რა არნახული დანაშაული ჩაიდინა ურალის ციხიდან გაქცეულმა ყოფილმა ქართველმა კაპიტანმა
პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის სახელი შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
განსაკუთრებით საშიშია
1970 წლის 7 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ყველა მსხვილი ქალაქისა თუ დასახლების სპეციალურ სტენდებზე 1940 წელს დაბადებული, აკაკი მერაბის ძე კალანდაძის ფოტოები იყო გამოფენილი. მასზე გაკეთებული წარწერა მოქალაქეებს საშიში ბოროტმოქმედის ძებნის შესახებ ამცნობდა. ძებნილი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ მილიციის ორგანოებმა კალანდაძის 50 ათასი ფოტო დაბეჭდეს და ამ უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხეში დააგზავნეს.
30 წლის კალანდაძე საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი იყო. საჰაერო-სადესანტო ნაწილებში მსახურობდა და ორ საბრძოლო ორდენს ფლობდა. 1968 წლის აგვისტოში კაპიტანმა აკაკი კალანდაძემ საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი მოკლა. ინციდენტი ეროვნულ ნიადაგზე მოხდა. საპარადო ფორმაში გამოწყობილი ქართველი კაპიტანი თავის საცოლესთან ერთად რესტორან „არაგვში“ ვახშმობდა. გვერდით მაგიდაზე მთვრალი, ფორმიანი მაღალჩინოსანი ოფიცრები ქეიფობდნენ. მათ შორის იყო 44 წლის „გრუს“ პოლკოვნიკი, ივან სარატოვი, გამოცდილი მეომარი და „გრუს“ ოპერატიული განყოფილების მაღალჩინოსანი. სარატოვმა კალანდაძის საცოლეს, ირინა ივანოვას დაადგა თვალი და საცეკვაოდ გაიწვია. წყვილისგან უარი რომ მიიღო, 22 წლის გოგონას მაჯაში ჩაავლო ხელი და ძალით სცადა სკამიდან წამოყენება, თან აგინებდა. კალანდაძემ ხელი ჰკრა პოლკოვნიკს და ძირს დააგდო. მის ოთხ მეგობარს კი უთხრა, დებოშიორი წაეყვანათ. ამის მაგივრად, პოლკოვნიკის მეგობრებმა კალანდაძეს ქართველი ღორი უწოდეს, გინება დაუწყეს და მუშტებით გაიწიენ მასზე. ქართველმა მედესანტემ ოფიცრები თითო დარტყმით დაყარა იატაკზე და საცოლესთან ერთად რესტორნის დატოვება სცადა. მაგრამ, პოლკოვნიკმა სარატოვმა წყვილს „მაკაროვის“ სისტემის ტაბელური იარაღი მიუშვირა და ირინა ივანოვა მარცხენა ბარძაყში დაჭრა, ქართველმა მყისიერი რეაქცია გამოიჩინა. სარატოვს ხუთი მეტრის მანძილიდან ჩანგალი ესროლა და მარჯვენა თვალში ბოლომდე შეარჭო... დაჭრილი პოლკოვნიკი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. აკაკი კალანდაძემ დაჭრილი საცოლე ხელში აიტაცა და საავადმყოფოში წაიყვანა. შემდეგ მილიციის უახლოეს განყოფილებაში თავისი ფეხით გამოცხადდა და „არაგვში“ მომხდარი ინციდენტი დეტალურად აღწერა ჩვენებაში. კალანდაძე დროებით გაათავისუფლეს და ის თავის სამხედრო ნაწილში დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ კი, ქართველი კაპიტანი სამხედრო პროკურატურამ დააპატიმრა. მის წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით საქმე აღძრეს. გაასამართლეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო და კანონის მიხედვით, უნდა გაეთავისუფლებინათ.
კაპიტანი კალანდაძე ჩრდილო ურალის განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის განკუთვნილ საპყრობილეში, 1968 წლის ოქტომბერში მოათავსეს. ოცდასამი თვის შემდეგ კი, ანუ 1970 წლის 5 სექტემბერს, ის საპყრობილიდან გაიქცა. კალანდაძემ ერთ-ერთ საგუშაგო კოშკზე აძრომა მოახერხა, გუშაგი გათიშა და იქვე მიაბა. შემდეგ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი გაიტაცა და გაუჩინარდა.
გრანდიოზული ძარცვა
საპყრობილიდან გაქცეულ კაკო კალანდაძეს ერთდროულად ორი უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტრო და საბჭოთა არმიის გენერალურ შტაბთან არსებული სადაზვერვო სამმართველოს („გრუ“) საგანგებო-ოპერატიული ჯგუფი ეძებდნენ. მობილიზებულები იყვნენ საუკეთესო მაძებრები და ყოფილ კაპიტანს რამდენიმე ეშმაკური ხაფანგიც კი დაუგეს. თუმცა, ბრძოლებში გამოწრთობილი, ჭკვიანი და უშიშარი კალანდაძე ოსტატურად უვლიდა გვერდს ხაფანგებს და მოუხელთებელი რჩებოდა. ორგანოებისა და ძებნილის თამაში თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, კალანდაძემ საცოლე უკვე ცოლად მოიყვანა, ბავშვიც შეეძინა, რომელსაც მამის პატივსაცემად, მერაბი დაარქვა და ცოლ-შვილი თბილისში გადმოიყვანა საცხოვრებლად, თავის მშობლებთან. 1972 წლის დასაწყისში კი კალანდაძე მოულოდნელად გაუჩინარდა და ძებნის ორგანოებმა ის მხედველობის არეალიდან დაკარგეს. ერთი პერიოდი მაძებრები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ კალანდაძემ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და უცხოეთში გაიქცა. თუმცა, საფუძვლიანი გადამოწმების მერე, ვერსია არ დადასტურდა. ამ ხნის განმავლობაში კი ძებნილი ქართველი ციმბირში ცხოვროდა თავის ყოფილ უფროსთან, თადარიგის პოლკოვნიკ, 60 წლის ანტონ ზახარჩენკოს სახლში, ტაიგის დაბა ვესილაიაში და გრანდიოზული საქმისთვის ემზადებოდა. კალანდაძე თავის ორ, ასევე ყოფილ ოფიცერს დაუკავშირდა. მათ თავისი გეგმა გაანდო და თანამონაწილეობაზე დაითანხმა. 1973 წლის 4 მარტს კი ყოფილმა მედესანტე ოფიცრებმა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მანამდე არნახული დანაშაული ჩაიდინეს. ორი ავტომატითა და სამი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულმა მძარცველებმა ქალაქ სევეროურალსკში დაჯავშნილი საინკასაციო მანქანა გაიტაცეს, რომელსაც მილიონ 850 ათასი მანეთი გადაჰქონდა და ერთ-ერთი გასაიდუმლოებული სამხედრო ქარხნის ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. მედესანტეებმა ხუთი შეიარაღებული მცველი სულ რაღაც 8 წამში განაიარაღეს და გაკოჭეს. მანქანა ტყის პირას დატოვეს. ფული კი გატაცებულ ვერტმფრენში გადაიტანეს და სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, ტაიგის გავლით სარკინიგზო მაგისტრალზე გავიდნენ. გამტაცებლებმა ვერტმფრენი ჰაერში დაკიდეს და ფულიანად, სპეციალური ტროსით ქვევით დაეშვნენ. შემდეგ, ახლომდებარე რკინიგზის სადგურამდე მივიდნენ. მოსკოვისკენ მიმავალ მატარებელში ჩასხდნენ და საბჭოთა დედაქალაქისკენ აიღეს გეზი. ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. გზააბნეული მილიცია კი ცრუ კვალს დაადგა და მძარცველებმა მშვიდობით ჩააღწიეს მოსკოვამდე.
ხანძარი
ყოფილმა კოლეგებმა ფული გაიყვეს და კალანდაძის თხოვნის მიუხედავად, რომ დროებით მაინც „ფსკერზე“ დაწოლილიყვნენ, მუხინი და ზორინი თავ-თავიანთ სახლებში გაემგზავრნენ. თუმცა, ზორინი ორი დღის შემდეგ უკვე ლენინგრადში დააკავეს. ის რესტორანში ქეიფობდა და მეძავმა ქალმა დააბეზღა, რომელმაც თავის კავალერს ასმანეთიანების დასტა აღმოუჩინა. იმავე საღამოს დააკავეს მუხინიც და ამგვარად გავიდნენ კალანდაძეზეც. თუმცა, მოხერხებული ქართველი უკვე კიევში იმყოფებოდა და ინკოგნიტოდ ქირაობდა ბინას უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში. ყოფილ ქართველ კაპიტანს ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. ფაქტობრივად, განდეგილივით ცხოვრობდა. წვერი მოუშვა. შეძლებისდაგვარად, გარეგნობა შეიცვალა და მშვიდად დასეირნობდა კიევის ქუჩებში. ერთ საღამოს კი – 1973 წლის 7 ივნისს, საღამოს 21 საათზე, სახლს, სადაც ძებნილი კალანდაძე იმალებოდა, მოულოდნელად, ხანძარი გაუჩნდა. აკაკიმ ნაძარცვი ფული ჩანთაში ჩაიტენა და მეორე სართულის დერეფანში გავიდა, რომ იქაურობას გასცლოდა, რადგან ხისგან აშენებული სახლის გამომშრალი ფიცრები ძალიან სწრაფად იწვოდა. უცებ მას ბავშვის ტირილი მოესმა. კალანდაძემ მოპირდაპირე ბინის მასიური ხის კარი შეანგრია და ბინიდან 4 წლის პატარა გოგონა გამოიყვანა. კიბეებზე დაეშვა და აალებული სახლიდან მშვიდობით გამოიყვანა. თავად კი მასიური ხის ბოძი თავზე დაეცა და გონება დაკარგა... გონზე მოსულ ქართველ ძებნილს კი უკვე მილიცია ადგა თავზე და ხელბორკილებით საწოლზე იყო მიბმული. საქმე კი ის იყო, რომ როდესაც გონდაკარგული მაშველი საავადმყოფოში მიჰყავდათ, მის ჩანთაში 600 ათასი საბჭოთა მანეთი აღმოაჩინეს და მილიციას შეატყობინეს...
აკაკი კალანდაძე მოსკოვში ჩაიყვანეს. გაასამართლეს და კვლავ 15 წელი მიუსაჯეს. პატიმრობის მოხდა კი ქალაქ ვლადიმირის ციხეში განუსაზღვრეს, სადაც ის 10 წელი იჯდა. შემდეგ კი 5 წლით, ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მან მთელი სასჯელი მოიხადა და პატიმრობიდან 1988 წელს გამოვიდა.
ყოფილი ქართველი კაპიტანი დღესაც ცოცხალია, 75 წლისაა და საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს.