რატომ გახდა ცოლის მკვლელობისთვის ნასამართლევი მამაკაცი მეორე ცოლის მსხვერპლი და როგორ შექმნა დამნაშავე ქალმა თვითმკვლელობის იმიტაცია
მამაკაცი, რომელმაც პირველი ცოლის მკვლელობისთვის რვა წელი ციხეში გაატრა, მეორე ცოლის მსხვერპლი გახდა. იმის მიუხედავად, რომ 70 წლის ლიდა ქ-ძემ ჩადენილი დანაშაული მკვლელობის მეორე დღესვე აღიარა, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, სასამართლო პროცესზეც კი ამტკიცებდა, მამა გერმა მოკლა და ცოლმა დანაშაული თავის თავზე აიღოო. გამოძიებამ ამ ვერსიის დამტკიცება ვერ შეძლო, შესაბამისად, განსასჯელის სკამზე ლიდა ქ-ძე მოხვდა.
გარდაცვლილი გურგენ შ-შვილი 40 წლის ასაკში ცოლის მკვლელობისთვის გაასამართლეს. ეს ამბავი მთელ რაიონში სკანდალურ ამბად იქცა. იმის მიუხედავად, ყველა გარემოება ამტკიცებდა, რომ მამაკაცმა ცოლი განზრახ მოკლა და ამას ადასტურებდა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც მამისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვდა, გურგენ შ-შვილი შემთხვევითი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. სასამართლო პროცესზე მამას საკუთარი შვილი დაუპირისპირდა, რომელიც აცხადებდა, რომ ცოლი კი არ შემოაკვდა, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკლა. სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რომ ქმარი ცოლს ხშირად ემუქრებოდა მოკვლით და გურგენ გ-შვილი განზრახ მკვლელად არ ცნო. ციხიდან გათავისუფლებულ გურგენ შ-შვილს ქალიშვილი გათხოვილი დახვდა. მან საერთოდ გაწყვიტა კავშირი მამასთან და მხოლოდ წლების შემდეგ შეურიგდა. გურგენ გ-შვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ხუთ წელიწადში დაქორწინდა თანასოფლელ ლიდა ქ-ძეზე, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. გურგენის ბინაში საცხოვრებლად გადასულმა ქალმა თან წაიყვანა ორი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი მამაკაცმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და საკუთარი ბინაც კი დაუმტკიცა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, გურგენ გ-შვილს ცუდი ხასიათი ჰქონდა. ის ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ცოლს და მის შვილებს. თავიდან ისინი შეურაცხყოფას არ აპროტესტებდნენ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიჭი წამოიზარდა, საკუთარ თავს მიხედა და საცხოვრებლად ქალაქში წავიდა, გოგონა კი გათხოვდა, გურგენის აგრესიის პირისპირ მხოლოდ მისი მეორე ცოლი დარჩა. ის კი ხშირად ამბობდა მეზობლებთან, რომ გურგენს დასანახადაც კი ვერ იტანდა და მასთან თანაცხოვრებას იძულებით განაგრძობდა. ამ ასაკში მეორე ქმარსაც ხომ არ გავეყრებიო, ეუბნებოდა ის მეზობლებს.
როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, გურგენ შ-შვილის გარდაცვალება მისმა მეზობლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ლიდა ქ-ძემ მკვლელობის კვალი წაშალა. მოწმემ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ნახა გარდაცვლილი მამაკაცი, გამოძიებასთან განაცხადა, რომ ლიდამ მას თვითონ დაუძახა და მომხდარის შესახებ აცნობა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „ლიდასა და გურგენის სახლს ჩემი სახლისგან ერთი ღობე ყოფს. საეჭვო ხმაური არ გამიგია. თვითონ ლიდამ დამიძახა, ჩვენთან გადმოდიო. ეზოში შესულს მიწაზე გურგენის ცხედარი დამხვდა. ლიდამ ძალიან მშვიდად მითხრა: ბოსტანში ხის სარს ყელი წამოაგოო. ცოტა ხანში ჩამიყვანა და ის სარიც მაჩვენა, ზედ მართლაც იყო სისხლის ნაკვალევი. მე ვუთხარი, პოლიციას გავაგებინოთ ეს ამბავი-მეთქი. არაო, მითხრა, პოლიციას კი არა, ხალხსაც ნუ ეტყვი, არ გაახმაურო გურგენის სიკვდილი. გასვენების თავი არ მაქვს და ვერავის დავუძახებო. იმ დროს ჩვენთან ერთად იყო ლიდას შვილიც, 42 წლის ელენე, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობს და დედასთან სტუმრად იყო მოსული”. ლიდა ქ-ძის მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა მომხადრის შესახებ გარდაცვლილის მეზობლებისგან იმავე საღამოს შეიტყვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ლიდა ქ-ძის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ნათელი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას. ლიდა ქ-ძე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდა. ხან ამბობდა, გურგენმა თავი მოიკლა, რადგან ამაზე ხშირად საუბრობდაო; ხან კი იმ ვერსიას უფრო იზიარებდა, რომ შემთხვევით სარს წამოეგო. გარდაცვლილს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ჭრილობის ტრაექტორია ბასრი სარის მეშვეობით ვერ იქნებოდა მიყენებული. დაზიანების იარაღი უნდა ყოფილიყო სხვა, რაიმე ბასრი საგანი, რომელიც, როგორც მოგვიანებით ლიდა ქ-ძემ აღიარა, იყო მაკრატელი (სეკატორი). ქალმა ქმარს ის პირდაპირ არტერიაში ჩაარტყა. სამართალდამცველებმა ლიდა ქ-ძის მითითებით მისი სახლიდან გადამალული დანაშაულის იარაღიც ამოიღეს.
მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ქალი დანაშაულში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ, ის არა თუ დანაშაულის აღიარებას, თავიდან საერთოდ ამ ამბის გახმაურებასაც არ აპირებდა და უნდოდა, მოკლული ისე დაესაფლავებინა, ამის შესახებ არავის გაეგო, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. ლიდა ქ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, ქმარი იმიტომ მოკლა, რომ სიცოცხლე გაუმწარა. განსასჯელმა იგივე დაადასტურა სასამართლო პროცესზეც. გამოძიების მასალების მიხედვით, ლიდა ქ-ძემ მას შემდეგ, რაც ქმარს სეკატორით ყელი გამოჭრა, გარდაცვლილი ქმრის სისხლი ეზოში ჩარჭობილ ბასრ სარს წაუსვა, თითქოს ის ყელით სარს წამოეგო. მხოლოდ მას შემდეგ დაუძახა კარის მეზობელს, რაც მკვლელობის კვალი წაშალა და გაპრიალებული მაკრატელი (სეკატორი) საგულდაგულოდ დამალა. ლიდა ქ-ძეს სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მის წინააღმდეგ რვაწლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ გაითვალისწინა ქალის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულს სასჯელის მინიმალური ზომა შეუფარდა.