კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-16(747)

***
„ეფბეერის“ დირექტორი უკვე საწოლში იწვა და ღრმად ეძინა, როდესაც მის პეიჯერზე აგენტ უშბას შეტყობინება მივიდა. მსგავსი რამ მას მეორედ შეემთხვა. პირველად მას 11 სექტემბერს მოუვიდა განგაშის სიგნალი – ხუთი წუთის შემდეგ, როდესაც ნიუ-იორკის „ტვიქსებს“ პირველი „ბოინგი“ შეასკდა. დირექტორი ლოგინში წამოჯდა და პეიჯერის წითლად აციმციმებულ სიგნალს რომ დახედა, შეძრწუნდა. მან გაიფიქრა, რომ კვლავ რაღაც მსგავსი მოხდა და ცივმა ოფლმა დაასხა. შეტყობინება რომ წაიკითხა, დამშვიდდა. სწრაფად ჩაწვდა მის შინაარსს. შემდეგ სპეცკავშირის ტელეფონს გადასწვდა და თავის მოადგილეს დაურეკა.
– გისმენთ, მისტერ ჯონ, – უპასუხა „ეფბეერის“ დირექტორს, ჯონ კეინს მარტინ პოულმა.
– სასწრაფოდ ჩემთან მოდი, მარტინ. მაქსიმუმ ნახევარ საათში კაბინეტში ვიქნები, – უთხრა კეინმა თავის მოადგილეს და ყურმილი დაკიდა. შემდეგ სასწრაფოდ ტანთ ჩაიცვა. სახლიდან გავიდა და პირად მცველთა მორიგე ჯგუფის თანხლებით, „ეფბეერის“ ოფისისკენ გაემართა.
„ეფბეერის“ დირექტორი და მისი მოადგილე ოცდახუთი წუთის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს დირექტორის კაბინეტში. კეინმა უხმოდ მიუთითა პოულს სავარძელზე. ჯერ მას მიაწოდა სიგარა, შემდეგ თავადაც გააბოლა და უშბას შეტყობინება გააცნო. ბოლოს კი ჰკითხა:
– რას იტყვი?
– ყოჩაღ, უშბა! უმაღლესი ჯილდოს ღირსია...
– ეს თავისთვად. მე იმას გეკითხები, თუ რას ფიქრობ ამ სიტუაციაში, როგორ ვიმოქმედოთ?
პოული, ისევე, როგორც დირექტორი, კეინი, წარსულში ბრწყინვალე აგენტები იყვნენ და ოპერატიულ საქმეს უმაღლეს დონეზე ფლობდნენ. ამიტომ, პაულმა მცირე პაუზის შემდეგ შეფს მიუგო:
– სერ, მე ვფიქრობ, უპირველესად, არ უნდა ავჩქარდეთ. იმავდროულად კი, ძალიან ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ. მსხვილი ზვიგენი თავადვე ებმება ბადეში და მას საშუალება უნდა მივცეთ, ხაფანგში შევიდეს.
– ეგ თავისთავად. ახლა კი კონკრეტიკაზე გადადი.
– კონკრეტიკა კი ასეთია, – პოულმა საათს დახედა და თქვა, – ბრაუნი ახლა ბოგოტოდან მოფრინავს და სავარაუდოდ, ერთ საათში დაეშვება. ჩვენ მისი კოორდინატები დავადგინოთ და საგანგებო ჯგუფი კუდზე უნდა დავასვათ. მათ უნდა გააკონტროლონ მისი ყოველი ნაბიჯი. ჩაიწერონ და გადაიღონ ყველაფერი. პარალელურად კი ნიუ-იორკში, ის რუსი პავლე ზუევი უნდა აღმოვაჩინოთ. მის ყოველ ნაბიჯს თვალყური ვადევნოთ და როდესაც ბრაუნი ან ბრაუნის წარმომადგენელი და ზუევი დაეკონტაქტდებიან ერთმანეთს, ავიყვანოთ. პრეზიდენტი ახლა ბრიტანეთშია ვიზიტით. ორი დღის შემდეგ ჩამოვა და ბრაუნის სახით სიურპრიზს დავახვედრებთ.
– ცუდი გეგმა არაა, მაგრამ ერთ კორექტივს შევიტან.
– ბრძანეთ, სერ.
– ზუევს კონტაქტის დროს კი არ ავიყვანთ, არამედ დანაშაულის ჩადენის წინ.
– რას გულისხმობთ, სერ?
– რას და, სანამ ტერორისტი ყუმბარმტყორცნს გაისვრის, მანამდე გავკოჭავთ.
– ეს ხომ ძალიან სახიფათოა, სერ?
– რას იზამ, მარტინ, ასეთი სახიფათო საქმე გვაბარია. ამიტომ, ძალიან ზუსტად და ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. შენ ახლა ნიუ-იორკში გადაფრინდი და ზუევს მიხედე. მე კი ბრაუნს მოვუვლი. აბა, შენ იცი. წარმატებებს გისურვებ! დრო არ ითმენს.
მარტინ პოული „ეფბეერის“ სპეცაეროდრომისკენ გაემართა და უწყების სწრაფი თვითფმრინავით ნიუ-იორკისკენ აიღო გეზი. „ეფბეერის“ დირექტორმა ჯონ კეინმა კი დენის მორისი გამოიძახა, რომელიც ოპერაცია „კარტელს“ კურატორობდა და უშბას სპეცმომზადებამ მის ხელში გაიარა. მორისი რომ გამოცხადდა, დირექტორმა უთხრა:
– დაჯექი და ყურადღებით მომისმინე, დენ.
მორისი სავარძელში მოკალათდა და მიუგო:
– გისმენთ, სერ.
„ეფბეერის“ დირექტორმა მორისს უშბას შეტყობინება გააცნო და უთხრა:
– საიმედო და გამოცდილი ოპერმუშაკები გვჭირდება. ბრაუნს კუდზე უნდა დაასხდეთ. ნიუ-იორკში კი მარტინ პოული მუშაობს და პავლე ზუევს „აძოვებს“.
– გასაგებია, სერ. Z-ის ოცეულს ჩავრთავ ამ საქმეში და ბრაუნს ოპერატიულ კონტროლზე ავიყვანთ.
– ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ. ეს ოპერაცია არალეგალურია და ბრაუნი რომ ხელიდან დაგვისხლტეს, გადადგომა მომიწევს. პრეზიდენტი ზეგ საღამოს ბრუნდება ბრიტანეთიდან. მე კი მის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა დამესხან თავს და ტერაქტი არ უნდა გაუქმდეს.
– სერ, არ ჯობია, რომ ბრაუნი ზუევთან კონტაქტის დროს ავიყვანოთ – ეს ხომ საკმარისი სამხილი იქნება მის წინააღმდეგ?
– დავუშვათ და ბრაუნი არ წავიდეს უშუალო კონტაქტზე და შეხვედრაზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირი გაგზავნოს. მაშინ?
– მაშინ იმ პირს ავიყვანთ და ბრაუნზე გაგვიყვანს.
– არა. ასეც რომ იყოს, ჯობია, ზუევი ტერაქტის დროს დავაპატიმროთ და ბრაუნის დაპატიმრებაც უფრო გაგვიადვილდება.
– რა იცით, რა ხდება, სერ. ძალიან სარისკო ნაბიჯზე მიდიხართ და საკუთარ თავს დიდი დარტყმის ქვეშ აყენებთ.
– რას იზამ, დენ, ასეთი რისკიანი პროფესია გვაქვს, – გაიღიმა ჯონ კეინმა, – დილით ბრაუნს თეთრ სახლში შევხვდები და დავაკვირდები. პრეზიდენტის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში სამუშაო შეხვედრას მართავს. ბრაუნთან და „ცეერუს“ დირექტორთან ერთად მეც მიწვეული ვარ. მთელი ღამე კავშირზე ვიქნები და ნებისმიერ დროს დამირეკე. ახლა კი საქმეს მიხედე.
დენის მორისი დავალების შესასრულებლად წავიდა. მან სპეცჯგუფ Z-ის ოცეული შეკრიბა და მოქმედების ოპერატიული გეგმა გააცნო. შემდეგ კი ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და ანტიტერორისტული ოპერაცია ვაშინგტონშიც დაიწყო.
ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, პოულისა და მორისის ჯგუფებმა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე იმუშავეს. ტერორისტი ზუევი იმ დროს დააპატიმრა „ეფბეერის“ სპეცრაზმმა, როდესაც მას ნაღმმტყორცნი, საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავდა. თომას ბრაუნი კი საკუთარი ვილის წინ აიყვანეს და დაკითხვაზე წაიყვანეს „ეფბეერში“. ამ დროს „ეფბეერის“ დირექტორი საკონფერენციო დარბაზში იჯდა და ათი წუთის შემდეგ სიტყვით უნდა გამოსულიყო. თანაშემწემ ის დარბაზიდან გაიხმო. ტელეფონი მიაწოდა და უთხრა:
– მორისია, სერ.
ჯონ კეინმა მორისს უპასუხა:
– გისმენ, დენ.
– სერ, ობიექტი ოფისში მიგვყავს.
– სიწყნარეა?
– აბსოლუტური სიწყნარე და სისუფთავეა.
– ძალიან კარგი. სულ მალე პოულიც შემოგიერთდებათ თავისი ნადავლით და ყველაფერი თანამიმდევრულად გააკეთეთ. ოც წუთში კი ენდრიუსზე გავემგზავრები პირველთან.
– გასაგებია, სერ. ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო კეინმა მორისს და ტელეფონი გათიშა.
„ეფბეერის“ დირექტორმა თავისი ათწუთიანი გამოსვლა რომ დაასრულა, სასწრაფოდ დატოვა საკონფერენციო დარბაზი და ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე გაფრინდა, სადაც ბრიტანული ვიზიტიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა ჩამოფრენილიყო.
ტრაპზე დაშვებულმა პრეზიდენტმა „ეფბეერის“ დირექტორი რომ დაინახა, მიხვდა, რაღაც საგანგებო მოხდაო და ჰკითხა:
– მოხდა რამე, ჯონ?
– გამარჯობა, სერ. დიახ.
– რა მოხდა?
– თომას ბრაუნი დავაპატიმრეთ.
პრეზიდენტისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს სიტყვები, რომ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა და ხელმეორედ იკითხა:
– ვინ დააპატიმრეთ?
– თომას ბრაუნი, სერ, – გაუმეორა კეინმა.
– რის საფუძველზე?
– ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით.
– მერე და ვის უპირებდა ბრაუნი განადგურებას?
– მე, სერ.
– შენ.
– დიახ, სერ.
– კეინ, ეს უსერიოზულესი ბრალდებაა და ხომ არაფერი გეშლება? თანაც, თუკი მის დაპატიმრებას გეგმავდით, მე რატომ არ ჩამაყენეთ საქმის კურსში?
– სწორედ იმიტომ დაგხვდით აქ, სერ, რომ პირადად ჩაგაყენოთ საქმის კურსში და ყველა დეტალში გაგარკვიოთ. დაპატიმრებულია რუსი ტერორისტიც, ვინმე პავლე ზუევი.
– როგორ, ბრაუნი რუს ტერორისტთან იყო დაკავშირებული?
– დიახ, სერ.
– და შენ ამისი უტყუარი ფაქტები გაქვს?
– დიახ, სერ.
– შეგიძლია, წარმომიდგინო?
– რა თქმა უნდა, სერ. მაქსიმუმ ორ საათში.
– კეთილი, კემპ-დევიდში ვაპირებდი გამგზავრებას და ცოტა დასვენებას, მაგრამ აღარ წავალ. ორ საათში ოვალურ კაბინეტში გელოდები.
– შეხვედრამდე, სერ, – ჯონ კეინი პრეზიდენტს გამოემშვიდობა და „ეფბეერის“ ოფისისკენ გაემართა. ორი საათის შემდეგ კი პრეზიდენტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ეწვია. თანაშემწის მიერ მომზადებული საბუთები მიუტანა და უთხრა:
– აი, ინებეთ, სერ და გაეცანით.
– სავარძელში ჩაჯექი და დამელოდე, – უთხრა პრეზიდენტმა კეინს. საბუთები გამოართვა და მათ გასაცნობად სავარძელში მოკალათდა. ერთი საათის შემდეგ კი თავი გააქნია და სტუმარს უთხრა:
– საშინელებაა, ჯონ. ვინ წარმოიდგენდა ამას?!
– გეთანხმებით, სერ, – დაეთანხმა კეინი პრეზიდენტს.
– ჯონ, შენ, ალბათ, კარგად გესმის ამ მომენტის დელიკატურობა. ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს. ბრაუნს შანსი უნდა მივცეთ, რომ სისხლით გამოისყიდოს დანაშაული. შემდეგ კი პატივით დავკრძალავთ.
– მესმის სერ, – თქვა კეინმა. ამ დროს ოვალური კაბინეტის კარი სწრაფად გაიღო. ოთახში თმაგაჩეჩილი, პრეზიდენტის თანაშემწე შემოვარდა უსაფრთხოების საკითხებში. ტელევიზორს მივარდა. ჩართო და პრეზიდენტს უთხრა:
– აი, შეხედე!
ცნობილი ჟურნალისტი „ეფბეერის“ შენობის წინ იდგა და პირდაპირ ეთერში თომას ბრაუნის დაპატიმრების ამბავს ყვებოდა... პრეზიდენტმა სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა და კბილებში გამოსცრა:
– ნაბიჭვრები... საიდან იყნოსეს ეს ჟურნალისტებმა. მორჩა! ახლა ბრაუნი უნდა გავასამართლოთ და ჩემი რეიტინგი განახევრდება. უფრო უარესი რამ თუ არ მოხდა.
„საიდან იყნოსეს და ჩემგან“, – გულში თქვა კეინმა, პრეზიდენტს კი მიუგო:
– ვწუხვარ, სერ. მაგრამ ბრაუნის გასამართლება მოგვიწევს. ჟურნალისტები კი ჩვენზე არანაკლებ ინფორმირებული ხალხია და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ.
– ეს ყველაფერი შეიძლება, პრეზიდენტის სავარძლის დათმობის ფასად დამიჯდეს, – თქვა პრეზიდენტმა, რომელსაც ბრაუნის ბედი ჩირადაც არ უღირდა.
– პირიქით, სერ, – მიუგო კეინმა.
– რა პირიქით? – ჰკითხა პრეზიდენტმა.
– რა, სერ, და... თუკი ახლავე გამოხვალთ პირდაპირ ეთერში და პირადად გამოაცხადებთ ტერორისტული აქტის აღკვეთის ფაქტს, თან დააყოლებთ, – ბრაუნი ჩემი დანიშნული იყო, მაგრამ ქვეყნის ინტერესები ახლობლებზე მაღლა დგასო, თქვენი რეიტინგი გაორმაგდება.
პრეზიდენტი ჩაფიქრდა. შემდეგ გაეცინა. თანაშემწეს შეხედა და უთხრა:
– ჯონი მართალია. ნახევარ საათში პირდაპირი ეთერი გაამზადე. სიტყვით უნდა გამოვიდე. ჩქარა, იმოქმედე!
პრეზიდენტის თმაგაჩეჩილი თანაშემწე ოვალური კაბინეტიდან რაკეტასავით გავარდა. პრეზიდენტმა კი „ეფბეერის“ დირექტორს ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– მადლობა, ჯონ. რა კარგად მოიფიქრე ყველაფერი. ბრაუნს კი – ამ ნაძირალას საფუძვლიანად მოჰკიდე ხელი და საქმის კურსში მამყოფე. ამ საქმეს პირად კონტროლზე ვიყვან.
– გასაგებია, სერ. შეიძლება, წავიდე?
– წადი, ჯონ. ნახვამდის, – უთხრა პრეზიდენტმა „ეფბეერის“ დირექტორს და ოვალური კაბინეტიდან გაისტუმრა...
***
პრაღიდან თბილისში დაბრუნებული ლიადოვი საქართველოს დედაქალაქში დარჩა და კოზლოვის სიგნალს ელოდა, რათა კვლავ უკან დაბრუნებულიყო წინასწარ შემუშავებული ოპერაციის ჩასატარებლად. თადარიგის რუსი გენერალი მერაბ გამრეკელის აგარაკზე ცხოვრობდა და მოუთმენლად ელოდა რუსული მაფიის ბოსის ინფორმაციას. გეგმის მიხედვით, როგორც კი ჯაბა პრაღაში დაბრუნდებოდა, ლიადოვი ჩეხეთის დედაქალაქში უნდა გადაფრენილიყო. ამის პარალელურად კი – მერაბ გამრეკელი და ვაჟა ზვიადაური მოსკოვში უნდა გამგზავრებულიყვნენ და იქ დალოდებოდნენ ლიადოვს.
თომას ბრაუნისა და რუსი ტერორისტის დაპატიმრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე მთელმა მსოფლიომ შეიტყო „ეფბეერის“ დირექტორზე განსახორციელებელი ტერორისტული აქტის აღკვეთის ამბავი. ლიადოვი ამ დროს სავარძელში იყო მოკალათებული და „სიენენის“ საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. გამრეკელი სააბაზანოში შესვლას აპირებდა, როდესაც ლიადოვმა სასწრაფოდ მოიხმო და უთხრა:
– შეხედე, რა ხდება.
სიუჟეტი  რომ დასრულდა, გამრეკელმა სტუმარს ჰკითხა:
– რას იტყვი, პავლე?
– დანამდვილებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ამ ამბავში ჩვენი ბიჭიცაა გარეული, – მიუგო ლიადოვმა.
– ვინ ჩვენი ბიჭი? – ვერ მიხვდა გამრეკელი.
– ჯაბა!
– ჯაბა? – გაიმეორა გამრეკელმა და დაამატა, – რას გულისხმობ?
– ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ასე მგონია.
– რატომ?
– თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმეში თომას ბრაუნი ფიგურირებს.
– ეგ რა შუაშია?
– არ ვიცი. უბრალოდ ინტუიცია მკარნახობს.
– შენი აზრით, ჯაბა ტერაქტში იყო ჩართული?
– არა, რას ამბობ. უფრო პირიქით.
– პირიქით?
– გამორიცხული არაა, რომ ტერაქტზე ინფორმაცია სწორედ ჯაბამ გადასცა „ეფბეერს“.
– საიდან, როგორ, ის ხომ ახლა კარლო მოზესთანაა კოლუმბიაში.
– ჰოდა, შეიძლება, სწორედ იქ შეიტყო ეს ამბავი ჩვენმა ბიჭმა.
– დაუჯერებელია, – მხრები აიჩეჩა გამრეკელმა.
– ერთი შეხედვით – კი, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯაბა რა შუაშია, ან საიდან უნდა გაეგო მას ეს ამბავი, თანაც კოლუმბიაში?!
ლიადოვს ჩაეცინა და თქვა:
– სხვათა შორის, ეს ჩემი სეხნია რუსი ტერორისტი ზუევი მეცნობა.
– გეცნობა? – საიდან?
– ყოფილი სამხედროა და ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ გაემგზავრა უცხოეთში. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე. ზუევს პრობლემები ჰქონდა კანონთან. ვიღაცის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. დაკვებულიც კი იყო. შემდეგ მოწმედ გადიოდა. ბოლოს ის საქმე მიჩქმალეს და ზუევიც გაქრა. მახსოვს, იმასაც კი ამბობდნენ ჟურნალისტები, მაფიამ ფული მისცა და აქაურობას მოაშორაო. ერთი სიტყვით, ბნელი ამბავია.
– კი ბატონო, მაგრამ საიდან სადაო?
– საიდან სადაო, საიდან სადაო... – გაიმეორა ლიადოვმა, – მე მგონი, ვიცი საიდან.
– საიდან თქვი.
– ნესტორ პესკასელისგან, იგივე ფანტომ კალმარისგან.
– შენ ფიქრობ, რომ... – დაიწყო გამრეკელმა, მაგრამ ლიადოვმა ის ხელით შეაჩერა და უთხრა:
– მოდი, ლოგიკურ ჯაჭვს მოვყვეთ. როგორც „სიენენმა“ გადმოსცა, ტერაქტი თომას ბრაუნმა შეუკვეთა, ხომ ასეა?
– კი.
– შემდეგ, თომას ბრაუნი მოზესთანაა კავშირში. ასე არ თქვა ჯაბამ?
– კი. თქვა.
– ჰოდა, თუ ასეა, მაშინ იმის დიდი ალბათობაა, რომ ბრაუნი მოზესს ინკოგნიტოდ ესტუმრა. თავისი გეგმა გაანდო და დახმარება სთხოვა. მოზესმა კი ის ზუევთან მიაგზავნა. ჯაბამ ეს ყველაფერი შეიტყო და „ეფბეერს“ აცნობა.
– ლოგიკური კი არის, მაგრამ ჯაბა როგორ შეიტყობდა ამ ყველაფერს?
– ისევე, როგორც მამა-შვილ მოზესების ქართველობა გაშიფრა.
– ეგ მოისმინა, მაგრამ მოზესს როგორ მოუსმენდა თავისსავე სახლში?
– ჯაშუშური ტექნოლოგიები, – გაეცინა ლიადოვს – ამერიკელებს ასეთი რამ არ ეშლებათ. მფრინავი „ჟუკები“ აქვთ შექმნილი და რა იცი, რომ მსგავსი რამ არ გამოიყენა ჩვენმა ბიჭმა?
– დავუშვათ, მართალი ხარ. მოისმინა და „ეფბეერსაც“ შეატყობინა. მაგრამ, მოზესსაც აიყვანდნენ.
– ეტყობა, ჯაბამ ისიც შეატყობინა, ჯერჯერობით ხელი არ ახლოთო.
– კი მაგრამ, დაუჯერებენ? რაც არ უნდა იყოს, „ეფბეერის“ დირექტორის მოკვლას ცდილობდნენ და მოზესს ხელიდან გაუშვებდნენ?
– მერე ვერ დაიჭერენ?
– მოზესიც ხომ შეიტყობდა ამ ამბავს და მიმალვა რომ მოინდომოს, ან, სულაც, მიხვდეს, რომ ჯაბამ „ჩაუშვა“ და ჩვენი ბიჭის მოკვლა სცადოს?
– რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ ჯაბას „ეფბეერმა“ უნდა გაუკეთოს ფარი.
– როგორ?
– აი, როგორ, – ლიადოვმა ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი, სადაც „ეფბეერის“ დირექტორის მოადგილე, მარტინ პოული სიტყვით გამოდიოდა.
თავის გამოსვლაში პოულმა თქვა, თითქოს ბიუროს აღრიცხვაზე ჰყავდა ტერორისტი პავლე ზუევი და დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა მას. ზუევის მეშვეობით კი გაშიფრეს თომას ბრაუნი და „ეფბეერის“ დირექტორის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტი ამგვარად აღკვეთეს.
– გასაგებია, – თქვა გამრეკელმა, როდესაც პოულის გამოსვლას მოუსმინა. ლიადოვმა კი დაამატა:
– ახლა უკვე თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ისე იყო ყველაფერი, როგორც ვთქვი.
***
მარტინ პოულის გამოსვლას მოზესებმაც მოუსმინეს და ჯაბაზე ეჭვიც არ მიუტანიათ. ჩვეულებისამებრ ცივსისხლიან კარმენს ნერვიულობისგან სახე აწითლებული ჰქონდა, უზარმაზარ სიგარას აბოლებდა, ოთახში ბოლთას სცემდა და დროგამოშვებით ტუჩებს იკვნეტდა. კარლო მოზესი კი სავარძელში იჯდა და სურნელოვან სიგარას ეწეოდა. ქალმა სიგარა საფერფლეზე დადო და მამამისს მიუბრუნდა:
– რას ფიქრობ, რა მოხდება?
– ზუევის მეშვეობით ჩემზე ვერ გამოვლენ და მთავარია, ბრაუნმა დააჭიროს ენას კბილი.
– მერე და დააჭერს?
– როგორც ეტყობა, ჯერჯერობით დუმს, თორემ აქამდე გვეწვეოდნენ ამერიკელი სპეცები.
– რომ ალაპარაკდეს?
– რომ ალაპარაკდეს, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და სიკვდილს თუ გადავურჩით, მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გავატარებთ.
– ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ბრაუნი სამუდამოდ უნდა დავადუმოთ.
კარლო მოზესმა ქალიშვილს შეხედა და უთხრა:
– ხუმრობ?
– ხუმრობის დრო გვაქვს?
– რას ამბობ, შვილო, ბრაუნს, ახლა, ალბათ, პრეზიდენტზე უფრო საიმედოდ იცავენ და ჩვენთვის ის ისევე მიუწვდომელია, როგორც მთვარეზე გასეირნება.
– აბა, რას აპირებ?
– მეორედ უნდა გავქრე და ამჟამად უკვე სამუდამოდ.
– კონკრეტულად?
– პრაღიდან მარტო გამოვემგზავრები ჩემი თვითმფრინავით და ის ოკეანის თავზე აფეთქდება. სინამდვილეში კი მეორედ შევიცვლი გარეგნობას და ევროპაში დავსახლდები. ამის შესახებ მხოლოდ შენ გეცოდინება. ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, კავშირზე მე თვითონ გამოვალ.
– შენ  რა, არ მენდობი? – გაოცდა კარმენი.
– რა სისულელეა. უბრალოდ, ჯერჯერობით მეც არ ვიცი ზუსტად, სად და როგორ. ყველაფერს რომ მოვაგვარებ, მე თვითონ დაგიკავშირდები, – გაიმეორა კარლო მოზესმა.
– საქმეს ვინ მიხედავს?
– შენ. რა, ვერ გაუძღვები?
– გავუძღვები. მაგრამ, ქალი ვარ და მიმიღებენ?
– მიგიღებენ. პრაღაში რომ შევიკრიბებით, ჩემს მემკვიდრედ შენ გამოგაცხადებ.
– მიზეზად რას დაასახელებ?
– იმას, რომ ვაჟი არ მყავს და ჯანმრთელობა შემერყა. ბოლო-ბოლო, მთავარია, აწყობილი საქმე და არა ის, თუ ვინ უძღვება ამ საქმეს. ჩვენი კლანის წევრები ისევე გემორჩილებიან შენ, როგორც მე. ამიტომ, ვერავინ გაბედავს შენს ხელყოფას.
– ამას არც მე დავუშვებ.
– დარწმუნებული ვარ ამაში. მთავარია, ეს სამი-ოთხი დღე ბრაუნმა ხმა არ ამოიღოს. შემდეგ კი კისერიც უტეხია. ამერიკელები შენ ხელს ვერ გახლებენ, რადგან შენზე არანაირი კომპრომატი არ აქვთ და დიდი-დიდი, დაგკითხონ.
– დამკითხონ მერე. ბევრს ვერაფერს გაიგებენ ჩემგან.
– ერთი სიტყვით, იმპერიის გადასაბარებლად მოემზადე. შენი ქალობა ერთგვარი პლუსიც კია  ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაუძღვები ყველაფერს.
მამა-შვილის ეს დიალოგიც თავიდან ბოლომდე მოისმინა ჯაბამ. თუმცა, მისი შინაარსი არ გადაუცია ცენტრისთვის. უშბას იმის ეშინოდა, რომ თუკი მოზესის ზრახვებს გაუმხელდა „ეფბეერს“, ბიურო პრაღაში მეთვალყურეებს გამოგზავნიდა. ამ შემთხვევაში კი, დონ კარლოზე თვალთვალს დააწესებდნენ და ჯაბა მის მოტაცებასა და შურისძიებას ვერ შეძლებდა. სწორედ ამიტომ დამალა მან ეს ინფორმაცია და მომავალი შურისძიებისთვის მზადებას შეუდგა. ჩეხეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე თორმეტი საათი იყო დარჩენილი. უშბა საწოლიდან წამოდგა. შხაპი მიიღო. ჩაიცვა და ეზოში გავიდა...
***
პოულმა რომ გამოსვლა დაასრულა, ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. გამოემშვიდობა მათ და დირექტორ ჯონ კეინის კაბინეტში ავიდა.
– დამაჯერებელი გამოსვლა იყო, მარტინ, – შეაქო მოადგილე „ეფბეერის“ დირექტორმა.
– როგორ ფიქრობთ, სერ, დაიჯერებს კარლოს მოზესი ჩვენს ვერსიას? – ჰკითხა კეინს მოულმა.
– ვფიქრობ, რომ დაიჯერებს.
– ბრაუნის ლიკვიდაციას ხომ არ შეეცდება?
– არ მგონია, ასეთი სულელი იყოს, რომ ამაზე წავიდეს.
– არც მე მგონია, მაგრამ ერთი საშიშროება მაინც არსებობს ბრაუნთან დაკავშირებით.
– რას გულისხმობ?
– მის უსაფრთხოებას, სერ. მოზესი, რა თქმა უნდა, ვერ მისწვდება ბრაუნს, მაგრამ, ამის გაკეთება ბრაუნის პატრონებს შეუძლიათ.
– უოლტ-სტრიტის ჯგუფს გულისხმობ?
– სწორედ მათ, სერ. მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ბრაუნისნაირი მოწმე და რადგან ის გაება, ყოველმხრივ შეეცდებიან მის თავიდან მოშორებას. მართალია, ბრაუნი ჯერჯერობით დუმს მათ შესახებ, მაგრამ რომ ალაპარაკდეს, მსოფლიო სკანდალი ატყდება. მათ კი ეს არანაირად არ აწყობთ. ისინი თითქმის ყოველისშემძლენი არიან და შეიძლება, ვერც ჩვენ აღვუდგეთ წინ.
– ყოვლისშემძლე არავინაა, მაგრამ მათი სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ამიტომ, სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ.
– გეთანხმებით, სერ და ერთი აზრი მომივიდა თავში.
– აბა, თქვი.
– გამოსვლის წინ ერთი ინფორმაცია მომაწოდეს და თქვენთვის თქმა ვერ მოვახერხე. პირდაპირ ჩართვამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი და ვეღარ ვასწრებდი.
– თქვი, გისმენ.
– სერ, ბრაუნის საქმეზე ოთხი გამომძიებელი მუშაობს. ოთხივე საიმედო და გამოცდილი, პატიოსანი თანამშრომელია. ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ამ დილით მასთანაც ცნობილი ჟურნალისტი მივიდა და ბრაუნის ჩვენებების ასლების სანაცვლოდ ხუთი მილიონი დოლარი შესთავაზა, ვითომდა, სენსაციური, ექსკლუზიური რეპორტაჟისთვის. სინამდვილეში კი, ვფიქრობ, ის ჟურნალისტი უოლტ-სტრიტის ჯგუფმა მოაგზავნა და ბრაუნის ჩვენებები აინტერესებთ. გამომძიებელმა ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, უარით გაისტუმრა, თან ციხით დაემუქრა. ვფიქრობ, მას თუ არა, სხვებს მიანც დაეკონტაქტებიან და ორმაგ, შეიძლება, სამმაგ თანხასაც კი შესთავაზებენ. ამიტომ, გამოვიყენოთ ეს მომენტი და ინფორმაციის შეგნებულად გაჟონვა ხომ არ მოვახდინოთ, რათა უოლტ-სტრიტის ჯგუფი დამშვიდდეს და ბრაუნის ლიკვიდაციაზე უარს თუ არ იტყვიან, დროებით მაინც გაჩერდნენ?
– ცუდი არაა. მიდი და იმოქმედე, მაგრამ დრო გაწელონ და ბრაუნის ჩვენება ორი დღის მერე მისცენ. ხვალ მოზესი პრაღაში მიემგზავრება და დროზე ადრე რომ ამოტივტივდეს მისი სახელი, ჯაბა გაიშიფრება. დონ კარლოსი კი დამალვას შეეცდება და შეიძლება, მთელი ოპერაცია ჩაგვეშალოს.
– მოზესი, ჩემი აზრით, ყველა შემთხვევაში შეეცდება დამალვას. მას აუცილებლად ექნება იმის შიში, რომ ბრაუნი ადრე თუ გვიან ალაპარაკდება და მის სახელს ამოატივტივებს. ამიტომ, პრაღაში დამხმარე ჯგუფი უნდა გავგზავნოთ, რომ კარლო მოზესს უთვალთვალონ და როგორც კი ნარკობოსების შეკრება დასრულდება, ის ჩეხეთის დედაქალაქში დავაპატიმროთ და ამერიკაში ჩამოვიყვანოთ.
– სწორია. ახლავე გაამზადე ოპერჯგუფი. პრაღაში კი ჩვენს მეკავშირეს აცნობე ეს და უთხარი, რომ, როგორც კი ჯაბა დაბრუნდება, ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს.
– გასაგებია, სერ. შემიძლია, წავიდე?
– მარტინ, ბრაუნის დაცვა გააძლიერე და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღე. მინიმუმამდე დაიყვანონ მნახველთა წრე. გარეშე პირები სათოფეზე არ გააკარონ. საკვები კი განსაკუთრებით შეამოწმონ, რომ პატიმარი არავინ მოწამლოს.
– ყველა ეს ზომა უკვე მიღებულია, სერ, მე მხოლოდ ადვოკატი მადარდებს და ამასაც მივხედავ.
– ადვოკატი?
– დიახ, სერ. ის ყველაზე უკონტროლო რგოლია. გამორიცხული არაა, რომ დაინტერესებულმა მხარემ მას ძალიან დიდი ფული გადაუხადოს ბრაუნის მკვლელობაში და დაითანხმოს. ამიტომ, ბიჭები უნდა გავაფრთხილო, რომ საგულდაგულოდ გაჩხრიკონ ყოველი ვიზიტის წინ.
– ჭკვიანურია, – თქვა კეინმა, – მეტსაც გეტყვი, ბრაუნს უნდა უთხრა ეს და თავადვე მოერიდება ადვოკატთან ახლო კონტაქტს.
– გეთანხმებით, სერ. ბრაუნი შეიძლება, ისე შეშინდეს, რომ უარიც კი განაცხადოს ადვოკატზე. ეს უფრო გაგვიადვილებს საქმეს.
– აი, ბრაუნის დათრგუნვა კი მაინცდამაინც არ გვაწყობს. შიშმა შეიძლება, წინდაუხედავი ნაბიჯი გადაადგმევინოს.
– თვითმკვლელობას გულისხმობთ, სერ?
– არა, მარტინ.
– აბა, რას?
– რას და, შიშის გამო შეიძლება, ზედმეტი წამოაყრანტალოს. თავისი უოლტსტრიტელი ბოსები ამხილოს. ჩვენებას კი ჩვენ ვერ დავმალავთ და ამ ყოველივეს, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.
– რას გულისხმობთ, მისტერ კეინ?
– იმას, მარტინ, რომ უოლტ-სტრიტი სულ სხვა დონეა, სხვა პლანეტა. ჩვენთვისაც კი ძალიან ძნელად მისაწვდომია და მათთან ჭიდილი ლამის სამშობლოს ღალატად შეიძლება, ჩაგვეთვალოს. ამ ყველაფერს პრეზიდენტის სანქცია სჭირდება და არ მგონია, პირველი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. ამ შემთხვევაში, ბრაუნს უკვე ვეღარაფერი უშველის. ჩვენგან წაიყვანენ და მოკლავენ. შემდეგ კი ისე მოაწყობენ საქმეს, ჩვენც ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. პრეზიდენტს ჯერაც ვერ მოუნელებია ბრაუნის დაპატიმრება და უოლტ-სტრიტზე იერიშს ნამდვილად არ გვაპატიებს.
 პოული ჩაფიქრდა. პაუზის შემდეგ კი კეინს უთხრა:
– მაპატიეთ, სერ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდ სიბინძურეში დავცურავთ.
– გეთანხმები, მარტინ. უფრო რომ არ ჩავეფლოთ, ანუ, არ ჩავიძიროთ ამ ქაქში, ჯობია, დროზე შევჩერდეთ წითელ ზოლთან.
– გასაგებია, სერ. შემიძლია, წავიდე?
– თავისუფალი ხარ, მარტინ. აბა, შენ იცი. შენი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, სწორად გამიგე, – მიუგო „ეფბეერის“ დირექტორმა თავის მოადგილეს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3