მიყვარხარ და მოგწამვინ და რაში გადაუხადა ელგა ფორჩხიძეს საქართველოში სამი მილიონი და რა უდიდესი უსამართლობისა და იმედგაცრუების შემდეგ დატოვა მან ქვეყანალე!
„მოხარული ვიქნები, თუ დაინტერესდება მკითხველი ერთი ქართველის ისტორიით, რომელიც ოდესღაც საქართველოში მღეროდა,” – ასე იწყება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ელგა ფორჩხიძის ინტერვიუ „თბილისელებთან”. ელგას შემოქმედება ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე წლებია, სამშობლოში აღარ ცხოვრობს, მაგრამ, როგორც მომღერალი ის სწორედ აქ, იმ წლებში და იმ პირობებში ჩამოყალიბდა, როცა თბილისს უსიცოცხლობა და რუხი ფერი დაჰკრავდა; როცა შოუ-ბიზნესი ჯერ არც კი არსებობდა.
– ელგა, გაიხსენეთ საქართველოში გატარებული წლები, სანამ უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდით. როგორ დაიწყო თქვენი სასიმღერო კარიერა?
– პირველი პროფესიული გამარჯვება მოვიპოვე 1991 წელს, კონკურსში „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”. მაშინ პირველი ადგილი ავიღე. რეალურად, პირველი ეტაპი შოუ-ბიზნესისთვის საქართველოში დაიწყო 1999 წელს. ამ პერიოდისთვის მე ჯერ კიდევ აქტუალური ვიყავი და ყველა კონცერტსა თუ სატელევიზიო გადაცემებში ვიღებდი მონაწილეობას. სხვადასხვა რადიოსივრცეში ტრიალებდა ჩემი სიმღერები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო პერიოდი უფრო ადრეული წლები იყო, სანამ ქართული შოუ-ბიზნესის ცნება გაჩნდებოდა. 90-იან წლებში ერთადერთი კონკურსი არსებობდა – „პრესტიჟ-შოუ,” გახსოვთ ალბათ, რომელსაც დიდი ხანი ედგნენ სათავეში მანანა თოდაძე და ბორის შხიანი. 1992-93 წლებში მივიღე მონაწილეობა კონკურსში და რამდენიმე პრიზიც დავიმსახურე. სხვათა შორის, ერთ-ერთი მილიონერი მომღერალი ვარ საქართველოში: მაშინდელმა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” პრეზიდენტმა მამუკა სააკაშვილმა 3 მილიონი კუპონით დამაჯილდოვა – ასეთი იყო ჩემი 90-იანი წლები. შემდეგ იყო „გიხაროდენ“, რაშიც მე ვერ მივიღე მონაწილეობა. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი მომღერლისთვის ეს ტრამპლინი იყო ახალ ქართულ შოუ-ბიზნესში დამკვიდრებისკენ. ამას ჩემს მორიდებულობას ვაბრალებ, რაზეც ძალიან მისაყვედურა ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა – გული დასწყდა. სამწუხაროდ, მე ეს მომენტი გავუშვი ხელიდან.
– იმ წლებშიც და დღესაც ასეა: თუ გავლენიანი ნაცნობი არ გყავს და არ გაქვს ძლიერი ზურგი, ვერსად ვერ იგრძნობ თავს დაცულად და რეალიზებულად, მით უმეტეს – შოუ-ბიზნესში.
– მე რომ საქართველოში ძლიერი ზურგი მყოლოდა, არა მგონია, ახლა პარიზისა და ევროპის სხვა ქალაქების სცენებზე მემღერა. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხვევით და, მინდა მადლობა გადაუხადო მათ, ვინც მაშინ არ გამომიწოდა დახმარების ხელი, როცა ეს მართლა ძალიან მჭირდებოდა, ბევრჯერ უამრავი ტყუილი დაპირება მომცა და რამდენიმე პრესტიჟულ კონკურსზე ბილეთიც არ დამიფინანსა.
– საქართველოდან წასული ბევრი მომღერალი ვიცი, რომლებიც აქ ჰგონიათ, რომ შოუ-ბიზნესში არიან, სინამდვილეში კი კლუბებში, რესტორნებში, ქორწილებსა და დაბადების დღეებზე მღერიან – ეს განსაკუთრებით მოსკოვში ხდება.
– ოცდამეერთე საუკუნეში, მთელი მსოფლიოს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მღერიან სხვადასხვა ადამიანების ბედნიერების დღეებზე, კლუბებსა და რესტორნებში, ოღონდ რაღა თქმა უნდა, დიდ ჰონორარებზე. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი თუ ჩვენი მომღერლები გამოდიან ისეთ სცენებზე, რომლებიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. საზოგადოება ყველაზე კარგი მართლმსაჯულია. შენ მისთვის გამოდიხარ სცენაზე. შეიძლება ძალიან მაგარიც ხარ, მაგრამ იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია – მის თვალში რა დონის მომღერალი ხარ. მას უნდა დარჩეს შენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებები.
– თავიდან სად აპირებდით წასვლას?
– რა თქმა უნდა, თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავწყვიტე წასვლა და ამისათვის ყველა პროცედურა გავიარე, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ თამუნა რაზმაძემ მითხრა, რომ არის შემოთავაზება – სამთვიანი კონტრაქტი მოსკოვში და თუ დავთანხმდებოდი. სიმართლე გითხრათ, საშინლად არ მინდოდა მოსკოვი, მაგრამ, რადგან სამ თვეზე იყო საუბარი, გადავწყვიტე, პირველი ნაბიჯები ცოტა ახლოს მომესინჯა. ჩემი ეს სამთვიანი კონტრაქტი გაგრძელდა თითქმის 6 წელი. პირველად 2006 წელს მოვხვდი რეპრესიებში და მოსკოვიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამომაგდეს და წლების განმავლობაში ნაბი-ნაბიჯ მიღწეული ყველა ჩემი წარმატება ერთ დღეში მიმატოვებინეს, არადა იმ პერიოდში სამი პრიზი მოვიპოვე კონკურსში „ზოლოტოი გოლოს როსიი“. შემდეგ ცოტა ხანი უკრაინაში დავყავი, იქაც არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ 2007-ში ისევ დავბრუნდი მოსკოვში, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ სამუდამოდ წამოვედი. მალევე მივიღე მოწვევა პარიზის „ქართული სახლიდან” და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ევროპაში გამგზავრება. ალბათ, გაგიკვირდებათ და იკითხავთ, რად უნდოდა დაფიქრება პარიზში წასვლასო, მაგრამ, მე გეტყვით: უცხო ქვეყანაში თავიდან დაიწყო ყველაფერი – ეს არის ტიტანური შრომა: უამრავი მორალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა, განსხვავებული მენტალიტეტი, ნოსტალგია და ასე შემდეგ. მე იმდენჯერ დავიწყე ცხოვრება და კარიერის შენება თავიდან, რომ ევროპაში წასვლა ცოტა მაშინებდა. მაგრამ, საბოლოოდ, ჩემმა მტკიცე ხასიათმა გაიმარჯვა. წინააღმდეგობას არასდროს შევუშინებივარ და ამჯერადაც საკუთარი თავი გამოვიწვიე – მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ნიჭითა და შრომით შეიძლებოდა დასახული მიზნის მიღწევა. ასე აღმოვჩნდი პარიზში, „ქართულ სახლში” შემდეგ – უძველეს პარიზულ „კაბარეში“, გერმანიის სხვადასხვა ქალაქის სცენებზე.
– როგორ აუწყვეთ ფეხი ევროპულ მუსიკალურ სამყაროს?
– ძალიან ძნელია უცხო ქვეყანაში დამკვიდრება – ფაქტობრივად, თავიდან იწყებ ცხოვრებას. პარიზში ეს ათმაგად და ასმაგად რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ფრანგები ძალიან ჩაკეტილები და დისტანციურები არიან, ძნელად გიშვებენ ახლოს – ეს პირველივე სამუშაო დღეს ვიგრძენი. საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში თუ პირველივე სიმღერიდან მქონდა დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები, ფრანგული საზოგადოება თითქმის დუმილით შემხვდა, რამაც თავიდან ძალიან შემაშინა და დამაბნია, მაგრამ, მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო. სამი საათი ვმღეროდი, ოფლი ღვარად მომდიოდა მთელ სხეულზე და ბოლოს ისეთი აპლოდისმენტები და ისეთი ემოციები დავიმსახურე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაშინ მივხვდი, რომ ეს არის საზოგადოება, რომელიც აფასებს განსაკუთრებულობას, ინდივიდუალობას, ორიგინალურობას. აქ მოშვებული ვერასდროს იქნები. რა თქმა უნდა, იყო ენის ბარიერი, რამაც თითქმის დეპრესიამდე მიმიყვანა, თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. ყოველივე ეს ადვილია მოსაყოლად, მაგრამ, ურთულესია გადასატანად
– მაინც, რა არის საჭირო ისეთი კარიერისთვის, როგორიც თქვენ გაქვთ (ბევრ შრომას არ ვგულისხმობ)?
– მე პოპულარობისა და კარიერული წინსვლის გამო სხვების გვამებზე არასდროს მივლია, თუმცა, ჩემს ზურგზე ბევრჯერ გადაუვლიათ 12-სანტიმეტრიანი ქუსლიანი თუ 43 ზომა ფეხსაცმლით, მაგრამ მე ამან კიდევ უფრო გამამხნევა და გამაკაჟა და მათი მხოლოდ მადლობელი ვარ!
– ძალიან პრინციპული ჩანხართ. ადვილი არ უნდა იყოს თქვენთან ურთიერთობა.
– რამდენადაც მარტივი და მსუბუქია ელგა ფორჩხიძესთან ურთიერთობა, იმდენად რთულია და საპასუხისმგებლო! ნამდვილად ვერასდროს შევძლებ ურთიერთობას ყალბ ადამიანთან. ძალიან ვბრაზდები ხოლმე უსამართლობაზე და, როცა მართლა ვბრაზდები, საკუთარი თავის მე თვითონ მეშინია.