რა როლს ვერ ელევა სოსო ჯაჭვლიანი და ვინ არის არაბი, ვინც მასთან ერთად მამკოდაში ცხოვრობს
ორი წელია, სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტარის მანდატს ფლობს. ამბობს, რაც ამ სტატუსით ცხოვრობს, მის ირგვლივ ბევრი რამ გართულდა. ინციდენტებშიც მოჰყვა და დაპირისპირებებშიც, ანიმაციური ფილმის მხიარული პერსონაჟიც გახდა და მოარული ფრაზის „ავტორიც”. თუმცა, ამ ყველაფერსა და იმაზეც, თუ რატომ აღმოჩნდა ის პოლიტიკაში ცუდი მსახიობი, თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
სოსო ჯაჭვლიანი: ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი და ფუნქცია, რომელსაც ზოგი ნებით ირგებს, ზოგიც თავისი ნების მიუხედავად. მე როგორ მოვიგე პარლამენტარის როლი? – პოლიტიკაში მე აღმოვჩნდი ძალიან ცუდი მსახიობი, მით უფრო იმათ ფონზე, ვისაც არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ მაინც კარგად თამაშობს. ცხოვრებაში ყველას თავისი როლი აქვს, მაგრამ ადამიანი რაც არის, ის უნდა იყოს. ადამიანებთან თამაში რა საჭიროა, თუმცა ამ ცხოვრებაში ეს ბევრის ცხოვრების წესია. მე ისევ ის როლი მაქვს, რაც დაბადებიდან დამეკისრა – ისევ სვანი ვარ, ისევ ქართველი. პოლიტიკაშიც, კარგი გაგებით, სვანად დავრჩი. როცა ადამიანის თავისუფლებაზე მიდის საუბარი, სულ ვამბობ: თავისუფალი, ჩემი აზრით, მარტო გიჟია. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა შენს მოვალეობებსა და ვალდებულებებს აღასრულებ სახლში, ოჯახში, სამსახურში, ქვეყანაში.
– რაც პოლიტიკაში ხართ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?
– ისე ძალიან გამირთულა, ვერც კი წარმოიდგენთ. შფოთი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ახლა სხვა შფოთებია. მთელი ცხოვრება სიყვარულით მოვდიოდი. ალბათ, ასე იყო საჭირო – აქ უნდა მოვხვედრილიყავი, რომ ვიღაცას ცუდი ეთქვა, ვიღაცას შევეგინებინე. იმ ცხოვრებაში, რაც მანამდე გავიარე, ამას არავინ გააკეთებდა. ეტყობა, პარლამენტარობა იყო ამისთვის საჭირო. დანაშაული თუ რამე მიმიძღვის, კი ბატონო, მაგრამ ისე აკრიტიკო კაცი, რომ ამისი მიზეზი არ გქონდეს? მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ რაღაცეებს არ მივიღებ. ვისაც ვუყვარვარ, ისედაც ვუყვარვარ. ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს, რომ მე არ შევცვლილვარ. ეს ქუთაისი-თბილისის გზა როგორია? ვიღაც შეიძლება შემომეკამათოს, ეს რა სირთულეაო. მაგრამ, ერთი კვირა რომ ქუთაისში ხარ, ერთი – თბილისში, ეს დიდი დისკომფორტია. ჩემს რაიონში, გლდანში 160 ათასი ამომრჩეველია, წელიწადში არის 52 კვირა, ანუ გამოდის, რომ თბილისში ვარ 26 კვირის განმავლობაში. კვირაში რამდენი სამუშაო დღეა? – ხუთი. დღეში რამდენი კაცი უნდა მივიღო, რომ ამ ხალხს გავწვდე? დავუშვათ გიჟი ვარ და ასი კაცი მივიღე, ხუთასი გავამრავლოთ 26 კვირაზე არის ცამეტი ათასი, ანუ რაც არ უნდა მოვინდომო, ამაზე მეტ ადამიანს წელიწადში ვერ შევხვდები, ასსამოცი ათასს ცამეტი ათასს თუ გამოვაკლებ, 147 ათასი დარჩება. ეს ცოტაა? ამ ხალხსაც ხომ უნდა შეხვედრა თავის დეპუტატთან?
– უფ, როგორ გქონიათ გამრავლებულ, მიმატებულ, გამოკლებულ, გაყოფილი გლდანელი ამომრჩეველი და თქვენი სამუშაო დღეები.
– ზოგიერთს რომ ჰგონია, ისეც კი არაა საქმე (იცინის). ვითვლიდი, იმიტომ რომ, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. ამიტომაც ვარჩიე უბნებში სიარული და უფრო მეტ ადამიანთან შეხვედრა. როცა პარლმენტში შემოვედით და კომიტეტებში დავიწყეთ გადანაწილება, იყო დიდი ამბავი. პატივცემულ ივანე კიღურაძის და სხვათა წინაშე ერთი ისტორია მოვყევი. ერთი ცნობილი მსახიობია საშა ჩორნი, ის მომიყვა. – 70-იან წლებში, როცა სარეჟისორო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, საბჭოთა კავშირში აფრიკიდან სტუდენტები ჩამოჰყავდათო. თურმე, არც ეკითხებოდნენ, ისე რიცხავდნენ უნივერსიტეტებში. საშასთან, სარეჟისოროზე ორი აფრიკელი მოხვეედრილა. გავიდა ორი-სამი წელი, ის კაცები ხმას არ იღებენ. უკვე სწავლას ამთავრებენ, გამოსაშვებ ბანკეტზე ერთ-ერთ აფრიკელს რუსულად დაუწყია საუბარი. გადარეულან საშა და მისი მეგობრები – ამან რუსული იცისო? მოკლედ აგრძელებს თურმე ეს აფრიკელი რუსულად: ამხანაგებო, მე ინჟინრობა მინდოდა, ვინც მე სარეჟისოროზე ჩამრიცხა, იმის დედა და მამაოო. ეს ისტორია გავიხსენე, მოვუტრიალდი ჩემს კოლეგებს და ვუთხარი: ასე ხომ არაა ჩვენი საქმე-მეთქი?! (იცინის).
– რაც დეპუატატი გახდით, ბევრ ისტორიაში მოჰყევით. თქვენი „ანგარიშით,” რამდენჯერ მოგიწიათ ხელის გაქნევა?
– არცერთხელ. მე თვითონ არასდროს ვიწყებ კონფლიქტსა და კამათს. იმ პარლამენტს რა ვუთხარი, სადაც ჩხუბი, შეხლა-შემოხლაა და ამით ერთობა საზოგადოება. ბობოხიძის ინციდენტი იყო და იქაც მე არ დამიწყია ჩხუბი. ხელი აქეთ მომიქნიეს, მე „ბლოკი“ გავაკეთე. „ბლოკი” კარგად ვიცი, ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმე დავჩაგრე. ყოველთვის სხვა იწყებდა, მე მერე ვერთვებოდი ამბებში (იცინის).
– თქვენი ცნობილი ფრაზა: „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, მოარულ ფრაზად იქცა.
– ეს ისე გულით ვთქვი და ბუნებრივად, რომ არასდროს ვინანებ. სიტყვა „ბლატაობა” მე არ მომიგონია, არც „ჩმოროს” ავტორი და გამომგონებელი ვარ. ისეთ კონტექსტში მოხვდა ეს სიტყვები, რომ გაპიარდა, თორემ რა ვთქვი განსაკუთრებული? ამას რა უძღოდა წინ, ამაზე რატომ არავინ არაფერი თქვა? გამოვიდა ჩემზე წინ ბარამიძე და დამიწყო ლაპარაკი დემოკრატიასა და მაღალ მატერიებზე. მერე მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რა დემოკრატიაზე გველაპარაკები კაცი, რომელმაც აფრასიძეების ოჯახი იმ მდგომარეობაში ჩააგდო-მეთქი. მე რომ ლაპარაკი დავიწყე, მას საჯდომთან მიჰქონდა თითი და ატრიალებდა. მაგას შუბლის ადგილზე საჯდომი აქვს. ამას რამდენი ქართველიც მოითმენს, იმის დედაც, მამაც და ყველაფერი. აი, ასე იყო ეს ამბავი. მან იუზრდელა უსიტყვოდ, ჟესტიკულაციით და მიიღო კიდეც პასუხი.
– შერიგდით გია ბარამიძესთან?
– არა, რა შევრიგდით, ამოდენა ჩხუბი და აყალმაყალი მოყვა ამ ამბავს.
– ცნობილი ანიმაციური ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ხართ. მოგწონთ თქვენი გმირი? უყურებთ?
– თავიდან ვნახე რამდენჯერმე, მეგობრებმა მითხრეს, ნახეო. რამდენიმე ეპიზოდს შევხედე, გამეცინა. რა უნდა ვთქვა, ისეთ რეკლამას მიკეთებენ, უფასოდ, მადლობელიც კი უნდა ვიყო. რამდენიმე მთავარ პერსონაჟში რომ ერთ-ერთი იქნები, ცუდია? რამდენიმე შენიშვნა მაქვს, დრამატურგია არ მომწონს. კიდევ, ჩემს პერსონაჟს ვერ ახმოვანებენ კარგად. თუ სურვილი ექნებათ ამ სერიალის ავტორებს, მე დამიძახონ და ისე გავახმოვანებ ჩემს პერსონაჟს, ჰონორარს არ მოვითხოვ. კაპიკი არ მინდა – რამდენ იდიოტობასაც უნდათ, იმდენს ვილაპარაკებ ჩემს თავზე. ასე უფრო კარგი გამოვა, ისეთ სიუჟეტებს მივცემ, ხალხი ჩაიფსამს სიცილით. ისე, პროდიუსერს მინდა ვთხოვო ერთი რამ, ვინც მე სერიიდან გამომტოვოს, იმის დედა ვატირე (იცინის). სერიალში ჩემი პერსონაჟი სულ ქეიფობს – ასეთი აქვთ პოლიტიკა და სტრატეგია. მარტო სერიალში კი არა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საპარლამენტო ცხოვრებაში დგამენ ასეთ „ხრიკებს”. ისე დაჭრიან შენს ნათქვამს, რაც შეიძლება, იდიოტურად გამოჩნდეს. ჩემი ოჯახის წევრებს არ ვყავარ ნანახი ნასვამი და ეტყობა, სერიალის ავტორებს ვუნახივარ! რაც დეპუტატი გავხდი, ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი რესტორანში, ისიც სხვებმა დამპატიჟეს. სულ ვმალავდი ჩემს დაბადების დღეს, რომ ადამიანები არ შემეწუხებინა. სანამ ორმოცდაათ წელს არ გადავაბიჯე, ამას ვერც ვერავინ იგებდა. ყველამ იცის პარლამენტარის ხელფასი რამდენია. ეს ხელფასი 12 ნაწილად იყოფა, იმიტომ რომ, 12 სულს ვარჩენ. ამ არითმეტიკით, სიღარიბის ზღვარს დაბლა ჩავდივარ. როგორი შეულესავიც მქონდა კედლები, ასე მაქვს დღესაც. ჩემდა თავად, ვისაც პრემიები აეღოს! ნუ ჭორაობენ რა, მე კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ახლა რომ ვარ ფინანსურად შევიწროვებული, ასე არასდროს ვყოფილვარ.
– ისევ სიდედრთან ერთად ცხოვრობთ?
– აბა, სად გავუშვებდი ჩემს სიდედრს, მაგან გამიზარდა სამი შვილი, როგორ არ უნდა მიყვარდეს. თან, როგორი ბიჭები – ხომ სწავლობენ და სწავლობენ, როცა ახერხებენ, საღამოს რესტორანში მუშაობენ მიმტანებად. მე და ჩემს სიდედრს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როცა სიდედრი სახლში არაა, დისკომფორტი მაქვს, გადამკვდარია ჩვენზე. სვანებმა სიდედრიც ვიცით, სიმამრიც, სიყვარულიც, მოვალეობაც და პატივისცემაც.
– ქუთაისში ვისთან ერთად ქირაობთ ბინას?
– მე და ლუკა კურტანიძე ვცხოვრობთ ერთად. უფრო საველე პირობები ჰქვია ამას, ვიდრე ერთად ცხოვრება. ჩვენ ახლობლები და მეგობრები ვართ ჯერ კიდევ სპორტიდან, სხვათა შორის, ლუკა მკლავჭიდშიც გამოდიოდა და საქართველოს ჩემპიონიც იყო. მკლავჭიდის ფედერაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აქტიურად არის ჩართული შეჯიბრებებში. გამორიცხული არაა, ვეტერანის რანგში მეც გამოვიდე. არ ვიცი, ვნახოთ. ორმოცდაათ წელს რომ გადაცდები, მერე აქტიურ სპორტში შენი დრო აღარაა, სამაგიეროდ, ცხოვრებაში გრჩება ჭიდილი და მკლავჭიდი.
– პოლიტიკამ კინო დაასრულა თქვენს ცხოვრებაში?
– არა. ჩვენ ირგვლივ, პარლამენტში ისეთი რაღაცეები ხდება, ამას ვერ მოიგონებ, შიგნით უნდა იტრიალო და საკუთარ თავზე გამოსცადო. ჩანაწერებს ვაკეთებ ამ ყველაფერზე და როცა პენსიაში გავალ, კინო უნდა გადავიღო. ყველაზე კრიტიკული, ალბათ, ჩემი პერსონაჟი იქნება. შეცდომების მეტი რა მქონდა. მე, ბევრისგან განსხვავებით, შემიძლია ჩემი შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები პოლიტიკაში. მაგრამ, იცოდეთ, არავის შევეტენები იმის გამო, რომ პოლიტიკაში ვიყო. არც აქამდე შევტენილვარ ვინმეს. როცა მეტყვიან, აღარ გვჭირდებიო, ვეტყვი „დასვიდანია-მეთქი” და დავიხურავ ქუდს. წავალ ჩემს აგარაკზე მამკოდაში. ისეთი მამული მაქვს, სახნავ-სათესი. აი, ეგაა ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება. იქ მეშვიდე-მერვე საუკუნის ეკლესიებია. ერთ-ერთი ბაზილიკა ჩვენ აღვადგინეთ. დავიფიცე, რომ იქიდან არ წამოვალ. 260 ნაკვეთი იყო და როცა ჩვენ მივედით, იქ მარტო მე ვცხოვრობდი. ამ ბოლოს, ერთი არაბი დასახლდა ჩემს მეზობლად, გამიხარდა: ქართველები არ ამოდიან იქ და არაბი ამოვიდა. ვუთხარი კიდეც: აქ შემთხვევით არ ხარ მოსული, ეს ბუნების კანონზომიერებაა-მეთქი. ვმეზობლობ იმ არაბთან, ღმერთმა გაუმარჯოს. მე მიწის კაცი ვარ, მიწა სულ მეძახის. ბუნებაში ყველაზე კარგად ვისვენებ. უნდა ნახოთ, როგორ ხაჭაპურს ვაკეთებ. ადრე უფრო ბევრი ცხოველი მყავდა, ძაღლები, ძროხები, თხები, ღორები. სამწუხაროდ, ცხოველები უფრო უანგარო მეგობრები არიან. როცა დრო მაქვს, სულ მამკოდაში ვარ. კიტრიც მაქვს, პამიდორიც, ხეხილიც. მოსავალიც მომდის, ახლობლებიც მეხმარებიან, შვილებიც. შრომა არ მეზარება. 12 წლის ვიყავი, მესტიაში ფურნეში „კაჩიგარად” ვმუშაობდი, რომ ფული მომეგროვებინა და ველოსიპედი მეყიდა. ახლა, რომ იტყვიან ხოლმე, მანქანით დადისო, აბა კაცო, ისევ ველოსიპედით ვიარო ამ ასაკში? ველოსიპედითაც მივლია, მანქანითაც და ფეხითაც. იმან იკითხოს, ვინც არც ერთის „ფასი” არ იცის.