: ეს ძალიან მაგარია, ეს შევიძინე – ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია და კიდევ ისიც, როცა ქუჩაში ხედავ უცნობ ადამიანს, რომელსაც შენი ბრენდის ჩანთა უჭირავს, შენი ბრენდი აცვია“, – ეს სიტყვები დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას ეკუთვნის, რომლის ბრენდი ქართველ მომხმარებელში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნიკოლას ქანთარია: სამხატვრო აკადემიიდან ცოტა ხნის წინ ავიყვანე ორი ნიჭიერი მხატვარი და ვიწყებ ახალი ხაზის გაკეთებას – ეს იქნება ხელით ნახატი კოლექცია, ანუ ქსოვილზე გადავიტან ხელით შესრულებულ ნახატებს. ყველა ორიგინალური, ექსკლუზიური იქნება და ერთმანეთს არ დაემსგავსება. გარდა ამისა, მივემგზავრები მოსკოვში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მინდა გავაკეთო პერფორმანსი ჩემს გუნდთან ერთად. მე და მიშო გოგიძე ვმუშაობთ თემაზე და ჩვენთან ერთად, ასევე წამოვა ჩემი პიარმენეჯერი – თამთა გიორგაძე. სპონსორი უკვე გამომიჩნდა. მე ავირჩიე მოსკოვი – მინდოდა, ისეთ თემას შევხებოდი, რაც აქტუალურია. მინდა ასევე, როგორც სხვა დანარჩენი პერფორამანსები, ესეც იყოს გარკვეული მესიჯი.
– როგორც სხვა დროს, ახლაც შენი გამოჩენა თბილისის მოდის კვირეულზე ეპატაჟური იყო, განსაკუთრებით ერთი დღე, როდესაც საკუთარი ტორსით მოხატული სამოსი გეცვა.
– ყველას აინტერესებს, რა არის ჩემში შიგნით – რა ვარ, როგორი ვარ, იქექებიან. ხომ არის ასეთი გამონათქვამი: უნდა გაშიშვლდე, რომ ადამიანებმა შენი შინაგანი „მე“ დაინახონ. ჰოდა, მეც გავშიშვლდი. მინდოდა, ხალხს დაენახა ის ეპატაჟურობა, რაც მთელი ცხოვრება დამყვება და მეორე: ესთეტიკურად ლამაზი ყოფილიყო. თან, ამ კოლექციაზე დავიწყე მუშაობა – ანუ ხელით ნახატ სამოსზე და მინდოდა, პირველი ყოფილიყო თიში, ბომბი – და გამოვიდა კიდეც. მეხურა ასევე ქუდი, რომელსაც ეხატა დახუჭული და გახელილი თვალები. შუაში კი დახატული იყო ჩემი პროფილი, რაც ნიშნავს ხალხს, რომელიც მიყურებს. მოდის კვირეულზე რომ მივედი, ვერ გეტყვი, როგორი იყო რეაქცია. თუმცა, სრულად ვერ გავშიშვლდი, მთლად მაგ დონეზეც არ ვარ, რომ „ფეშენ-ვიქზე” გავშიშვლდე. თუმცა, სანამ ბრენდს ჩამოვაყალიბებდი, ვიყავი ერთ-ერთი კომპანიის სახე და ესთეტიკურად გამაშიშვლეს. ბილბორდებზე იყო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოკრული. შიშველი ვიყავი, მაგრამ არაფერი მიჩანდა. ესთეტიკურად იყო გაკეთებული და ყველამ, როგორც ხელოვნების ნიმუში, ისე აღიქვა. ახლა მე უკვე სხვას ვაშიშვლებ. აქედან გამომდინარე, თავად აღარ გავშიშვლდები. ის პერიოდი წავიდა, ახლა ახალი ერა, ახალი სამყარო მაქვს და უკვე სხვა შიშვლდება ჩემთან.
– ვინ დახატა შენი ტორსი?
– ზუსტად იმ ორმა გოგონამ, რომელიც ავიყვანე სამხატვრო აკადემიიდან. საკმაოდ რთული საქმე იყო, მაგრამ კარგად გამოვიდა. ვხედავდი მსგავსებას და შესაბამისად, არანაირი შენიშვნა არ მქონია. სხვათა შორის, მე არაერთხელ ვყოფილვარ ნატურა. ვგიჟდები, როცა მხატავენ. კონკრეტული სამი მხატვარი ყოფილა, ვისაც შიშველი დავუხატივარ. ეს მათი სურვილი იყო და მეც დავთანხმდი.
– ცოტა ხნის წინ გააკეთე პროექტი, რომელსაც Feminine Power დაარქვი.
– საქართველოში დგას იმის პრობლემა, რომ ქალები არიან დაჩაგრულები. ამიტომ, მიშოს შევთავაზე, გაგვეკეთებინა პროექტი ქალებზე. ოღონდ არა ისე, როგორც აკეთებენ: კაცი სცემს ქალს. ჩვეულებრივი არტები მე არ მიყვარს და ვგმობ ასეთ რაღაცეებს. ამიტომ, ვთქვი: მოდი, ფოტოარტებში გავაცოცხლოთ. სპეციალურად ამისთვის ჩემმა ბრენდმა გააკეთა ჩაფხუტები, რადგან საქართველოში რთულია შიშველი მამაკაცი დაგთანხმდეს სახის გამოჩენაზე. გოგონას შევუკერეთ ძალიან კარგი, ტყავის ლუქი. მარიამ სამხარაძის ფეხსაცმელი ეცვა, მასთან ხშირად ვთანამშრომლობ. ლიდა ჩხაიძე არის ჩემი ბრენდის სახე – რასაც დაავალებ, ყველაფერს ზუსტად აკეთებს, ნებისმიერ ექსპერიმენტზე მოდის. თან, თავიდანვე იცოდა, რომ ეპატაჟის სახეა, თბილისში კი, ერთი ეპატაჟია.
– ადვილად დაითანხმე ბიჭები გაშიშვლებაზე?
– 12 შემოთავაზება მქონდა და იქიდან 3 ავიყვანე. უბრალოდ, ერთნაირი ტანის ბიჭები მჭირდებოდა, თორემ თავზე წამოცმული ჩაფხუტით, მსგავს სიტუაციაში ნებისმიერს უნდა ჩემთან მუშაობა. „არტ არეას“ უკან არის ნანგრევები და იქ გავაკეთეთ გადაღებები. სხვათა შორის, მანამდეც სწორედ იქ მქონდა გადაღებები, როდესაც უკრაინის თემას შევეხე და ჩემს ფოტოარტში გარკვეული მესიჯი ჩავდე. შავკანიანი შიშველი ბიჭი გადავიღე თეთრ სამოსში, თეთრი თმით ტანკთან, რომელიც იქ დგას. ამით უკრაინას გამოვუცხადეთ სოლიდარობა. საოცარი ფოტო გამოვიდა. ზოგადად, ჩემს მოდელებს შვილებივით ვუვლი. გადაღებაზე მათი ლუქები მე მიმაქვს. ვცდილობ, არაფერი იტკინონ, არ შესცივდეთ, მშივრები არ იყვნენ.
– ამჟამად მუშაობ ახალ კოლექციაზე?
– ვაპირებ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის გაკეთებას. ეს იქნება კონკრეტული, ინდივიდუალური ხაზი, ლამაზი ფერები. ჩემი უნიჭიერესი და უსაყვარლესი მკერავი მაია, ყველანაირად მიდგას გვერდში და მეხმარება.
– ეს ეპატაჟურობა მოგწონს?
– როდესაც ასე იწყება, არ უნდა გაჩერდე. ჩემი ნამდვილი სახე ასეთია, როგორც ახლა ვზივარ შენ წინ – ჩვეულებრივი, ყოველდღიური დრესკოდი. მაგრამ არის ადგილები, სადაც უნდა წახვიდე ეპატაჟზე – შარვალში ჩატანებული პერანგით, ნიკო ქანთარია, ჩვეულებრივი მეგრელი ბიჭი – არავის სჭირდება. წლებმა მასწავლა, რომ უნდა იყო ინდივიდუალური, განსხვავებული. კარგად შეფუთო საკუთარი თავი, რომ მერე შენი ბრენდიც კარგად გაყიდო, ოღონდ არ უნდა იყო გამაღიზიანებელი. მე არ ვიწვევ გაღიზიანებას, რადგან არ ვარ ჩვეულებრივი, ქალური სილუეტი და არც ვაპირებ, რომ გავხდე ისეთი – ვერ გამარჩიონ ქალი ვარ თუ კაცი. „ფეშენ- ვიქზე” პირველ დღეს ვერ წავედი, გადარბენები მქონდა და ერთ-ერთმა ბლოგერმა დამირეკა: ნიკოლას, არ მოდიხარო. მეორე დღეს წავედი, იმდენი ხალხი მელოდებოდა... იქ ბევრი უცხოელი ბლოგერი, მოდის კრიტიკოსი ჩამოდის და ყველა აღნიშნავდა, რომ მე ერთადერთი ვარ.
– სხვები არ გთხოვენ, საკუთარი შიშველი სხეულის ქსოვილზე გადატანას?
– არის შემოთავაზებები. მაგალითად, ქალმა მთხოვა, რომ მოშიშვლებული მკერდი, ფეხი ფეზე გადადებული მისი სხეული გადავიტანო ქსოვილზე, ზედმეტი რაღაცეების გარეშე.