რატომ არ „ელაპარაკება“ ლაშა ჯუხარაშვილს მუცელში მყოფი შვილი და რის გამო კიოდა ის მთელი კორპუსის გასაგონად
მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნიკუშა ყიფიანის როლში მოგვევლინა, რომელიც გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და გარდაცვლილი მეუღლის მიერ დატოვებული ფულით, სერიალის გადაღება დაიწყო. ლაშას მაყურებელი უკვე კარგად იცნობს, სერიალ „გოგონა გარეუბნიდან – მედიარი“. წელიწადზე მეტია, რაც ის რუსთაველის თეატრის მსახიობია. სწავლობს თეატრალურ ინსტიტუტში და კარიერაში წინსვლის პარალელურად, საინტერესო და ძალიან სასიხარულო სიახლეები აქვს პირად ცხოვრებაში.
– ლაშა, წელიწადზე მეტია, რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ. რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული?
– უპირველესად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სულ ფორმაში უნდა იყო, მაქსიმალურად ეცადო, არ მოეშვა. პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ჩემთვის ცოტა საშიში იყო აქ შემოსვლა. მაგრამ, უნდა აღვნიშნო, რომ აქ ყველა, დაწყებული ბატონი რობერტით და დამთავრებული დაცვის თანამშრომლით, გეხმარება შენი საქმის უკეთ კეთებაში. გარედან შეიძლება, საშიში ჩანდეს, მაგრამ შიგნით ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა. ამის გარეშე გამიჭირდებოდა შეგუება და შეიძლება, ვერც გავჩერებულიყავი. ახლა თეატრში ქართველი მაყურებლისთვის სიურპრიზს ვამზადებთ. ბატონი რობერტ სტურუა შექსპირის „იულიუს კეისარს“ დგამს ახლებური ინტერპრეტაციით. მაყურებელი მას დაახლოებით, მაისის ბოლოს ნახავს.
– პარალელურად, თეატრალურის სტუდენტიც ხარ...
– კი და ცოტა ხნის წინ, საკმაოდ სერიოზული წარმატება გვქონდა თეატრალურის სტუდენტებს. რეჟისორმა გოგი მარგველაშვილმა ჩეხოვის პიესა „სამი და“ დადგა, რომელსაც ჩვენი ჯგუფი თამაშობდა. ეს იყო წინასადიპლომო ნამუშევარი. ეს სპექტაკლი დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისში ნახეს უცხოელებმა და ცოტა ხნის წინ მოგვივიდა მოწვევა ჩეხეთიდან, საერთაშორისო ფესტივალზე. ახლახან ვიყავით გასტროლზე და გაოცდნენ იმით, რაც გავაკეთეთ. მართლა გაგიჟდნენ ჩვენზე. ასეთ შეფასებებსა და ამდენად თბილ დამოკიდებულებას, არ ველოდი. გვეკითხებოდნენ, გაცვლითი პროგრამები თუ გაქვთ, რომ ჩამოვიდეთო. დაჯილდოებაზევე მივიღეთ შემოთავაზებები და მიწვევები პოლონეთიდან, კოლუმბიიდან და ინგლისიდან. თუმცა, ამის განხორციელება სხვა, პრაქტიკულ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ვნახოთ, რა იქნება. სამწუხაროა, რომ ამ ამბით არავინ დაინტერესდა, მათ შორის, არც კულტურის სამინისტრო. მგონი, საერთოდ არ მიუღია ამ პროცესებში მონაწილეობა.
– იმედია, ამჯერად გამოჩნდებიან მხარდამჭერები და კიდევ უფრო დიდი წინსვლა გექნებათ. ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდი, სადაც ფულიანი ბიჭის როლს თამაშობ.
– ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟი – ნიკუშა ყიფიანი, რომელიც გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობდა და საკმაოდ წარმატებული ტიპი იყო. მისი ისტორია ბოლომდე არ ვიცი, რადგან სიღრმისეული განვითარება ჯერ არ ჰქონია. თუმცა, ჩანს, რომ უკომპლექსო ტიპია. ბევრი ფული აქვს, მაგრამ უბრალო ადამიანია. ფული დიდად არ აინტერესებს და უნდა, რაღაც გააკეთოს. სამწუხაროდ, ცოლი დაეღუპა, თუმცა, მან დიდი ქონება დაუტოვა. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოდის და სერიალის გადაღებას იწყებს. დანარჩენი ნელ-ნელა გამოჩნდება.
– რამით ჰგავხარ მას?
– ფიზიკურად ძალიან ვგავარ (იცინის). ჯერ-ჯერობით, რაც ვითამაშე, იქ რაღაც თვისებებით მგავს. მერე შეიძლება, შეიცვალოს. ის მიზანდასახული და აქტიურია, სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევს. ეს თვისება მეც მაქვს, ნელ-ნელა გამოვიმუშავე. ჩვენს პროფესიაში სხვანაირად დაიჩაგრები. ისიც ჩემსავით მფლანგველია. მართალია, მე იმდენი არ მაქვს, რამდენიც მას, მაგრამ უაზრობებსა და სისულელეებში ვხარჯავ. ნიკუშა უკომპლექსოა, მე ცოტა ჩაკეტილი ტიპი ვარ. უამრავი ადამიანის გარემოცვაში ვიძაბები და მერე, სისულელეების კეთებას ვიწყებ. თუმცა, ეს სცენას არ ეხება. იქ დალაგებული სიტუაციაა და იცი, რა უნდა გააკეთო. ხალხმრავლობაში კი, როცა ბევრი ადამიანი მიყურებს, შეიძლება გავგიჟდე და უცებ ყვირილი დავიწყო (იცინის).
– პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გაქვს. ცოტა ხნის წინ დაქორწინდი. მეუღლის შესახებ მოგვიყევი.
– მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – ქეთევან ჩხეიძე. ის არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მეგობარი და ადამიანი, რომელიც თავს არ ზოგავს ჩემთვის. ასე ვარ მეც მის მიმართ. მასაც მძიმე სამსახური აქვს და ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. ის რომ არ მყავდეს, ახლა აქ არ ვიჯდებოდი. პროფესიასთან დაკავშირებით, მე ცოტა მერყევი ტიპი ვარ და ქეთევანმა საკუთარ თავში დამარწმუნა.
– ბევრი აღნიშნავს მსახიობთან ურთიერთობის სირთულეს. ეს მისთვის არ არის პრობლემა?
– თავიდან, შეყვარებულობის პერიოდში, იყო ეს პრობლემა. როცა ვეუბნებოდი, რომ ღამე მქონდა გადაღება, ესმოდა, მაგრამ მეკითხებოდა: რატომ არ მირეკავ? ვეუბნებოდი: იმიტომ, რომ გადაღებაზე ვარ. ამ მიზეზით ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს. ყველანაირად უნდა ეცადო, საყვარელ ადამიანს შენი პროფესია სწორად მიაწოდო და არ შეაზიზღო. ამიტომ, ავდექი და რამდენიმე გადაღებაზე წავიყვანე. ნახა, რომ ძალიან შრომატევადი პროფესიაა. გამიგო და პირიქით, მხარში დამიდგა. როცა სცენაზე გავდივარ, ჩემზე მეტად, მგონი, ის ნერვიულობს.
– წინა სერიალში მონაწილეობისას განსაკუთრებული პოპულარობით გოგონებში სარგებლობდი და ასეა ახლაც. ამ ამბავს როგორ ეგუება?
– მაშინ არ მიცნობდა და სიმართლე გითხრა, როცა აეროპორტში გავიცანი, არც იცოდა, ვინ ვიყავი. ჩემს პროფესიას მოსდევს გულშემატკივარი და მათ შორის ბავშვიც შეიძლება იყოს, ბიჭიც და გოგოც. თუმცა, ამის გამო არ იძაბება, რადგან საბაბიც არასდროს მიმიცია.
– შენ თუ ხარ ეჭვიანი და ზოგადად, როგორი მეუღლე ხარ?
– ეს ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ (იცინის). ვცდილობ, ყურადღებიანი ვიყო. პროფესიის გამო, შესაძლოა, მთელი დღე მასთან ვერ გავატარო, მაგრამ ვცდილობ, ხშირად დავურეკო და მოვიკითხო. მით უმეტეს, ახლა ფეხმძიმედაა და ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მოფერება და ყურადღება. ფეხმძიმობისას, ხშირად ამბობენ, რომ ქალბატონებს ხასიათი ურთულდებათ. მადლობა ღმერთს და მადლობა ქეთევანს იმისთვის, რომ იდეალურია. რაც შეეხება ჩემს ეჭვიანობას, არ ვარ ასეთი ტიპი. საბაბიც არასდროს მქონია და ტყუილად არ ვიტკენ თავს, რაც ქართველ კაცებს ახასიათებთ.
– როგორ გაიცანი ქეთევანი?
– ნეიტრალურ ზონაში გავიცანი, თბილისის აეროპორტში. უფრო სწორად, დავინახე. აღმოჩნდა, რომ ერთ ქვეყანაში მივდიოდით – ერთ ქალაქში და ერთ სასტუმროში. ეს დამთხვევა სრულიად შემთხვევით მოხდა. მე ჩემს მეგობრებთან, დასთან და სიძესთან ერთად ვიყავი დასასვენებლად წასული, ის – თავის მეგობრებთან ერთად. იქ იყო ჩემი მხრიდან მოწონება, თუმცა, არაფერი დაწყებულა. აქ რომ ჩამოვედით, მერე გაგრძელდა ურთიერთობა, იმდენად სიღრმისეულად, რომ ახლა ოჯახი გვაქვს.
– ჯვარი ცოტა ხნის წინ ბაბუამ დაგწერათ, არა?
– კი, ჯვარი 14 თებერვალს დაგვწერა ბაბუამ და ვალენტინობას დაემთხვა. მანამდეც მარხვის პერიოდი იყო და მერე უკვე დიდი მარხვა იწყებოდა. ამიტომ, შევარჩიეთ ეს დღე. ჩემი მეჯვარეც მაგ დღეს იწერდა ჯვარს და უნდა მოგვესწრო, რომ არც ის წასულიყო სადმე და არც მე. თუმცა, მანამდე უკვე ერთად ვცხოვრობდით, უბრალოდ, მარხვის დამთავრებას ველოდით.
– ბავშვს როდის ელოდებით და როგორია შენი ემოციები ამ პერიოდში?
– ბავშვი პირველად რომ გაინძრა, სიხარულისგან ქალივით წივილ-კივილი ავტეხე. მთელ კორპუსში ისმოდა ჩემი ხმა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ემოციებია, ვერც ავხსნი. შეიძლება, გავგიჟდე. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე ბოლომდე. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ველოდებით. სახელი უკვე შერჩეულია, მაგრამ არ ვიტყვი. გვარიც შერჩეული გვაქვს (იცინის) და დიდმა ბებიამ ტანსაცმელი გამოუგზავნა. ასე რომ, ბავშვი უკვე ჩაცმულ-დახურული იბადება. ერთი სული მაქვს, ეს როდის მოხდება. ხუთი თვე ძალიან მალე გავიდა. თავიდან არც ემჩნეოდა და მერე უცებ გაეზარდა მუცელი. ახლა შვიდი დღე ვიყავი წასული, ჩამოვედი და კიდევ უფრო დიდი მუცლით დამხვდა. სულ გავგიჟდი (იცინის). მაგრამ, ბავშვი მე არ მელაპარაკება. ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ დღის განმავლობაში მოძრაობს და ღამე, ეტყობა, რომ იღლება, ჩერდება და იძინებსო. მე, ძირითადად, ღამით მივდივარ სახლში და ამიტომ ვეღარ მელაპარაკება, რის გამოც, გაბუტული ვარ მასზე (იცინის).